ღლონტი თევდორე ზურაბის ძე

დ. აპრილის თვე, 1888. დაამთავრა ეკონომიური განყოფილება აწ არსებულ პეტროგრადის კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტში, სადაც საგანგებოდ მუშაობდა ს. ნ. პროკოპოვისის ხელმძღვანელობით.

ყმაწვილობიდანვე განსაკუთრებით ეტანებოდა პოლიტიკურ ეკონომიას და ჯერ კიდევ გიმნაზიელების წრეში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის შესწავლას ჟელეზნოვის, ბოგდანოვის და ჩუპროვის საშუალებით.

1905-06 წლებში ხელმძღვანელობდა სამშობლო სოფელ ლანჩხუთში (გურია) მკითხველთა წრეებს, რომელიც დაარსდა სოც.-დემოკრატიულ ორგანიზაციის მიერ, სადაც პარტიის წევრად ირიცხებოდა. 1906 წელში ადმინისტრაციამ განდევნა სოფლიდან გაზეთებში თანამშრომლობისათვის. პირველად დაიწყო თანამშრომლობა რუსულ გაზეთებში, ქართულში კი პირველი ფელეტონი დაბეჭდა გაზეთ „ელვაში“ შემდეგი სათაურით: „დამარცხდება თუ არა მოძრაობა?“. პეტროგრადში, სადაც სპეციალურად შეისწავლა კლასიკური ეკონომიური მეცნიერება გატაცებული იყო ფრ. ლისტის მოძღვრებით და ქართულ ეკონომიკის შესწავლას მიჰყო ხელი. პეტროგრადში რამდენიმე ლექცია წაიკითხა კურსებზე სოფლის ეკონომიკაზე ევროპაში. იქვე თანამშრომლობდა ჟურნალ „ეკონომისტ როსიაში“ და მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულ სტატისტიკურ გამოცემებში, რომლის საპატიო თანამშრომლად ამ ჟამადაც ითვლება.

პეტროგრადიდანვე 1909 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ქართულს გაზეთებში, წერდა აკადემიურ საგნებზე და თავის მონოგრაფიებს ათავსებდა ყველა მიმართულების გაზეთ-ჟურნალში. თავის ნაშრომები დაბეჭდა „ახალ გზა“-ში, „მერცხალში“, ჟურნალ „კოპერაციაში“, „კლდე“-ში და „სახალხო ფურცელში“. 1911 წლიდან სამშობლოში დაბრუნებისას პოლიტიკურ საკითხებზე წერამ დაუკავშირა სოციალისტ-ფედერალისთა პარტიას. 1913-14 წლიდან თანამშრომლობს მხოლოდ სოც.-ფედ. პრესაში, მოწვეულია „სახალხო საქმის“ მთავარ თანამშრომლად. არის სოც.-ფედ. პარტიის მთავარ გამგეობის წევრი, თავმჯდომარეა ტფ. კოოპერატივის „მეურნესი“ და წევრია ამიერ-კავკასიის საკოპ. კავშირის ზედამხედველი საბჭოსი. მონოგრაფიებში აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმეს: თავად-აზნაურობის მიწისმფლობელობა საქართველოში; გლეხკაცობის მდგომარეობა საქართველოში, „მუშა ქალი საქართველოში“, „ქალი და კოოპერაცია“, „აგრარული საკითხი საქართველოში“, „ქართველ ერის სტატისტიკა“, „რუსული იმპერიალიზმი საქართველოში“, „ეროვნული საკითხი და სოციალდემოკრატია“, „ომი და ფედერალიზმი“, „ერობა საქართველოში“. ავტორს მრავალი წერილი აქვს ირიგაციის, მელორაციის, კრედიტის, მუნიციპალურ და სახელმწიფოებრივ საკითხების შესახებ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ქარუმიძე შალვა ალექსანდრეს ძე

დ. 1887, სოფ. თორტიზა (ქართლი). ეროვნულ-დემოკრატი.  

