დროებითი მთავრობის მოწოდება

პეტროგრადი. 27 მარტი. მოქალაქენო! დროებითმა მთვრობამ გაითვალისწინა რა საგარეო მდგომარეობა და თავისი მოვალეობა სამშობლოს წინაშე, გადასწყვიტა გულახდილათ უთხრას ხალხს ყოველივე სიმართლე. ყველასათვის ცხადია, რომ ძველმა მთავრობამ სახელმწიფოს თავდაცვის საქმე თავისი გამყიდველი მოქმედებით, სულ ერთიანათ არივ-დარია. ფინანსურსა და სასურსათო საკითხების სფეროში ანარქია შეიტანა და ჯარის სურსათით უზრუნველყოფა ოდნავათ ვერ შესძლო. დროებითი მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა გაასწოროს მან ყველა დახავსებული რეჟიმის მიერ შექმნილი ცოდვები და აწეწილი საქმე მოაგვაროს. მაგრამ დრო არ იცდის და ყველაფრის გაკეთება დროზეა საჭირო. ორი წელიწად ნახევარია სწორედ, რაც ჩვენი ძმების უმანკო სისხლი ბრძოლის ველზე ინთხევა, მაგრამ სამშობლო მაინც საშიშროებას განიცდის გარეშე მტრისგან, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დიდძალი ნაწილი დაიკავა და რომელიც დღეს ახლათ მოპოვებულ თავისუფლებას საფრთხეს უმზადებს. ჩვენი მებრძოლთა გმირების პირდაპირი მოვალეობაა მოპოვებული თავისუფლება დაიცვონ გარეშე მტრისაგან, რომელიც ჩვენ ადგილებში შემოიჭრა; ჩვენი მებრძოლი ჯარის ვალია დაგასჭრას ყველა ის საკითხები, მოკავშირე ერებთან ერთად, რომელნიც მჭიდროთ არიან დაკავშირებული დღევანდელ უმაგალითო ომის გათავებასთან. დროებითი მთავრობა მოვალეთ სთვლის თავის თავს განაცხადოს საჯაროთ, რომ მისი მიზანი არაა სხვისი ნაციონალური უფლებების ფეხქვეშ გათელვით და დაპყრობითი პოლიტიკის წარმოებით მოიპოვოს ბატონობა; პირიქით, რუსეთის მიზანია საპატიო ზავი ყველა ხალხების თვითგამორკვევის უფლებების ნიადაგზე აგებული. რუსეთი არ მიილტვის სხვისი შევიწროება-დამონებისაკენ, მაგრამ არც იმას დაუშვებს, რომ დღევანდელი ომიდან გამოვიდეს ღირსება-დაკარგული და დამცირებული. სწორეთ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებანი და დებულებანი დაედება საფუძვლათ ჩვენს საგარეო მოქმედებას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილსა და მასთან მის თავდაცვის უფლებას. სახელმწიფოს დახმარება ეჭირვება და სწორეთ ყოველივე ძალა და ღონე ქვეყნის სახსნელათ უნდა იყოს მიმართული. ხალხის ერთსულოვნური აღფრთოვანება და არა სულიერი დაქანცვა, აი რით უნდა გვიპასუხოს რუსეთის ხალხმა, რომელიც სწორეთ დღვანდელ საბედისწერო მომენტში ვალდებულია თავისი ძალღონე, მოპოვებული თვისუფლება ხალხის გასამაგრებლათ და მის საკეთილდღეოთ მოიხმაროს. დროებითი მთავრობაც თვისი მხრით ფიცსა სდებს, რომ ერთგულად ემსახურება ხალხსა და დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ხალხის დახმარებით შესძლებს ის თავისი მოვალეობის პირნათლათ შესრულებას.

წყარო: გაზეთი „ერთობა“ 1917 წელი. მარტი.

რევოლუციის დღეები პეტროგრადში

(საკუთარი კორესპოდენტისგან)

