სიზიფეს მითი

sizipeქართა მბრძანებლის ეოლოსის ვაჟი სიზიფე ქალაქ კორინთოს დამაარსებელი და მმართველი იყო. ქალაქი ისთმიის ყურეში მდებარეობდა და შუა საბერძნეთისა და პელოპონესის კუნძულს აერთიანებდა. ლეგენდის თანახმად, კორინთო სიზიფეს კოლხეთის მეფის აიეტის ასულმა, მედეამ გადასცა. ჰომეროსი წერდა, რომ სიზიფე განსაკუთრებული სიბრძნით იყო დაჯილდოვებული და გონიერებასა და მიხვედრილობაში ვერავინ შეედრებოდა. ძლევამოსილმა მმართველმა ქალაქს დიდი სიმდიდრე შესძინა, მნიშვნელოვან სავაჭრო-სანაოსნო პოლისად აქცია, ოლიმპიური თამაშების წინამორბედი, ისთმიური თამაშები დაარსა და ტურიზმი ააყვავა. კორინთოს მცხოვრებლები მეფეს დიდად ემადლიერებოდნენ და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.

სხვა წყაროების მიხედვით კორინთოს მეფე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით მეზობელი ქალაქის, ატიკის მოსახლეობას სასტიკად არბევდა და აწიოკებდა. ყაჩაღივით თავს ესხმოდა გზებზე მგზავრებს, ძარცვავდა და უზარმაზარი ქვის ლოდებით კლავდა. ევრიპიდე და სოფოკლე წერენ, რომ ბრძენ მეფეს მზაკვრობასა და ცბიერებაში ბადალი არ ჰყავდა. ღმერთების მოტყუებასაც კი ახერხებდა და ჭკუით ჯობნიდა.

ერთხელ გზად მიმავალი სიზიფე ზევსის მიერ მდინარის ღმერთის, ასოპეს ქალიშვილის მოტაცების მოწმე გახდა. გადაწყვიტა ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა. ასოპესთან მივიდა და კორინთოსთვის წყლის მიცემის სანაცვლოდ ქალიშვილის გამტაცებლის ვინაობისა და ადგილმდებაროების განდობას დაპირდა. მადლიერმა მდინარის ღმერთმა ქალაქი წყალუხვი მდინარეებით აავსო. როდესაც ზევსმა საიდუმლოს გათქმის შესახებ შეიტყო, სასტიკად განრისხდა და კორინთოს მეფეს ჰადესიდან სიკვდილის ღმერთი თანატოსი მიუგზავნა. სიზიფე ღმერთზე გონიერი აღმოჩნდა. თანატოსი დაათრო და გაბრუებულს საკუთარი ხელით დამზადებული ბორკილების მოსინჯვა შესთავაზა. ბორკილებდადებული სიკვდილის ღმერთი გვიან მიხვდა, რომ დატყვევებული იყო. ქალაქში სიკვდილი დამარცხდა. არავინ და არაფერი კვდებოდა. ადამიანები უდარდებლად ცხოვრობდნენ და არაფერზე ზრუნავდნენ. ღმერთების დადგენილი წესრიგი დაირღვა და სიცოცხლემ აზრი დაკარგა. ამის გამო განსაკუთრებით, ომის ღმერთი, არესი აღშფოთდა. არესმა თავნება მეფის დატყვევება საკუთარ თავზე აიღო, თანატოსი ტყვეობიდან იხსნა და მისი დახმარებით სიზიფე ჰადესში გაამგზავრა.

სიზიფემ ამჯერადაც ჭკუა იხმარა,  მოასწრო და ცოლს ჩასჩურჩულა, ჩემი სხეული არ დაკრძალოთ, მალე დავბრუნდებიო. ასეც მოხდა. ჰადესში ღმერთებს თავი შეაცოდა, ჰადესის მეუღლეს, პერსეფონეს გული მოულბო: ცოლმა ჩემი სხეული მიწას არ მიაბარა, ვიტანჯები, ცოტა ხნით მიწაზე დამაბრუნეთ, ცოლს დავსჯი, სხეულს მიწას მივაბარებინებ და ჰადესში დამშვიდებული დავბრუნდებიო. პერსეფონე მოტყუვდა და საქმის მოსაგვარებლად კორინთოს გარდაცვლილ მეფეს რამდენიმე დღე მისცა.

სახლში დაბრუნებულ სიზიფეს ჰადესში გამგზავრებაზე აღარც უფიქრია. ღმერთები დაივიწყა, ოჯახს შეუერთდა და უდარდელად განაგრძო ცხოვრება. ღმერთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. განრისხებულმა თანატოსმა კორინთოში ჰერმესი წარგზავნა და სიზიფეს სული სამუდამოდ დააბრუნებინა ჰადესში.

მოტყუებისა და ღალატის გამო ღმერთებმა სიზიფეს სიკვდილის შემდეგ სასტიკი სასჯელი დაუწესეს. ჩრდილების სამეფოში მთაზე უზარმაზარი ლოდის ატანა დაავალეს. მთის მწვერვალს მიახლოებული ლოდი ისევ მთის ძირისკენ გორდება და სიზიფეს მძიმე ტვირთი მთის ფერდობზე ხელახლა ააქვს.

ამაო, უნაყოფო შრომას არასდროს ექნება დასასრული. ვებერთალა ლოდი სიზიფემ მთის მწვერვალზე სამუდამოდ უნდა ზიდოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s