ანჩის მაცხოვრის კარედი ხატი

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.

ხატის უფრო ადრეულ ისტორიას გამოგვცემს მეფე თამარის თანამედროვე საეკლესიო მოღვაწე და ჰიმნოგრაფი იოანე ანჩელი, რომელიც „გალობანი ანჩის ხატისანის“ ტექსტში გვაუწყებს, რომ მაცხოვრის ხატი საქართველოში წმ. ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა, მანამდე კი მისი ადგილსამყოფელი იყო სირიის ქალაქი ჰიერაპოლისი (იგივე იერაპოლი, ახლანდ. შემბიჯი, თურქეთის რესპუბლიკა): „ინებე რაჲ მოქცევაჲ ჩუენი, ურწმუნოთა, სარწმუნოებად, ქრისტე ღმერთო სახიერო, ხატი განკაცებისა შენისა მოციქულისა ანდრიაჲს მიერ გამოგჳბრწყინვე“ (IV,1); „ანდრია, თავი მოციქულთა, პირველწოდებული, მოწაფე მეუფისა დიდისა იდიდებოდენ ყოველთაგან·უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა იერაპოლით მოვიდა და ხატი ესე საშინელი ჩუენ, მოსავთა მისთა, მოგუანიჭა“. წმ. ანდრიას ქადაგება „უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა“ ეხმიანება მოციქულის სამისიონერო გეზის ლეონტი მროველისეულ ლოკალიზაციას „გზასა კლარჯეთისასა“. 

მაცხოვრის გამოსახულების საგანგებო მეცნიერულმა შესწავლამ დაადასტურა, რომ „ანჩის ხატი“ VI-VII სს-ისაა და ეკუთვნის ხელთუქმნელი ხატის იკონოგრაფიულ ტიპს, რომელიც IV-V სს. სირია-პალესტინაში იღებს სათავეს. აქედან გამომდინარე, იოანე ანჩელის საგალობელში გატარებული იდეა განსაზღვრული ტრადიციის ამსახველი უნდა იყოს. 

გვიანდელი (XVIII-XIX სს.) ქართული ტრადიციით, „ანჩის ხატი“  მაცხოვრის ედესურ და ჰიერაპოლისურ ხელთუქმნელ ხატებთან გააიგივეს, რომლის შესახებაც სრულიად განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის: 1) „ავგაროზის ეპისტოლე” (III ს.), 2) კონსტანტინე პორფიროგენეტის „თხრობაჲ“ (X ს.) და 3) მარტყოფის ხატის ქართულ საგალობელთა ციკლი (XIII ს·), რომელთა ავტორებიც არიან არსენ IV ბულმაისიმისძე და საბა სვინგელოზი. 

„ავგაროზის ეპისტოლის“ მიხედვით, ტილოს ხელთუქმნელი ხატი (მანდილიონი) მაცხოვრის „პირსა ზედა დადებით“ გამოისახა ავგაროზ მთავრისთვის და როცა ტილოს ხატთან ერთად ედესაში მიმავალი წმ. თადეოზ მოციქული ქალაქ ჰიერაპოლისში, მეკეცეთა დასახლებაში, შეჩერდა, კეცზე სასწაულებრივად გამოისახა მანდილიონის პირველი ასლი – ჰიერაპოლისის კერამიდიონი („კეცის ხატი“). ქალაქის თავმა კერამიდიონი ჰიერაპოლისში დაიტოვა, ხოლო მანდილიონი წმ. მოციქულმა თადეოზმა და მალემსრბოლებმა ედესაში ჩააბრძანეს ავგაროზ მთავართან. 

კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულების მიხედვით, არსებობდა ედესის მანდილიონის მეორე ასლიც, რომელიც რამდენიმე საუკუნით გვიან გამოვლინდა: მანდილიონი, ავგაროზის ვაჟის ქრისტესგან განდგომის გამო, ედესის გალავანში გადამალეს და წინ კეცი ააფარეს, შემდეგ კი ამოქოლეს. VI ს., სპარსელების შემოსევის დროს, ედესის ეპისკოპოსმა მანდილიონს საფარველი ჩამოაცალა და მანდილიონთან ერთად გამოჩნდა კეცზე გადატვიფრული „ხატი და მსგავსებაჲ წმიდისა მის და საუფლოჲსა ხატისაჲ“ – იგივე ედესის კერამიდიონი. 

944 წ. 16 აგვისტოდან ედესის მანდილიონი კონსტანტინოპოლში ინახებოდა; 966 წ. სამეფო ქალაქში გადაასვენეს ჰიერაპოლისის კერამიდიონიც; ედესის კერამიდიონმა კი (ქართული ტრადიციით, მარტყოფის ხელთუქმნელმა ხატმა) იმავე VI ს., ბინა საქართველოში, მარტყოფში დაიდო, სადაც იგი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – წმ. ანტონ მარტყოფელმა – ჩამოასვენა: „ქალაქთა მზემან [ე. ი. კონსტანტინოპოლმა] ტილოჲ, ხოლო ქართლმან კეცი დაიმკჳდრა სიმდიდრედ საცხორებელად“, – გვაუწყებს არსენ ბულმაისიმისძე. 

უსაფუძვლოა „ანჩის ხატის“ მიჩნევა ედესის მანდილიონად და ჰიერაპოლის კერამიდიონად, რომლებიც X ს. კონსტანტინოპოლში იყო დაცული, აგრეთვე ედესის კერამიდიონად, რომელიც იგივე მარტყოფის ხელთუქმნელი ხატია. ამგვარი იდენტიფიკაცია საფუძველს მოკლებულია იმიტომაც, რომ ტილოსა და კეცის ხატებისაგან განსხვავებით, „ანჩის ხატი“  ფიცარზეა გამოსახული და არც იოანე ანჩელი ამბობს იმას, რომ წმ. ანდრიამ უთუოდ ჰიერაპოლისის კეცის ხატი მოავლინა საქართველოში. 

„„ანჩის ხატიზე” აღბეჭდილია მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსახულება – „პირი ღვთისა“, გაცხოველებული ცვილოვანი საღებავებით. შესაძლებელია, ეს გამოსახულება უშუალოდ უკავშირდებოდეს არა ჰიერაპოლისის კერამიდიონს, არამედ თავად მანდილიონს და წარმოადგენდეს ერთ-ერთი მათგანისგან ფიცარზე აღბეჭდილ ხელთუქმნელ ტვიფრს (ე. ჭელიძე), რადგან ჰიერაპოლისიდან მომავალმა ანდრია მოციქულმა ედესაც განვლო, „სადა-იგი დაშთა თადეოს ავგაროზ მთავრისა თანა… ხოლო დიდებული ანდრეა სხუათა მათ თანა მოვიდოდეს ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად. ასწავლიდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა და ესრეთ მოიწონეს ქუეყანად ქართლისა და ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა“. იოანე ანჩელის საგალობელში დადასტურებული ხატის ზედწოდება „საშინელიც“ მის ხელთუქმნელობას გულისხმობს (ზ. ალექსიძე). ეს ზედწოდება გვხვდება არაერთ სხვა წყაროშიც. იოანე ანჩელმა სხვა მხრივაც იზრუნა „ანჩის ხატის“ შემკობაზე. მას ეკუთვნის მაცხოვრის ხატის მოჭედვის ინიციატივა, რის ხორცშესხმაც მიანდო ანჩის ეპარქიაში მოღვაწე ცნობილ ოქრომჭედელს – ბექა ოპიზარს. ხატის წარწერიდან ირკვევა, რომ მოჭედილობა შესრულებულია თამარ მეფის დაკვეთითა და დაფინანსებით: „ქ., ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივგჳრგჳნოსანისა დიდისა დედოფალთ-დედოფალისა თამარისაჲთა, მე, იოანე ანჩელმან, რკინაელმან, ჴელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედვად. მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ჴელითა ბექაჲსითა. ქრისტე, შეიწყალე“. 

