ამიერ კავკასიის ერებს, რომელთაც ას წელზე მეტია რუსეთთან ერთად უხდებოდათ სიარული და ბედის ჭედვა, დღეს პირველად უხდებათ საკუთრი ძალღონით გაუძღვენ ეკონომიურ თუ საზოგადოებრივ მოსალოდნელ კატასტროფის საშინელებას.
შესძლებს თუ არა ამიერ კავკასიის რევოლუციონური დემოკრატია შეინარჩუნოს რევოლუციის მიერ დაპყრობილი ყველა ნაბიჯი ყოველგვარი განსაცდელისგან, ან მისცემს თუ არა მთელს ამ მხარეს რევოლუციონურ წესწყობილების უზრუნველყოფის გარანტიებს, რომ იმავე დროს ცენტრალ რუსეთზე მოახდინოს შესაფერი გავლენა დემოკრატიულ წრეებში სამოქალაქო ომის სალიკვიდაციოდ და ერთფეროვან, რევოლუციონურ, ყველას მიერ აღიარებულ რუსეთის რესპუბლიკის მთავრობის შესაქმნელად, – აი, ყველა ამ საკითხებისგან დამოკიდებულია ამიე კავკასიის ერთა ბედი და მათი ნორმალური განვითრება.
ამიერ კავკასიის ცხოვრების ამ გზით წარსამართებლად, ყველა სოციალისტურ პარტიებისა და რევოლუციონურ დემოკრატიულ ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ შედგენილია ამიერ-კავკასიის მთავრობა. მთავრობა იგი დროებით არის შედგენილი, ისიც მხოლოდ რუსეთის დამფუძნებელ კრების მოწვევამდე. თუ რუსეთის სინამდვილე შეჰქმნის ისეთს გარემოებას, რომ თავის დროზე შეუძლებელი იქნება მოწვეულ იქნეს დამფუძნებელი კრება, მაშინ მთავრობა იგი თავის თანამდებობას შეინარჩუნებს ამიერკავკასიისა და კავკასიის ფრონტის დამფუძნებელ კრების […] სრულ ყრილობამდე.
ამიტომ, როგორც დროებითი მთავრობა იგი მიზნათ ისახავს გადასჭრან მხცოვრებთა უსაჭიროესი საკითხები.
აწეწილ-დაწეწილი ფინანსების მოწესრიგება; ლაშქრისა და მცხოვრებთა ხსნა აუცილებელ შიმშილობისგან და მათი უზრუნველყოფა სურსათით; ტრანსპორტისა და გზების გაუმჯობესება; სწორი და უვნებელი დემობილიზაცია ზავის შეკვრის დროს; საზოგადოებრივ წესრიგის დაცვა; სასტიკი კონტროლი წარმოებისა და შრომის განაწილების შესახებ; შრომისა და მუშთა კლასის ინტერესების ყოველგვარი დაცვა; დაუყოვნებლივ დემოკრატიულ ერთობის შემოღება; დაუყოვნებელი დემოკრატიულ ერთობათა კომიტეტის ორგანიზაციათა შედგენა იქ, სადაც ჯერ არ დაუარსებიათ, მათ ხელში გადაცემა საუფლისწულო, სახაზინო და საეკლესიო მიწებისა, აგრეთვე კერძო მსხვილ მემამულეთა მიწებისა, რომელთა შესახებაც ახლო მომავალში გამოიცემა, როგორც საკონფისკაციო, ისე ყველა მიწების მოწესრიგების აქტი, რომ ამით მოვემზადოთ დამფუძნებელი კრებისათვის მიწის მფლობელობის კანონის შესადგენათ; დაუყოვნებლივ წოდებრივობათა უპირატესობის მოსპობა და ყველა იმ დაწესებულებათა გაუქმება, რომელნიც წოდებათ ინტერესების დასაცავად ჰქონდა დაარსებული; ჩვენს გარშემო მცხოვრებ ხალხთა შორის კეთილ სინდისიერი დამოკიდებულება, თუ ისინიც სამართლიანად იცნობენ რევოლუციის მიერ მოპოვებულ ყოველ გვარს ნაბიჯს.
ამიერ კავკასიის კომისარიატი მხარს უჭერს რუსეთის რევოლუციის მიერ აღიარებულ ხალხთა სრულ თვითგამორკვევის საჭიროებას და ეცდება ამიერ კავკასიაში ეროვნული საკითხი მოკლე ხანში სამართლიანად გადასჭრას.
ამიერ კავკასიის კომისარიატი საჭიროდ სცნობს სრულიად რუსეთის ფრონტის მთლიანობის დაცვას და ფრიად ენერგიულ ნაბიჯებს გადასდგამს დაუყოვნებლივ ზავის ჩამოსაგდებად; ამ მიმართულებით ამიერ კავკასიის კომისარიატი ყოველ ნაბიჯს გადასდგამს კავკასიის მკვიდრ ერებთან თანხმობით, თანაც მხედველობაში იქნება დასავლეთის ფრონტის საერთო მდგომარეობა და ადგილობრივი ცხოვრბის პირობები.
ყველა აქ ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრა იქნება საფუძველი და შინაარსი ახლად შემდგარ საოლქო მთავრობის მოქმედებისა.
ამ ღონისძიებათა დაუყოვნებლივ განხორციელება შეიძლება მხოლოდ ერთის პირობით: თუ ჯარმა და მცხოვრებლებმა, – მუშებმა, გლეხებმა და ჯარისკაცებმა, – ენერგიულად დაუჭირეს მხარი ამიერ-კავკასიის რევოლუციონურ მთავრობის ყველა ღონისძიებას!
ამიერ-კავკასიის კომისარიატის განკარგულებანი და ბრძანებანი შეურყევლად უნდა სრულდებოდეს ადგილობრივ.
ამ მთავრობისადმი ყოველი ურჩობა ამიერ-კავკასიის ერთა არსებითი ინტერესების წინააღმდეგ ხელის აღმართვად ჩაითვლება და ისე ჩითვლება როგორც ბოროტი სამოქალაქო და ეროვნებათ შორის განხეთქილებისკენ მიმართული მოქმედება, რომ მოსასპობადაც ამ მთავრობის შემქმნელი პარტიები და ორგანიზაციები ყოველ ზომებს არ დაერიდებიან.
ამ მძიმე ტვირტის აღებისთანავე ამიერ-კავკასიის კომისარიატი მიჰმართავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია რევოლუციისა და თვისუფლების ინტერესები, მჭიდროდ შეკავშირდნენ ამიერ-კავკასიის მთავრობის გარშემო და მხარდამხარ გაჰყვნენ მას რევოლუციონურ შემოქმედებითი მუშაობის გზაზე.
ამიერ-კავკასიის ერებო!
თქვენი ბედი თქვენსავე ხელშია.
დავამტკიცოთ, რომ ღირსნი ვართ ამ დიადი მისიის!
აღვმაღლდეთ ამ ისტორიულ მიზნებამდის და ცხადად ვაჩვენოთ მთელს ქვეყანას, თუ როგორ უნდა დიდი რევოლუციის მცნებათა მტკიცედ დაცვა და მათი ცხოვრებაში გატარება.
ხელი უწერიათ ამიერ-კავკასიის ყველა კომისრებს.