პანდორას ყუთი

pandoraროდესაც პრომეთემ მოკვდავებს ცეცხლი აჩუქა, ცოდნა შესძინა და ხელობა ასწავლა, ცხოვრება დედამიწაზე უფრო ბედნიერი და მხიარული გახდა.

ხალხის ბედნიერებამ ძლევამოსილი ზევსი ბრაზით აღავსო და პრომეთესა და ადამიანების დასჯა გადაწყვიტა. ზევსმა ცნობილ მჭედელს, ჰეფესტოს თიხისგან მშვენიერი ქალწულის გამოძერწვა დაავალა. ქალწულს მშვენიერებაში ბადალი არ უნდა ჰყოლოდა.

მტკიცე ბუნებით და ღვთაებრივი მზერით დაჯილოდვებული ქალწულს ღმერთებმა სხვადასხვა ძღვენი უბოძეს: ათენამ მდიდრული სამოსით შემოსა, აფროდიტემ  სილამაზე აჩუქა, ჰერმესმა  გონიერებით დააჯილდოვა.

დამატყვევებელი სილამაზის ქალწულს პანდორა დაარქვეს, რაც ყველასგან დასაჩუქრებულს ნიშნავს.

პანდორას ადამიანებისთვის უბედურება უნდა მოეტანა.

ერთ დღეს, ზევსის ბრძანებით ჰერმესმა მშვენიერი პანდორა პრომეთეს ძმას, ეპიმეთეს მიჰგვარა.

ბერვჯერ გააფრთხილა პრომეთემ ძმა, ზევსისაგნ ძღვენი არასდროს მიიღოო, მაგრამ როდესაც ეპიმეთემ პანდორას მშვენიერება იხილა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ზევსის მოგზავნილი ქალწული ცოლად შეირთო.

ეპიმეთეს სახლში დიდი სკივრი ინახებოდა. არავინ იცოდა, რა იმალებოდა ჩარაზულ სკივრში, შიშობდნენ, რომ მისი გახსნა უბედურებას მოიტანდა.

ერთ დღეს, პანდორას ცნობისმოყვარეობამ სძლია და სკივრს თავი ახადა. უეცრად სკივრიდან მასში დატყვევებული კაცობრიობის ყველა უბედურება ამოიფრქვა – ომი, ავადმყოფობა, სევდა, ცოდვა, წამში მთელ დედამიწაზე გაიფანტა და ადამინაებს მოედო.

შეშინებულმა პანდორამ სკივრს სასწრაფოდ თავი დაახურა. მაგრამ გვიანი იყო. სკივრში ერთი რამ დარჩა – იმედი, მხოლოდ იმედი, რომელიც ბოლომდე ცოცხლობს.

პიგმალიონი და გალათეა

pigmalioniგულუხვად აჯილდოვებს სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ყველას, ვინც მისი ერთგულია. ასე აჩუქა აფროდიტემ ბედნიერება კუნძულ კვიპროსის მკვიდრ მხატვარს პიგმალიონს.

სილამაზის თაყვანისმცემელი პიგმალიონი ხალხისგან განმარტოებით ცხოვრობდა. მისი სიყვარული ვერც ერთმა  მოკვდავმა ქალმა ვერ დაიმსახურა.

ერთხელ პიგმალიონმა სპილოს ძვლისგან უმშვენიერესი ქალწულის – გალათეას ქანდაკება გამოძერწა. ყველა, ვინც მხატვრის ქმნილებას თვალს შეავლებდა გაოცებას ვერ მალავდა. ქანდაკება თითქოს ცოცხალი იყო, ცოტაც და მისი სხეული მოძრაობას დაიწყებდა.

საათობით იჯდა პიგმალიონი საკუთარი ქმნილების წინ და მისი მშვენიერებით ტკბებოდა; სპილოს ძვლისგან გამოძერწილ გალათეას სხეულს ტანსაცმლით მოსავდა და ძვირფასი სამკაულით ამკობდა.

ერთხელ გალათეას ყურებისას მხატვარს უეცრად საოცარი სიტყვები აღმოხდა:

– ეჰ, რა ბედნიერი ვიქნებოდი შენ რომ ცოცხალი იყო და ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა  შეგეძლოს!

ქანდაკება მდუმარედ შესცქეროდა მხატვარს.

