კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 5 იანვარი, 1874, სოფელი მჭადისჯვარი დუშეთის მაზრა, თბილისის გუბერნია.). ქართველი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: პოტოჩნის ქუჩა სახლი №6 მილოვისა, ბინა №9.

პროფესიით სახალხო სკოლების მასწავლებელი ვარ, მაგრამ მასწავლებლად მხოლოდ ერთი წელიწადი ვიყავი, დანარჩენ დროს ვეხმარებოდი სხვა და სხვა დაწესებულებებში მოანგარიშეთ, საქმის მწარმოებლად და სხვა.

განათლება მივიღე თბილისის ალექსანდრეს სახელის საოსტატო ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა იქ არ დამიმთავრებია.

სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ შევისწავლე ბუხგალტერია და ბუხგალტერიის კურსების გამგემ გამამწესა სამსახურში ყირიმში გარჩაკოვის მამულში კანტორის გამგეთ. აქ ცოტა ხანს დავრჩი და დავბრუნდი ისევ თბილისში. რამდენიმე ხანს ვცხოვრობდი კერძო გაკვეთილებით. შემდეგ თბილისის მასწავლებელ ქალთა წრემ მაშინ თბილისში კარგად ცნობილ ო. ვ. კაიდანოვის ქალის მეთაურობით გახსნა თბილისში ჩემ სახელზე იაფ-ფასიანი სახალხო წიგნების მაღაზია და მე ვიყავი ამ მაღაზიის გამგე. ვიღებდი მონაწილეობას ამავე მასწავლებელ ქალთაგან დაარსებულ იაფ-ფასიან ბიბლიოთეკის მართვა-გამგეობაში, საკვირაო სკოლებში და სიფხიზლის საზოგადოებისგან მოწყობილ სახალხო საუბრებისა და კითხვის მოწყობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ შევედი სამსახურში ფილოქსერის პარტიაში. ამ პარტიის საშუალებით მოვიარე კუბანის ოლქი და მთლად საქართველო, სადაც კი ვენახიანი ადგილებია. თბილისში დავბრუნდი 1897 წელს. ამ წელს რამდენიმე თვე ვემსახურე მდივნათ თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის აღმასრულებელ კომიტეტში და შემდეგ წავედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისაგან სოფ. გომარეთში ახლად დაარსებულ სკოლაში მასწავლებლად. იქ მხოლოთ ერთ წელიწადს დავრჩი მასწავლებლად. სასწავლებელთან მქონდა აგრეთვე სკოლა და საუბრები დიდებისათვის. გომარეთიდან დაბრუნებისას ზაფხულის თვეებში ისევ ფილოქსერის პარტიაში გავატარე კახეთში. შემდეგ დავბრუნდი თბილისში და შევედი სამსახურში თბილისის ქალაქის თვითმართველობაში სავაჭრო-სამეურნეო აგენტის თანაშემწეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ დამნიშნეს ქალაქის მეორე თავ-შესაფარის გამგეთ და იმავე დროს ვმსახურებდი რკინისგზაზე შემოსავლის სამსახურში (Служба сборовъ) სტატისტიკურ განყოფილებაში. 1899 და 1900 წლებს ვმუშაობდი კორექტორად „ცნობის ფურცლის“ და „მოანბის“ რედაქციებში. თბილისში 1901, 1902, 1903 წლებში გაძლიერდა მუშათა მოძრაობა და რამდენიმე ჯგუფი დაიჭირეს იმ დროს. 1903 წელს დამიჭირეს მეც, მაგრამ მალე გამანთავისუფლეს. 1906 წლის 22 დეკემბერს დამითხოვეს რკინის გზიდან და დამდევდნენ დასაჭერად. ამის გამო იძულებული გავხდი ქალაქის თვითმართველობის სამსახურიც მიმეტოვებინა და მივმალულიყავ. არალეგალურათა ვცხოვრობდი 1905-1908 წლის მალვამდი ვცხოვრობდი ხან რუსეთში და ხან კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში. 1908 წელს ივნისის 10 ათს დამიჭირეს გორში, გამასამართლეს როგორც წევრი 1905 წლის რკინისგზის გაფიცვის კომიტეტისა, მომისაჯეს ექვსი თვე (კრეპოსტი) ამის გარდა ციხეში კიდევ ზედმეტი ათი თვე მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს პერმის გუბერნიაში, ჩერდინის მაზრაში, ჩრდილოეთ ურალზე. იქიდან დავბრუნდი 1912 წელს, მაგრამ კავკასიაში წამოსვლის ნება არ მქონდა და დავრჩი დონის როსტოვში. გარდასახლების დროს ყველანაირ სამუშაოს ვასრულებდი, ვფხეკამდით ხოლმე ტყეში ხეებს, დღიურადა ვმუშაობდით სოფლელებთან სათიბში, სამკალში, კალოზე, სამსახურის ნებას არ მაძლევდნენ, გაკვეთილების მიცემა აკრძალული მქონდა. დიდ ხანს ერთ ბინაზე არა მტოვებდნენ ორ-სამ თვეში ერთხელ ბინას მიცვლიდნენ და სხვა და სხვა სოფლებში გადავყავდით. როსტოვიდან ჩავედი ქალაქ ალექსანდროვსკ-გრუშევსკოში და პარამანოვას მაღაროებში მუშათა სასადილოში შევედი კასირად. გული აღარ მიდგებოდა და ჩქარა იქიდან წამოვედი ქალაქ მაიკოპში. აქ რამდენიმე თვე ვიცხოვრე კერძო გაკვეთილებით და შემდეგ წამოვედი თბილისში. კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში ექვსი თვე შევინახე თავი. იმ დროს დაიწყო მეოთხე დუმის საარჩევნო კამპანია. თბილისში ეს საარჩევნო ორგანიზაცია დაიჭირეს კრებაზე ხუდადოვის სახელის ქალაქის ბაღში. იქ მოვყე მეც. რამდენიმე თვე ციხეში მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს დონის როსტოვში. როსტოვიდან ისევ ალექსანდროვსკ-გრუშევსკში წავედი იმავე პარამანოვის მაღაროებში სამუშაოთ. ვიშოვნე ადგილი მაღაროების ცენტრალურ სანოვაგის მაღაზიაში უმცროსი ნოქრისა, შემდეგ იქვე ვიყავი პურის გამყიდველი და ბოლოს ჭურჭლის და რკინეულობის განყოფილების გამგეთ. მაღაროებში ვიცხოვრე წელიწად ნახევარი. ჩასვლისთანავე იქაურ ამხანაგებთან ერთად შეუდექით მუშებში პარტიულ მუშაობას, დავიახლოვეთ მეოთხე სახელმწიფო დუმის წევრი 1918 წელს ბოლშევიკებისაგან ვერაგულათ მოკლულ ი. ნ. ტულიაკოვი და იმისი საშუალებით კავშირი დავიჭირეთ პეტროგრადთან. წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია ყველასათვის თვალსაჩინო გახდა და დაგვაფორიაქეს კიდეც. მე გამოვასწარი ალექსანდროვსკ-გრუშევსკიდან ერთი კვირით ადრე, გადმოვედი როსტოვში სამსახურში. ერთი კვირის შემდეგ იქ დაიჭირეს იქ ჩემთან იმ დროს მომუშავე ქართველი ამხანაგებიც რაფიელ ჩიხლაძე, თედო ქარცივაძე, ტერენტი წერეთელი და ადმინისტრატიული წესით გაგზავნეს კატერინოსლავში. როსტოვში მე პირველად მივედი მდივნად ხეზე მომუშავეთა საავად-მყოფო კასაში და შემდეგ გადავედი ამავე თანამდებობაზე როსტოვის ტრამვაიში. როსტოვის საავად-მყოფო კასებმაც შეაკავშირეს მუშები და პოლიტიკურმა მოძრაობამ იჩინა თავი, მუშები ჩაერივნენ სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებებში, უმეტესად კი სახალხო უნივერსიტეტის საქმეებში, სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის გარშემოც ახმაურდნენ მუშები. საიდუმლო პოლიციამ მიაქცია ყურადღება მუშათა მოძრაობას და დაიწყო დაპატიმრება. 1916 წელში დამიჭირეს მეც სხვებთან ერთად და გადამასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში. იქ დავრჩი 1917 წლის 22 მარტამდე. ირკუტსკის გუბერნიაში ვცხოვრობდი ქალაქ ნიჟნეუდინსკში. ვმსახურობდი ქალაქის ხორცის დუქნების და პურის მაღაზიის მთავარ მმართველად. სამშობლოში დაბრუნებისას თერთმეტი თვის განმავლობაში ვიყავი დუშეთის მაზრის კომისრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ჯავრიშვილი კონსტანტინე ტარიელის ძე

(დ. 16 ენკენისთვე, 1886, ქ. თბილისი.).

1905 წელს ათავებს თბილისის პირველ გიმნაზიას და იურიდიულ ფაკულტეტზე მოსკოვის უნივერსიტეტში შედის.

ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის დროს მონაწილეობას იღებს მოსწავლე ახალგაზრდათა რევოლიუციონურ გამოსვლებში.

