ვოლტერი

volteri1ვოლტერი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსია განმანათლებლებს შორის. მისი ლანდი გასდევს მთელ მე-18 საუკუნეს. ფილოსოფოსი, დრამატურგი, პოეტი, ისტორიკოსი, შეუდარებელი პოლემისტი, ადამიანი, რომელიც განასახიერებს იმ ეპოქის „ფრანგულ სულს“. მისი მწერლური ნიჭი მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს: კომედია, ტრაგედია, პამფლეტი, ჟურნალისტიკა, ფილოსოფიური ზღაპრები, ისტორიული ნაშრომები, მჭევრმეტყველება, ლიტერატურული კრიტიკა. ვოლტერი იბრძოდა ადამიანთა უფლებების დაცვისთვის და რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ.

ვოლტერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა მარი არუე, დაიბადა 1694 წლის 21 ნოემბერს. მამა მეფის მრჩეველი და ნოტარიუსი იყო, დედა შვიდი წლისას გარდაეცვალა. ვოლტერი სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში ლუი-ლე-გრანში და ბრწყინვალე მოსწავლე იყო რიტორიკასა და ფილოსოფიაში; შემდეგ სწავლა განაგრძო იურიდიულ ფაკულტეტზე, პარიზში.

1717 წელს, ვოლტერს ბრალად დასდეს მეფე ფილიპ მესამის რეგენტის საწინააღმდეგო პამფლეტის დაწერა და დააპატიმრეს. ბასტილიაში, მან თავისი პირველი პიესა „ოიდიპოსი“ დაწერა. ამ პერიოდში აიღო ფსევდონიმი – ვოლტერი, რომელიც თავისი სახელის ანაგრამაა.

1726 წელს, ვოლტერი კვლავ გაგზავნეს ბასტილიაში შევალიე დე როანთან ჩხუბის გამო. ის იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ნებაყოფლობით გადასახლდებოდა ინგლისში. ვოლტერმა დატოვა საფრანგეთი. ინგლისში, მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა ისააკ ნიუტონის თეორიამ და ჯონ ლოკის ფილოსოფიამ. ის იმედოვნებდა საფრანგეთის საზოგადოების გარდაქმნას სოციალურ და სასამართლო დონეზე.

1729 წელს, ვოლტერი დაბრუნდა პარიზში, მაგრამ 1734 წელს იძულებული გახდა, კვლავ დაეტოვებინა დედაქალაქი „ფილოსოფიური წერილების“ გამოქვეყნების გამო ცენზურის ნებართვის გარეშე. „ფილოსოფიური წერილები“ კოცონზე დაწვეს, ავტორმა კი თავი ლოთარინგიას შეაფარა. ფილოსოფოსი დაინტერესებული იყო მეცნიერებითაც, იკვლევდა ცივილიზაციის კონცეფციას და შექმნა „ტრაქტატი მეტაფიზიკის შესახებ“, რომელიც მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. 1738 წელს გამოქვეყნდა მისი „ნიუტონის ელემენტების ფილოსოფია“, ხოლო 1739 წელს – „ლუი XIV-ის ეპოქა“.

1745 წლის აპრილში, ვოლტერი დანიშნეს საფრანგეთის ისტორიოგრაფად, 1746 წელს კი აირჩიეს საფრანგეთის აკადემიაში. 1759 წელს, მან დაასრულა თავისი ერთ-ერთი შედევრი „კანდიდი ანუ ოპტიმისტი“.

1778 წელს, ვოლტერი პარიზში დაბრუნდა. ბრძოლამ თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ, მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ვოლტერის ნაწარმოებები აკრიტიკებენ ომს, რელიგიურ შეუწყნარებლობას, პოლიტიკურ და სოციალურ უსამართლობას, რაც გამეფებული იყო მე-18 საუკუნეში.

ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წლის 30 მაისს. 1791 წლის 11 ივლისს, მისი ნეშტი გადაასვენეს პანთეონში. ვოლტერის სხვა მნიშვნელოვან ნაშრომებს შორისაა: „ზადიგი ანუ ბედისწერა“, „ფილოსოფიური ლექსიკონი“, „ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ“, „მიამიტი“, „ირენი“, „მიკრომეგასი“, „ჰენრიადა“, „ბრუტუსი“, „ზაირი“, „მაჰმუდი“, „მეროპე“, „ჩინელი ობოლი“, „ღმერთი და ხალხი“.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://www.linternaute.com/biographie/voltaire-1/biographie/

http://www.larousse.fr/encyclopedie/personnage/François_Marie_Arouet_dit_Voltaire/149270

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s