სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s