საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ბოლშევიკური პარტიის კავბიუროს მიერ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების. გამოცხადების შემდეგ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია საქართველოს რევოლუციურ კომიტეტის ხელში გადავიდა.

1921 წლის მარტში რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საქართველოს მთავრობა  ემიგრაციაში გაემგზავრა.

საქართველოს ოკუპაციიდან ზუსტად ერთი წლის თავზე თბილისში საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა. … ყრილობამ  1922 წლის 2 მარტს, საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღო.

პირველი საბჭოთა კონსტიტუცია  23 თავისა და 134 მუხლისგან შედგებოდა.

კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობა წარმოადგენდა. ყრილობათა შორის პერიოდში ხელისუფლებას ყრილობის მიერ არჩეული ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი) განახორციელებდა. ცაკ-ის სესიათა შორის ხელისუფლებას  სესიის მიერ არჩეული  ცაკ-ის პრეზიდიუმი განაგებდა.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას ცენტრალური კომიტეტის მიერ არჩეული სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) წარმოადგენდა.

ადგილებზე ხელისუფლების კი მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოები და შესაბამისი აღმასრულებელი კომიტეტები ახორციელებდნენ.

„ოქტომბრის დიდი რევოლუციის მცნებათა მიმდევარნი საქართველოს მუშები, მშრომელი გლეხობა და წითელი არმია… თავისი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამყარებენ პროლეტარიატის სუვერენიტეტს და დიქტატურას. დიქტატურის მიზანია – ბურჟუაზიული წესწყობილებიდან სოციალიზმში გადასვლის განხორციელება“. – ვკითხულობთ 1922 წლის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში.

კონსტიტუციით გაუქმდა კერძო საკუთრება როგორც მიწაზე, ასევე წარმოებასა და საწარმოო საშუალებებზე.

1922 წლის კონსტიტუცია ფორმალურად აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს თუმცა კონსტიტუციის 102-ე მუხლით, შეიზღუდა საყოველთაო საარჩევნო უფლება.

კონსტიტუციამ როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება წაართვა მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებს:

პირებს, რომლებიც იყენებდნენ დაქირავებულ შრომას მოგების მიღების მიზნით;

  1. პირებს, რომლებიც ცხოვრობდნენ არასაკუთარი შრომის შემოსავლით;
  2. კერძო ვაჭრებს, შუამავლებსა და კომერციულ შუამავლებს;
  3. ბერ-მონაზვნებსა და რელიგიური კულტის სასულიერო პირებს;
  4. ყოფილი პოლიციისა და მენშევიკური მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო რაზმის მოსამსახურეებსა და აგენტებს;
  5. პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ცნობილი იყვნენ სულით ავადმყოფებად და გონებადაქვეითებულებად, აგრეთვე მზრუნველობის ქვეშ მყოფთ;
  6. პირებს, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის განაჩენით, ანგარებისა და სხვა დამამცირებელი დანაშაულობებისათვის.

საქართველოს სსრ I კონსტიტუცია მხოლოდ 5 წელი მოქმედებდა, 1922 წლის კონსტიტუციის ხანმოკლე სიცოცხლე ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკისა დასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის  შექმნამ განაპირობა.

1922 წლის კონსტიტუციის ძალით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შევიდნენ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკას შორის განსაკუთრებული ხელშეკრულება გაფორმდა.

ა.შ.შ. დამოუკიდებლობის დღე

amerikaამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ძირითადი კანონი. ამერიკის კონსტიტუცია 7 თავისა და 27 შესწორებისაგან შედგება. დოკუმენტი შემუშავდა კონსტიტუციური კონვენტის მიერ. კონვენტი ფილადელფიაში 1787 წელს შეიკრიბა. ახლად ჩამოყალიბებული ფედერალური მთავრობისათვის ეს ურთულესი პერიოდი იყო. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მთავრობის მიმართ, თვლიდნენ, რომ სწორედ მთავრობის უუნარობის გამო ვერ ხერხდებოდა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი საკანონმდებლო სივრცის შექმნა. ერთობის მომავალი საფრთხის გამო წუხდნენ და მთავრობისაგან რეალურ ქმედებებს ითხოვდნენ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეებიც.

გადაწყვეტილება მოულოდენლად გამოჩნდა. ცამეტივე შტატისათვის მყარი სავაჭრო რეგულაციების შესამუშავებლად 1786 წელს ანაპოლისში, მერილენდში შეიკრიბა ხუთი შტატის წარმომადგენელთა კონვენტი. გადაწყდა, დეკლარირებული მიზნის მისაღწევად ყველა შტატი საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევდა. დადგენილ იქნა, არჩეული დელეგატები გაეგზავნათ კონფედერაციის მუხლების გადასასინჯ კონვენტზე,

კონვეტზე საბოლოოდ უნდა შეჯემებულიყო ის დებულებები, რომლებიც ფედერალური მთავრობისათვის წარსადგენი კონსტიტუციისთვის მნიშვნელოვანი იყო და ერთობის მოთხოვნებს პასუხობდა.

1787 წლის თებერვალში კონგრესმა აღნიშნული წინადადება მიიღო. სამი თვის შემდეგ შეიკრიბა კონსტიტუციური კონვენტი. 12 შტატს 55 დელეგატი წარმოადგენდა. როუდ აილენდის შტატმა წარმომადგენლების წარგზავნაზე უარი განაცხადა. გაზრდილ ფედერალურ რეგულაციებში ის წარმატებული სავაჭრო ინდუსტრიისთვის საფრთხეს ხედავდა. კონვენტის პრეზიდენტად ჯორჯ ვაშინგტონი აირჩიეს. შეზღუდული და დელეგილირებული ძალაუფლების მქონე მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობა 16 კვირა გაგრძელდა. 1787 წლის 17 სექტემბერს 39 დელეგატმა მოაწერა ხელი კონსტიტუციას და კონფედერაციის კონგრესს გაუგზავნაა. 28 სექტემბერს კონგრესმა კოსნტიტუცია რატიფიკაციისათვის შტატებს გადაუგზავნა. მეშვიდე მუხლის თანახმად იმისათვის, რომ კონსტიტუციას კანონის ძალა მინიჭებოდა, შტატების ორი მესამედის მიერ უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული. ფერმერებსა და გლეხებში ცხარე კამათი წარმოიშვა. ზოგიერთი მათი  წარმომადგენელი რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. ერთი  ნაწილი მხარს შტატების სუვერენობას უჭერდა, მეორე ნაწილი –მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების გამო ღელავდა. მოგვიანებით სწორედ მსგავსი საკითხების მოგვარებას ითვალისწინებდა კონსტიტუციის პირველ 10 შესწორება. როუდ აილენდი იყო ბოლო შტატი, რომელმაც კონსტიტუციის რატიფიცირება მოახდინა.

შტატის გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია, კონგრესის განცხადებებმა, რომლებშიც როუდ აილენდის შტატი უცხო ქვეყნად გამოცხადდებოდა, თუ შტატი კონსტიტუციის რატიფიცირებას დროულად არ მოახდენდა.

 

 

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საქართველოს კონსტიტუცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV და საქართველოს სამოქალაქო განათლების განყოფილება იწყებს პროექტს “საქართველოს კონსტიტუციის ისტორიიდან…”
ფილმი პირველი — საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ეძღვნება.

* * *

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი – გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება – მიღებულ იქნა პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, იურისდიქციის ფარგლები, პოლიტიკური წყობილების ფორმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მმართველობის უმაღლესი ორგანოები:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზსს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. – ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში.

1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა – შექმნა საკონსტიტუციო კომისია.

კონსტიტუციის  პროექტზე სამი წლის მუშაობის შემდეგ – დამფუძნებელი კრება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას ღებულობს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი წითელი არმიის ქვედანაყოფები კი  თბილისის  მიმართულებით სვლას აგრძელებენ…

მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონტიტუცია ზუსტად ასახავდა საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს, – კონსტიტუცია ფაქტობრივად ძალაში არ შესულა – 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს დეპეშით აცნობს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

17 მარტს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შეჩერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება.

ინგლისის თავისუფლების დიდი ქარტია

The Great Charter of Liberties

Magna Carta Libertatum

1215 წ. ინგლისურმა არისტოკრატიამ და სასულიერო პირებმა გაილაშქრეს მეფე იოანე I უმიწაწყლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და აიძულეს მეფემ ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის რომლითაც გარანტირებული იქნებოდა მათი უფლებები და პრივილეგიები. თავისუფლების დიდი ქარტია ლათინურ ენაზეა შედგენილი და შეიცავს პრეამბულასა და 63 მუხლს. ეს დოკუმენტი ბრიტანეთის მმართველობის სისტემის ერთგვარი საფუძველია. ინგლისში Magna Carta Libertatum განიხილება, როგორც პირველი საკონსტიტუციო აქტი. დიდი ქარტიის ორი ასლი ინახება ბრიტანეთის მუზეუმში ლონდონში, ერთი ლინკოლნის ტაძარში, ერთიც სოლსბრეინის ტაძარში.

Magna Carta Libertatum აღიარებულია „ინგლისური თავისუფლების ქვაკუთხედად“ და მიუხედავად იმისა, რომ ის ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტია, სწორედ მან შექმნა ის საფუძვლები, რომლებმაც წარმოშვეს წინაპირობები საზოგადოების ცხოვრებაში თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცებისათვის. ქარტიაში ნათქვამია, რომ „ქვემოთ დაწერილი თავისუფლებანი“ ენიჭება სამეფოს ყველა თავისუფალ ადამიანს, რათა „ფლობდნენ მათ“.

 Magna Carta-ს 63 მუხლის უმრავლესობა ფეოდალების უფლებების დაცვას ემსახურება. დოკუმენტში უზრუნველყოფილია ეკლესიის პრივილეგიებიც. ქარტიის რამოდენიმე მუხლში საუბარია საშუალო სოციალური ფენის უფლებებზე.

ქარტიის ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ მეფე იოანე გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი შვილი ჰენრიჰ III. 1216 წელს ნოემბერში თავისუფლების დიდი ქარტია  ხელახლა გამოიცა. ქარტიის რამოდენიმე მუხლი გაუქმდა. ქარტიის ახალი გამოცემა ძირითადად  კერძო საკუთრების უფლებებს შეეხო. 1225 წლის თებერვალში, როდესაც ინგლისის მეფე ჰენრიჰი III სრულწლოვანი გახდა, გაჩნდა თავისუფლების ქარტიის მესამე რედაქცია, სწორედ ქარტიის ეს ვერსია განიხილება ნორმატიული კანონის საწყისად, რომელსაც მხარს უჭერდნენ გვიანი შუასაუკუნეების ინგლისელი მეფეები.

ინგლისისის თავისუფლების დიდი ქარტიის ისტორიული მნიშვნელობა

1215 წლიდან საუკუნეების შემდეგ Magna Carta მეფის ძალაუფლების შეზღუდვის სიმბოლოდ იქცა ხოლო დროთა განმავლობაში მოხდა მისი განხილვა ქვეყნის ფუნდამენტურ კანონონად. მე-17 საუკუნიდან ეს დოკუმენტი ინტეპრეტირდა, როგორც სახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც უზრუნველყოფდა მეფის ძალაუფლების კონსტიტუციურ კონტროლს, აქტის მიხედვით შეუძლებელი იყო ახალი გადასახადებისა და კანონების შემოღება პარლამენტის თანხმობის გარეშე, დაკანონდა სისხლის სამართლის საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის ვალდებულება, ასევე მართვის დემოკრატიული პრინციპებიი და მიუკერძოებელი სასამართლოს დანერგვა. მე-17 საუკუნეში ინგლისის მეფეთა დინასტიის სტიუარტებთან ბრძოლაში ისეთმა იურისტმა და პარლამენტის წევრმა, როგორიც იყო ედვარდ კოუკი, თავისუფლების დიდი ქარტია განმარტა როგორც დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა მითითებულ უფლებებს.

მე-18 საუკუნეში სამართლმცოდნე უილიამ ბლაკსონმა ეს ინტერპრეტაცია ჩაწერა ინგლისის კანონების თავის ცნობილ კომენტარებში (Commentaries on the Laws of England) მე-19 საუკუნის ისტორიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა თავისუფლების დიდი ქარტია ინგლისური თავისუფლების გარანტად გამოაცხადეს. ამ თვალსაზრისით Magna Carta-მ დიდი პოლიტიკური და სამართლებრივი გავლენა იქონია ამერიკის კოლონიური პერიოდის ისტორიაში. თავისუფლების დიდი ქარტიის დებულებებმა განვითარება ჰპოვა ამეერიკის კონსტიტუციაში.

12 დაფის კანონი

ძვ. წ V საუკუნეში რომში შეიქმნა პირველი ცივილური კანონების კრებული, რომელსაც „12 დაფის კანონს“ უწოდებენ. მრავალი საუკუნის განმავლობაში რომში ეს კანონები განიხილებოდა როგორც საჯარო და კერძო სამართლის ძირითადი წყარო (fons omnis publici privatique juris).

ძვ. წ. 451 წ. დეცემვირებმა (decem – ათი, vir – კაცი). – რომის რესპუბლიკის კოლეგიამ, რომელსაც ევალებოდა თავისუფლებასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობა, ბრინჯაოს 10 დაფაზე ამოტვიფრა კანონები, რომელთაც ძვ. წ. 450 წ. კიდევ ორი დაფა დაემატა, მათ „12 დაფის კანონი“ ეწოდა. დაფები რომაელებმა ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფინეს, რათა ყველას შეძლებოდა მისი წაკითხვა.

„12 დაფის კანონი“ ყველაზე მეტად პლებეების ინტერესებს იცავდა სასამართლოში მოსამართლე პატრიციების თვითნებობისგან. კანონი პირველ ეტაპს წარმოადგენდა პატრიციებთან თანასწორობისათვის ბრძოლაში.

„12 დაფის კანონებმა“ ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია. ცნონები მათ შესახებ გვხვდება ძველი ავტორების (იურისტების) ციცერონის, ულპიანის, გაიუსის და სხვათა თხზულებებში.

1816 წელს ისტორიკოსმა ნუბურმა ქალაქ ვერონაში აღმოაჩინა ძვ.წ. II საუკუნის იურისტის გაიუსის თხზულება – „ინსტიტუციები“ – ეს ნაშრომი წარმოადგენდა რომის იურიდიული სკოლების სახელმძღვანელოს. თქმულების მიხდვით, თითქოს ნიბურს გადაუბრუნდა სამელნე და როდესაც ხელნაწერიდან მელნის ლაქას შლიდა, შემთხვევით აღმოაჩინა ახალი ნაწერი.

„12 დაფის კანონის“ მთავარ მონაპოვარს წარმოადგენდა არა მის შინაარსი, არამედ მოსამართლე კონსულების ფორმალური ვალდებულება ეხელმძღვანელათ ამ კანონების შესაბამისად, რაც განაჩენს უფრო ღიას და საჯაროს ხდიდა.