XIV ს. არის შესრულებული „ანჩის ხატის“ კარედის ფრთების შიდა მოჭედილობა. მასზე დაცულ წარწერაში (1308-1334) იხსენიება სამცხის პირველი ათაბაგი – ბექა ჯაყელი: „სიტყვაო ღმრთისა მამისაო, შეიწირე უნდოჲ ესე მკობაჲ წმიდისა და საშინელისა განკაცებისა შენისა ხატისა კუბოლ. პატრონსა მანდატურ-თუხუცესსა ბექასა და მიანიჭე მკჳდრებაჲ, რათა შენთა თანა და მე და ძენი ჩემნი გუიჴსნენ“. 

„ანჩის ხატის“ შემდგომი ისტორია ამგვარია: ოსმალთა მიერ კლარჯეთის დაპყრობის, ანჩის საეპისკოპოსოს გაუქმებისა და სამცხის გამაჰმადიანების შემდეგ, კერძოდ, 1664 წ., ხატი თბილისელმა ვაჭარმა ამირჯანა იევანგულიშვილმა შეიძინა, თბილისში ჩამოასვენა და კათოლიკოს დომენტი II-ს (1660-1676) მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა განაახლა მაცხოვრის ხატი და 1675 წ. საკათოლიკოსო საყდარში დაასვენა, რის შემდეგაც ამ ტაძარს, ჩვეულებრივ, „ანჩისხატს“ უწოდებენ. 

1686 წ. „ანჩის ხატი“ მოაჭედვინა გივი ამილახვარმა (კათოლიკოს დომენტი II-ის ძმამ), ხოლო 1715 წ. კათოლიკოსმა დომენტი IV-ის (1705-1741), რომელმაც სადღესასწაულოს ახალ რედაქციაში (1718) ანჩის ხატის ხსენება 16 აგვისტოს დააწესა, მანდილიონის ედესიდან კონსტანტინოპოლში გადასვენების დღეს. დომენტი IV-ის მიერ დღესასწაულის 16 აგვისტოს დაწესება იმაზე მეტყველებს, რომ იგი „ანჩის ხატს“ ედესა-იერაპოლისის ხელთუქმნელ ხატებთან აკავშირებდა (მაგრამ არ აიგივებდა). დომენტი კათოლიკოსმა „გალობანი ანჩის ხატისანის“ ტექსტი სადღესასწაულოში არ შეიტანა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ „ანჩის ხატის“ ტროპარში გაიმეორა იოანე ანჩელის ჰიმნოგრაფიული კანონის რამდენიმე ფრაგმენტი: „ლიტანიობდით და გალობდით, აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული ყოვლისა სულისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩის ხატსა, რომელი უღაღთა დადოთ კლარჯეთსა იერაპოლით მოვიდა ხატი ესე საშინელი. ჩვენ, მოსავთა მისთა, მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა“. 

სადღესასწაულოს შედგენილობა და შინაარსი სხვადასხვაგვარი დასკვნის საფუძველს იძლეოდა: 16 აგვ. განგებაში „ანჩის ხატი“  იხსენიებოდა ედესის მანდილიონსა და კერამიდიონთან (მარტყოფის ხატთან) ერთად. იქვე იყო მოყვანილი „ანჩის ხატის“ ტროპარი, არსენ ბულმაისიმისძის საგალობლის ფრაგმენტი და ანტონ მარტყოფელის სვინაქსარული ცხოვრება. შედეგმაც არ დააყოვნა: 1) დომენტი ჯანდიერიშვილის სადღესასწაულოში (ხეც, A 220, 1726) „ანჩის ხატი“  გაიგივებულია ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში ჩამოსვენებულ ხელთუქმნელ ხატთან, ანუ ედესის კერამიდიონთან, 2) ხატის გვიანდელ (1825) მხედრულ წარწერაში კი უკვე ედესის მანდილიონთანაა გაიგივებული. 

„ანჩის ხატის“ გვიანდელ მხედრულ წარწერაში სახეცვლილებას განიცდის მანდილიონის ისტორიაც: თითქოს ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინოპოლში ხატთმებრძოლეობამდე გადააბრძანეს (და არა 944), ხოლო კონსტანტინოპოლიდან კლარჯეთში (ანჩაში) გადაასვენეს ხატთმებრძოლი იმპერატორის – ლეონ III ისავრიელის – ზეობისას (717-740). ამის შემდეგ მხედრულ წარწერაში მოცემულია იოანე ანჩელის წარწერის შინაარსის პერიფრაზი: „ხატი ესე ჴელით უქმნელი პირველად ედესიითგან კონსტანტინოპოლად წარმოუსვენებიათ. და ოდეს ლეო ისავრი და სხუანი ხატთმბრძოლნი გამოჩნდნენ, მას ჟამსა მუნითგან წამოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთსა საეპისკოპოსოსა საყდარსა. და ნივთის ბოძებითა მეფეთმეფისა თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა“. იოანე ანჩელის ჰიმნოგრაფიული კანონის ერთადერთი ნუსხა (ხეც, № 1040, 1721) მ. ჯანაშვილმა პირველად 1908 წ. გამოაქვეყნა. ამ დროს საყოველთაოდ იყო გაზიარებული აზრი „ანჩის ხატის ხელთუქმნელობის შესახებ, ამიტომ ტრადიციულად; ეკლესიამ შემდგომშიც მხოლოდ ამ იდეას მიანიჭა უპირატესობა. წმ. ანდრიას სამისიონერო მოღვაწეობასთან „ანჩის ხატის“ კავშირი კი (რაზედაც „გალობანი ანჩის ხატისანი“ მოგვითხრობს) ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, როგორც ეს დიდი ხნით ადრე „ანჩის ხატის“ წარწერაში (XII ს.) მოხდა, ხოლო მოგვიანებით (XVIII ს.) – მისსავე ტროპარში. 

„ანჩის ხატი“ არის კარედი-ხატი (ტრიპტიქონი) (148 X 158 სმ). ვერცხლით ნაჭედ კუბოში ასვენია მაცხოვრის ხატი („პირი ღვთისა“), რომლის ჩარჩო მოჭედილია მოოქრული ვერცხლით, ხოლო პირისახე ენკაუსტიკითაა (სანთლის საღებავი) შესრულებული. ორფრთიანი კარი მოჭედილია როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. კარებზე გამოსახულია „ათორმეტი დღესასწაული“ შემდეგი რიგით: შიგნიდან – ხარება, შობა, ნათლისღება, ფერისცვალება, ჯვარცმა, ჯოჯოხეთს წარტყუევნაჲ; გარედან – ლაზარეს აღდგინება, მიძინება, სერობა, იერუსალიმს შესვლა, თომას დარწმუნება და სულიწმინდის მოფენა; ხატის კუბოს ზედა ნაწილზე გამოსახულია ამაღლება. ხატზე მაცხოვარი წარმოდგენილია მკერდამდე, მარცხენა ხელში დახურული წიგნი უჭირავს, მარჯვენათი – კურთხევას იძლევა; რელიეფური ნიმბი შემკულია ძვირფასი თვლებით. მაცხოვრის კვართი, ხატის მთელი შიდა არე – „ეზო“, დამზადებულია დიდი ზომის ვერცხლის ფირფიტისგან. ხატის ეს ნაწილი გვიანდ. რუსული ხელობაა (1825), რომელიც შეუსაბამოა მაცხოვრის გამოსახულების პირვანდელ ტიპთან. ჩარჩოს ზედა ნაწილზე გამოსახულია „საყდარი“, ხატის მარცხენა კუთხეში – წმ. მთავარანგელოზი მიქაელი, მარჯვენაში – გაბრიელი. ხატის მარცხენა გვერდზე მთელი ტანით მავედრებელი წმ. იოანე ნათლისმცემელია გამოსახული, მეორე გვერდზე კი, ასევე ვედრების პოზაში – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ჩარჩოს ქვედა ნაწილში გამოსახული არიან: წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულები და წმ. იოანე მახარებელი. გამოსახულებათაშორისი არე დაფარულია მაღალ რელიეფში გამოყვანილი, სამმაგ წრეში ჩასმული მცენარის სტილიზებული ფოთლით. ხატის ჩარჩოს მოჭედილობა ქართული ოქრომქანდაკებლობის დიდებული ძეგლია. 

„ანჩის ხატის“ მოკაზმვა-მოჭედილობის მომდევნო ეტაპი XIV ს. სამცხეს უკავშირდება. საქტიტორო წარწერებში დასახელებულია ამ პერიოდის სამცხის ათაბაგთა სახლის წევრები: ბექა I მანდატურთუხუცესი, მისი ცოლი მარინე, მათი სამი ვაჟი. წარწერებით დგინდება, რომ მოჭედილობა შესრულებულია 1308-1334 წწ. საყურადღებოა „ამაღლების“ სცენა: ასეთი იკონოგრაფიული რედაქცია – ზედა რეგისტრის „კარნი სამოთხისანი“ და ექვსფრთედი ბორბლებით ქრისტეს დიდების ზოგადი იდეის გამოხატულება – იშვიათად გვხდება საქართველოში. XIV ს. ეს მოჭედილობა ეკლექტიკური ხასიათისაა, აკლია მხატვრულ-სტილისტური ერთიანობა, რაც წინა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობისთვისაა დამახასიათებელი. 1686 წ. ოსტატმა, ბერთუკა ლოლაძემ, გივი ამილახვრის დაკვეთით ორივე კარის გარე მხარე შეავსო სახარების სცენებით. ეს გარე მოჭედილობა ბევრად ჩამოუვარდება კარედის ადრინდელ ფენებს როგორც მხატვრულად, ისე შესრულების დონითაც. კომპოზიციები გადატვირთულია წვრილი ფიგურებით, ბრტყელი და დაბალია რელიეფი (ფიგურებიც, ორნამენტიც), რაც მეტყველებს უცხოურ გავლენაზე: ცალკეული ხუროთმოძღვრული ფორმები, ხატწერის მოტივები ევროპიდან თუ აღმოსავლეთიდან არის შემოსული გვიანდელ საქართველოში. 

1926 წ. ჩატარდა „ანჩის ხატის“ ერთი ფრაგმენტის ქიმიური ანალიზი, რამაც დაადასტურა, რომ იგი წარმოადგენს ქრისტიანული ხელოვნების VI-VII სს. ძეგლს და დაკავშირებულია ქართულ-სირიულ მხატვრულ წრესთან. 

 წყარო: ავგაროზის ეპისტოლე, ძველი ქართული რედაქციები, თბ., 2007; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. 1, თბ., 1955. 

ლიტ.: ალდამიძე თ., ანჩის მაცხოვრის ხატი, თბ., 2007; ალექსიძე ზ., მანდილიონი და კერამიონი ძველ ქართულ მწერლობაში, „აკადემია“, 2000, №1; ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, თბ., 1956; ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; საყვარელიძე თ., ანჩის კარედი ხატი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1976, №5; ყარაულაშვილი ი., ანჩისხატი: კერამიდიონი ჰიერაპოლისიდან თუ მანდილიონი ედესიდან, კრებ.: „მრავალთავი“, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 2003, №20; ხალვაში რ., ანდრია პირველწოდებული საქართველოში, ბათ., 2011; ხუსკივაძე ლ., ბექა ოპიზარი, თბ., 1976. 

რ. ხალვაში, თ. საყვარელიძე

იხილე აგრეთვე ანჩის ხატი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s