სადაღაშვილი გიორგი დავითის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1870,  ს. ქახვრელში, გორის მაზრა) – სომეხი (გრიგორიანი).  მექანიკი (სლესარი). სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი). განათლება შინაური.

თფილისის ადრესი –  სამილიციო უბანი დიმიტრიევის ქუჩა №2.

ჩემი მოღვაწეობა დავიწყე პოლიტიკური ვიწრო წრეების დაარსებისათანავე თბილისში, ამ დროს ორგანიზატორობა იყო ჩემი მოვალეობა.

1900 წელს რკინისგზის მთავარ სახელოსნოს გაფიცვის დროს მარიამობის თვეში გადამასახლეს სამშობლოში და სამი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს.

1902 დემონსტრაციის დროს დამაპატიმრეს მაგრამ ეჭვები ნაკლები იყო და სამი დღის შემდეგ გამანთავისუფლეს.

1903 წ. იძულებული გავხდი დავთხოვოდი რკინის გზას რადგან მრავალჯერ ჩხრეკამ და ჟანდარმერიის დევნას საზღვარი არ ჰქონდა.

1904 დავდექ იარალოვის ქარხანაში და უმალვე ზავოდის წარმომადგენლათ ამირჩიეს და 1908-მდე იყო ცნობილი ჩემი მოღვაწეობა გაფიცვები და ბრძოლა როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიურის სათავეში ვიდექ ფსევდონიმით (იარალოვი). მეორე რაიონულ კოლექტივის წევრათ. მესამე რაიონის კოლექტივის თავმჯდომარეთ, თბილისის კომიტეტის წევრათ, პირველ სახელმწიფო საბჭოს არჩევნებში ზავოდის რწმუნებულათ ამრჩევლების ასარჩევათ და ვიყავ ამომრჩეველათ არჩეული მე ასევე გურიიდან

1908-ში საგუბერნიო ჟანდარმერიამ შემიპყრო და ადმინისტრატიულათ ორის წლით ასტრახნის გუბერნიაში გადამასახლა. გათავებისას დავბრუნდი მაგრამ ისევ დამაპატიმრეს და ისევ უკან გადამასახლეს როსტოვში.

1917 მარტს აქეთ ვარ თავმჯდომარეთ კომიტეტ „ნაძალადევის“, I რაიონის კოლექტივის წევრათ, მე II უჩასტკოვის სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარეთ და საბჭოს წევრათ.

ქალაქის საბჭოს წევრათ, და მომხმარებელი საზოგადოების დირექტორათ.

ციხეები გამოვიარე: მეტეხის, საგუბერნიო-სამსამჯერ. ბაქოს ორჯერ. როსტოვის ორჯერ. ნოვოჩერკასკის ერთხელ, ცარიცინის ერთხელ, ჩორნ. იაროს ერთხელ.

სადაღაშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რუსია მელიტონ ივანეს ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1878, ლანჩხუთი). ქართველი. ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: თბილისი, ანასტასიის ქუჩა №13

მივიღე კიევის უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება.

1903 წ. ხარკოვის ტეხნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისთვის გამორიცხული ვიქმენ ტეხნოლოგიური ინსტიტუტიდან და აღმეკრძალა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში შესვლა.

1904 წ. თბილისის მუშებში პროპაგანდა აგიტაციისთვის, როგორც წევრი თბილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციისა, დატუსაღებულ ვიყავი რამოდენიმე ჯერ და 1905 წელში მაშინდელმა კავკასიის მთავრობამ დაადგინა ჩემი გადასახლება ხუთი წლით უფის გუბერნიაში.

1917 წ. რევოლიუციის შემდეგ წევრი მუშათა და სალდათთა დეპუტატების საბჭოსი და მასთან არსებული პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე. ხმოსანი თბილისის ქალაქის საბჭოსი.

საქართველოს ქალაქის კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი.

მ. რუსია

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ნათაძე ლევან იასონის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 16 ივნისსი, 1880,  სოფ. კასპი, გორის მაზრა). ქართველი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ფასანაურის შესახვევი №4.

სოციალ-დემოკრატი

გავათავე 4 კლასი სათავ.-აზნაურო სკოლაში, 5-8 კლასი თბილისის მე-3 გიმნაზიაში, შემდეგ დავასრულე პეტროგრადის უნივერსიტეტი.

პარტიული მუშაობა დავიწყე 1902 წელში; ვეწეოდი პროპაგანდას მუშათა წრეებში, ვწერდი და ვავრცელებდი  პროკლამაციებს, ვეწეოდი  აგიტაციას, გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი, დემონსტრაციების და მანიფესტაციებისაკენ მოუწოდებდი. მონაწილეობას ვიღებდი მარქსისტულ პრესაში.

სტუდენტობის დროს (1900-4) მოძრაობაში მონაწილეობისათვის სამჯერ ვიყავ დატუსაღებული და სამჯერ უნივერსიტეტიდან გამორიცხული. 1905 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ ვიჯექი ციხეში; ორჯელ თბილისიდან გადასახლებული.

1903 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე განუწყვეტლივ ვიღებდი მონაწილეობას მარქსისტულ მიმართულების ჟურნალ გაზეთებში (ჟურნ. „კვალიდან“ მოყოლებული) ვათავსებდი პუბლიცისტურ, პოპულარულ სამეცნიერო და კრიტიკულ წერილებს.

პარტიულ მუშაობის გარდა ვიყავ მასწავლებლათ. რევოლუციის დაწყებისას კავკასიის დროებითმა მთავრობამ დამნიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრათ ვიყავ გაზ. „Борьба“-ს რედაქტორათ. დღეს „ერთობის“ რედაქტორი ვარ.

ლევან ნათაძე

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე

ავტობიოგრაფია

დავიბადა 1869 , სოფელ შინიხი, ბორჩ. მაზრ. თბ. გუბ.  სომეხი. მუშა ფოტოგრ.-ცინკოგრაფი, ფოტოტიპმაჩიკი.

თფილისის ადრესი – ზარ მოედანი. პრიკაზ. ქუჩა №12.

სოციალ-დემოკრატი ინტერნაციონალისტი . ძველი რეჟიმის დროს ვმოღვაწეობდი 1907 წლიდან დაწყებული 10 წლის განმავლობაში თბილისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობაში კოოპერატ სექციაში სამეურნეო საზოგადოებაში და სხვა კომისიებში (პარტიული და სხვა).

1912 წ. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტ. არჩევნებში ვიყავი ამომრჩევლათ როგორც წარმომადგენელი თბილისის გუბერნ. მუშებისა (ამოვირჩიეთ კ. ჩხეიძე). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მე 1903 წლიდან დაწყებული 1916-წლ. ვმუშაობდი ქართველთა გამომც. ამხ. სტამბაში, სადაც სხვათა შორის ვისწავლე ქართული წერა კითხვაც. საზოგადოდ ამ სტამბამ დიდი გავლენა იქონია ჩემს თვით-განვითარების საქმეში.

წყარო : საქართველოს ეროვნული არქივი