ამიერკავკასიის სეიმი

ამიერკავკასიის სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოიწვია ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 10 თებერვალს თბილისში. სეიმი დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნელი კრების ამიერკავკასიისდან არჩეული დეპუტატებით. სეიმს თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.

რუსეთში 1917 წლის 25 ოქტომბერს რევოლუციის შემდეგ თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ ამიერკავკასიის კომისარიატმა. ამ ორგანოს შექმნით ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა ბოლშევიკურ რუსეთს. ამავე დროს გამოცხადდა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი ხელისუფლების სამხარეო ორგანოს როლში გამოვიდოდა რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე.

1918 წლის 6 იანვარს ბოლშევიკებმა რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს. საქართველოს დამფუძნებელი კრების 23 იანვარის სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს მენშევიკების რეზოლუცია ამიერკავკასიის საკანონმდბლო სეიმის მოწვების შესახებ. სეიმის დაუყოვნებლივ მოწვევის წინააღმდეგ გამოვიდნენ სოციალისტ-რევილუციონერები და დაშნაკელები. დაშნაკელები და ესერები პრინციპიალურად არ ეწინააღმდეგებოდნენ ამიერკავკასიის სეიმის მოწვევას, მაგრამ ამისათვის სპეციალური არჩევნების მოწყობას ითხოვდნენ. (ჟურნალი „ახალი კვალი“ 1918 წლის №4)

1918 წლის 10 თებერვალს მოიწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი. რომელშიც შედიოდნენ:

  • სოციალ-დემოკრატების ფრაქცია (მენშევიკები) – 32 წევრი
  • მუსულმანების ფრაქცია (მუსავიტები და უპარტიონი) – 50 წევრი
  • დაშნაკთ პარტია – 27 წევრი.
ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 22 აპრილს სხდომის დღის წესრიგი
  1. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის შესახებ;
  2. თურქეთ-ამიეკავკასიის საზავო მოლაპარაკებაზე წარგზავნილი დელეგაციის მოხსენება;
  3. ამიერკავკასიის მთავრობის განცხადება ახალი ხელისუფლების ორგანოს შექმნის შესახებ.

ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ მოხსენებით გამოვიდა სოციალ-დემოკრატი დავით ონიაშვილი. ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის 22 აპრილს მიიღო დადგენილება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციული რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებულობის გამოცხადებასთან ერთად ამიერკავკასიის ისეიმმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

წყარო

  • სილაგაძე, აპოლონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918) / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე]. – თბ., 2000. – 64გვ.; 20სმ
  • ხუნდაძე, მ. ამიერ-კავკასიის სეიმი // ახალი კვალი. – თბილისი, 1918. – N4. – გვ.2-3
  • გაზ. ერთობა 1918 წლის 7 თებერვალი N30

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ – ოზაკომმა.

„მიმდინარე მსოფლიო ომის პირობებში, როცა რეგიონში ერთმანეთს ეჯახებოდა დიდ სახელმწიფოთა ინტერესები, ხოლო ფრონტის ხაზი თბილისიდან არც ისე შორს გადიოდა, უაღრესად ფრთხილი და წინდახედული მოქმედება იყო საჭირო. ნ. ჟორდანიას აზრით, ასეთ ვითრებაში საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაში უნდა დარჩენილიყო, ოღონდ არა საბჭოურ-ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა, რომლის დამფუძნებელ კრებას საქართველოსთვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია უნდა დაეკანონებინა“.

ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთ მთავრობა ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც  რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე იარსებებდა. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა.

ბოლშევიკების მიერ რუსეთის სათათბიროს დაშლის შემდეგ  ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა თვისი პოლიტიკური კურსი და 1918 წლის 10 თებერვალს მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. თუმცა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია.

1918 წლის 3 მარტს ვლადიმერ ლენინმა ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადო სეპარატისტული ზავი. ზავის პირობებით თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. 14 მარტს ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკაკი ჩხენკელი. მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა, მეტიც თურქეთის არმიამ გადმოკვეთა ამიერკავკასიის საზღვრები და დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და  მესხეთი. 

ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითრებაში 1918 წლის 22 აპრილს მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.

ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა

  • აკ. ჩხენკელი – მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ნ. რამიშვილი –  შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ა. ხატისოვი – ფინანსთა მინისტრი;
  • ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი – გზათა მინისტრი;
  • ფ-ხ. ხოისკი – იუსტიციის მინისტრი;
  • გრ. გიორგაძე – სამხედრო მინისტრი;
  • ნ. ხომერიკი – მიწათმოქმედების მინისტრი;
  • ნ-ბ. უსუბეკოვი – სახალხო განათლების მინისტრი;
  • მ. გაჯინსკი – ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი;
  • ა. სააკიანი – სასურსათო საქმეთა მინისტრი;
  • რ. კაჩაზნუნი – სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი;
  • ა. ერზინკიანი – შრომის მინისტრი;
  • ი-ბ. ჰაიდაროვი – სახელმწიფო კონტროლიორი.