გავიდა დრო. სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტესადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, პიგმალიონმა ქალღმერთს ოქროსრქიანი საფურე ხბო შესწირა და მუდარით შესთხოვა:

– მარადიულო, ყოვლისშემძლე ქალღმერთო აფროდიტევ! გთხოვ, მიბოძე ცოლი, ისეთივე მშვენიერი, როგორიც გალათეაა!

თითქოს სიყვარულის ქალღმერთმა პიგმალიონის თხოვნა შეისმინა. აფროდიტეს გამოსახულების წინ უეცრად მსხვერპლშეწირვის ცეცხლი აბრიალდა.

მხატვარი სახლში დაბრუნდა. ქანდაკებას მიუახლოვდა, და … გალათეას გულმა ფეთქვა დაიწყო  თვალებში სიცოცხლის სხივი აუკიაფდა. მხატვარს ნატვრა აუხდა, მისი მშვენიერი ქმნილება გაცოცხლდა.

სიზიფეს მითი

sizipeქართა მბრძანებლის ეოლოსის ვაჟი სიზიფე ქალაქ კორინთოს დამაარსებელი და მმართველი იყო. ქალაქი ისთმიის ყურეში მდებარეობდა და შუა საბერძნეთისა და პელოპონესის კუნძულს აერთიანებდა. ლეგენდის თანახმად, კორინთო სიზიფეს კოლხეთის მეფის აიეტის ასულმა, მედეამ გადასცა. ჰომეროსი წერდა, რომ სიზიფე განსაკუთრებული სიბრძნით იყო დაჯილდოვებული და გონიერებასა და მიხვედრილობაში ვერავინ შეედრებოდა. ძლევამოსილმა მმართველმა ქალაქს დიდი სიმდიდრე შესძინა, მნიშვნელოვან სავაჭრო-სანაოსნო პოლისად აქცია, ოლიმპიური თამაშების წინამორბედი, ისთმიური თამაშები დაარსა და ტურიზმი ააყვავა. კორინთოს მცხოვრებლები მეფეს დიდად ემადლიერებოდნენ და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.

სხვა წყაროების მიხედვით კორინთოს მეფე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით მეზობელი ქალაქის, ატიკის მოსახლეობას სასტიკად არბევდა და აწიოკებდა. ყაჩაღივით თავს ესხმოდა გზებზე მგზავრებს, ძარცვავდა და უზარმაზარი ქვის ლოდებით კლავდა. ევრიპიდე და სოფოკლე წერენ, რომ ბრძენ მეფეს მზაკვრობასა და ცბიერებაში ბადალი არ ჰყავდა. ღმერთების მოტყუებასაც კი ახერხებდა და ჭკუით ჯობნიდა.

ერთხელ გზად მიმავალი სიზიფე ზევსის მიერ მდინარის ღმერთის, ასოპეს ქალიშვილის მოტაცების მოწმე გახდა. გადაწყვიტა ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა. ასოპესთან მივიდა და კორინთოსთვის წყლის მიცემის სანაცვლოდ ქალიშვილის გამტაცებლის ვინაობისა და ადგილმდებაროების განდობას დაპირდა. მადლიერმა მდინარის ღმერთმა ქალაქი წყალუხვი მდინარეებით აავსო. როდესაც ზევსმა საიდუმლოს გათქმის შესახებ შეიტყო, სასტიკად განრისხდა და კორინთოს მეფეს ჰადესიდან სიკვდილის ღმერთი თანატოსი მიუგზავნა. სიზიფე ღმერთზე გონიერი აღმოჩნდა. თანატოსი დაათრო და გაბრუებულს საკუთარი ხელით დამზადებული ბორკილების მოსინჯვა შესთავაზა. ბორკილებდადებული სიკვდილის ღმერთი გვიან მიხვდა, რომ დატყვევებული იყო. ქალაქში სიკვდილი დამარცხდა. არავინ და არაფერი კვდებოდა. ადამიანები უდარდებლად ცხოვრობდნენ და არაფერზე ზრუნავდნენ. ღმერთების დადგენილი წესრიგი დაირღვა და სიცოცხლემ აზრი დაკარგა. ამის გამო განსაკუთრებით, ომის ღმერთი, არესი აღშფოთდა. არესმა თავნება მეფის დატყვევება საკუთარ თავზე აიღო, თანატოსი ტყვეობიდან იხსნა და მისი დახმარებით სიზიფე ჰადესში გაამგზავრა.

სიზიფემ ამჯერადაც ჭკუა იხმარა,  მოასწრო და ცოლს ჩასჩურჩულა, ჩემი სხეული არ დაკრძალოთ, მალე დავბრუნდებიო. ასეც მოხდა. ჰადესში ღმერთებს თავი შეაცოდა, ჰადესის მეუღლეს, პერსეფონეს გული მოულბო: ცოლმა ჩემი სხეული მიწას არ მიაბარა, ვიტანჯები, ცოტა ხნით მიწაზე დამაბრუნეთ, ცოლს დავსჯი, სხეულს მიწას მივაბარებინებ და ჰადესში დამშვიდებული დავბრუნდებიო. პერსეფონე მოტყუვდა და საქმის მოსაგვარებლად კორინთოს გარდაცვლილ მეფეს რამდენიმე დღე მისცა.

სახლში დაბრუნებულ სიზიფეს ჰადესში გამგზავრებაზე აღარც უფიქრია. ღმერთები დაივიწყა, ოჯახს შეუერთდა და უდარდელად განაგრძო ცხოვრება. ღმერთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. განრისხებულმა თანატოსმა კორინთოში ჰერმესი წარგზავნა და სიზიფეს სული სამუდამოდ დააბრუნებინა ჰადესში.

მოტყუებისა და ღალატის გამო ღმერთებმა სიზიფეს სიკვდილის შემდეგ სასტიკი სასჯელი დაუწესეს. ჩრდილების სამეფოში მთაზე უზარმაზარი ლოდის ატანა დაავალეს. მთის მწვერვალს მიახლოებული ლოდი ისევ მთის ძირისკენ გორდება და სიზიფეს მძიმე ტვირთი მთის ფერდობზე ხელახლა ააქვს.

ამაო, უნაყოფო შრომას არასდროს ექნება დასასრული. ვებერთალა ლოდი სიზიფემ მთის მწვერვალზე სამუდამოდ უნდა ზიდოს.

დედალოსი და იკაროსი

dedalosi da okarosiძველ დროში, როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ელადის ქალაქ ათენში ცხოვრობდა ერთი მოქანდაკე და არქიტექტორი – დედალოსი. მასზე ამბობდნენ, მარმარილოსგან ისეთ ქანდაკებებს ქმნის, ცოცხალი ადამიანები გეგონებაო. დედალოსმა ასწავლა ბერძნებს ტაძრების აგება და კედლის სისწორის დაცვაც ძაფზე დაკიდული ქვის მეშვეობით.

დედალოსს ერთი შეგირდი ჰყავდა, მისი დისშვილი – ტალოსი. ტალოსი ბიძის მსგავსად გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. თევზის ფარფლებმა მას ხერხის შექმნა შთააგონა, წრის დასახატად ფარგალი გამოიგონა; ფარგლის მეშვეობით ხის ნაჭერზე წრე დახაზა; შემდეგ გამოთალა, გამოთლილ ხის ნაჭერს ტრიალი აიძულა და ახალი გამოგონებაც, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი დაზგაც მზად იყო.

დედალოსი მოსწავლის წარმატებებმა შურით აღავსო და მისი მოკვლა განიზრახა. მასწავლებელმა ტალოსი ათენის აკროპოლისის მაღალ კლდეზე აიყვანა, მასთან ერთად კლდის კიდესთან დადგა და მოსწავლეს ხელი ჰკრა. დედალოსის დანაშაული გამჟღავნდა. აეროფაგმა მას სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. სიკვდილისთვის თავი რომ დაეღწია, დედალოსმა ათენი დატოვა და კუნძულ კრეტაზე გაიქცა.

იმ დროს კრეტას მეფე მინოსი მართავდა. მეფემ სიხარულით მიიღო დევნილი არქიტექტორი და მინოტავრისთვის უზარმაზარი შენობის, ლაბირინთის აგება დაავალა. მინოტავრი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ხარი იყო, სწორედ მისთვის უნდა შეექმნა დედალოსს სასახლე. სასახლის უამრავ ოთახსა და მიწისქვეშა გასასვლებებში მოხვედრილი ადამიანი უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვიდა.

მრავალი წელი გაატარა დედალოსმა კუნძულ კრეტაზე. სამშობლოში დაბრუნების ფიქრი მას მოსვენებას არ აძლევდა. კრეტის მეფეს არ სურდა სახელოვანი არქიტექტორის სამშობლოში გაშვება. დედალოსი მიხვდა რომ. უკვე მეფე მინოსის სტუმარი კი არა ტყვე იყო. დედალოსმა კუნძულის დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა, ხშირად მიდიოდა ზღვის სანაპიროზე, ჩამოჯდებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაეღწია თავი მეფე მინოსის ტყვეობიდან. გამოსავალი დიდხანს არ ჩანდა. ერთხელ დედალოსმა მზერა ზეცას მიაპყრო და გაიფიქრა, „ტყვეობას თავს ვერც ზღვით და ვერც ხმელეთით ვერ დავაღწევ, ხსნის ერთადერთი გზა ცა არის, ადამიანსაც ხომ შეუძლია ჩიტივით ფრენა“.

დედალოსმა გადავწყვიტა თავისი ფიქრი რეალობად ექცია. ფრინველების სხვადასხვა ზომის ფრთები შეაგროვა ბულბულები ერთმანეთს სელის ძაფით გადააბა, ბოლოები კი სიმყარისთვის ცვილით გაამაგრა. სამუშაო დასრულდა. ფრთები მზად იყო. დედალოსმა ფრთები მხრებზე მიიმაგრა და ცაში აიჭრა.

გაკვირვებული შესცქეროდა დედალოსის ვაჟი იკაროსი მამის ფრენას უზარმაზარი ფრინველივით რომ აიჭრა ცაში და კამარა შეკრა. მასაც მოუნდა ცაში ნავარდი, მამას სთხოვა, მისთვისაც დაემზადებინა ფრთები და თან წაეყვანა. დედალოსი დათანხმდა.

კრეტიდან გაფრენის დღეც დადგა. დედალოსმა შვილი თავისთან იხმო და ფრენის წინ ასე დაარიგა: „ფრთხილად იფრინე იკაროს, ნუ დაეშვები ზღვის ზედაპირთან ახლოს, რადგან წყალმა შესაძლოა ფრთები დაგისველოს და ნურც ძალზე მაღლა აიჭრები ცაში,. მზე ცვილს დაადნობს და ბუმბული დაგცვივდება. მე გამომყევი და ნუ ჩამომრჩები“. დედალოსმა და იკაროსმა ფრთები ზურგზე მიიმაგრეს და ცაში აიჭრნენ. ვინც ხმელეთიდან მათ ჩიტივით ფრენას შეჰყურებდა ფიქრობდა რომ ორი ღმერთი მისრიალებდა ცის ლაჟვარდზე. იკაროსი ფრენით გაერთო, გათამამდა, სულ უფრო ძლიერად იქნევდა ფრთებს. დაივიწყა მამის დარიგება და ზეცაში სულ უფრო მაღლა და მაღლა აიჭრა. მცხუნვარე მზემ ცვილი გაადნო. იკაროსს ფრთები დასცვივდა და უზარმაზარი სიმაღლიდან ზღვაში ჩავარდა.

დიდხანს დაეძებდა დედალოსი შვილს, მაგრამ ზღვის ტალღებზე მხოლოდ ბულბული ლივლივებდა. დედალოსი უახლოეს კუნძულზე დაეშვა ფრთები დატეხა და საკუთარი ქმნილება, რომელმაც თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ შვილი დააკარგვინა სამუდამოდ დასწყევლა. სულ მალე ზღვამ ნაპირზე იკაროსის სხეული გამორიყა. მამამ შვილი კუნძულზე დაკრძალა და იმ დღიდან კუნძულს სადაც იკაროსი განისვენებს იკარია ეწოდა.

ნარცისი

narcisiსასტიკად სჯის სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ყველას, ვინც მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება, მის ძღვენს უარყოფს.

შეუბრალებლად დასაჯა ქალღმერთმა მდინარის ღმერთ  კეფისოსა და ნიმფა ლარიოპეს მშვენიერი და ამაყი ვაჟი ნარცისი.

ნარცისი, ვისაც  არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა, არავის თვლიდა თავისი სიყვარულის ღირსად.

ერთხელ ნადირობისას ნარცის გზა აებნა, უღრან ტყიდან გამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობდა.  ყმაწვილი  ექომ დაინახა.  ექო  ნიმფა იყო და ქალღმერთი ჰერას ნებით საუბარი აკრძალული ჰქონდა, კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ სხვისი სიტყვების ბოლო ფრაზის გამეორებით შეეძლო.

აღფრთოვანებით შესცქეროდა ნიმფა მშვენიერ ჭაბუკს.

– ეჰეეე, ვინ არის აქ? – შესძახა ნარცისმა.
– აქ, აქ… – გაიმეორა ექომ
– აქ მოდი – თავისთან უხმო ნარცისმა.
– მოდი, მოდიიი – უპასუხა ექომ

თავგზააბნეული ნარცისი აქეთ-იქით იყურებოდა. გარშემო არავინ ჩანდა.

– აქეთ, ჩქარა, ჩემთან! – წამოიძახა ნარცისმა
– ჩემთან… – არ დააყოვნა გახარებულმა ექომ და  ნარცისისკენ ხელგაწვდილი გაიქცა.

ნარცისმა  ნიმფას ხელი ჰკრა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.

ამაყმა  და თვითკმაყოფილმა  ნარცისმა ყველას სიყვარული უარყო,  ექოსავით არაერთი ნიმფის სიყვარულზე თქვა უარი.

ხომ გახსოვთ რა სასტიკად სჯის სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ყველას, ვინც მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება და მის ძღვენს უარყოფს. ჰოდა,  განრისხდა  ქალღმერთი და გადაწყვიტა ქედმაღალი ჭაბუკი სასტიკად დაესაჯა.

ერთხელ ნარცისი წყლის დასალევად წყაროსთან მივიდა.  წყალი სარკესავით სუფთა და კამკამა იყო. ნარცისი დაიხარა, წყალმა სახე აირეკლა. გაოცებით შესცქერის ნარცისი თავის გამოსახულებას  და უსაზღვრო სიყვარულით ევსება გული. ვნებით სავსე თვალებით დასცქერის საკუთარ გამოსახულებას, გამოსახულება თავისკენ იზიდავს, თავისკენ იხმობს. ნარცისი სულ უფრო და უფრო იხრება წყლისკენ, სურს საკუთარ გამოსახულებას ეამბოროს. ყველაფერს ივიწყებს, არ ჭამს, არ სვამს, არც იძინებს…

– ვინ იტანჯება ასე სასტიკად ჩემსავით! მხოლოდ წყლის ზედაპირი გვყოფს. ამოდი! – ჩასძახა საკუთარ ანარეკლს  ნარცისმა!

საკუთარი ანარეკლი  სიყვარულს როგორ გაიზიარებდა?!

– საკუთრი თავი ხომ არ შემიყვარდა? შენ ხომ მე ვარ! საკუთარი თავი მიყვარს! ვგრძნობ, მალე სიცოცხლს გამოვესალმები. სიკვდილის აღარ მეშინია, სიკვდილი ჩემს ტანჯულ სიყვარულს ბოლოს მოუღებს. – აღმოხდა სასოწარკვეთილ ნარცისს!

ნარცისს ნელ-ნელა ძალ-ღონე ეცლება, გრძნობს სიკვდილის მოახლოებას  და მაინც ძალა არ შესწევს თვალი მოსწყვიტოს საკუთარ გამოსახულებას. ტირის ნარცისი, ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები და მდინარეში იღვრება. წყლის  ზედაპირზე წრეები ფართოვდებიან და  გამოსახულებას აქრობენ.

– სად ხარ? დაბრუნდი, დარჩი, ვერ გეხები, მაგრამ ნება მომეცი გიყურო! – ჩურჩულებს  შეშინებული ნარცისი.

წყალი დაწყნარდა,  გამოსახულება კვლავ გამოჩნდა მის ზედაპირზე.

ნარცისი თვალმოუშორებლად დაჰყურებს საკუთარ ანარეკლს და გაუზიარებელი სიყვარულისგან  დნება.

– ვაი! – იძახის ნარცისი
– ვაი – იმეორებს ექო.
– მშვიდობით – ამბობს ღონემიხდილი ნარცისი
– მშვიდობით – იმეორებს ექო

ნარცისი თავს ხრის და კვდება. ატირდნენ უღრან ტყეში ახალგაზრდა ნიმფები, ატირდა ექოც.

იმ ადგილას,  სადაც ნარცისი მიიცვალა, ამოვიდა ულამაზესი ყვავილი, რომელსაც, ნარცისს – სიკვდილის ყვავილს,  ვუწოდებთ.