tebervlis revolucia

რუსეთის დიდი რევოლუციის დასაწყისი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა 28 თებერვალს, შეიძლება ჩაითვალოს 14 თებერვალი. ამ დღიდან იწყება გაფიცვები რამოდენიმე ქარხანაში და უმაღლეს სასწავლებლებში. თვით პეტროგრადი და მთელი რუსეთიც ამ დღისთვის დიდ ამბებს მოელოდა, მაგრამ ამ დღემ შედარებით წყნარად ჩაიარა, მხოლოდ ძველი მთავრობის მყუდროება დარღვეულ იქნა სტუდენტების გამოსვლით და მათი დემონსტრაციით. შემდეგ მღელვარება და უკმაყოფილება თანდათან იზრდება. 23 თბერვალს კი რამდენიმე ათასი მუშა ქალი და კაცი გამოდის ქუჩაშიდ. მათ, რასაკვირველია, წინ ეღობებათ პოლიციელები. 24 თებერვალს რამოდენიმე ასი ათასი მუშა მოაწყდა ყაზანის მოედანს. გამოსვლას დემონსტრაციული ხასიათი ჰქონდა. პოლიციელები რომ ვერაფერს გახდნენ მოიწვიეს ყაზახის რაზმი, მაგრამ თვითონ ყაზახები არავითარ სასტიკ ზომებს არ ღებულობდნენ მუშების წინააღმდეგ პირიქით თავიდანვე კარგი განწყობილება ჩამოვარდა მათ შორის.

24 თებერვალს მუშებმა მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა შესძლეს „ზნამენის“ მოედანზე, ალექსანდრე მესამის ძეგლთან თავის მოყრა და მიტინგის გამართვა. გამოვიდნენ რამოდენიმე ორატორები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ გამოსვლას ეკონომიური ხასიათი არ აქვს, ისინი მოითხოვენ რუსეთის წესწყობილების ძირიან-ფესვიანად შეცვლას, და მათ ნანგრევებზედ დროებით რევოლუციონურ მთავრობას და დამფუძნებელ კრების მოწვევას. ბოლოს ეფიცებიან ერთმანეთს არ უღალატონ საერთთ საქმეს და სიცოცხლეც გასწირონ მის განსახორციელებლათ.

25 თბერვალს პეტროგრადში არ მუშაობს არც ერთი ქარხანა, არც ერთი დაწესებულება, სადაც კი მუშა ხელი არის საჭირო. ეს მუშათა არმია, არა ნაკლები სამასი ათასისა დაიძრა ქალაქის ცენტრისაკენ. ამ დღეს პირველათ დაიღვარა ადამიანის სისხლი, იგრიალეს თოფებმა და რამოდენიმე ადამიანი გამოასალმეს წუთისოფელს. მაშინ მუშებმა მოუწოდეს ერთმანეთს დაშლა და მეორე დღისათვის შეიარაღებული გამოსვლა.

26 თებერვალს დილიდანვე ზარბაზნების გრიალი ისმის, ეს მთავრობის მხრით დემონსტრაცია იყო, ამით სურდა, რომ დაეფრთხო მუშები, მაგრამ მათმა ცდამ ვერ გასჭრა. შუადღის 3 საათიდან ქალაქის სხვა და სხვა ნაწილებში უკვე შეიარაღებული შეტაკებები ხდება. ამ შეტაკებებს უფრო პარტიზანული ხასიათი აქვს. საღმოს პირველად ამ რევოლუციაში, სროლაზე უარი განაცხადა პავლოვის პოლკის მეოთხე როტამ, რომელიც იმ წამსვე დააპატიმრეს და პეტრე პავლეს სიმაგრეში გაგზავნეს.

თენდება 27 თებერვალი, ეს ისტორიული და დაუვიწყარი დღე რუსეთის დემოკრატიისა, ამ დღემ საბოლოოდ დასცა ძველი მთვრობა და გამარჯვება მოუპოვა რუსეთის რევოლუციას. დილიდანვე მთელი პეტროგრადის გარნიზონი, ჟანდარმერია და პოლიციელები ფეხზე დადგნენ. იწყება ბრძოლა, პირველად ამ ბრძოლაში რევოლუციონერებისაკენ გადადის და მხარს უჭერს მათ გვარდიის ორი პოლკი: ლიტოვისა და ვოლინის. ამ პოლკებმა და პავლოვის პოლკის მეოთხე როტამ მისცა მაგალითი დანარჩენ ჯარს. 1 სააზედ ეს რევოლუციონური არმია გაემართა თავრიდის სასახლისკენ და დაიკავა მთელი ეს რაიონი. 2 საათზედ სასათბიროში აცხადებენ დროებით მთავრობას. აქ კი მოწმე ვიყავით ისეთი სურათის, რომელიც არასოდეს არ ამოიშლება ადამიანის მახსოვრობიდან. თავრიდის სასახლეს, სადაც ჯარს ეგულება ხალხის წარმომადგენლები, ერთი ბათალიონი მწიბრათ, წითელი დროშებით და რევოლუციონური სიმღერით უახლოვდება მას. მათ მიეგებათ დეპუტატები: ჩხეიძე, კერენსკი და სკობელევი. ჩხეიძის მისალმებამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჯარის კაცებში და მაყურებელ საზოგადოებაში. მას უმართავენ დიდ ოვაციებს. სანატრელი წუთი არის, გამარჯვებულ რევოლიუციონურ არმიას გამარჯვებას ულოცავს ნამდვილი ხალხის შვილი, მისთვის თავდადებული, მათი წარმომადგენელი.

