ჩიქოვანი დავით გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

ქართველი. რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის წევრი, აგრანომი.

ტფილისის ადრესი: ჩერქეზიშვილის ქუჩა, №145.

დავიბადე 1887 წელს სამეგრელოში, სოფელ სუხჩეში, რომელიც არის ჩემი დედულეთი.

დავამთავრე 1908 წელს ტფილისის სათავად-აზნაურო ქართული გიმნაზია. იმავე წელს ბიძის დახმარებით გავემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარედ – ბელგიაში. ბელგიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ლიეჟში ვსწავლობდი 2 წელს საინჟინერო ნაწილზე. 1910 წელს ნივთიერ დაბრკოლებათა გამო იძულებული შევიქენი დამეტოვებინა უნივერსიტეტი და დავბრუნებულიყავ სამშობლოში.

1910 წლის შემოდგომაზე გავემგზავრე კოსტანტინეპოლს. იქ დავყავი 8 თვე, რომლის განმავლობაშიაც, როგორც საკუთარი კორესპონდენტი წერილებს ვათავსებდი „სახალხო გაზეთში“ ქართველ მაჰმადიანთა და საზოგადოდ ოსმალეთის ცხოვრებიდან. კოსტანტინეპოლში, ჩემისა და ბ. ირაკლი ტატიშვილის მეთაურობით და ქართველ კათოლიკე მღვდლების: პიო ბალიძის, შალვა ვარდიძის, მარკო ნონოშვილის და სხვათა დახმარებით დავაარსეთ ქართველ მაჰმადიანთათვის საზოგადოება, ოსმალეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული წესდებით, რომელსაც ოსმალურად ეწოდებოდა: „გურჯი თააუნჯე მუთ“, რაც ნიშნავს – ქართველთა დამხმარე საზოგადოებას.

1911 წლის მაისს ოსმალეთიდან დავბრუნდი საქართველოში. ამავე წლის მარიამობისთვეში წერა-კითხვის საზოგადოებიდან მივიღე 25 მანეთიანი სტიპენდია და გავემგზავრე პეტერბურგში და სწავლა განვაგრძე უმაღლეს სამეურნეო კურსებზე. აქ ვსწავლობდი ვიდრე 1915 წლამდე. ამ წელს მე-IV კურსზე ვიყავი, რო მომიახლოვდა ომში გაწვევა, როგორც მეორე ხარისხის რადნიკს.

ამ დროიდან თავი დავანებე კურსებს და პეტროგრადს და სამსახურში შეველი ჰელსინგფორსში ფინეთის სახელმწიფო რკინისგზათა მთავარ სამმართველოში. ფინეთში დავყავი თითქმის 2 წელიწადს. იქიდან ვთანამშრომლობდი მაშინდელ ჯერ კიდევ თავისუფალ ორგანო „საქართველოში“. რევოლუციის პირველ თვეებში, აპრილში ფინეთიდან დავბრუნდი სამშობლოში.

რაც შეეხება ჩემი სულიერ ცხოვრების მთავარ საფეხურებს – იგი ასეთია: დღიდან სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დაარსებისა მე ვიყავი მისი აქტიური წევრი და ვმუშაობდი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ჯერ როგორც გიმნაზიის მოწაფისა და მერე სტუდენტისათვის. სოციალისტ-ფედერალისტობის დროს მე ვეკუთვნოდი ს.-ფედერალისტთა იმ მემარცხენე ფრთას, რომელიც თანაუგრძნობდა ანარქიზმს და კომუნიზმს.

ამ პარტიაში დავყავი ვიდრე 1914 წლამდე, ხოლო შემდეგ თანდათან დავშორდი და ომის დასაწყისში სავსებით ჩამოვშორდი.

ფედერალისტთა პარტიიდან ჩამოშორების შემდეგ მთელი ომის განმავლობაში თავისუფალ მოაზრედ დავრჩი და მხოლოდ 1917 წლიდან ვატარებ სახელს იმ ნორჩ პარტიისას, რომლის წარმომადგენელიცა ვარ საქართველოს პარლამენტში.

სოც.-ფედერალისტობის დროს არალეგალური მოღვაწეობა გამიწევია, მაგრამ პოლიტიკური სასჯელი არ გადამხდია.

ვთანამშრომლობდი შემდეგ გაზეთებში: „სახალხო გაზეთში“, „თემში“, „საქართველოში“ და სხვა გაზეთებში. ვიყავი რედაქტორ-ხელმძღვანელი რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის ყოველდღიურ გაზეთ „ჩვენი რესპუბლიკისა“ და ყოველკვირეულ „გლეხისა“.

სხვა და სხვა დროს და სხვა და სხვა გაზეთებში გვარის გარდა ვწერდი შემდეგ ფსევდონიმებს: დ. გიორგაძე, დ. ნინოშვილი, ჯავიდ-შეი, სუხჩელ-სუმაჭახელი, გორდელი და სხვა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s