სოციალური კაპიტალი

„სოციალური კაპიტალის“ კონცეფცია სოციოლოგმა  ჯეიმს ს. კოულანმა შემიმუშავა.  მისი მიზანი სოციალური ქსელების მნიშვნელობის განხილვაა. (e.g., Coleman, 1988.)  მოგვიანებით,  პოლიტოლოგმა  რობერტ  პატნამმა გამოთქვა აზრი, რომ დემოკრატიები კარგად ფუნქციონირებენ თავისი სოციალური კაპიტალის პროპორციულად და რომ სოციალური კაპიტალი აშშ-ში კლებას განიცდიდა. (2000)  წიგნში „მარტო  ბოულინგი“ პატნამი განმარტავს, „მაშინ როცა ფიზიკური კაპიტალი ფიზიკურ ობიექტებთანაა კავშირში, ხოლო ადამიანური კაპიტალი ინდივიდების საკუთრებასთან, (ისეთს, როგორიცაა მაგალითად – უნარები) სოციალური კაპიტალი ადამიანებს შორის კავშირებს, სოციალურ ქსელებსა და მათგან წარმოქმნილ ურთიერთქმედების ნორმებსა და სიმყარეს შეესაბამება. ამ თვალსაზრისით, სოციალური კაპიტალი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ფენომენთან, რასაც ზოგი „სამოქალაქო ნებას“ უწოდებს. განსხვავება ისაა, რომ „სოციალური კაპიტალი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამოქალაქო ნება ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ორმხრივი საზოგადოებრივი ურთიერთობების  მჭიდრო ქსელშია ჩანერგილი.

მას უკავშირდება „კოლექტიური ეფექტიანობის” იდეა, რომელიც სოციოლოგმა რობერტ სამპსონმა და მისმა კოლეგებმა განავითარეს; აქ იგულისხმება სოციალური ქსელების გამოყენება, ან მათი გამოყენების შესაძლებლობები  ისეთ ზოგად პრობლემასთან მიმართებაში, როგორიცაა  დანაშაული. სამპსონი გამოთქვამს აზრს, რომ კოლექტიური ეფექტიანობის დონე მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების ხარისხს საზოგადოებებში“. როდესაც  მთავრობები და გაერთიანებები გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს მაშინ, როცა ხალხი სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივი მიზნებისათვის იყენებს, სამოქალაქო განათლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის მიმართულია იმისკენ, რომ ხალხმა  თავად სოციალური ქსელების შექმნაში, შეფასებასა და დაცვაში.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

საზოგადოებრივი სამსახური

ჰარი ს. ბოიტის (1996, 2004)  აზრით,  მოქალაქეობის საქმეში ერთ-ერთი ძირეული ადგილი შრომასუკავია. ჩვენ მოქალაქენი ვართ არა მხოლოდ მაშინ, როცა არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, ვეცნობით და განვიხილავთ ახალ ამბებს, მოხალისეებად და ნებაყოფლობით ვერთვებით სხვადასხვა  აქტივობებში სკოლისა თუ სამსახურის შემდეგ. ჩვენ სამსახურშიც, მუშაობის  პროცესშიც  მოქალაქეებად ვრჩებით. არაანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისას,  ისევე, როგორც სერიოზულ  ბიზნესში,  ადამიანები საკუთარ წვლილს უნდა ხედავდნენ. მოქალაქეები არა მხოლოდ აკონტროლებენ მთავრობას და ზემოქმედებენ მასზე (დელიბერატიული/დისკუსიური  დემოკრატიის თეორიის თანახმად) ან ემსახურებიან სხვა ადამიანებს საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში (საზოგადოებრივი კაპიტალის იდეაზე აქცენტირებით), ისინი  გულმოდგინედ აშენებენ, ქმნიან და ინარჩუნებენ საზოგადოებრივ სიმდიდრეს. გასამრჯელოს ფასად ან სრულიად უსასყიდლოდ, საჯარო სამსახურებსა თუ კერძო, არაკომერციულ სექტორებში მოქალაქეები საზოგადოებრივი სიმდიდრის შექმნით არიან დაკავებულნი.  ზოგი სამუშაოს კარგად ართმევს თავს, ზოგი ცუდად. კეთილსინდისიერია მოქალაქე,  რომელსაც  ღირებული წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი სარგებლის შექმნაში ან თავად აშენებს საზოგადოებრივ „კეთილდღეობას“.

საზოგადოებრივი სამსახურის თეორიის მიხედვით სამოქალაქო განათლება გამოცდილებას უნდა ეფუძნებოდეს და მჭიდრო კავშირში იყოს  პროფესიულ განათლებასთან. ახალგაზრდებმა ერთობლივი მუშაობით უნდა გამოიმუშავონ  სხვადასხვა უნარები და შეიძინონ პროფესია. შედეგად ჩამოყალიბდება პიროვნება,  რომელიც საკუთარი საქმიანობით შეიტანს წვლილს საზოგადოებრივ კეთილდღეობაში. ალბერ ძიური (2008), რომელიც მსგავს, თუმცა არა იდენტურ ხედვას ემხრობა, განსაკუთრებულ აქცენტს პროფესიული განათლების მნიშვნელობის გადახედვაზე სვამს. მისი აზრით,  პროფესიონალებმა არაპროფესიონალებთან უკეთესი თანამშრომლობა უნდა ისწავლონ.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

ელინორ ოსტრომი

2009 წელს ელინორ ოსტრომი   ეკონომიკური მეცნიერების დარგში  ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. მისი ნაშრომი ეხებოდა ისეთი ტიპის კოლექტიური ქმედებების პრობლემათა დაძლევის გზებს, როგორიცაა  პატიმრის დილემა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის ტრაგედია – Tragedy of the Commons. ეს ენდემური ხასიათის სერიოზული პრობლემები არაერთხელ გამხდარა კატასტროფისა და ომის მიზეზი. ოსტრომმა ბევრი ის პრინციპი გამოავლინა, რომელიც ადამიანებს ამგვარი პრობლემების გადალახვაში დაეხმარება.

