თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე

დაიბადა 5 იანვარი, 1863, სოფელ ლიხაური, ოზურგეთის მაზრა, გურია – გ. 21 თებერვალი, 1953. ქართველი. ისტორიკოსი, არქეოლოგი.  საზოგადო მოღვაწე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ეროვნულ-დემოკრატი

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა პეტროგრადის უნივერსიტეტში და დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1887 წელს.

იყო ჯერ მასწავლებლად, შემდეგ გამგეთ ტფილისის სათავად-აზნაურო სკოლისა, შემდეგ ისტორიის და ლათინური ენის მასწავლებლად ტფილისის ქალთა მეორე და ვაჟთა მეექვსე გიმნაზიებში. ახლა არქეოლოგიის პროფესორია ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აქვს მინიჭებული ამავე უნივერსიტეტის საბჭოსაგან ხარისხი მოძღვართ მოძღვრობისა ანუ დოქტორობისა […] მონაწილეობას იღებდა ყველა ქართულ კულტურულ დაწესებულებაში.

დამაარსებელია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, რომლის თავმჯდომარეთ ითვლება დღიდან დაარსებისა (1907 წ.). წევრია მრავალ სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოებისა, იყო მდივანი მოსკოვის საარქეოლოგო საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა, ეხლა არის საპატიო წევრი იმავე განყოფილებისა. ნამდვილი წევრია კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო ინსტიტუტისა. მას ეკუთვნის მრავალი შრომანი და გამოცემანი ქართულს და რუსულს ენაზედ (ცალკე ჩამოთვლა ბევრს ადგილს დაიჭერს). ორი მისი შრომა დაჯილდოვებულია ოქროს მედლებით. ერთი რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ, მეორე რუსეთის საარქეოლოგიო საზოგადოების მიერ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ვეშაპელი გრიგოლ გიორგის ძე

ვეშაპელი  გრიგოლ გიორგის ძე (ვეშაპიძე) – დაიბადა 1812, გლეხის შვილის ოჯახში. ლიტერატორი. რედაქტორი გაზეთ „კლდისა“.

თბილისის ადრესი – იზმაილოვის ქ. 27, № 3. ტელეფონი 10-25. სოფლის ადრესი – ს. საირხე (ზემო იმერეთი) საკუთარი მამული.

დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატი (ფრაქციის თავმჯდომარე)

პირველი სწავლა მიიღო მამისაგან; საშუალო სწავლა მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, დაამთავრა იგი („ვერცხლის მედალი“) 1910 წელს. გიმნაზისტობის დროს დაიწყო თანამშრომლობა ქართულ და რუსულ პრესაში.

იმავე 1910 წელს დაენიშნა „კავკასიის ოლქის სახაზინო სტიპენდია“. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფნის დროს თანამშრომლობდა როგორც თბილისის, ისე მოსკოვის პრესაში („Русскія Вђдомости,[…]). მუშაობდა და იყო გამგეობის წევრად ქართულ სტუდენტურ სათვისტომოში, აგრეთვე მოსკოვის ქართულ კოლონიის საკულტურო სამეცნიერო საზოგადოებაში.

უნივერსიტეტში ყოფნის დროს ერთი აკადემიური წლით გამორიცხული იყო ფაკულტეტიდან სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის.

ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1916 წელს, შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის ლექციებს ისმენდა – ისტ. ფილოლ. ფაკულტეტზე ყოფნის დროსაც. 1916 წლიდან იღებდა უახლოეს მონაწილეობას გაზეთ „საქართველოში“.

1917 წელს, რევოლუციის დაწყების შემდეგ თავი გაანება იურიდიულ ფაკულტეტს და დაბრუნდა საქართველოში. 1917 წლის აპრილიდან ვიდრე 1918 წლამდის იყო გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორად და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დამფუძნებელი კონფერენციის მიერ არჩეულ იყო პარტიის მთავარ კომიტეტში.

იმავე წელს არჩეული იყო პარტიის სიით თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნათ. ინტერპარტიულ საბჭოს შედგენის შემდეგ იყო პარტიის დელეგატათ საბჭოში და მის აღმასრულებელ კომიტეტში; საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოემბერში იყო ყრილობის პრეზიდიუმში და შემდეგ პირველი სესიის ეროვნულ საბჭოში იყო აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ (ვიდრე საქართველოს მთავრობა შესდგებოდა).

1918 წელს თებერვალში იღებდა მონაწილეობას ტრაპიზონის საზავო კონფერენციაში, როგორც ამიერ-კავკასიის სეიმის საზავო დელეგაციის ეროვნულ სეკრეტარიატის წევრი.

კონფერენციის შეწყვეტის შემდეგ როგორც ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელი დარჩა რამოდენიმე ხანი ოსმალეთში, ენვერ-ფაშასთან მოსალაპარაკებლად.

ეროვნულ საბჭოს პარლამენტად გამოცხადების შემდეგ იყო ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის თავმჯდომარის ამხანაგად.

1918 წლის ენკენისთვიდან, ნაც.-დემ. პარტიის გაყოფის შემდეგ, არჩეულ იქმნა დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კომიტეტის და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ;

ვეშაპელს აქვს დაბეჭდილი სამი ნაშრომი დაწერილი სტუდენტობის დროს; წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზედ, მამულის ქართულ კულტურულ საზოგადოების მიერ („Турецкая Грузія“ და „Единство Грузіи“…) მესამე წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზედ თბილისში, („საქართველო და რუსეთი“).

დაწერილია საბჭოს წევრის გ. ვეშაპელის მიერ ქვესტორისათვის

16. IX. 1918.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ვაჩნაძე დავით ვლადიმერის ძე

დაიბადა 4 მარიამობისთვე, 1884, ქ. თბილისი. ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი

საშუალო – თბილისის სამხედრო გიმნაზია, უმაღლესი – პავლეს სამხედრო სასწავლებელი და საინჟენერო სასწავლ. 

იზმალოვის ქ. №34, ტელეფ.-9-86

1902 წელს, თბილისის კადეტთა კორპუსის კურსის დამთავრებისთანავე, დავით ვაჩნაძე, ოჯახურ პირობების გამო, იძულებული ხდება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მაგიერ სამხედრო პროფესია აირჩიოს და მიდის პეტროგრადში პავლე I სამხედრო სასწავლებელში, ათავებს მას და სამხედრო საინჟენერო სასწავლებელში დამატებით საინჟენერო საგნების შესწავლის შემდეგ 1904 წელს პოდპორუჩიკის ხარისხით ინიშნება ქ. ვარშავაში მე 15 საპიორთა ბატალიონში.

პოლონეთში ერთ პოლონელ ოფიცრის შემწეობით დავით ვაჩნაძე ეცნობება „პოლონეთის გამანთავისუფლების“ საიდუმლო პოლიტიკურ ჯგუფში და ეწერება მის წევრად. 1905 წლის თებერვლის რევოლიუციის დროს ვარშავაში ერთ საპიორთა ასეულით დ. ვაჩნაძე იფარავს საგაზო ქარხნის ორი ათას მეამბოხე პოლონელ მუშას მთავრობის კარის თავდასხმისაგან. ამავე წლის აპრილში უმაღლეს ბრძანებით დ. ვაჩნაძე ვარშავიდან თბილისში გადაჰყავთ მე 2 კავკასიის საპიორთა ბატალიონში. 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოსვლის შემდეგ დ. ვაჩნაძე ზოგიერთ ოფიცერთა დახმარებით აარსებს „კავკასიის ოფიცერთა სარევოლუციო კავშირს“, რომლის მიზანს შეადგენდა ბრძოლა კონსტიტუციისათვის და რუსეთში მოსახლე ერთა პოლიტიკურ ავტონომიის მოპოვებისათვის. მე 2 სახელმწიფო სათათბიროს გარეკვის შემდეგ დ. ვაჩნაძე იღებს მონაწილეობას კავკასიის საპიორთა ბატალიონების აჯანყებაში, რის გამო 1907 წელს ადმინისტრატიული წესით გუნიძის ციხეში (დაღესტანში) იგზავნება. დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან ვაჩნაძე დაღესტნიდან სამშობლოში ბრუნდება და აქ პოლიციის თვალ-ყურის დევნის ქვეშ ერთი წელიწადი იმყოფება.

რეაქციის ხანაში დავით ვაჩნაძე მხურვალე მონაწილეობას იღებს დაწყებულ ქართულ კოოპერატიულ მოძრაობაში. თავის ინიციატივით აწყობს სოფლად წვრილ საკრედიტო ბანკებს / ოძისში, ლილოში /, აარსებს პირველ ქართულ მერძევეთა გლეხთა ამხანაგობის ორგ. დიდ-ლილოში, მონაწილეობს კოოპერატიულ კურსებზედ, კრებებზედ, თავმჯდომარეობს ქართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგ. საკოოპერაციო სექციაში და მის წარმომადგენლად იგზავნება პეტროგრადში სრულიად რუსეთის კოოპერატორთა კრებაზედ, სწრაფი მობილიზაცია მიწების აღმოსავლეთ საქართველოში იწვევს ვაჩნაძის დიდ ყურადღებას და მოწვეული საადგილ მამულო კომისიაში აწყობს ქართველ გლეხთა მიწის სყიდვის ამხანაგობებს და ებრძვის მთავრობის აგრესიულ რუს საკოლონიზაციო პოლიტიკას. საადგილ-მამულო კომისიის ხელმძღვანელის ა. ყიფშიძის გარდაცვალების შემდეგ დ. ვაჩნაძე ინიშნება მის ადგილზე.