905 წელშივე შედის სოც.-რევ. პარტიაში და მუშაობს თბილისის პარტიულ სამხედრო ორგანიზაციაში. ხსენებულ ორგანიზაციაში მუშაობისთვის ატუსაღებენ 1906 წლის თიბათვეში და 126 მუხლ. I ნაწილის სისხლ. სამართლ. დებულ ძალით აძლევენ სამართალში. თბილისის სამოსამართლო პალატა ყოველივე უფლება-ღირსების ჩამორთმევით უვადოთ ასახლებს მას ციმბირში.

1907 წლის შემოდგომაზე, როდესაც ეტაპით მიჰყავდათ ციმბირში, გზიდან გამოიპარება და არა ლეგალურად იწყებს ცხოვრებას და მასთან პარტიაში მუშაობას განაგრძობს ქ. ბაქოს განსაკუთრებით კასპიის ზღვის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურთა შორის. მათი არალეგალურ საპროფესიო კავშირის დაარსების შემდეგ, კ. ჯავრიშვილს ირჩევენ მეზ. კავშირის მდივნათ და ბეჭდვითი ორგანოს „Морская волна“ რედაკტორად.

1912 წლის ზაფხულში კ. ჯავრიშვილს ატუსაღებენ და ციმბირში გზავნიან, სადაც 1912-1914 წელიწადის ბოლომდინ უხდება კრასნოიარისა და ენისეის ციხეებში ჯდომა და სამართალში აძლევენ 1907 წელს ციმბირიდან გაქცევის გამო. კრასნოიარის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1913 წლის „უკაზის“ ძალით, ანთავისუფლებენ მაღაროებში მუშაობიდან, რადგან 21 წლის არ იყო, როდესაც ციმბირიდამ გაიქცა და ხელმეორედ ასახლებენ მიჩენილ ადგილებში.

1908 წლის შემოდგომაზე საზღვარგარეთ მიდის და პარიზის უნივერსიტეტში ისტორიის და სოციოლოგიის ლექციებს უსმენს. იმავე დროს პარტიაში მუშაობასაც განაგრძობს: სოც.-რევ. პარტიის დამხმარე და ხელშემწყობ პარიზის ჯგუფის მდივნათ არის არჩეული. ავადმყოფობა აიძულებს შვეიცარიაში გადასახლდეს იგი, სადაც ორი წელიწადი რჩება და სანატორიუმში ექიმობს და ხანგამოშვებით მიდის პარიზს სამაცადინოთ. 1911 წელს რუსეთს მიემგზავრება და ხელახლა იწყებს პარტიულ მუშაობას ბაქოში და ამასთან ერთათ თანამშრომლობს ადგილობრივ ლეგალურ პრესაშიაც.

ენისეის გუბერნიის მინუსინის მაზრისა და თვით ქ. მინუსინსკში ცხოვრების დროს სხვა გადასახლებულებთან ერთათ (ნ. ი. ბიხოვსკი, ვ. კ. მიროვი, მ. ი. ხაჩატუროვი და სხვ.) მუშაობს კოოპერატიულ სფეროში: კოოპერატივთა კავშირის გამგეობის წევრი და მდივანია. თებერვლის რევოლიუციის დროს სოც.-რევ. პარტიის წარმომადგენელია ადგილობრივ თავდაცვის კომიტეტში. ციმბირიდან წამოსვლის შემდეგ უმთავრესად პეტროგრადში მუშაობს მთავარ საადგილ-მამულო კომიტეტში და იმავე დროს როგორც წევრი-რედაკტორი გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან ე. კ. ბრეშკოვსკის ქალის თავმჯდომარეობით დაარსებულის „ბეჭდვითი კაბინეტისა“.

შრომები
ტ. ჯავრიშვილის კალამს ეკუთვნის პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში გაფანტული მრავალი წერილები. სამშობლოში დაბრუნებისას პარტიულ ორგანოს „Дħло народа”-ს რედაკტორად იყო.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე

(დ. 1885) მისამართი: გუნიბის ქუჩა, №54

საშუალო სწავლა მიიღო ტფილისის ქართულ გიმნაზიაში. გიმნაზიის გათავების შემდეგ შევიდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ აპირებდა პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებას, მაგრამ რუსეთის მთავრობამ იგი პოლიტიკურად არა საიმედოდ იცნო და გიმნაზიიდან დაითხოვა.

სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო „ივერია“-ში, რომელიც გრ. ყიფშიძის რედაქტორობით გამოდიოდა. პირველი მისი წერილი დაიბეჭდა 1903 წელს. როდესაც გაზეთი ფ. გოგიჩაიშვილის ხელში გადავიდა, ამ უკანასკნელმა არჩილ ჭაჭანაშვილი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. „ივერიიდან“ მერე „ცნობის ფურცელ“-ში გადავიდა და მას შემდეგ დღევანდლამდის განაგრძობს თანამშრომლობას „ცნობის ფურცელ“-ში. მომდევნო სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთებში, როდესაც ჟანდარმერიამ გაზეთი „დროება“ გაჩხრიკა და თანამშრომლები დემონსტრაციულად სხვა და სხვა ადგილებში გადაასახლა, არჩილ ჭაჭანაშვილი რამდენიმე ხნის განმავლობაში რედაქტორობდა გაზეთს.

1914 წელს დატუსაღებულ იქმნა, რის [..]დეგ გამ[..]ა პრავაკატორის ვანო კას[..]შვილის დაბეზღებით მაგრამ რადგანაც არავითარი საბუთი არ აღმოაჩნდა, გაანთავისუფლეს.

ამის გარდა ფრონტზე იყო სამუშაოდ […]სთან იგი არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრთა კანდიდატად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი შევიდა ეროვნულ საბჭოში-როგორც წევრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გობეჩია იოსებ პავლეს ძე

(დ. 1879, ქ. ქუთაისი). პარლამენტის წევრი.

კლასიკურ გიმნაზიას ათავებს და ადესის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე მიდის.

1901 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დაატუსაღეს ადესაში და ადმინისტრაციული წესით ასახლებენ სამშობლოში.

ამავე წელს ქუთაისში ერთ კრებაზე საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლის შესრულების იუბილეის გადახდის გამო საპროტესტო სიტყვის წარმოთქმისათვის მეორედ ატუსაღებენ და საქმე შინაგან მინისტრის სეპიაგინის ხელში გადადის. შემდეგ კვალად ადესაში ასახლებენ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ უნივერსიტეტში შესვლის უფლება კი არა აქვს. 1902 წელს უფლებას აძლევენ უნივერსიტეტში შესვლისას.

ამ ხანებში ეყრება საფუძველი გამოჩენილ რევოლიუციონერის ლებედინსკის (ლებედინსკი 1908 წელს სიკვდილით დასაჯეს პეტროგრადში – იტალიელ კორესპოდენტის კალვინოს გვარით; ხსენებული ლებედინსკი ლ. ანდრეევსა ჰყავს გამოყვანილი ვერნერის გვარით მოთხრობაში: „Разсказъ о семи повъшенныхъ“) . მეთაურობით სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელ კომიტეტს, რომლის მთელ შემადგენლობას 1904 წელში ატუსაღებენ ჟანდარმები და მათ რიცხვში გობეჩიასაც.

ერთი წლის ციხეში ყოფნის შემდეგ ანთავისუფლებენ და უბრუნდება კვალად კავკასიას და მხურვალე მონაწილეობას იღებს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ახლად აღორძინებულ ორგანიზაციათა მუშაობა-განმტკიცებაში.

ეს დრო იყო რუსეთის პირველი რევოლიუციისა 1905-06 წლები.

ალიხანოვის ცეცხლითა და მახვილით გამოლაშქრება აიძულებს გობეჩიას არალეგალურ ნიადაგზე გადასვლას და მებრძოლი რაზმის ორგანიზაციის მოწყობას. პარტიის დადგენილებით ეს რაზმი ახდენს ტერორისტული აქტებს (ალიხანოვზე-ქუთაისში, კეღამოვზე-ზუგდიდში, მარტინოვზე-თბილისში და სხვ.)

როგორც ამიერ-კავკასიის ს. რ. პ. საოლქო კომიტეტის წევრი, 1906 წლის დამლევს, კომიტეტისავე დადგენილებით მესამე პარტიულ საბჭოს ყრილობას ესწრება ფინლიანდიაში (იმატრაში). 1907 წელს კი მეორე სათათბიროს მოწვევის წინ თბილისიდან ირჩევენ დელეგატათ ტამერფოსში მოწყობილ პარტიულ მეორე ყრილობაზე დასაწრებლად. დაბრუნებისას თბილისში სხვისი გვარით იჭერენ და ასახლებენ თბილისიდან მ-ძეს გვარით მიდის ადესაში და უნივერსიტეტის რეკტორის პეტრიაშვილის დახმარებით უნივერსიტეტში შედის მეოთხე კურსზე.

1908 წელს თავისი ნამდვილი გვარით ათავებს უნივერსიტეტს, ხოლო ქალაქში სხვა გვარით სცხოვრობს, გამოცვლილი გვარითვე უკითხავს ლექციებს ასტრონომიიდან და მათემატიკიდან სახალხო მასწავლებელთ ქ. ხერსონში. ამავე დროს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილების გამო მას დაეძებს დასაჭერად პოლიციის დეპარტამენტი.