ნებისმიერ მომენტში, როცა ადამიანებს სხვების მიერ შესრულებული ღირებული საქმიანობისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, ისე, რომ თავად ამ პროცესში არც ძალისხმევის და არც დროის  სახით არანაირი წვლილის შეტანა არ უხდებათ,  ისინი აწყდებიან კოლექტიური ქმედების დილემებს, რომელთა დასაძლევად სხვადასხვა მეთოდი არსებობს. როდესაც დე ტოკვილი  „საზოგადოების ხელოვნებას და მეცნიერებას“ განიხილავდა, მან იმ ადამიანების მიერ შესწავლილი ხელობები მიმოიხილა, რომლებმაც ერთობლივი სარგებლის მიღწევის მიზნით, კოლექტიურ აქტივობაში ჩართვის გადაწყვეტის გზები შეიმუშავეს.  საზოგადოებრივი  მეცნიერების ზოგიერთი  ასპექტი არც ლოგიკურია და არც წინასწარგანზრახული. ამიტომაც ისინი, როგორც დემოკრატიული მოქალაქეობის კულტურის ნაწილი, ყველა თაობას უნდა ვასწავლოთ“ (ოსტრომი, 1998).

ოსტრომის აზრით, ამ პრინციპების სწავლა ოფიციალურად და პროგრამულადაც  შესაძლებელია. მაგრამ მათი სწავლების ტრადიციული და ყველაზე ეფექტური საშუალებები  უფრო ემპირიული ხასიათისაა. ოსტრომის თანახმად, მთელი XX საუკუნის მანძილზე მართვის ცენტრალიზებისა და პროფესიონალურად დახვეწის ტენდენციამ ჩვეულებრივ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით სწავლის შესაძლებლობა წაართვა, რამაც კოლექტიური ქმედებების პრობლემების გადაწყვეტის უნარების შესუსტება გამოიწვია. 

მეუღლესთან, ვინსენტ ოსტრომთან,  ერთად ელინორ ოსტრომმა პოლიცენტრული მართვის იდეა განავითარა. ამ იდეის თანახმად ჩვენ მრავალრიცხოვანი, ერთმანეთში გადაჯაჭვული, ბუდე-საზოგადოებების მოქალაქეები ვართ; პატარპატარა სამეზობლოებით დაწყებული  მთელი  დედამიწით დასრულებული.  კოლექტიური ქმედებების პრობლემები ყველაზე უკეთ პოლიცენტრულად, და  არა  ეროვნული მთავრობებისათვის დარეზერვირებით ან მთავრობათა დონეებში ზედმიწევნით განაწილებით წყდება. ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის პრეზიდენტის რანგში და სხვა მნიშვნელოვან პოსტებზე ოსტრომი გამოდიოდა სამოქალაქო განათლების მხარდაჭერით. ოსტრომის სამოქალაქო განათლების მიზანიც ადამიანებისთვის მრავალრიცხოვან სტრუქტურებსა და სქემებში კოლექტიური ქმედების პრობლემების გადაწყვეტის გზების სწავლაა.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

კარგი პიროვნებები და კარგი მოქალაქეები

დემოკრატიის გაუმჯობესების საქმეში პიროვნული განათლების მნიშვნელობის მხარდაჭერას ორი ჯგუფი გამოხატავს. პირველ  ჯგუფს  წარმოადგენენ  პოლიტიკის თეორეტიკოსები, რომლებიც ხშირად სამოქალაქო რესპუბლიკანიზმის თანამედროვე ვერსიებით გამოდიან. ესენია – გალსტონი, ბატისტონი, ბენჟამინ ბარბერი და ადრიან ოლდფილდი; მათ მომავალი მოქალაქეების მიერ პირადი ინტერესების  საერთო კეთილდღეობისთვის მსხვერპლად გაღების სურვილის  ჩანერგვისა ან გაღვივების სურვილი ამოძრავებთ. ამ თვალთახედვიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა როგორც მისი განმტკიცების, ისე ცალკეული პიროვნული წინსვლისათვის არის მნიშვნელოვანი.  ეს კი  ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის  ხელშეწყობით  არის შესაძლებელი.

მეორე ჯგუფის წარმომადგენლები დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ ჩართვას პიროვნების განათლების არა ცენტრალურ, არამედ ერთ-ერთ შემადგენელ ასპექტად განიხილავენ. ამ ხედვის გათვალისწინებით, საჯარო სკოლების ძირითადი მისია ისეთი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაა, რომლებიც როგორც ინდივიდუალური ქცევის (კარგი პიროვნება), ისე დემოკრატიის განვითარებისათვის (კარგი მოქალაქე) არის მნიშვნელოვანი. მეორე ჯგუფის არაოფიციალური ლიდერი განათლების ექსპერტი   თომას ლიკონაა.  ამავე  ჯგუფში მოიაზრებიან  უილიამ ბენეტი და პატრისია უაითი.

არც ერთი ჯგუფის წარმომადგენელი არ აღწერს კონკრეტულად რა ტერმინებით შეიძლება აღვწეროთ „დემოკრატიული პიროვნების“ ცნება“.  მართალია, თავიანთ  შრომებში  სწორედ დემოკრატიულ პიროვნებას აღიარებენ. წერენ  დემოკრატიული პიროვნების თვისებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანური წინსვლისა და კეთილდღეობისათვის, რაც, თავის მხრივ, ასევე დემოკრატიულ მონაწილეობასთან არის დაკავშირებული. რა თვისებებზე საუბრობენ ეს მეცნიერები და რას გულისხმობენ ისინი ცნებაში „პიროვნება“?

ბრიტანელი ფილოსოფოსის რ.ს. პეტერსის აზრით, რთულია „იმის გადაწყვეტა, თუ ზოგადად რას ვგულისხმობთ, პიროვნების ხასიათში მისი ბუნების, ტემპერამენტისა და  პიროვნული თვისებისგან დამოუკიდებლად“. (1966, p. 40). პიროვნების აღზრდისა და განათლების მხარდამჭერთა განსაზღვრებები ამ საკითხთან დაკავშირებით შედარებით ბუნდოვანია,  შესაძლოა ამის ახსნაში შემდეგი შეხედულება დაგვეხმაროს – ხასიათს  ის  თვისებები აყალიბებს, რომლებსაც სწავლა სჭირდება, პიროვნული თვისებები და ტემპერამენტი კი ბუნებითაა თანდაყოლილი.

ორივე ჯგუფის  წარმომადგენელი თეორეტიკოსები იზიარებენ აზრს, რომ ადამიანებში ხასიათის არსებობის მნიშვნელობაა.  ეს ცნება ბერძნული kharakter – დან მომდინარეობს.  kharakter ქვაზე განსხვავებული ფორმების კვეთის  ინსტრუმენტს ნიშნავდა. შესაბამისად, ხასიათი/ხარაქტერი არის ის,  რითაც გამოირჩევა, ხასიათდება პიროვნება ან პიროვნებები.

ხასიათი/ხარაქტერი მხოლოდ ერთი თვისება ან შტრიხი არ არის. ის გარკვეული „მენტალური და ზნეობრივი თვისებების ერთობლიობაა“. (O.E.D., p. 163). ამ განსაზღვრებისთვის „ზნეობრივი თვისებების“ დამატება, შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ქარაქტერი  „კარგი“ თვისებების კონოტაციას მოიცავს. ამდენად, character-ის თვისებები ღირსების სინონიმი თუ არა, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული თვისებებია. შესაბამისად, კარგი პიროვნება და ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტის გათვალისწინებით  – კარგი მოქალაქე, ამ ღირსებების მატარებელია.

თომას ლიკონასთვის ღირსება  ის „მყარი შინაგანი ბუნებაა, რომელიც ზნეობრივად ართმევს თავს კონკრეტულ სიტუაციებს“. (p. 51);  „კარგი ქარაქტერი – კარგისკენ სწრაფვას, კარგის შეცნობას და კარგის კეთებას ნიშნავს.(Idem).  ვინ განსაზღვრავს რა არის კარგი? ჩანერგილი თვისებები, ღირსებები ან მიდრეკილებები ძირითადად  „ქცევის წესების შესასრულებლად“ გამოიყენება. ეს ის წესებია, რომლებიც საზოგადოებრივ ხელშეკრულებებს და საზოგადოებრივ წესრიგს განამტკიცებს. (Peters, p. 40). ამ შეხედულების გათვალისწინებით, „კარგს“ სწორედ საზოგადოებრივი შეთანხმება განსაზღვრავს. 

ეს საკითხი,  შესაძლოა, პრობლემატური იყოს. რა ხდება მაშინ, როდესაც კარგი პიროვნების ღირსებები კარგი მოქალაქის ღირსებებს ეჯახება? აუცილებელი არაა, ის რაც ერთ კონტექსტში  კარგად ითვლება, მეორეშიც კარგად  ჩაითვალოს; მაშინაც კი, როდესაც მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. როგორ უნდა მოიქცეს ლოგინად ჩავარდნილი ფერმერის ერთადერთი შვილი, სახლში დარჩეს და ავადმყოფ მშობელს მოუაროს თუ, როგორც კარგი მოქალაქე, შეუერთდეს წინააღმდეგობას ოკუპანტ ჯართან ბრძოლაში.

როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც სამოქალაქო განათლების მოთხოვნები ეჭვქვეშ აყენებს იმ ფასეულობებსა და რწმენებს, რომლებიც კარგი პიროვნების ფასეულობებად აღიქმება. განათლების საოლქო საბჭო საქმეში ”მოზერი ჰოუკინსის წინააღმდეგ“  სწორედ ასეთ შემთხვევას განიხილავს.  უნდა ჰქონდეთ თუ არა უფლება მოზერებს  და სხვა კონსერვატორ ფუნდამენტალისტ ქრისტიან მშობლებს, უარი თქვან იმ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც მათი შვილების რწმენას ეწინააღმდეგება ან არყევს. ერთი მხრივ, უარის უფლების შემთხვევაში, ამ ბავშვების გარეშე კლასი სხვადასხვა თემებზე დისკუსიის შესაძლებლობას მოაკლდება, რაც განათლების და დემოკრატიის მახასიათებელი ნიშანია. მეორე მხრივ, ბავშვებისთვის უარის თქმის უფლების წართმევით, მათ  მათთვის მნიშვნელოვანს, რწმენის უფლებას ვართმევთ.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

კარგი დემოკრატი

სამოქალაქო განათლება ყველა ტიპის რეჟიმში შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის დემოკრატიულ რეჟიმებშია. არისტოტელე „პოლიტიკაში“ სვამს კითხვას – „რომელია ის გარემოება, სადაც კარგი მოქალაქის სრულყოფილება და კარგი ადამიანის სრულყოფილება ერთმანეთს ემთხვევა“ (1277a13–15). პასუხი არისტოტელესთვის პოლიტეა, ანუ შერეული კონსტიტუცია, რომლის თანახმად ადამიანებმა  მართვაც  უნდა იცოდნენ და  დაქვემდებარებაც. ასეთ რეჟიმებში კარგი ადამიანისა და კარგი მოქალაქის სრულყოფილება და ღირსება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. დემოკრატიული საზოგადოებები დაინტერესებულნი არიან, მოქალაქეები შეამზადონ იმისათვის, რომ მათ როგორც მართვა, ისე მორჩილება შეეძლოთ.