1912 წელს ენკენისთვეს 16-ს დ. ვაჩნაძე თავის თანამოაზრე ამხანაგებით აარსებს ჟურნალ „კლდეს“ ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებისა და მასში მუდმივ თანამშრომლობას ეწევა. 1914 წელს, როდესაც ომის ალი მოედო აჭარას და ამ კუთხეს უქადდა განადგურებას, განსვენებულ გიორგი მაჩაბლის /გორის კომისარის/ დახმარებით აგროვებს ხალხს თბილისის სამხედრო დრუჟინის შესადგენად და ამ დრუჟინის მოხალისე ოფიცრად მასთან ერთად მიდის აჭარის საშველად.

24 მაისს 1915 წელს თანახმად „კლდის“ ჯგუფის და საზღვარ გარეთიდან ჩამოსულ თანამოაზრე ქართველ ემიგრანტების გადაწყვეტილებისა – სცემს გაზ. „საქართველოს“ ყოველდღიურ ორგანოს მომავალ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიისა. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსების დღიდან დ. ვაჩნაძე მის მთავარ კომიტეტის წევრად და თავმჯდომარის ამხანაგად იმყოფება. როდესაც გერმანიაში მიხეილ წერეთლის და გიორგი მაჩაბლის მეთაურობით დაარსდა „საქართველოს გამანთავისუფლების კომიტეტი“ დ. ვაჩნაძე, როგორც ამ კომიტეტის წევრი ენერგიულად მონაწილეობს მის მძიმე და პასუხსაგებ საქმიანობაში და იბრძვის მის მიზნების გამარჯვებისათვის. სამწერლო ასპარეზზე დ. ვაჩნაძე გამოდის ჟურნალისტ „ლ. კახელის“ ფსევდონიმით და სწერს უმთავრესად ეკონომიურ საგნებზედ.

უკანასკნელ რევოლიუციის ხანაში დ. ვაჩნაძე იყო საქართველოს ინტერპარტიულ და ძველ ეროვნულ საბჭოების წევრი, მუშაობდა განსაკუთრებით ამ საბჭოთა სამხედრო სექციებში და თავმჯდომარეობდა ტარის გამომშვებ განყოფილებას /სამხედრო სექციასთან არსებულს/. 20 მაისს 1918 წელს თანახმად ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის დავალებისა, რაზმავს და აგზავნის გერმანელ ტყვეებს საქართველოს რკინის გზების და საზღვრების დასაცავად და ერთი თვის განმავლობაში ასრულებს საქართველოს მთავრობის რწმუნებულის თანამდებობას გერმანულ სამხედრო მისიაში.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გვაზავა გიორგი

დაიბადა 1868 წელს, დ. სუჯუნა. დაასრულა 1889 წელს თბილისის მე 2 გიმნაზია ოქროს მედალით და იმავე წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში; დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი და გაემგზავრა საზღვარგარეთ. ერთ წელიწადს დარჩა პარიჟში, როგორც თავისუფალი მსმენელი სორბონის უნივერსიტეტისა.

დაბრუნდა საქართველოში 1895 წელს, ჩაეწერა ნაფიც-ვექილთა წოდებაში და იღებდა აგრეთვე მონაწილეობას ქართულ მწერლობაში და საზოგადო მოღვაწეობაში. 1905 წელს მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსებაში; 1907 წელს იყო ჰააგის კონფერენციაზე, სადაც შეტანილი იყო განსახილველად საქართველოს საერთაშორისო უფლების საკითხი. 1910 წელს  ერთი საგაზეთო წერილის გამო, სასამართლომ გადაუწყვიტა ერთი წელიწადი ციხეში დაეპატიმრებინა; უკანასკნელ დროს იყო წევრი ამიერკავკასიის სეიმისა და საზავო დელეგაციებისა ტრაბიზონში, ბათუმში და სტამბოლში. ეხლა წევრია საქართველოს პარლამენტისა და თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გაბაშვილი რევაზ

დაიბადა 6 გიორგობისთვე, 1882, ქ. თფილისი). ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი. თფილისის ადრესი: გაბაანთ შესახვევი №3.

დაამთავრა თფილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა ქ. ლიეჟის უნივერსიტეტში, 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ორჯელ იქმნა დატუსაღებული. რეაქციის დროს 1906 წელს იძულებულ იქმნა სამშობლო მიეტოვებია და წასულიყო ბელგიაში და საფრანგეთში. 6 თვის შემდეგ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, მაგრამ რადგანაც აქ თფილისში ცხოვრების უფლება არ ქონდა, დარჩა ქ. ბაქოში, სადაც შეუდგა ნაფთის მრეწველობას.

1907 წ. გაემგზავრა პეტროგრადს და შევიდა მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი ვერ დაასრულა, რადგან მე 4 კურსზე დატუსაღებულ იქმნა და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. 1911 წელს, დაბრუნდა სამშობლოში და შეუდგა საზოგადო მოღვაწეობას. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „კლდე“. იღებდა ასევე მონაწილეობას კოპერატიულ მოძრაობის განვითარებაში საქართველოში. იყო წევრი საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოსი. არის წევრი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის მთავარი კომიტეტისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი