ბედიის გულანი

XVII-XVIII  საუკუნეებში დათარიღებული ხელნაწერი. შესრულებულია ბედიის მონასტერში მიტროპოლიტ  გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით. ბედიის მონასტერი ცნობილი იყო უმდიდრესი ბიბლიოთეკით, რაც საქართველოს  ისტორიაში მის უმნიშვნელოვანეს კულტურულ-საგანმანათლებლო როლზე მიანიშნებს. მონასტერში  გადაწერილმა კალიგრაფიულმა ნუსხამ, ბედიის გულანმა,  შემოგვინახა XVII-XVIII სს. ბედიაში მოღვაწე გადამწერების – ამბროსი კარგარეთელის,  საბა ნაჭოფაძის, სიმონ გიორგიძის – სახელები, რომელთა მეშვეობით შეიქმნა ბედიის ორტომიანი გულანი. ბედიის მიტროპოლიტ გერმანე ჩხეტიძეს შავშეთიდან საგანგებოდ ჩამოუყვანია კალიგრაფი გაბრიელ ლომსანისძე. 

გულანის შედგენის მიზანი, როგორც ცნობილია, ყველა საღვთისმსახურო წიგნთა ერთ  კრებულში თავმოყრა იყო. ამ სურათს გვიჩვენებს ბედიის გულანიც, რომელშიც შესულია მთელი წლის საკითხავი სახარება და სამოციქულო, დიდი მარხვის პერიოდის საკითხავები, რვა ხმაზე გაწყობილი აღდგომის საგალობლები, სათვეო  ნაწილის საგალობლები (ანუ თვენი). აქვე შესულია ქართველი წმინდანების ხსენებებიც, სვინ აქსარი, მარხვის ციკლის საგალობლები და საკითხავები, საეკლესიო განგება (ტიპიკონი),  საბაწმინდის მონასტრის ტიპიკონის რედაქცია და ზატიკის  პერიოდის საგალობლები და ლოცვანი. ხელნაწერი წყდება 959 გვერდზე. მიუხედავად  იმისა, რომ ნუსხა ნაკლულია, შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარია. ხელნაწერს ახლავს მრავალი ანდერძ-მინაწერი, რომლებიც ზოგიერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის. მაგ., გადამწერ  გაბრიელ ლომსანისძის მინაწერი გადმოგვცემს ხელნაწერზე მუშაობის მისეულ მეთოდს. მას თვენისა და მარხვანის ტექსტების შედგენისას უსარგებლია სხვადასხვა დედნით:  „ბევრისა წიგნისაგან ვიძიე და გავასრულე. რაცა უნდოდა და რომლისაცა დედა ვიშოე, არა დამიკლია რა, ღმრთისა შეწევნითა (187,528r), მარხვანი… ბევრის წიგნისგან შევკრიბე და, ღმერთმა უწყის, დიდი ჭირი და სასჯელი ვნახე“ (905v).

იხილე აგრეთვე ბედიის გულანი

წყარო:

ხელნაწერთა აღწერილობა A კოლექცია, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1976.

ლიტერატურა:

კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980.

ე. დუღაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s