თანამედროვე დემოკრატიები ძველი პოლისებისაგან რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური ასპექტით განსხვავდებიან. ესენია საზოგადოებები, სადაც ადამიანების უმეტესობას შესაძლოა გარკვეული გავლენა  ჰქონდეს   ხელისუფლებასა და პოლიტიკაზე. ესენია კომპლექსური, ტექნოლოგიურად გამართული, მაღალ დონეზე სპეციალიზირებული საზოგადოებები, სადაც პროფესიონალებს (იურისტების, სამოქალაქო მსახურებისა და პოლიტიკოსების ჩათვლით) გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ერისკაცებს. ესენია ლიბერალური კონსტიტუციური რეჟიმები, სადაც სხვადასხვა დონეზე დაცულია პიროვნების თავისუფლება და ხელისუფლება ნებაყოფლობით იზოლირებულია საზოგადოებრივი წნეხისაგან. მაგალითისთვის, სასამართლოები და ცენტრალური ბანკები დაცულნი არიან სახალხო საარჩევნო ხმებისაგან. შეერთებული შტატების ინდუსტრიალურ მასობრივ საზოგადოებად ჩამოყალიბების შემდეგ გავლენიანი მიმომხილველი უოლტერ  ლიპმანი ირწმუნებოდა, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების დაჩრდილვა მოხდა და ყველაზე დიდი, რაც მათ შეეძლოთ, პროფესიონალთა  ძალაუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობების გამართვა იყო. (The Phantom Public, 1925). ჯონ დიუი და ჩიკაგოელი სამოქალაქო ლიდერი ჯაინ ადამსი (სხვადასხვა გზით) ამტკიცებდნენ, რომ ჩვეულებრივ ხალხს უნდა დაებრუნებინა და შეეძლო დაებრუნებინა საკუთარი ხმის უფლება, თუმცა მათ უძნელდებოდათ ახსნა, თუ რა გზით შეიძლებოდა ამის განხორციელება.  

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

უილიამ გალსტონი: სამოქალაქო განათლება  წარმომადგენლობით დემოკრატიაში

ემი გუთმანის მოსაზრება ერთგვარად სცდება მრავალფეროვნების სიმდიდრედ დანახვის იდეას.  მისი აზრით, ბავშვები არა მხოლოდ შემწყნარებლები  უნდა იყვნენ  განსხვავებული ცხოვრების წესის მიმართ, მეტიც, ისინი პატივს უნდა სცემდნენ მას.  განსაკუთრებული სიფრთხილით გუთმანი „პიროვნებებს შორის ურთიერთპატივისცემას“ ეკიდება.  აქ შესაძლოა ის იგულისხმებოდეს, რომ ნეო ნაცისტები, რომელთა ცხოვრების წესი მიუღებელია და დასაგმობი, როგორც ადამიანები, მაინც პატივისცემას იმსახურებენ. შესაძლოა, გუთმანი ძალზე ფრთხილ ნიუანსზე მიუთითებდა. მაგრამ გალსტონი მიიჩნევს, რომ  გუთმანი მხარს უჭერს ბავშვების ცხოვრების წესთან დაპირისპირებას, რადგან მათგან  ნეო ნაცისტების ცხოვრების წესისადმი პატივისცემას ითხოვს.

წარმომადგენლობით დემოკრატიაში, ამბობს გალსტონი, მოქალაქეებს  „იმ უნარების განვითარება სჭირდებათ, რომლებიც მათ ნიჭს, ხასიათს და მათი, როგორც საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობას შეაფასებს“.  (1989, p. 93). ეს არის ის, რასაც ითხოვს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოქალაქეებისაგან – ხაზს უსვამს გალსტონი. ის არ იზიარებს გუთმანის შეხედულებებს და ასკვნის, რომ გუთმანისეული ამერიკის შეერთებული შტატების დახასიათება, რბილად რომ ვთქვათ, ნაწილობრივად შეესაბამება სიმართლეს. (Ibid, p. 94). როგორც გალსტონი ამბობს, – ჩვენ არ ვითხოვთ მოქალაქეებს შორის დისკუსიას, რადგან „ბევრი მიზნის გათვალისწინებით, წარმომადგენლობითი ინსტიტუციები პირდაპირ თვითმმართვლობას ანაცვლებენ“.  (Idem). შესაბამისად, სამოქალაქო განათლება დისკუსიისთვის აუცილებელი უნარებისა და თვისებების სწავლის ნაცვლად, უნდა ასწავლიდეს იმ „თვისებებსა და კომპეტენციებს, რომლებიც წარმომადგენლების გონივრულად არჩევის, მათთან ჯეროვანი ურთიერთობის წარმართვისა და  მათი საქმიანობის ჯანსაღი შაფასებისათვისაა საჭირო.“ Idem

გალსტონის ხედვიდან გამომდინარე სამოქალაქო განათლების შედარებითი შეზღუდულობის გამო, მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ და არც ისწავლიან საკუთარი ცხოვრების წესის შეფასებას. ადამიანებს უნდა მიეცეთ  შესაძლებლობა,  ცხოვრება წარმართონ ისე, როგორც ამას თავად ჩათვლიან  საჭიროდ  და არ ჰქონდეთ შიში, რომ ვინმე მათ სხვა ფასეულობების გაზიარებას აიძულებს  ან საკუთარი  ფასეულობების საპირისპირო ქმედებას მოსთხოვს.  ამასთან, ადამიანებს უნდა  შეეძლოთ კრიტიკულად მიუდგნენ საკუთარი ცხოვრების წესს, რომელიც მათ მემკვიდრეობით ერგოთ. როგორც გალსტონი აღნიშნავს, „რადიკალური განსხვავებულობების მიმართ სამოქალაქო შემწყნარებლობის გამოვლენა, სავსებით  შეესატყვისება ადმიანის ცხოვრების წესის სისწორისადმი ურყევ რწმენას“. (Ibid, p. 99).

მაგალითად, ზოგიერთი მშობელი არ იზიარებს აზრს, რომ შვილებმა საკუთარი ცხოვრების გზა დამოუკიდებლად უნდა  აირჩიონ. მათ სწამთ, რომ ცხოვრების ის წესი, რომელსაც მათ შვილები უნდა მისდევდნენ, არამარტო  საუკეთესო, არამედ უალტერნატივოა. სხვადასხვა არჩევანის შეთავაზება ბავშვებს მხოლოდ დააბნევს  და საქმეს გაართულებს. თუკი ჭეშმარიტი ცხოვრების გზა უკვე  ნაცნობია,  რა უფრო მართებული იქნება, შვილებს ათასგვარი ცხოვრების წესი მოახვიო თავს, სანამ,  სავარაუდოდ, სწორ გზას იპოვიან,  თუ ცხოვრებისეულ  ასპარეზში მათ მაქსიმალურად  სწრაფ და ჩქარ სოციალიზაციას შეუწყო ხელი?

მაინც, რა შეიძლება ითქვას იმ ვალდებულებებზე, რომლებიც  მშობლებს, როგორც უკვე არსებულ მოქალაქეებს და ბავშვებს, როგორც მომავალ მოქალაქეებს აკისრიათ?  როგორ შეძლებენ ბავშვები ერთობლივად საზოგადოების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას, თუ მათ განათლება არ მიუღიათ; როგორ შეძლებენ არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით მსჯელობას და კამათს?  ამ კითხვაზე მშობლები პასუხობენ, რომ არ არიან დაინტერესებულნი, შვილები საზოგადოებრივ ან რაიმე სხვა სახის საერო მონაწილეობაზე  იყვნენ ფოკუსირებულნი.  ის, რაც მათ  ლიბერალურ დემოკრატიაში განსაკუთრებით ხიბლავთ,  საზოგადოებრივსა და კერძოს შორის ნათელი და მყარი გამყოფის არსებობაა. ამ შემთხვევაში ისინი ყურადღებას მხოლოდ კერძოზე ამახვილებენ. მოქალაქეობა კანონის დაცვას გვთავაზობს და არ ითხოვს მონაწილეობას. ბუნებრივია,  ლიბერალური დემოკრატია მონაწილეობას არავის დააძალებს.

როგორც გალსტონის, ისე გუთმანის  სურვილია ბავშვები „დემოკრატ პიროვნებებად“ აღიზარდონ. ორივე მათგანი  ამ საკითხთან დაკავშირებით  კრიტიკული აზროვნების  მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გალსტონის თანახმად, ბავშვებმა უნდა განავითარონ „როგორც საკუთარი მიდრეკილებების და ბუნების, ისე საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის შეფასების უნარიც.“ გუთმანი აქცენტს აკეთებს განათლებაზე, რომელიც კარგ ცხოვრებებს შორის არჩევანისა და კარგ საზოგადოებებს შორის არჩევანის გაკეთებისთვის საჭირო უნარებს ასწავლის. რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა  იყოს კრიტიკული აზროვნება დემოკრატიული ადამიანის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა  ჩვეულებრივ უნარებზე, მათ შორის კრიტიკული  აზროვნების უნარზე  მეტს ითხოვს.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი

ბიჭვინთის  ღვთისმშობლის ტაძარი,  აფხაზეთის კათოლიკოსთა კათედრალი – X-XI სს. მიჯნის გუმბათიანი ნაგებობა. იგი ე.წ. „ჩახაზული ჯვრის“ ტიპს მიეკუთვნება მარე კედლები სწორკუთხედს გამოსახავს, გუმბათი კი ორ ბურჯსა და აფსიდის კუთხეებს ეყრდნობა, საბჯენების კიდევ ერთი წყვილი დასავლეთ მკლავს „ნავებად“ ყოფს, დასავლეთით ტაძარს ნართექსი ეკვრის, აღმოსავლეთით კი საკურთხევლისა და მისი მიმდებარე სამკვეთლო-სადიაკვნეს აფსიდებია გამოზიდული. ნართექსის თავზე მეორე სართულად პატრონიკეებია, რომლებიც დასავლეთ მკლავთაშორისების გასწვრივაც გრძელდება. ადრე ტაძრის შესასვლელებთან (ისინი სამია – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით – შესაბამისი მკლავების ღერძებზე დაყოლებული) დიდრონი, წინიდან მაღალი და განიერი თაღებით გახსნილი კარიბჭეები ყოფილა, ჩრდილოეთით გარედან პატრონიკეზე კიბე ადიოდა. გვერდით მკლავებსა და საკურთხეველში სამ – სამი სარკმელია, ცილინდრისებური გუმბათის ყელში – 10; ყველა ღიობი თაღოვანია კარს (ამჟამად დაკარგული ზღუდარებით შექმნილი) ღია ლუნეტები ჰქონია.