მიუხედავათ ამისა 1909-11 წ.წ. ბაქოში სცხოვრობს, მუშათა პროფესიონალურ კურსებზე და სახალხო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ასტრონომიიდან. ამ ხანებში გამოდის ბაქოში ქართულ ენაზე პარტიული ორგანო „მარცვალი“ და რედაქციის კოლეგიის წევრთა თავის ძმა ვლადიმერთან (ისიც არალეგალურად სცხოვრობდა) და გიგა ჯუღელთან (კატორღაში გარდაიცვალა) ერთად.

ს. რ. პ. ცენ.-კომ. დავალებით პარიზიდან რამდენიმე ამხანაგი ჩამოდის ბაქოში. ძლიერდება სოც. რევ. პარტიის მუშაობა, არც ჟანდარმებს სძინავთ სამაგიეროდ, შეიტყობენ მის ვინაობას და იძულებული ხდება საზღვარ-გარედ გაიქცეს.

სახელგანთქმული ვარსკვლავთმრიცხველი ფლამარიონის შემწეობით ერთ წელიწადს მუშაობს პარიზის ობსერვატორიაში, მაგრამ მატერიალური ხელმოკლეობა აიძულებს შესწყვიტოს მუშაობა მეცნიერების ამ დარგში და გრენობლის საპოლიტეხნიკუმო ინსტიტუტში შედის, რომელსაც ინჟენერ-ელეკტრო-ტეხნიკის ხარისხით ათავებს და პარიზში განაგრძობს მუშაობას როგორც ინჟენერი; მაგრამ აი დაჰკრა დიდმა ზარმა – რუსეთის დიდი რევოლიუცია საშვალებას აძლევს მიატოვოს უცხოეთი და დაბრუნდეს რუსეთში. პეტერბურგში ჩამოსვლისთანავე კერენსკის დროებითი მთავრობა კავკასიის ფრონტის სამხედრო კომისრად ნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ირჩევენ თავჯდომარეთ სოც.-რევ. საპარლამენტო ფრაქციისა და წევრად საქართველოს სოც.-რევ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გობეჩია ივანე პავლეს ძე

(დ. 10 დეკემბერი 1881, ქ. ქუთაისი). ნაფიცი ვექილი, სოციალისტ-რევოლიუციონერი.

განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც გაათავა იურიდიული ფაკულტეტი.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მუშაობა დაიწყო ქ. პეტერბურგში 1902 წელს. უმთავრესად პარტიულ მუშაობას აწარმოებდა მუშათა ორგანიზაციებში.

1904 წლიდან 1909 წლამდე განიცადა სხვა და სხვა გვარი ადმინისტრატიული შევიწროვებანი: გაჩხრეკა, ციხეში ჯდომა, გამოძიება ბრალდების წამოყენებით (126 მ. სისხ. სმ-ლებ.), ეტაპი და სხვა.

უნივერსიტეტის გათავების შემდეგ 1910 წელს ჩაიწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ ქ. ქუთაისში და, როგორც ვექილმა-დამცველმა, მონაწილეობა მიიღო ბევრ პოლიტიკურ პროცესებში (მაგალითად: ზოტიკე ჩიქვილაძის, მელიტონ გობეჩიას და სხვა პროცესი).

იყო მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოც. რევოლუციონერთა ფრაქციის მდივნის თანაშემწე.

მონაწილეობს მესამე პარტიულ ყრილობის მუშაობაში ქ. მოსკოვში, როგორც ქუთაისის გუბერნიის პარტიულ ორგანიზაციების დელეგატი.

1917 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ აირჩია დელეგატათ პეტერბურგის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებლათ.

1917 წლის თებერვლის რევოლიუციის პირველ დღეებიდანვე ასრულებდა უკანასკნელ დრომდე სხვა და სხვა თანამდებობას: იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკსცთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ, კავკასიის ჯარის მხარის საბჭოს წევრი, ქ. ქუთაისის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და ქუთაისის გუბერნიის კომისრათ.

1917 წლის განმავლობაში იყო არჩეული ქუთაისის გარნიზონის მიერ დელეგატათ კავკასიის ჯარის პირველს და მეორე ყრილობაზე დასასწრებლათ.

იხ. სტალინური სიები საქართველოდან

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე

(დ. 27 ნოემბერი, 1867, სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახი – გ. 19 მაისი, 1923, თბილისი). პარტიული მიმართულებით – დამოუკიდებელი. ეროვნებით ქართველი.

პროფესია – სამხედრო, სახელმწიფო (სამოქალაქო) და საზოგადოებრივი (общественная) სამსახური.

განათლება მიიღო კადეტის კორპუსში თბილისში და სამხედრო სასწავლებელში პეტროგრადში. ბინა თბილისში აქვს – ბებუთოვის ქუჩა, სახლი 46.

სამხედრო სამსახური არტილერიაში. თბილისის საადგილ მამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი 1906-1913 წ. 1913 წლის დამდეგში ამორჩეულ იყო ქართლ-კახეთის თ. აზნ. წინამძღოლად, რის გამოც დაანება თავი სამხედრო სამსახურს და ბანკის კომიტეტის წევრობას. იყო представитель организационного по созыву VII съезда Холодильного дела в России, который состоялся в Тираполе, в декабре 1913 г. Затем – председателем Холодильного Коммитета в Тирасполе – თავმჯდომარეობდა იმ ინიციატორთა ჯგუფს, რომელთაც დაარსეს ამიერ კავკასიის ბანკი. ომის დაწყობაში, 1914 წ. აგვისტოში, ყოფილ ნამესტნიკის თხოვნით აფხაზი ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში, წინამძღოლობის თანამდებობის აღსრულებით და მიენდო ახალი არტილერიის ბრიგადის შედგენა, რომლის უფროსადაც დაინიშნა. ოკტომბერში ბრიგადა გავიდა ოსმალეთის ფრონტზე. 1915 წ. მარტში მეხუთე კორპუსში აფხაზი ბრიგადით გაემართა დასავლეთ ფრონტზე. იქ დაჰყო 1915 წ. დეკემბრამდის, როდესაც ყოფილ ნამესტნიკმა ნიკოლოზმა გამოიწვია თბილისში წინამძღოლობის თანამდებობის ადგილობრივ აღსასრულებლად. 1916 წ. იანვარში სამხედრო მინისტრის განკარგულებით აფხაზი დაინიშნა уполномоченный председатель особого собрания по обороне Государства и председателем Закавказского совещания Кавказского района იანვარშივე შეადგინა –заводское совещание თებერვალში, გიორგი ლავროვის თხოვნით Председатель Глав. Коммитета. Всерох. Земс. И Городс. Союзов) აფხაზმა მიიღო თავმჯდომარეობა в коммитет Инжинерно-Строительного дружин Кавказского округа რომელიც შესდგა თბილისში.

1916 წელს აფხაზი ხელმეორედ იყო არჩეული ქ. კ. თ. აზნ. წინამძღოლად; იმავე წელს ოქტომბერში რუსეთის თ. აზ. კრებულიდან იყო არჩეული სახელმწიფო საბჭოს წევრად. 1917 წელს აფხაზი ამორჩეულ იყო создать проедставительство инжинерно-сторительных дружин – представитель К-а იმავე წელს თავმჯდომარეობდა იმ ინიციატორთა ჯგუფს, რომელმაც დააარსა ქართული უნივერსიტეტი და შეიმუშავა საზოგადოების წესდება.– როგორც წინამძღოლი ოფიციალურად და კერძოდ აფხაზი იღებდა მონაწილეობას და იყო წევრად შემდეგ დაწესებულებებში: – В Губернском по презванным дням присутствий; В Губерн. по воинской повинности присутсвий; в Губ. Коммитет мелкого кредита, в Губ. Селовых. Совещаний; в раскладочном пристутствии; в них сохранит . К-т. Председателем в распоряд. Ком-т общ. Дворян для соучаствия нуждающимся в обучении. В Кавказском краевном Совещании по объединению длительных уполномоченных особых совещанний. В особых присутствиях Судебной палаты. Членам Глав. Коммитета по устройству политехникума в Тирасполе. В попечительствах, приютах, в селевых хоз. обществах и других оргпнизациях….

1917 წელს ნოემბერში აფხაზი იყო ამორჩეული საქართველო საეროვნო საბჭოთა წევრად.

დაკავებული თანამდებობები

  • თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტი, წევრი (1906-1913)
  • თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, თავმჯდომარე (1917-1918)
  • რუსეთის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1916-1917)
  • სამხედრო ცენტრი, ხელმძღვანელი (1922-1923)
  • საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, წევრი (1922-1923)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1919)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, თავმჯდომარე (1921-1923)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, დამფუძნებელი (1917-)
  • ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) (1916-1917)
  • ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) (1913-1914)

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე

(დ. 15 იანვარი, 1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა – გ. 1943) ქართველი, ჟურნალისტი, ეროვნულ-დემოკრატი.

სწავლობდა სათავადაზნაურო გიმნაზიაში, თბილისში. განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს გიმნაზიას თავი დაანება და მუშაობდა სოციალ-ფედერალისტთა პარტიაში. 1906 წელს გაემგზავრა საფრანგეთს, მაგრამ მალე დაბრუნდა. 1907 წელს ისევ წავიდა საზღვარგარედ და 1909 წლამდე სცხოვრობდა ვენაში და ითვლებოდა უნივერსიტეტში თავისუფალ-მსნენელად ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნებისას მონაწილეობას იღებდა ჟურნალ „ერში“. 1911 წელს, როდესაც ს. ფედერალისთა პარტიის მეთაურნი დატუსაღებულ იქმნენ, ისიც მოხვდა მათ რიცხვში, თუმცა ამ დროს ის პარტიაში აღარ ირიცხებოდა. 1912 წლის დამლევს სხვებთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს გადასახლდა ქუთაისში და იქ რედაქტორობდა გაზეთ „სამშობლოს“ და შემდეგ „იმერეთს“. 1915 წელს გაწვეულ იქმნა ჯარში. დასავლეთის ფრონტზე და გაატარა იქ წელიწად ნახევარი. რევოლუციის დასაწყისში ჩავიდა საქართველოში და მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში და გაზეთ „საქართველოში“. საქართველოს ინტერპარტიულ ბიუროსაგან გაგზავნილ იყო დელეგატათ რუსეთის დემოკრატიულ ყრილობაზე. იმავე ყრილობაზე არჩეულ იმნა წინასწარ პარლამენტის წევრად. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრად. არის წევრი ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის მთავარ კომიტეტისა.

დაკავებული თანამდებობები

ლიტერატურა

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 14 ენკენისთვე, 1883, სოფელ ქვითკირის წყარო (დუშეთის მაზრა).

გაორებული ქართველი. მარქსის მოძღვრების მიმდევარი. ავტომობილისტი-ზეინკალი.

თფილისის ადრესი: ერმოლოვის ქუჩა №11. სამიწათმოქმედო სამინისტროს სახლი.

გავათავე „ნაძალადევის უნივერსიტეტი“ ე. ი. სოციალ-დემოკრატიული წრე.

ჩემი მოღვაწეობის შესახებ წარსულში კითხეთ საოლქო კომიტეტს მუშათა პარტიისას, ვინაიდგან მე მეძნელება ჩემი მოღვაწეობის აღწერვა

12-9-18. ა. ი. ფარნიევი

 წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

უროტაძე გრიგოლ ილარიონის ძე

(დ. 1884, სოფ აცანა, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია). ქართველი.

პარტიული რწმენა – სოციალ-დემოკრატები (მეუმცირესე)

ყოფილი სტუდენტი ფსიქო-ნერვიული ინსტიტუტისა (პეტროგრადი)

პარტიული მუშაკი. იყო დატყვევებული ხუთჯერ. ორჯერ გადასახლებული, (ერთხელ კავკასიიდან, მეორე ჯერ პეტროგრადიდგან). ყოფილი ფაქტიური რედაქტორი სოც.დემოკ. ცენტრალური ორგანოსი და ქუთაისის „სოციალ დემოკრატის“.

თავმჯდომარე ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსი, თავმჯდომარე ქუთაისის საგუბერნიო აღმსრულებადი კომიტეტისა. თავმჯდომარის ამხანაგი ქუთაისის ქალაქის საბჭოსი, წევრი ქუთაისის ს.დ. კომიტეტისა.  

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ლორია ფილიპე გლახუნის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 19 მარიამობისთვე, 1878, სოფელი „ნოღაში“ (საჯევახოს მხარე აღმოსავლეთ გურიის საზღვრებთან). ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერ.). ქართველი. თფილისის ტრამვაის მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწე. საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრი 

თფილისის მისამართი (ადრესი) მეთორმეტე სამილიციო ნაწილი, შერემეტიევის ქუჩა. სახლი. სახლი 40 ნომერი (დიდუბეში) ფ. გ. ლორია.

პარტიული რწმენა – რწმენით სოციალ-დემოკრატი (მეუმცირესე) ვითვლები პარტიაში 1903 წლიდგან.

განათლება მივიღე ჩემ სოფელ ნოღაში სამრევლო სკოლაში. ამით დავამთავრე ჩემი განათლების გზაზე მსვლელობა.

1903 წლიდგან ბევრი უმიზნოთ აქეთ იქით მოგზაურობისა დავდექი სამსახურში. თფილისის ქალაქის თვითმართველობაში, სადაც დავყავი ორნახევარი წელიწადი, და სადაც მეტი საშუალება მომეცა გავცნობოდი ტრამვაის მუშა მოსამსახურეთა მაშინდელ მოწინავე ამხანაგებს და იმათი საშვალებით გავიგე და დაუახლოვდი მუშათა მოძრაობის მაშინდელ ხელმძღვანელებს ჩვენში და დღემდის შეძლების დაგვარათ განვაგრძობ ამ გზაზე შრომას. ქალაქის თვითმართველობიდგან ორ წლინახევრის შემდეგ 1905 წელს დამითხოვეს სამსახურიდგან რადგანაც ის საქმე, რასაც მე თვალყურს ვადევნებდი იჯარით გასცა ქალაქის გამგეობამ და მეც უადგილოთ დავრჩი.

რამდენიმე ხნით სოფელში წავედი. ეს ის ხანა იყო როცა ჩვენი ქალაქები და სოფლები პირველი რევოლიუციის ტალღებისაგან აღფრთოვანებულები იმედით შეჰყურებდნენ მომავალს. მეც სოფლის ამხანაგებთან ერთად ვეწეოდი არაერთ მუშაობას. მაგრამ როცა თავისუფლება და რევოლიუცია ხანმოკლე გამოდგა და დეკემბრის (1905 წელს) რეაქციამ წამოყო თავი. სხვა და სხვა დამსჯელმა რაზმები მოედო სოფლად სათარეშოთ განსაკუთრებით მთელს გურიას და მის მეზობლათ მდებარე რაიონებს, ალიხანოვ ავარსკების და სხვათა მეთაურობით, დაუწყეს სოფლებს განადგურება.

ამ დროს ზოგიერთმა ამხანაგებმა ისევ ქალაქებს მივაშურეთ და აქ ჩავებით არაერთ მუშაობაში. 1906 წელს მარტის უკანასკნელ რიცხვებში დავდექი თფილისის ტრამვაიში სადაც დღემდის განვაგრძობ მუშაობას და სადაც ამ ხნის განმავლობაში ბევრი დევნა და შევიწროვება გამოვიარე სხვა ამხანაგებთან ერთად, როგორც მთავრობისაგან ისე მაშინდელ ტრამვაის ადმინისტრაციისაგან.

1913 წელს მარიამობისთვის ბოლო რიცხვებში ტრამვაიში ეკონომიური გაფიცვის მოწყობისათვის სხვა ამხანაგებთან ერთად დამატუსაღეს და მეტეხის ციხეში მომათავსეს, სადაც დავყავი დაახლოვებით ერთ თვეზე მეტი და საიდგანაც გაფიცვის მუშა მოსამსახურეთა გამარჯვებით გათავების შემდეგ, ტრამვაის დირექციამ თავდებობით გაგვანთავისუფლა. მთავრობამ კი პასუხისგებაში მიგვცა როგორც დამნაშავეები, მაგრამ თფილისის საოლქო სასამართლომ ყველანი გაგვამართლა.

მეორეთ დამატუსაღეს 1914 წელს ივლისის 9 ს. გათენებისას. და ისევ მეტეხის ციხეში ჩამსვეს კიდევ ტრამვაის გაფიცვის მოწყობისთვის სადაც დავყავი ივლისიდგან ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე. მემრე კი გადამასახლეს რუსეთში სარატოვის გუბერნიაში ქალაქ ცარიცინში, ჩვენში სამხედრო წესების მოხსნამდის.

(ომი ახალი დაწყებული იყო და მთელ ამიერკავკასიაში სამხედრო წესები იყო გამოცხადებული).

რუსეთში დავრჩი 1915 წლის მაისის შვა რიცხვებამდე საიდგანაც გამანთავისუფლეს მაშინდელი სახელმწიფო სათათბიროს წევრის და ახლა კი ჩვენი საქართველოს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის დიდათ პატივცემულის ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძის შვამდგომლობით მაშინდელი კავკასიის უმაღლესი მთავრობის წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოგზაურობის შემდეგ ისევ დაუბრუნდი ტრამვაის სამსახურს, სადაც დღემდის განვაგრძობ მუშაობას.

რევოლიუციის პირველი დღიდგანვე არჩეული ვარ სხვა და სხვა რევოლიუციონურ ორგანიზაციებში, მაგალითათ მუშათა და სალდათთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ.

ტრამვაის საავათმყოფო გამგეობის წევრათ დღიდგან დაარსებისა. 1913 წლიდგან პროფესიონალურ კავშირის გამგეობის წევრათ და ბოლოს საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრათ.

ეროვნულ საბჭოს წევრი ფილიპე გლახუნის ძე ლორია
1918 წელი. 9 სექტემბერი
ქ. თფილისი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი