
მიხეილ ხუნდაძე
რუსეთში გაღვივებულმა სამოქალაქო ომმა ეს ვეებერთელა სახელმწიფო ნაფლეთ-ნაფლეთათ აქცია. აღარ არსებობს ყველასთვის მისაღები, ყველა კუთხის ნდობით აღჭურვილი რევოლუციონური ცენტრი; ეკონომიური და პოლიტიკური კავშირი პეტროგრადსა და სხვა და სხვა კუთხეებს შორის გასწყდა. ერთ მთლიან დემოკრატიულ რუსეთის მაგივრათ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე დამოუკიდებელ ნაწილს: უკრაინას, ციმბირს, დონს, ჩრდილოეთ კავკასიას, და ეს სწორეთ იმ დროს, როდესაც ქვეყნის წინაშე სდგას უდიდესი კითხვა ყოფნა-არყოფნის შესახებ; ამ კითხვის გადაჭრაში ყველა ერთნაირათ არის დაინტერესებული, მის განსახორციელებლათ აუცილებელია ყველა რევოლუციონურ და დემოკრატიულ ძალების გაერთიანება და შეკავშირება. ვინ უნდა ჩამოაგდოს საპატიო ზავი, რომელიც ასე სწყურია ქვეყანას, თუ არა მთელმა, სათანადო ძალით და ავტორიტეტით აღჭურვილმა დემოკრატიამ? ვინ უნდა მოაწესრიგოს ფინანსური და ეკონომიური ცხოვრება, თუ არა ერთმა მჭიდრო ცენტრმა, რომელიც ყველა ცხოველმყოფელ ძალებს გააერთიანებს? ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ადგილობრივ საქმეების მოსაგვარებლათ საჭირო ფართო უფლებებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმართველობა, მაგრამ მასთან ერთათ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ მთელი ქვეყანა საშინელმა არევ-დარევამ და ანარქიამ მოიცვა, ძლიერი ცენტრი, რომელიც სხვა და სხვა თვითმართველ ერთეულთა ძალებს გააერთიანებდა. დამფუძნებელი კრება უნდა ყოფილიყო მთელი რუსეთის ბატონ-პატრონი, ამ იდეაში თავს იყრიდა რუსეთის ყველა სასიცოცხლო ძარღვები.
მაგრამ დღეს რუსეთის დემფუძნებელი კრება აღარ არის, ის არ მოქმედებს! მისი გარეკა – სამარცხვინო და სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ მასთან ერთათ რეალური ფაქტია, რომელსაც შესაფერისი ლოკალური დასკვნა უნდა გაუკეთოთ. ამ ფაქტს ის აუცილებელი შედეგი მოყვა, რომ თვითეული მხარე და თითეული ერი რუსეთში თავის საკუთარ ძალების ანაბარა დარჩა; ამის შემდეგ თითოეული კუთხე იძულებული ხდება დამოუკიდებლათ გადასჭრას სხვა და სხვა საჭირბოროტო კითხვები. ასეთ პირობებში ჩავარდა ჩვენი – ამიერ-კავკასია. რუსეთში სამოქალაქო ომი და ანარქია თან და თან იზრდება; რევოლუცია და დემოკრატია, რაც დრო გადის, უფრო და უფრო იხრწნება, რა მოაგველის ჩვენ? როგორი პოლიტიკური პერსპექტივები იშლება ჩვენს წინაშე? ნოე ჟორდანიას სამართლიან თქმის არ იყო, რუსეთის რევოლუციის მომავლის შესახებ შეიძლება სამი აზრი გვქონდეს: ან იგი (რუსეთი) განაწილებული იქნება იმპერიალისტურ სახელმწიფოთ შორის, ან თვით შინაგანი განვითრება რევოლუციისა უმზადებს მას დამარცხებას და რეაქციას, ან და, თუ კი დემოკრატია თვითეულ მხარეში შესძლებს გაიმაგროს თავისი ძალღონით პოზიციები, შესაძლო იქნება ამ დემოკრატიულ ერთეულების შეკავშირება და ამრიგათ მთლიან დემოკრატიულ ფრონტის აღდგენა.
ამ მესამე გზას ადგია ჩვენი პარტია და მასთან ერთდ ამიერ-კავკასიის დემოკრატიის უმრავლესობა.
ჩვენში არჩეულმა დამფუძნებელ კრების დეპუტატებმა 23 იანვრის კრებაზე მიიღეს მენშევიკების რეზოლუცია ამიერ-კავკასიის საკანონმდებლო სეიმის მოწვევის შესახებ. ეს სეიმი დამოუკიდებლათ გადასჭრის ჩვენი კუთხის ყველა საჭირბოროტო საკითხებს. სეიმის დაუყოვნებლივ მოწვევას წინაღუდგნენ ერთი მხრით სოციალისტ-რევოლიუციონერები და მეორე მხრით დაშნაკელები. პირველნი თუმცა თითქოს იზიარებენ სეიმის იდეას, მაგრამ მოითხოვენ ხელ-ახალ არჩევნების მოხდენას; რაც შეეხება დამფუძნებელ კრების დეპუტატებს, მათის აზრით, მათ მოვალეობას შეადგენს მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის შედგენა, ამის შემდეგ ისინი პეტროგრადს გაემგზავრებიან დამფუძნებელ კრებაში სამუშაოთ. მომავალი ადგილობრივი მთვრობა პასუხისმგებელი იქნება მუშათ, გლეხთა და ჯარისკაცთა ცენტრის წინაშე, ესერებისაგან ასეთი განცხადების მოსმენა არ იყო მოულოდნელი; ის პარტია, რომელიც ადგილობრივ ცხოვრებაში სრულიად ნიადაგ მოკლებულია, რომელიც ძალიან ნაკლებათ იცნობს ჩვენ ქვეყანას, რომელიც ეყრდნობა სახლში მიმავალ ჯარს, რა თქმა უნდა ვერ გამოხატავს სრული სისწორით ჩვენი დემოკრატიის სულისკვეთებას.
რაც შეეხება დაშნაკელებს – მათი უკმაყოფილება გამოწვეულია უმთავრესათ იმ გარეოებით, რომ სეიმი, – როგორც მთელი ამიერ-კავკასიის ცენტრალური ორგანო, ნებას არ მისცემს მათ ჩვეული ნაციონალისტური პოლიტიკა აწარმოვონ თავიანთ ეროვნულ საბჭოში.
დაშნაკელები და ესერები პრინციპიალურათ არ ეწინაარმდეგებიან ამიერ-კავკასიის სეიმის მოწვევას, მაგრამ ამისთვის სპეციალურ არჩევნებს მოითხოვენ. ეს წინადადება დღვანდელ არანორმალურ პირობებში სრულიად განუხორციელებელია. სანამ ახალი არჩევნები მოხდება, დიდი დრო გავა, ამის განმავლობაში ამიერ-კავკასიის უკანონმდებლო ორგანოთ დატოვება – ნიშნავს ანარქის და სამოქალაქო ომის გაძლიერებას, სარევოლიუციო ცენტრისათვის საკანონმდებლო ფუნქციების გადაცემა არ შეიძლება ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის უწინარეს ყოვლისა არის სარევოლუციო ორგანო, რომელიც დემოკრატიის საქმეს დარაჯათ უდგას და რევოლუციის განმტკიცების საქმეს ემსახურება; სპეციალური საკანონმდებლო მუშაობა მას არ შეუძლია.
თუმცა რომ შეეძლოს, ჩვენ ნუ დავივიწყებთ იმ არა სასიამოვნო, მაგრამ რეალურ გარემოებას, რომ ცენტრს გავლენა აქვს მხოლოდ თბილისის და ქუთისის გუბერნიებში, სხვაგან კი მას არც სცნობენ და არც ემორჩილებიან.
რაც შეეხება ეროვნულ საბჭოს, მათთვის სახელმწიფოებრივი უფლებების გადაცემა, ამჟამად ყოვლად შეუძლებელია, ეს მხოლოდ ეროვნულ შუღლს გააჩაღებდა ამიერ-კავკასიაში.
საბედნიეროდ, სეიმის მოწვევა – უკვე სინამდვილეა. 10 თებერვალს ის შეიკრიბება.
რა უნდა გააკეთოს სეიმმა?
პირველი, უდიდესი საქმე, რომელიც მან უნდა შეასრულოს – ეს არის საპატიო ზავის ჩამოგდება, მთელი თავისი ძალღონე, თვისი ავტორიტეტი უნდა მოახმაროს მან ამ მიზნის მიღწევას.
შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უნდა გადაჭრას სეიმმა, შეეხება ეროვნულ-პოლიტიკურ თვითმართველობათა შემოღებას.
ერთი სიტყვით აგრარული, ეროვნული, მუშათა და სხვა საკითხები მთელი თვისი სიმწვავით სდგანან ადგილობრივ დემოკრატიის წინაშე და აქეთ უნდა იქნეს მიმართული მთელი ენერგია სეიმისა, საჭირო რეფორმების გასატარებლათ. დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი ამიერ-კავკასიის სეიმს, დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა მას ისტორიამ.
დემოკრატიამ გულწრფელათ უნდა უსურვოს სეიმს ნაყოფიერი მუშაობა, ვინაიდან ის, მოწოდებულია ხალხის საქმე შეასრულოს.
მ. ხუნდაძე