გუმბათის მოხატულობა

ეკლესიის ქვედა ნაწილი ქვითაა ნაგები, მისი მოცულობების ძირითადი ნაწილი კი – ქვისა და აგურის მონაცვლე რიგებით. ეს სამშენებლო ხერხი ტაძარს ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნაწარმოებებს ამსგავსებს და, უეჭველად, ბიზანტიურ-ბერძნული წრიდან არის შემოსული, მაგრამ უკვე ის, რომ შუა აფსიდაზე ლეკალური აგურით გამოყვანილი რელიეფური ჯვრებია, მის ქართულ არქიტექტურულ ტრადიციასთან ნათესაობას გვიჩვენებს. ქართული ხელოვნების წიაღში ეძებნება ანალოგები ტაძრის გეგმარებას, ისეთ დეტალებს, როგორიცაა, მაგ., ოდნავ წაისრული თაღები და, განსაკუთრებით, გუმბათქვეშა კვადრატისა და გუმბათის ყელის წრის შემაკავშირებელი კონსტრუქცია (ეს ქვის ფილებით აგებული აფრებია, მათ ქვედა კუთხეში აგურის მომცრო ტრომპებით), ე.წ. აფსო-ტრომპები, რაც პირდაპირ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებასთან კავშირზე მიგვითითებს. საგულისხმოა, რომ ადრე გუმბათის სახურავი კონუსისებური იყო. ახლანდელი მრგვალი „თავი“ XIX ს. ბოლოს, რუსეღის საეკლესიო ხელისუფლების ჩატარებული შეკეთების ნაყოფია (მაშინვე დაანგრიეს ზემოხსენებული კარიბჭეებიც). ტაძრის ნართექსში XVI ს. ცალნავიანი ეკლესიის სახის კაპელაა, იმავე დროის „ათონური“ ყაიდის მოხატულობით.უკანასკნელი დიდი რესტავრაცია აქ 1960-1970 წწ. პროფესორ ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მაშინ აქ საკონცერტო დარბაზი გამართეს, სამხრეთ მკლავში კი ორგანი ჩააშენეს.

დ. თუმანიშვილი

იხილე აგრეთვე ბიჭვინთის ეკლესია

ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები

წმ. ბიძინა, წმ. შალვა, წმ. ელიზბარი

ბიძინა, შალვა, ელიზბარი (ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები; გ. 1661), წმ. მოწამენი (ხსენების დღე 18.09/01.10). 1660 წელს კახეთის სახალხო აჯანყების ორგანიზატორები, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი გმირები.

თეიმურაზ I-ის დაუღალავმა ბრძოლამ და მისმა სწრაფვამ, ეპოვა დასაყრდენი რუსეთში, შაჰ-აბას II-ის (1642-1666) ირანში გააცოცხლა შაჰ აბას I-ის იდეა, კახეთში თურქმანთა ჩამოსახლებისა და აქ სახანოს შექმნის შესახებ.

როგორც აღნიშნავს სეფიანთა ირანის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი მოჰამედ თაჰერი, შაჰის გადაწყვეტილებით შიდა და გარე კახეთის მიწებზე უნდა დასახლებულიყო მომთაბარე-მეჯოგე თურქმანების 15000 ოჯახი. ისინი უნდა დამაგრებულიყვნენ ამ ნაყოფიერ მიწებზე, „შედგომოდნენ ხვნა-თესვას, შენებას და დასახლებას“.

თურქმანების ჩამოსახლების საქმე შაჰმა მიანდო ყიზილბაშ სელიმ-ხანს, რომელიც კახეთს მართავდა მას შემდეგ, რაც შაჰმა როსტომ მეფეს (1632-1658) დროებით მიერთებული (1648 წლიდან) კახეთი ჩამოართვა. სელიმ-ხანის ხელმძღვანელობით ორი წლის განმავლობაში ადარბადაგანიდან კახეთში ჩამოასახლეს თურქმანთა დიდი ურდოები. იგეგმებოდა მთელი შიდა და გარე კახეთის ბარის თურქმანი მომთაბარეებისათვის გადაცემა. სელიმ-ხანის შემდეგ კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე ყარაბაღის ბეგლარბეგ მურთაზ ყული-ხანს, ხოლო დანარჩენი ნაწილი ნახჭევანის მმართველს, ალი ყული-ხან ქენგერლუს გადაეცა. სწორედ ამ მმართველთა დროს ჩასახლდა კახეთში 80000-მდე მომთაბარე ელი.

კახეთის კულტურულ მეურნეობას მომთაბარე თურქმანებისაგან გადაშენების საფრთხე დაემუქრა. მესაქონლე ელები ვენახების აჩეხასა და კახეთის მინების იალაღებად გადაქცევას აპირებდნენ. თუშ-ფშავ-ხევსურნიც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ – მთა ბარის პურითა და ღვინით ირჩენდა თავს, მთიელები ბარის საზამთრო საძოვრების გარეშე ვერც ცხვარს გამოკვებავდნენ. საყოველთაო საფრთხის წინაშე გაერთიანდა მთა და ბარი, გლეხკაცი და ყმა-მამულების პატრონი. საერთო სახ. აჯანყებას ზაალ არაგვის ერისთავი ჩაუდგა სათავეში, თუმცა აჯანყების უშუალო ორგანიზატორები იყვნენ თეიმურაზ I-ის თანამებრძოლები – ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, სახელოვანი გმირები, მთიელთა ბელადი – თუში ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშავი გოგოლაური და სხვები. აჯანყება, მართლაც საყოველთაო იყო. კახელებსა და მთიელებს მხარი ქართლმაც დაუჭირა. აჯანყებულთა გაერთიანებული ლაშქარი ზაალ არაგვის ერისთავის ვაჟის, ზურაბისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ახმეტაში ჩავიდა. კახეთის ლაშქარი ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდს მიუახლოვდა. აჯანყებულებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდს. ბახტრიონის ციხეში შეჭრილმა ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაში მეციხოვნეები, რომელთაგან ნაწილი დაიღუპა, ხოლო დარჩენილებმა გაქცევა სცადეს ალავერდის მიმართულებით. ალვანის ველზე ისინი შეეჩეხნენ ალავერდის ციხიდან ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ გამოდევნილ რაზმებს. ქართველებმა ერთიანად ამოჟლიტეს მტერი. ამის შემდეგ აჯანყებულებმა მუსრი გაავლეს დანარჩენ თურქმანებსაც: ნაწილი გაანადგურეს, ნაწილმა კი გაქცევით უშველა თავს.

ამ ისტორიული გამარჯვების შედეგად კახეთი გადაურჩა განადგურება-გადაშენებას, შაჰმა უკან დაიხია და ხელი აიღო თავის მზაკვრულ გეგმაზე, თუმცა უფრო შორეული, საბოლოო მიზანი – ირანელთა განდევნა და მეფობის აღდგენა – მიუღწეველი დარჩა.

ირანის შაჰმა დაუნდობლად გაანადგურა აჯანყების მოთავენი – ზაალ ერისთავი მოაკვლევინეს მისსავე ძმისწულებს, მისი შვილები კი შეიპყრეს და ირანში გაგზავნეს. ირანში ხმობილი ბიძინა, შალვა და ელიზბარი შაჰ აბას II-მ გადასცა თურქმანთა ტომებს, რომლებმაც ქართველი გმირები სასტიკი წამებით დახოცეს 1662 წლის 18 სექტემბერს – ასო-ასო აჭრეს და შემდეგ თავები მოჰკვეთეს. შალვასა და ელიზბარის ნაწილები მალულად გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს იქორთაში. გმირები ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

კათოლიკოსმა ბესარიონმა (ორბელიშვილმა) წამებულ გმირებს უძღვნა ჰაგიოგრაფიული თხზულება: „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვა და ელიზბარისა და უწყებაჲ წამებისა მათისა“. ავტორი ასე ამკობს ქვეყნისა და რჯულისათვის წამებულ გმირებს: „ვიტყჳ უკუე ჩუენთა ამათ ახალთა მოწამეთა: ბიძინას სანატრელსა, ელისბარს ახოვანსა და შალვას, ყოვლად ქებულსა, მჴნეთა და მათ სულითა და ახოვანთა გონებითა უძლეველთა მბრძოლთა ქრისტეს მიერ ჭურვილთა, სპარაზენთა ღმრთივ აღჭურვილთა, რომელთა დასცნეს ბევრეულნი მბრძოლნი და ათასეული ბანაკნი უსჯულოთანი და მათ თანა უხილავნი მტერნი, მთავარნი ბნელისანი, სულნი უკეთურებისანი, რომელნი-იგი სრულიად აოტნეს… შემდგომთა მათთა სიმჴნისა და აჴოვნებისა ძეგლ იქმნნეს და ჩუენ დაგჳტევეს, ვითარცა ხატი და სახე აღუჴოცელი სიქველისა მათისაჲ“. არსებობს ძეგლის სვინაქსარული რედაქციაც, რ-იც შემდგომში კიდევ შეუმოკლებიათ.

შალვა ქსნის ერისთავის შვილიშვილმა, იესე ერისთავმა, წამებულთათვის ორი საგალობელი შეთხზა, ნიკოლოზ თბილელმა და ანტონ I-მა კი იამბიკოები მიუძღვნეს.

საერთო სახალხო აჯანყების გმირების შესახებ მოგვითხრობენ „ქართლის ცხოვრება“, ირანელი მემატიანე მოჰამედ თაჰერი, ქართული ეთნოგრაფიული მასალები, მხატვრული ლიტერატურის ძეგლები – აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები.

წყარო:

საქართველოს მუზეუმის სპარსული ფირმანები და ჰოქმები, თბ., 1949; ფუთურიძე ვ., მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 30; მისივე, სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წგ. 1, ნაკ. 1-3, თბ., 1961-1965; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 5, თბ., 1989; ხეც, ხელნაწერები: S-3269, A-170.

ლიტერატურა:

ნაკაშიძე ნ., საქართველო-რუსეთ-ირანის ურთიერთობა და ბახტრიონის აჯანყება, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, წ. 1, თბ., 1970; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007; ქავთარია მ., ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან, XVII-XVIII სს., თბ., 1977; ჯამბურია გ., საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90-იან წლებში; წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

. აბულაძე

ბზიფის ეკლესია

ბზიფის ეკლესია (გაგრის მუნიციპალიტეტი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია). მდებარეობს მდ. ბზიფის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე, ციხის გალავნის ფარგლებში. ბზიფის ეკლესია არის გუმბათიანი, „ჩახაზული ტიპის“ ტაძარი, ოთხი გუმბათქვეშა ბოძით, სამი შვერილი აფსიდითა და სამი მაღალი კარიბჭით სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების წინ.

ბზიფის ეკლესია მოპირკეთებულია სწორი წყობის თლილი ქვით, სარკმლები მორთულია თაღოვანი სათაურებით. ტაძარი ძლიერ არის დაზიანებული: კამარები და გუმბათი ჩამოქცეულია და შემორჩენილია მხოლოდ კედლები. ბზიფის ეკლესიას მეცნიერები გარდამავალი ხანით – VIII-X სს. – ათარიღებენ. გეგმით ბზიფის ეკლესია ენათესავება ლიხნისა და ანაკოფიის ტაძრებს, თუმცა მათზე უფრო მარტივი გეგმა აქვს. ბზიფის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ტაძარია დასავლეთ საქართველოში.

იხილე აგრეთვე ბზიფის ტაძარი

ლიტერატურა:

ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 2, თბ., 2014; Рчеулишвили Л., Купольная архитектура VIII-IX веков в Абхазии, Тб., 1988.

ბექა I ჯაყელი

ბექა I ჯაყელი (XIII-XIV სს.), პოლიტიკური მოღვაწე, სამცხის ათაბაგი, მანდატურთუხუცესი (1285-1306), სჯულმდებელი. მონღოლთა ბატონობის ხანაში დამოუკიდებლობა განუმტკიცა სამცხეს. ერთდროულად ახერხებდა მეფე დიმიტრი II თავდადებულის ერთგულად სამსახურს, აბაღა-ყაენის მორჩილებასა და ტაშისკარიდან კლარჯეთის უკიდურეს საზღვრებამდე გადაჭიმული სამფლობელოს დამოუკიდებელ გამგებლობას. ბექა I-მა მამის, სარგის ჯაყელის (1266-1285), სიცოცხლეში მიიღო სამცხის მართვის უფლება და მანდატურთუხუცესობა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი სამცხის ერთმმართველი გამგებელი გახდა. მისი სამფლობელო ვრცელდებოდა „ტაოსკარითგან ვიდრე სპერამდე, ვიდრე ზღვადმდე; სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალას ხევი“, „ჭანეთი სრულად მოსცა ბერძენმა მეფემან კომნინოსმა“. მის საბრძანებელში შედიოდა: „უმრავლესი ტაო, არტაანი, კოლა, კარნიფორი და კარი“; „ქვეყანანი და ციხენი არტანუჯი და უდაბნონი ათორმეტი კლარჯეთისანი… და მონასტერნი“. იგი დიდ ყურადღებას იჩენდა ტრაპიზონის საკეისროს მიმართ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველური ტომი – ლაზები – შეადგენდა. ტრაპიზონის ქართული ორიენტაციის პოლიტიკური დასის მხარდაჭერით ბექა I-მა მათი დაცვა თავის პირდაპირ მოვალეობად გაიხადა. მან თავისი ასული ცოლად შერთო ტრაპიზონის კეისარ ალექსი II-ს და ამით ქართული პოლიტიკური გავლენა ამ მხარეში კიდევ უფრო გააძლიერა და თურქთა თავდასხმებიც შეაჩერა.

ბექა I მანდატურთუხუცესის წოდებით საქართველოს სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელე იყო, თუმცა სამცხეს, პრაქტიკულად მეფისგან დამოუკიდებლად მართავდა. ათაბაგი თავისი უფლებამოსილებით აქ, ფაქტობრივად, თავად იყო მეფე. ბექა I-ის ქალიშვილი ნათელა იყო მეფე დემეტრე II-ის მეუღლე და მათი შვილი გიორგი (გიორგი V ბრწყინვალე) დიდხანს იზრდებოდა საათაბაგოში. „ასწლოვანი მატიანის“ ცნობით, ბექა „მეფეთა ძღუნითა“ სცემდა პატივს, „მორჩილებდეს მეფესა დემეტრეს“, „უსმენდეს დავითს“ (დავით VIII), თუმცა „მორჩილების“ დამადასტურებელი ფაქტები არ ჩანს. პირიქით, როცა დავითმა ინვესტიტურის მიღების ჟამს თავისთან იხმო ბექა I, მან „არ ინება მისვლად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო“.

ბექა I „მსახურებდა ყაანს აბაღას“, მაგრამ მამამისისგან ხასინჯუდ ქცეული სამფლობელო ილხანების ყმადნაფიც სამთავროდ აქცია: „ხარაჯას მისცემდა ყაზანს და ლაშქრითა შეეწეოდა“. 1281 წელს მონღოლთა ლაშქარში იგი დემეტრე II-სთან ერთად იბრძოდა ეგვიპტეში. ილხანთა ვასალი ბექა I მარჯვედ იცავდა თავის სამფლობელოს ახლად გამეზობლებულ თურქთა შემოსევებისაგან. როცა აზატ მოსეს ლაშქარმა მოულოდნელად იწყო „მშფოთვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა“ ბასიანსა და ტაოში, ბექა I-მა გამჭრიახი მხედართმთავრის ნიჭი გამოიჩინა, შეძლო მეზობელი სამთავროების ძალების თავმოყრა და მომხდურის წინააღმდეგ დარაზმვა. 12000 მეომრით მტერს ვაშლოვანთან შეება და დაამარცხა. ბრძოლის დაწყების წინ ერისმთავრების, დიდებულებისა და ლაშქრის წინაშე წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ქართული მჭევრმეტყველების დიდებულ ნიმუშად არის მიჩნეული. საბოლოოდ მან მტერი სპერიდანაც განდევნა.

ბექა I-მა 1295-1304 წლებს შორის შექმნა სამართლის წიგნი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ბექაჲს განაჩენი“ და მთლიანად შესულია მისი შვილიშვილის, აღბუღას დროს შექმნილ სამართლის წიგნში – „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“. ამ სამართლის წიგნის 98 მუხლიდან პირველი 65 სწორედ ბექა I-ს ეკუთვნის. სამართალი განკუთვნილი იყო სამცხე-საათაბაგოს სამთავროსათვის და ცხადყოფს მის პოლიტიკურ განკერძოებულობას. მასში საქართველოს მეფე უზენაესი კანონმდებლის სახით არც კი იხსენიება. ეს ფუნქცია, ისევე როგორც ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებები, სამცხის მთავარს აქვს მინიჭებული.

ბექა I დიდ სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა. მისი ათაბაგობის დროს აიგო საფარისა (წმ. საბას ტაძარი და სამრეკლო) და ზარზმის (მთავარი) ტაძრები, მათთან არსებული სამრეკლოები და საფარასთან, საგვარეულო ეკლესიად და საძვალედ, წმ. მარინეს ეკვდერი.

იხილეთ აგრეთვე ბექა (I) ჯაყელი 

წყარო:

ბექა მანდატურთუხუცესის სამართალი, წგ.: ძველი ქართული სამართალი, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1983; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟამთაღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.

ლიტერატურა:

ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970; გვრიტიშვილი დ., საქართველოს კულტურული მდგომარეობა მონღოლთა ბატონობის პერიოდში, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1964; კაკაბაძე ს., სჯულმდებელთა ბექას და აღბუღას ვინაობა, ტფ., 1912; ლეკიშვილი ა., ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის წყაროების შესახებ, თბილისის სახელმწ. უნ-ტის ახალციხის ფილიალის შრომების კრებული, 2000, ტ. 2; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3); Halèt Özdemir, Artvin Tarihi, 2002.

. აბულაძე