საშუალო განათლება ტფილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო; უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში (ისტორიულ-ფილოლ. ფაკულტეტი) დაასრულა 1912 წელს. ამ ხნიდამ მასწავლებლობდა ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო სემინარიაში, დედათა ინსტიტუტში. 1913 წელს მიწვეულ იქმნა ლექტორად სახალხო უნივერსიტეტში, სადაც სამი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიიდამ. ამავე წლიდამ არჩეულია საქართველოს „საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების“ გამგეობის წევრად.

1914 წელს „ამიერ კავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის“ პირველმა ყრილობამ აირჩია საბჭოს წევრად, სადაც პირველ ხანს მდივნობდა.

მსოფლიო ომის დაწყებისას – სხვებთან ერთად დააარსა აქაური განყოფილება „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა“, რომლის მთავარი განყოფილება  მიხაკო წერეთლისა,  გიორგი მაჩაბლის და სხვა მამულიშვილთა ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ბერლინში და საქართველოს საკეთილდღეო შრომას ეწეოდა ცენტრალურ სახელმწიფოთა კავშირის წინაშე.

დაკისრებული ჰქონდა უმთავრესათ მეზობელ ერებთან თანხმობისა და კონტაქტის დაჭერა მთავარ კომიტეტთან მუდმივი განუწყვეტელი კავშირისათვის ორგანიზაციის მოწყობა, ხელმძღვანელობა. ამ საქმიანობისთვის დაჯილდოვებულია თამარ დედოფლის ორდენით. 1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ დანიშნა თავის რწმუნებულად ხევსურეთის საქმეებში. საზოგადოების თავმჯდომარესთან მ. ვ. მაჩაბელთან ერთად იშუამდგომლა ყოფილი დიდი მთავრის წინაშე და ხევსურეთს ააცილა როგორც ეგზეკუცია, რომელიც იგზანებოდა მათ დასასჯელათ, ისე სამხედრო ბეგრის მოხდა. უთანამშრომლია „კლდეში“, საქართველოში და ბერლინის „ქართულ გაზეთში“.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

დ. 1885, ოზურგეთი. ქართველი. სოციალ-დემოკრატი (უმც.). ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: განოვის ქუჩა, სახ. №3, ბ. №1. ტელ. 6-83..

გავათავე მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1905 წ. შევედი ადესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე. 2 აპრილის 1908 წ. დამიჭირეს ადესაში და მიმცეს პასუხის გებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის (1 ნაწ. 102 მუხ. სის. სამ.): მბრალდებოდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრობა. ერთი წლის და ოთხი თვის წინასწარ დაპატიმრების შემდეგ გამასამართლა ადესის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც გამამართლა მე და ჩემთან ერთათ სხვა რვა სტუდენტები. განთავისუფლების შემდეგ ადესის უნივერსიტეტში არ მიმიღეს და შეველ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1909 წელს, რომელიც გავათავე 1913 წელს.

რევოლიუციის ხანაში ვიყავი: ქ. ქუთაისის კომისარათ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ; ნოემბრიდან 1917 წ. ვიყავი ამიერ კავკასიის მთავრობაში შრომის კომისრის ამხანაგათ და შემდეგ საქართველოს მთავრობაში შრომის მინისტრის ამხანაგათ 24 ივნისამდე.

1918 წ.

ილიკო გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალავა სამსონ

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მაისი, 1972). სოფ. მათხონჯი, ქუთაისის მაზრა

1906-07 წლ. ჩემის ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული საგლეხო ჟურნალი „გლეხი“ და „მიწა“, ხოლო 1902–09 წ. სალიტერატურო გაზეთი „მზე“ – „ფასკუნჯი“. ამის ერთი ნუმერი თვიური ჟურნალის სახით გამოვიდა 1919 წ.

დავიბადე 1872 წ. მაისის 4-სა, ქუთაისის მაზრაში, სოფ. მათხონჯში, გლეხის ოჯახში. პირველად ვსწავლობდი ხონის ნორმალურ სკოლაში, შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო უნივერსიტეტი – პეტერბურგისა იურიდიული ფაკულტეტი – დავასრულე 1898 წელს. ერთ ორ თვეს ვმსახურობდი ქუთაისის სახაზინო პალატაში, ამდენ ხანსვე ჭიათურაში ერთი მრეწველის კანტორაში. ტფილისში გადმოვედი 1901 წ.; ვიყავი გაზეთის კორექტორად. 1902 წელს ამირჩიეს წ. კ. საზოგადოების მდივნად და ამ თანამდებობაზე დავრჩი 1910 წლამდის. მწერლობა სისტემატურად დავიწყე გაზ. „ივერიაში“ 1901 წ. დეკემბრის 29-ს. მანამდის რამდენიმე წერილი მქონდა დაბეჭდილი „კვალში“ თეატრის შესახებ და ჭიათურის შთაბეჭდილებანი. 1902 წლის აპრილის 14-დან გავხდი მუდმივი თანამშრომელი „ცნობის ფურცლის“ და ამ დღიდან ვიღებდი ახლობელ მონაწილეობას სოც. ფედერ. პარტიის საპოლიტიკო და სამწერლო მუშაობაში.

ციხეში ვიჯექი სამჯერ: სტუდენტობის დროს, 1906 და 1910 წელს. ამ წლის დეკემბერში გადამასახლეს რუსეთში, საიდანაც დავბრუნდი 1913 წელს.

მწერლობაში ჩემი ფსევდონიმები იყო: S – on, კალამი, სიტყვა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

სალუქვაძე ანანია მაქსიმელის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მარტი, 1889, ქ. ოზურგეთი (გურია)). ქართველი. სოციალ დემოკრატი. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი და ეროვნული საბჭოსი.  

თფილისის ადრესი – პრიუტსკის ქუჩა სახ. №27.

პატარობას ვიყავი  ნოქრათ, შემდეგ მანთაშევის ქარხანაში მიმიღეს ტეხნიკურ განყოფილებაში მოწაფედ, მაგრამ ქარხნის დაკეტის გამო აღარ მიმიღია სრულათ სწავლა. 17 წლიდან ჩემი პროფესია იყო კორესპოდენტობა და ვიყავი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პროფესიონალური მომუშავე.

შკოლაში სრულიად არ ვყოფილვარ. ჩემით უმასწავლებლოთ შევისწავლე წერა-კითხვა. შინაური განათლებით.

პატარაობიდან ვმუშაობდი არალეგალურ ორგანიზაციებში, ორგანიზაციებს გარდა მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა კულტურულ-გამანათლებელ-ეკონომიურ ორგანიზაციების დასაარსებლათ გურიაში. მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მუდმივი კორესპოდენტი ვიყავი ს. დ გაზეთისა. 1908 წელი, 1909 წელი და 1910 წლის ნოემბრამდი ვირიცხებოდი გურ. ს. დ. ცენ. კომიტეტის ხელმძღვანელათ.

ძველი რეჟიმის დროს შემდეგი შევიწროვებანი შემხვდა; პირველათ ჟანდარმებმა დამიჭირეს 1904 წელს 7 თებერვალს (14 წლის ვიყავი) მინახეს 60 ცალი „ოთხი ძმა“, „სარატოვის მუშების სიტყვა სასამართლოში“ 100 ცალი და ხვარბეთის რაიონისათვის გადასაცემი ბათუმის კომიტეტის მოწოდება გურიის გლეხებისადმი. ორი თვე და 20 დღის შემდეგ თავდების ქვეშ გამანთავისუფლეს, როგორც მცირეწლოვანი. ამ ტყვეობის დროს მკაცრი სასჯელი გადვიტანე. ციხის კამერაში მარტო ვიჯექი. ფიქრობდენ ჩემს გატეხვას და ამიტომ სამხელ გამროზგეს (მაზრის უფრ. ჯაფარიძემ და მისმა ხელქვეითებმა).

1907 წელს კვლავ დამიჭირეს, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს. 1908 წელს კი კიდევ დამიჭირეს და ორი თვე და 9 დღე გავატარე ციხეში. 1909 წელს კი თავს დამესხენ, მაგრამ მე გაქცევა მოვასწარი და მას შემდეგ ვცხოვრობდი არალეგალურათ – 1910 წლ. ნოემბრამდი. ამ ხნის განმავლობაში სასტიკათ მდევნიდენ. არა ერთხელ დამესხენ იქ-აქ, მაგრამ ხელში ვერ ჩამიგდეს, არაერთხელ ააწიოკეს ჩემი ბინა. ჩემი წიგნები, ბიბლიოთეკა მიითვისა ჟანდარმერიამ და აგრეთვე ჩემი ნაწერები; ორი მოთხრობა, „ობოლი სული“ და „დევნილი“, რომელიც დაიკარგა.

ორგანიზაციებში ჩემი საკეთებელი იყო ორგანიზაციების მოწყობა, მოწინავეთა შეკავშირება, პროპაგანდა, აგიტაცია და დემოკრატიული რესპუბლიკის იდეების გავრცობა.

1910 წელს ნოემბერს, რადგანაც სამხედრო ბეგარის მოხდა მიწევდა, გამოვცხადდი და გამიწვიეს ჯარში. ვმსახურობდი ქ. ოსტროგში (ვოლინის გუბერნია) „რილსკის პოლკში“. იქ გავიცანი სხვა და სხვა კუთხეებიდან ამხანაგები; პოლიაკები, ებრაელები, ლატიშები, რუსები და ქართველებთან ერთად შევქენით მეთერთმეტე კორპუსში ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე და პირველი კრება 1912 წელს მოვიწვიეთ ბუპკოვში.

1914 წელს ქ. ოსტროგში დამიჭირეს (29 იანვარს) სხვა ამხანაგებთან ერთად, რომელიც გამოიწვია პეტროგრადის 9 იანვრის ამბებმა, რასაც მოყვა ჟიტომირის ჟანდარმებისაგან ოსროგის ფოსტის გაჩხრეკა, სადაც დაიჭირეს პეტროგრადიდან გამოგზავნილი ჟურნალ-გაზეთები; „ნაშა ზარია“, „პრავდა“, „რაბოჩაია გაზეტა“ და სხვა და სხვა. ამის გამო 8 კვირა დავყავი „კარცერში“ მარტოთ, წყალზე და პურზე. შემდეგ დაავათმყოფდი და გადამიყვანეს სამხ. საავათმყოფოში.

ომის მოახლოვების გამო სასამართლოს აღარ გაურჩევია საქმე. 1915 წლის დეკემბერში დავბრუნდი სამშობლოში დაავათმყოფებული, რადგანაც ყინვებმა სხეული დააზიანა.

ჯარში ყოფნის დროს დავსწერე მოთხრობები: „პანი“, რომელიც წამართვა პოლკის უფროსმა მიშაკოვმა. „ტყის ძმები“ გურიის ცხოვრებიდან, რომელიც ეხლა იბეჭდება. „შრომის სამეფოში“, რომელიც დაიბეჭდა „თეატ. და ცხოვრებაში“

1916 წლიდან ვმუშაობდი თფილისის ორგანიზაციებში, ვაწყობდი ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს, ეკონომიურ გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი. და ვიყავი თფილისის ს. დ. კომიტეტის პასუხისმგებელ ორგანიზატორათ და ამავე დროს წევრი ამ. კავკ. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი.

პარტიაში სხვა სახელი მქონდა, უმეტესათ მეძახოდენ „გერკულესს“ და „თფილისელ მუშას“.

აი მოკლეთ. ოჯახური პირობებით ღარიბი, ობოლი. გაჭივრება-შიმშილი და თრევა, აი ჩემი ცხოვრება.

რევოლიუციის შემდეგ მუშათა საბჭო და სოციალ-დემოკრატიული პარტია მგზავნიდა სხვა და სხვა ადგილებში პროპ.-აგიტაციისათვის, ორგანიზაციების მოსაწყობათ, რაზმების შესადგენათ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე

ბიოგრაფია

(დაიბადა 1 დეკემბერი, 1888)

გიმნაზია გაათავა ქალ. ქუთაისში 1906 წ. უნივერსიტეტი პეტროგრადში გაათავა 1910 წ. ფილოლოგ. ფაკულტეტი.

1911-13 წ. მუშაობდა ლეიპციგის უნივერსიტეტში. ამავე წლებში დასტამბა შრომა რუს. ენაზე „Теорія науки“  ჟურნ. „Вопр. фил. и техн.“

1917 წ. დაამთავრა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო უფლება პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფ.-დეკანატობისა. 1918 წ. მოწვეულ იქნა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე. პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წ. ს. დემოკრატ. პარტიაში. 1908 წ. კითხულობდა საჯარო ლექციებს მარქსიზმის ფილოსოფიაზე.

1911 წ. დაშორდა პოლიტიკურ წრეებს. ეწეოდა მხოლოდ აკადემიურ მუშაობას. 1915 წ. დაიწყო მუშაობა ს. ფედერალისტთა პარტიაში. 1917 წ. არჩეული იყო სრულიად რუსეთის, ეროვნულ სოციალ. პარტიების ცენტრალ. საბჭოში, რომლის წარმომადგენელი იყო „დემოკრატიულ თათბირზე“ პეტროგრადში, სადაც მთელი რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია გამოაქვეყნა. ამავე ეროვნულ ფრაქციების პრეზიდიუმში იყო „რესპუბლიკის დროებით საბჭოში“. ამჟამად ს. ფ. მთავარ კომიტეტის წევრია.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე

დაიბადა 1885, სოფელი ჭავარები, გორის მაზრა. ოსი. სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნულ საბჭოს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია.

ელექტრო-ტეხნიკი, გერმანიაში მანგეიმის უმაღლესი საინჟინერო სასწავლებლის უკანასკნელ კურსიდან. სცხოვრობს ქ. თბილისში, ავჭალის მოედანზე ერისთავის სახლებში. ძველ რეჟიმში იყო სახალხო მასწავლებლად და ეწეოდა პროპაგანდა-აგიტაციას გლეხებში გორის მაზრაში. პარტიაში შევიდა 1903 წელს. 1904 წელს ჟანდარმებმა დაიჭირეს ცხინვალში. 1905 წელს იყო განთავისუფლებული მანიფესტით. რეაქციის დროს მუშაობდა ჯერ მოსკოვში, მერე თურქ-დაღესტნის ორგანიზაციებში, სადაც 1907 წ. იყო არჩეული

1908-1912 წლ. გაატარა გერმანიაში და შვეიცარიაში და მუშაობდა მანგეიმის და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. 1912-1917 წლებში სცხოვრობდა ქ. არმავირში ჩრდილო კავკასიაში და განაგრძობდა პარტიულ მუშაობას. იღებდა მონაწილეობას სოციალ-დემოკრატიულ პრესსაში „ Дарьял“, „Викторъ“ და „Писиров“ ას ფსევდონიმით. ქართულ პრესაშიაც განუწყვეტლივ იღებდა მონაწილეობას. არმავირში დაარსა „შრომის ბირჟა“, მუშათა ჯგუფი. სამხედრო-სამრეწველო კომიტეტთან, იყო ხმოსნად არმავირის ქალაქის თვითმართველობისა და რევოლიუციის დაწყებიდან 7 თვის განმავლობაში არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ არჩეულია კავკასიის მუშათა დეპუტატების ცენტრის წევრად. რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩევნების დროს იყო წამოყენებული სოციალ-დემოკრატიული პარტიასაგან კანდიდატად ყუბანის და შავის ზღვის საარჩევნო ოლქიდან. და ამიერ-კავკასიიდან ყოფილი წევრი ამიერ-კავკასიის სეიმისა და თავმჯდომარე, ოსების ეროვნულ საბჭოში.

გიორგი გაგლოევი

12 ენკენისთვე. 1918 წ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი