ამიერკავკასიის კომისარიატი

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ – ოზაკომმა.

ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთა მთავრობა ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც ფუნქციონირება 1917 წლის 15 ნოემბერს დაიწყო.

1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში ამიერ-კავკასიის დროებითი მთავრობის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით მოწვეულ იქნა საგანგებო თათბირი. თათბირს დაესწრნენ საოლქო ცენტრების, მუშათა და გლეხთა დეპუტატები, კავკასიის ლაშქრის დეპუტატები, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი, ქალაქის საბჭოს, ამიერკავკასიის საზოგადოებრივ დაცვის კომიტეტის, სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების), ბოლშევიკების, სოც.რევოლუციონერების, დაშნაკელების, ს. ფედერალისტების, მაჰმადიანთა დემოკრატიული ორგანიზაციების, სრულიად რუსეთის რკინის გზათა, ფოსტა-ტელეგრაფის, პროფესიულ კავშირთა და კოოპერატივების წარმომადგენლები.

თათბირს თავმჯდომარეობდა  ევგენი გეგეჭკორი.

დამსწრეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა კავკასიის მხედრობათა კომისარი დონსკოი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბოლშევიკების აჯანყებამ ანარქიის საზღვრები გააფართოვა. მომავალი სიბნელითაა მოცული. ამიერ კავკასია მოწყვეტილია. შველას არც პეტროგრადიდან და არც მოსკოვიდან არ უნდა ველოდეთ. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ საკუთარი მთავრობის მოწყობაზე. … მთავრობა ასე უნდა მოეწყოს. ეხლა კანონიერი არჩევნები სწარმოებს. თუ დამფუძნებელ კრებისათვის დელეგატების მიერ არჩეული პირები დამფუძნებელ კრებაზე წავლენ, დანარჩენები, ხალხის ნდობით აღჭურვილი პირები აქ დარჩებიან მთავრობაში.“ ”(გაზ. „საქართველო 1917 წელი გიორგობისთვე)”

ეს აზრი გაიზიარა ყველა დამსწრემ, გარდა ბოლშევიკებისა. ბოლშევიკების წარმომადგენელმა ფილიპე მახარაძემ საოლქო მთავრობის მოწყობა კონტრ-რევოლუციურ აქტად გამოაცხადა.

თათბირმა მიიღო შემდეგი რეზოლუცია. „რადგან არ არსებობს ყველას მიერ მიღებული ცენტრალური მთავრობა, და შესაძლოა ანარქიამ ამიერ კავკასიაშიც იჩინოს თავი, ამასთან რადგან გადასაწყვეტია მთელი რიგი საზოგადო, ეკონომიური და ფინანსური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაზე დამოკიდებულია ამიერ-კავკასიის ბედი. თათბირმა დაადგინა:

ვიდრე დამფუძნებელ კრების არჩევნები დასრულდებოდეს ამიერ-კავკასიას განაგებდეს საზოგადოებრივი დაცვის კომიტეტი. კომიტეტში შევლენ ამიერ-კავკასიის ყველა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის მოწყობა, მისი შემადგენლობა დავალდეს არჩეულ პირებს შემდეგი პირობიებით.

ა) ადგილობრივ საოლქო პოლიტიკის შემოღება, სრულიად რუსეთის დემოკრატიასთან კავშირით, საერთო სახელმწიფოებრივ საკითხების გადაწყვეტა.

ბ) ადგილობრივ მიმდინარე საკითხის ავტონომიური გადაწყვეტა.

გ) ამიერ-კავკასიის სრულიად რუსეთის სრულ უფლებიან დამფუძნებელ კრებამდის მიყვანა ანდა იმ მომენტამდე – სანამ შესდგებოდეს ყველას მიერ მიღებული რევოლუციურ-დემოკრატიული მთავრობა.

დ) თავის მოქმედებაში უნდა ეყრდნობოდეს საოლქო და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ადგილობრივ საბჭოებსა და თვით მართველობათ ორგანოებს.“ ”(გაზ. „საქართველო 1917 წელი გიორგობისთვე)”

ხელისუფლების ახალი სამხარეო ორგანოს შექმნით ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა საბჭოთა რუსეთს. თუმცა, განაცხადა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი ხელისუფლების სამხარეო ორგანოს როლში გამოვიდოდა რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე. ე.ი. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა. ”(სილაგაძე, ა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918))”

14 მაისის სხდომაზე დამტკიცდა ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობა.

  • ე. გეგეჭკორი – ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, შრომისა და საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს კომისარი;
  • ა. ჩხენკელი – შინაგან საქმეთა და ფოსტა-ტელეგრაფის სამინისტროს კომისარი;
  • დ. დონსკოი – სამხარეო და საზღვაო სამინისტროების კომისარი;
  • ხ. კარჩიკიანი – ფინანსთა სამინისტროს კომისარი;
  • შ. ალექსიშვილი-მესხიშვილი – უსტიციის სამინისტროს კომისარი;
  • მ. ჯაფაროვი – ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი;
  • ხ.მელიქ-ასლანოვი – გზათ სამინისტროს კომისარი;
  • ა. ნერუჩევი – მიწათმოქმედების სამინისტროს კომისარი;
  • გ. ტერ-გაზარიანი – სურსათის საქმეთა სამინისტროს კომისარი;
  • ა. ოგანჯანიანი – მზრუნველობის სამინისტროს კომისარი;
  • ხას მამედოვი – განათლების სამინისტროს და სახელმწიფო კონტროლის კომისარი.

”(გაზ. “ერთობა” 1917 წლის 16 ნოემბერი)”

წყარო:

  • სილაგაძე, აპოლონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918)] / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე]. – თბ., 2000. – 64გვ.; 20სმ;
  • გაზეთი “ერთობა” 1917 წლის 16 ნოემბერი;
  • გაზ. „საქართველო 1917 წელი გიორგობისთვე;

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s