აქედან რევოლუციონური არმია დაიძრა რუსეთის ბასტილიისაკენ, აიღეს პირველად ციხე „კრესტი“ და გაანთავისუფლეს ყველა პოლიტიკური დასჯილები. რიცხვი რევოლუციონერებისა საათობით იზრდება, მათ მხარეზედ გადმოდიან ტყვიისმფრქვეველთ და ჯავშნიანი ავტომობილთა რაზმები. 3 საათზედ რევოლუციონერები დაეტაკენ არსენალს, აიღეს ის, მოკლეს უფროსი გენერალი, რომელსაც სურდა წინააღმდეგობის გაწევა და ამ რიგათ 4 საათზედ მთლი ხალხი შეიარაღბულია. იწყება ნამდვილი ბრძოლა, სასტიკ წინააღმდეგობას უწევს რევოლიუციონერებს გადაცმული ჯარისკაცთა ტანისამოსში პოლიციელები და ჟანდარმთა კორპუსი. საღმოს 6 საათზედ ეს უკანასკნელი იმედი მთავრობისა ძველი გვარდია პრეობრაჟენის და სემიონოვის პოლკებიც შეუერთდა რევოლიუციონურ არმიასა და დაიკავეს საზამთრო სასახლე. 5 საათიდან საშინელი სურათი არის. ტყვიის მფრქვეველების და თოფების გრიალი შეუწყვეტლივ ისმის, ხედავ დაჭრილებს, მკვდრებს, მიდიხარ ქუჩაში და ყოველ წამში სიკვდილს ელი, მაგრამ ამავე დროს ყოველივე უბედურება გავიწყდება, როდესაც გესმის მძლავრი, იმედიანი ხმა თვისუფლებისათვის მებრძოლთა. 5 საათიდან ქუჩებში მუშაობს სტუდენტებისაგან და უმაღლეს სასწავლებელების მსმენელ ქალებისაგან შემდგარი სანიტარული რაზმები. ღამის 11 საათზედ მთელი პეტროგრადი ვასილევის კუნძულს გარდა რევოლიუციონურ არმიის ხელშია. ღამის 1 საათზედ შეიქმნა საშინელი ბრძოლა კუნძულზედ. აქ მოიტანეს იერიში ჯავშნიან ავტომობილებმა. კუნძულს იცავდნენ პოლიციელებს გარდა ფინლანდიის პოლკი და მეზღვაურები. გათენებისას ეს ჯარისკაცები, რომლებიც მივიწროებულ იყვნენ კაზარმებისაკენ მიატოვეს თავის კაზარმები და ურას ძახილით შეუერთდნენ რევოლიუციონერებს.

ამ რიგათ 28 თებერვალს დილით პეტროგრადის გარნიზონი მუშებისაკენ იყვნენ და გამარჯვებას დღესასწაულობდნენ. წინააღმდეგობას სწევს კიდევ ჟანდარმერია და პოლიციელები, რომლებიც გამაგრებული იყვნენ სახლების სახურავებზედ და იქიდან ტყვიის მფრქვეველით უმასპინძლდებოდნენ გამვლელ-გამომვლელს. 28 თებერვლის განმავლობაში ისინიც მოსპეს „პოზიციებიდან“.

28 თებერვალს რევოლუციონურ არმიას შემოუერთდა ყველა ის ჯარები, რომლებიც იმყოფებოდნენ პეტროგრადის ახლო მახლო ქალაქებში და სოფლებში. ამ რიგად 1 მარტს არავინ მოწინააღმდეგე არ ყოფილა და გაზაფხულის პირველმა დღემ ჩაიბარა ახალი თავისუფალი რუსეთი.

ეხლა კი აქ სრული სიწყნარე და წესრიგი არის, ხალხში დიდი ენტუზიაზმი არის. დღეს ფინლიანდიიდან ჩამოვიდა ჩვენი დეპუტატი აკაკი ჩხენკელი. დუმაში და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში მას დიდი ოვაციები გაუმართეს. ის უკვე კარგად არის, 20 ამ თვეს გამოემგზავრება კავკასიაში.

სტ. მიხაკო ბაჟუნაიშვილი.

წყარო: გაზეთი „ერთობა“ 1917 წლის 25 მარტი