წყარო :

  • აბაშიძე, ზაზა საქართველო და ქართველები]: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.]  / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. – თბილისი, 2013 (შპს “ფავორიტი პრინტი”). – 676 გვ.  რუკ.; 22 სმ. – ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები.
  • სილაგაძე, აპოლონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918)] / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე]. – თბ., 2000. – 64გვ.; 20სმ
  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

კედია სპირიდონ მალხაზის ძე

დაიბადა ენკენისთვის 20, 1884, ქ. ზუგდიდი. ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი. პუბლიცისტი.

სწავლობდა ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში, აქ სწავლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დათხოვნილ იქმნა გიმნაზიის მერვე კლასიდან 1905 წელს აპრილის 8-ს, რის შემდეგაც სავსებით ჩაება სარევოლუციო მოძრაობაში. რეაქციის გამარჯვების შემდეგ იძულებული შეიქმნა გასცლოდა ზუგდიდში შემსვლელ დამსჯელ რაზმს.

1906 წლის დამდეგს შეეხიზნა სვანეთს, და მეორე შემდეგ წელს გაზაფხულზე ჩერქეზში გადავიდა. ზაფხულის მიწურულს საქართველოში დაბრუნდა. აქ უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული 102 მუხლის ძალით.

იმავე წლის შემოდგომაზე საფრანგეთში გაემგზავრა. აქ ჩაეწერა პარიზის უნივერსიტეტში, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო სტოვებს პარიზს და სამხრეთ საფრანგეთში მიდის. სწავლას ტულუზის უნივერსიტეტში განაგრძობს. კვლავ უბრუნდება პარიზს, მაგრამ ისევ იძულებული ხდება სამხრეთს ეწვიოს და უნივერსიტეტს მონპელიეში ამთავრებს. კვლავ პარიზს უბრუნდება, ეწერება სორბონაში ფიზიოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად და მუშაობს პროფესორ დასტრის ლაბორატორიაში. აქ დაჰყოფს წელიწადზე მეტს.

1913 წ. დეკემბერში სამშობლოში ბრუნდება. გზათ პეტროგრადში გამოივლის და რამდენიმე ხნით ჩერდება; აქ მას ატუსაღებენ კიდევაც. ორი თვის პატიმრობის შემდეგ თავს აღწევს ციხეს და სამშობლოში ჩამოდის 1914 წლის ზაფხულზე. მუშაობს არა-სოციალისტურ ეროვნულ მიმართულების შესაქმნელად.

1915 წელს სხვებთან ერთად აარსებს გაზეთ „საქართველოს“, რომლის თანამშრომელია და მკითხველთა წრეში ეს მიმართულება თანდათან ყალიბდება.

1917 წლის ივნისის პირველ რიცხვში იმართება ამ მიმართულების პირველი კონფერენცია, რომელიც აფუძნებს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, იხილავს პროგრამის პროექტს და ამუშავებს პროგრამის საბოლოო რედაქციას. კონფერენცია ირჩევს პარტიის მთავარ კომიტეტს, რომლის თავმჯდომარედ იგი დღემდისაც იმყოფება.

ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის წინადადებით მონაწილეობს ბათომის საზავო კონფერენციაში. ბათომიდან იგივე მთავრობა მას გზავნის თავის სრულუფლებიან წარმომადგენლად ცენტრალ კოალიციის სახელმწიფოების მთავრობებთან მოლაპარაკების გასამართავად ოსმალეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკის შორის მშვიდობიანობის ჩამოგდების თაობაზე ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის ნიადაგზე.

ბერლინში ჩამოუსწრებს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაცია. ამ უკანასკნელის წინადადებით იგი დელეგაციის მუშაობაში ორგანიულ მონაწილეობას იღებს. მიუძღვება დელეგაციის საქმის წარმოებას და კანცელარიას. ბერლინში რჩება ივლისის დამლევამდე, შემდეგ ჩამოდის საქართველოში და საპარლამენტო მუშაობას შეუდგება.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე

ვეშაპელი  გრიგოლ გიორგის ძე (ვეშაპიძე) – დაიბადა 1812, გლეხის შვილის ოჯახში. ლიტერატორი. რედაქტორი გაზეთ „კლდისა“.

თბილისის ადრესი – იზმაილოვის ქ. 27, № 3. ტელეფონი 10-25. სოფლის ადრესი – ს. საირხე (ზემო იმერეთი) საკუთარი მამული.

დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატი (ფრაქციის თავმჯდომარე)

პირველი სწავლა მიიღო მამისაგან; საშუალო სწავლა მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, დაამთავრა იგი („ვერცხლის მედალი“) 1910 წელს. გიმნაზისტობის დროს დაიწყო თანამშრომლობა ქართულ და რუსულ პრესაში.

იმავე 1910 წელს დაენიშნა „კავკასიის ოლქის სახაზინო სტიპენდია“. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფნის დროს თანამშრომლობდა როგორც თბილისის, ისე მოსკოვის პრესაში („Русскія Вђдомости,[…]). მუშაობდა და იყო გამგეობის წევრად ქართულ სტუდენტურ სათვისტომოში, აგრეთვე მოსკოვის ქართულ კოლონიის საკულტურო სამეცნიერო საზოგადოებაში.

უნივერსიტეტში ყოფნის დროს ერთი აკადემიური წლით გამორიცხული იყო ფაკულტეტიდან სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის.

ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1916 წელს, შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის ლექციებს ისმენდა – ისტ. ფილოლ. ფაკულტეტზე ყოფნის დროსაც. 1916 წლიდან იღებდა უახლოეს მონაწილეობას გაზეთ „საქართველოში“.

1917 წელს, რევოლუციის დაწყების შემდეგ თავი გაანება იურიდიულ ფაკულტეტს და დაბრუნდა საქართველოში. 1917 წლის აპრილიდან ვიდრე 1918 წლამდის იყო გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორად და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დამფუძნებელი კონფერენციის მიერ არჩეულ იყო პარტიის მთავარ კომიტეტში.

იმავე წელს არჩეული იყო პარტიის სიით თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნათ. ინტერპარტიულ საბჭოს შედგენის შემდეგ იყო პარტიის დელეგატათ საბჭოში და მის აღმასრულებელ კომიტეტში; საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოემბერში იყო ყრილობის პრეზიდიუმში და შემდეგ პირველი სესიის ეროვნულ საბჭოში იყო აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ (ვიდრე საქართველოს მთავრობა შესდგებოდა).

1918 წელს თებერვალში იღებდა მონაწილეობას ტრაპიზონის საზავო კონფერენციაში, როგორც ამიერ-კავკასიის სეიმის საზავო დელეგაციის ეროვნულ სეკრეტარიატის წევრი.

კონფერენციის შეწყვეტის შემდეგ როგორც ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელი დარჩა რამოდენიმე ხანი ოსმალეთში, ენვერ-ფაშასთან მოსალაპარაკებლად.

ეროვნულ საბჭოს პარლამენტად გამოცხადების შემდეგ იყო ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის თავმჯდომარის ამხანაგად.

1918 წლის ენკენისთვიდან, ნაც.-დემ. პარტიის გაყოფის შემდეგ, არჩეულ იქმნა დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კომიტეტის და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ;

ვეშაპელს აქვს დაბეჭდილი სამი ნაშრომი დაწერილი სტუდენტობის დროს; წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზედ, მამულის ქართულ კულტურულ საზოგადოების მიერ („Турецкая Грузія“ და „Единство Грузіи“…) მესამე წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზედ თბილისში, („საქართველო და რუსეთი“).

დაწერილია საბჭოს წევრის გ. ვეშაპელის მიერ ქვესტორისათვის

16. IX. 1918.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გვაზავა გიორგი

დაიბადა 1868 წელს, დ. სუჯუნა. დაასრულა 1889 წელს თბილისის მე 2 გიმნაზია ოქროს მედალით და იმავე წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში; დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი და გაემგზავრა საზღვარგარეთ. ერთ წელიწადს დარჩა პარიჟში, როგორც თავისუფალი მსმენელი სორბონის უნივერსიტეტისა.

დაბრუნდა საქართველოში 1895 წელს, ჩაეწერა ნაფიც-ვექილთა წოდებაში და იღებდა აგრეთვე მონაწილეობას ქართულ მწერლობაში და საზოგადო მოღვაწეობაში. 1905 წელს მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსებაში; 1907 წელს იყო ჰააგის კონფერენციაზე, სადაც შეტანილი იყო განსახილველად საქართველოს საერთაშორისო უფლების საკითხი. 1910 წელს  ერთი საგაზეთო წერილის გამო, სასამართლომ გადაუწყვიტა ერთი წელიწადი ციხეში დაეპატიმრებინა; უკანასკნელ დროს იყო წევრი ამიერკავკასიის სეიმისა და საზავო დელეგაციებისა ტრაბიზონში, ბათუმში და სტამბოლში. ეხლა წევრია საქართველოს პარლამენტისა და თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი