გობეჩია იოსებ პავლეს ძე

(დ. 1879, ქ. ქუთაისი). პარლამენტის წევრი.

კლასიკურ გიმნაზიას ათავებს და ადესის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე მიდის.

1901 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დაატუსაღეს ადესაში და ადმინისტრაციული წესით ასახლებენ სამშობლოში.

ამავე წელს ქუთაისში ერთ კრებაზე საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლის შესრულების იუბილეის გადახდის გამო საპროტესტო სიტყვის წარმოთქმისათვის მეორედ ატუსაღებენ და საქმე შინაგან მინისტრის სეპიაგინის ხელში გადადის. შემდეგ კვალად ადესაში ასახლებენ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ უნივერსიტეტში შესვლის უფლება კი არა აქვს. 1902 წელს უფლებას აძლევენ უნივერსიტეტში შესვლისას.

ამ ხანებში ეყრება საფუძველი გამოჩენილ რევოლიუციონერის ლებედინსკის (ლებედინსკი 1908 წელს სიკვდილით დასაჯეს პეტროგრადში – იტალიელ კორესპოდენტის კალვინოს გვარით; ხსენებული ლებედინსკი ლ. ანდრეევსა ჰყავს გამოყვანილი ვერნერის გვარით მოთხრობაში: „Разсказъ о семи повъшенныхъ“) . მეთაურობით სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელ კომიტეტს, რომლის მთელ შემადგენლობას 1904 წელში ატუსაღებენ ჟანდარმები და მათ რიცხვში გობეჩიასაც.

ერთი წლის ციხეში ყოფნის შემდეგ ანთავისუფლებენ და უბრუნდება კვალად კავკასიას და მხურვალე მონაწილეობას იღებს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ახლად აღორძინებულ ორგანიზაციათა მუშაობა-განმტკიცებაში.

ეს დრო იყო რუსეთის პირველი რევოლიუციისა 1905-06 წლები.

ალიხანოვის ცეცხლითა და მახვილით გამოლაშქრება აიძულებს გობეჩიას არალეგალურ ნიადაგზე გადასვლას და მებრძოლი რაზმის ორგანიზაციის მოწყობას. პარტიის დადგენილებით ეს რაზმი ახდენს ტერორისტული აქტებს (ალიხანოვზე-ქუთაისში, კეღამოვზე-ზუგდიდში, მარტინოვზე-თბილისში და სხვ.)

როგორც ამიერ-კავკასიის ს. რ. პ. საოლქო კომიტეტის წევრი, 1906 წლის დამლევს, კომიტეტისავე დადგენილებით მესამე პარტიულ საბჭოს ყრილობას ესწრება ფინლიანდიაში (იმატრაში). 1907 წელს კი მეორე სათათბიროს მოწვევის წინ თბილისიდან ირჩევენ დელეგატათ ტამერფოსში მოწყობილ პარტიულ მეორე ყრილობაზე დასაწრებლად. დაბრუნებისას თბილისში სხვისი გვარით იჭერენ და ასახლებენ თბილისიდან მ-ძეს გვარით მიდის ადესაში და უნივერსიტეტის რეკტორის პეტრიაშვილის დახმარებით უნივერსიტეტში შედის მეოთხე კურსზე.

1908 წელს თავისი ნამდვილი გვარით ათავებს უნივერსიტეტს, ხოლო ქალაქში სხვა გვარით სცხოვრობს, გამოცვლილი გვარითვე უკითხავს ლექციებს ასტრონომიიდან და მათემატიკიდან სახალხო მასწავლებელთ ქ. ხერსონში. ამავე დროს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილების გამო მას დაეძებს დასაჭერად პოლიციის დეპარტამენტი.

მიუხედავათ ამისა 1909-11 წ.წ. ბაქოში სცხოვრობს, მუშათა პროფესიონალურ კურსებზე და სახალხო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ასტრონომიიდან. ამ ხანებში გამოდის ბაქოში ქართულ ენაზე პარტიული ორგანო „მარცვალი“ და რედაქციის კოლეგიის წევრთა თავის ძმა ვლადიმერთან (ისიც არალეგალურად სცხოვრობდა) და გიგა ჯუღელთან (კატორღაში გარდაიცვალა) ერთად.

ს. რ. პ. ცენ.-კომ. დავალებით პარიზიდან რამდენიმე ამხანაგი ჩამოდის ბაქოში. ძლიერდება სოც. რევ. პარტიის მუშაობა, არც ჟანდარმებს სძინავთ სამაგიეროდ, შეიტყობენ მის ვინაობას და იძულებული ხდება საზღვარ-გარედ გაიქცეს.

სახელგანთქმული ვარსკვლავთმრიცხველი ფლამარიონის შემწეობით ერთ წელიწადს მუშაობს პარიზის ობსერვატორიაში, მაგრამ მატერიალური ხელმოკლეობა აიძულებს შესწყვიტოს მუშაობა მეცნიერების ამ დარგში და გრენობლის საპოლიტეხნიკუმო ინსტიტუტში შედის, რომელსაც ინჟენერ-ელეკტრო-ტეხნიკის ხარისხით ათავებს და პარიზში განაგრძობს მუშაობას როგორც ინჟენერი; მაგრამ აი დაჰკრა დიდმა ზარმა – რუსეთის დიდი რევოლიუცია საშვალებას აძლევს მიატოვოს უცხოეთი და დაბრუნდეს რუსეთში. პეტერბურგში ჩამოსვლისთანავე კერენსკის დროებითი მთავრობა კავკასიის ფრონტის სამხედრო კომისრად ნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ირჩევენ თავჯდომარეთ სოც.-რევ. საპარლამენტო ფრაქციისა და წევრად საქართველოს სოც.-რევ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გობეჩია ივანე პავლეს ძე

(დ. 10 დეკემბერი 1881, ქ. ქუთაისი). ნაფიცი ვექილი, სოციალისტ-რევოლიუციონერი.

განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც გაათავა იურიდიული ფაკულტეტი.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მუშაობა დაიწყო ქ. პეტერბურგში 1902 წელს. უმთავრესად პარტიულ მუშაობას აწარმოებდა მუშათა ორგანიზაციებში.

1904 წლიდან 1909 წლამდე განიცადა სხვა და სხვა გვარი ადმინისტრატიული შევიწროვებანი: გაჩხრეკა, ციხეში ჯდომა, გამოძიება ბრალდების წამოყენებით (126 მ. სისხ. სმ-ლებ.), ეტაპი და სხვა.

უნივერსიტეტის გათავების შემდეგ 1910 წელს ჩაიწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ ქ. ქუთაისში და, როგორც ვექილმა-დამცველმა, მონაწილეობა მიიღო ბევრ პოლიტიკურ პროცესებში (მაგალითად: ზოტიკე ჩიქვილაძის, მელიტონ გობეჩიას და სხვა პროცესი).

იყო მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოც. რევოლუციონერთა ფრაქციის მდივნის თანაშემწე.

მონაწილეობს მესამე პარტიულ ყრილობის მუშაობაში ქ. მოსკოვში, როგორც ქუთაისის გუბერნიის პარტიულ ორგანიზაციების დელეგატი.

1917 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ აირჩია დელეგატათ პეტერბურგის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებლათ.

1917 წლის თებერვლის რევოლიუციის პირველ დღეებიდანვე ასრულებდა უკანასკნელ დრომდე სხვა და სხვა თანამდებობას: იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკსცთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ, კავკასიის ჯარის მხარის საბჭოს წევრი, ქ. ქუთაისის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და ქუთაისის გუბერნიის კომისრათ.

1917 წლის განმავლობაში იყო არჩეული ქუთაისის გარნიზონის მიერ დელეგატათ კავკასიის ჯარის პირველს და მეორე ყრილობაზე დასასწრებლათ.

იხ. სტალინური სიები საქართველოდან

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

მაჭარაძე პოლიკარპე ნიკოლოზის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. იანვარი, 1878, სოფელი ივანდიდი, ხონის საზოგადოება ქუთაისის გუბერნი). ქართველი. მხატვარი (живописец) მუშა. განათლება – თვით განვითარება.

თფილისის ადრესი – შერმეტევის ქუჩა №37. დიდუბე.

პარტიული რწმენა – სოციალ-დემოკრატი

მე დავიბადე 1878 წელს სოფ. ივანდიდში ხონის საზოგადოება ქუთაის. გუბ. მამა იყო სოფლის ძლიერ ღარიბი გლეხი. ერთი წლის შემდეგ ჩემი დაბადებისა მამა გარდაიცვალა. ობლობაში აღვიზარდე არავითარი საშვალება არ მოეპოვებოდა ქვრივ დედას, რომ სწავლა განათლება მოეცა. პირველათ მიმაბარეს დიაკვანს სადაც ვსწავლობდი ანაბანას ქართულათ, მერმეთ გადამიყვანეს 2 კლასიან სკოლაში, მაგრამ უსახსრობის გამო, რამდენიმე წლის შემდეგ გამომიყვანეს და გამომისტუმრეს თბილისისკენ. 1892 წელს დავდექი რკინის გზის სახელოსნოში. 1895 წელს მოვხვდი სოც.-დემოკრატიულ წრეში, რომელსაც უწოდებდენ სახელს „მესამე დასელებს“. ამ წრეში სისტემატიურათ ვმეცადინეობდით პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზედ, აქ ვიგრძენი, რომ საჭირო იყო მეტი კლასიკური ცოდნა და აუცილებლობა რუსული ენისა. განვიზრახე კერძოთ მომზადება. ავიყვანე მასწავლებელი ქირით და დავიწყე ენერგიულათ მომზადება, ამავე დროს მუშების წრეებში განუწყვეტლივ ვმუშაობდი პარტიულ ნიადაგზედ. 1898 წ. გაფიცვამ ცოტა შემიფერხა მეცადინეობა, მარა 1899 დიდმა გაფიცვამ სრულიად ჩაფუშა ყველაფერი. გაფიცვა სრული დამარცხებით დამთავრდა, როცა სიტყვით ვერას გავხდით შინდის ჯოხებს მივმართეთ, რის წყალობითაც გაფიცვამ რამდენიმე დღეს გასტანა, რის შედეგად ყოვლად შეუძლებელი შეიქმნა ჩემი თბილისში დარჩენა. გადავედი ბაქოში. აქ უკვე კლასიკურ მომზადებას მივანებე თავი და მივყავი ხელი მარტო პარტიულ მუშაობას. შევქენით პატარა წრეები ლ. კეცხოველთან ერთათ და მოვაწყვეთ ბაქოში პატარა სტამბა (არალეგალური) მე მალე დავბრუნდი თბილისში ამხანაგების თხოვნით და დავდექი ისევ რკინ. გზის სახელოსნოში. 1901 წელს თბილ. კომიტ. გადაწყვიტა 22 აპრილის დემონსტრაციის მოხდენა შიგ ქალაქში და დამავალეს მე დროშის დახატვა წარწერით და სამი სურათის კ. მარქსის, ფ. ენგელსის და ლასალის დახატვა და აგრეთვე დროშის აწევა. დადგენილება 22 აპრილს 1901. ისტორიული, იქმნა მოყვანილი სისრულეში, სხვასთან ერთათ მეც ბევრი მცემეს მაგრამ სიკვდილს და დატყვევებას გადურჩი. 1901 წელს მოხდა მოწინავე ამხანაგების კრება ავლაბარში სადაც დაესწრო 40 კაცი, ავირჩიეთ თბილისის ხელ-მძღვანელი კომიტეტი, მაგრამ ამ კრებაზედ მონაწილეთაგან მოწინავე მუშამ სტარასენკომ, რომელიც იქმნა კომიტეტის წევრათ არჩეული სუყველანი გაგვცა. ამავე დროს ჟანდარ. როსტმიტრს გადასცა ვინ რა ფუნქციებს ვასრულებდით. 16 თებერვალს 1902 წელს მთელი შემადგენლობა დაგვატყვევეს ზოგი სახლში და ზოგიც კრებაზედ. მეტეხის ციხეში ამ ხანათ საშინელი რეპრესიები იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი დატუსაღებისა რეპრესიები უფრო გააძლიერეს. ფანჯრებს ფიცრების შიტები გაუკეთეს, მოგვისპეს საშვალება ჰაერი დაგვენახა, კამერა ნამდვილ ჯოჯოხეთს დაამგზავსეს. ერთხმათ გადავწყვიტეთ შიტების დამტვრევა, რომელიც უკვე მოვიყვანეთ სისრულეში, მცველებმა ტყვიები დაგვიშინეს, მარა არავინ დაჭრილა. ამის შემდეგ მკაცრი სასჯელი გადაგვიწყვიტეს. წაგვართვეს საგებ-სახურავი; პალტო, მოგვისპეს სადილი, პაპიროსი, წაიღეს ლამპა, მის მაგივრათ მოიტანეს ჭრაქი, მოგვისპეს სეირნობა და სხვა და სხვა.

გვაძლევდენ მხოლოდ წყალს და პურს, ამ პირობებში ვიყავით 7 დღე. 1902 13 მარიამობისთვის გამგზავნეს ხონში პოლიციის მხედველობის ქვეშ, საქმე კი გადასცეს სამინისტროს. ხონში არ შევჩერებულვარ, მივაშურე ქუთაისს, აქ სხვა ამხანაგებთან ერთათ შევკარით ორგანიზაცია და გამოუშვით პროკლამაციები. ორგანიზაციამ აქ მოაწყო მეწაღეების და პრიკაშჩიკების გაფიცვა. საერთო კრება მოხდა გელათში, დაესწრო 200 მდე კაცი; მე ვცხოვრობდი აქ კოლა ხონელის ფსევდონიმით, მაგრამ ერთი მუშამ ჟორჟოლიანის დასაფლავების დროს ორგან მომანდო მე სიტყვა მეთქვა საფლავზედ. ავაფრიალეთ პატარა დროშა აუარებელი პოლიციელების თანდასწრებით. მათ მოინდომეს ჩემი დაპატიმრება, მაგრამ შეიარაღებული ამხანაგების წყალობით ვერ დამატყვევეს და მოვასწარი სიმინდებში დამალვა. მაგრამ 9 სეკტემბერს 1903 წელს დამატყვევეს ხონში და გადამასახლეს აღმოსავლ. ციმბირში 3 წლით, დამინიშნეს საცხოვრებლათ სოფ. უიანი, ირკუტსკზედ დაშორებული 500 ვერსით. 1904 წელს ირკუტსკის გენ. გუბერნატორი კუტაისოვი არა ჩვეულებრივ რეპრესიებს აწარმოებდა პოლიტიკურ გადასახლებულთ წინააღმდეგ, რომლის შედეგი იყო შეიარაღებული შეტაკება ქალაქ იაკუტსკში, ამ პროცესში მონაწილეობისათვის ხელმეორეთ დამატყვევეს. სამი თვის ალექსანდროვის ციხეში ჯდომის შემდეგ გამაგზავნეს კალიმსკში. იატხაპიმში მოგზაურობის დროს მოგვიხდა შეტაკება კანვოისთან, რომელიც შედგებოდა 70 კაცისაგან. ჩვენ ვიყავით 50 კაცი სოფ. იჩორაში, რომლის დროსაც ერთი მოგვიკლეს (შაჩკი) და 4 დაჭრეს, მათ შორის მეც. ამ შეტაკების დროს გუბერნატორმა განკარგულება მოახდინა, რომ დავეტოვებინეთ ოლიოკმინსკში 100 ვერსის დაშორებით იაკუტსკზედ, ვინაიდან ჩვენ გამოვაცხადეთ შიმშილობა 7 დღის განმავლობაში საჭმელი არ მიგვიღია, გუბერნატორი შიშობდა, რომ მეტი აღელვება არ გამოეწვია იაკუტსკის პოლიტიკურებში. ყველგან პირობები აუტანელი იყო. 1905 წელს მანიფესტის ძალით დავბრუნდი ისევ თბილისში და შევედი ისევ სახელოსნოში. 1906 წელს რეაქციის დროს ისევ ორგანიზაციაში მუშაობა 1907 თბილისის კომიტეტი ვიღაცამ გასცა და სხვასთან ერთათ ნადიროვკაში თბილ. კომიტ. კრებაზედ დამატყვევეს 23 ივნისს. ვითვლებოდი კომ. ხაზინადრათ და თანაც მქონდა ორგ. ფული, მაგრამ მოვახერხე მისი ნაწილ-ნაწილ დარიგება იქვე ამხანაგებში. 13 თვის პატიმრობის შემდეგ გადამიწყვიტეს ტხურუზანის მხარეზედ გადასახლება 5 წლით, მაგრამ ჩხეიძის შუამდგომლობის მეოხებით შემიცვალეს ვოლოგდის გუბერნიათ. 1909 წელს დამასახლეს ქალაქ ტოტმაში, აქ ძრიელ ავადმყოფი ჩავედი და უფრო გამიძნელდა ავადმყოფობა სიცოცხლე ბეწვზედ ეკიდა, თუმც ადგილობრივმა ექიმებმა აღძრეს შუამდგომლობა უმაღლეს მთავრობასთან, რომ საჩქაროთ გადავეყვანე არენბურგის გუბერნიაში, ვინაიდან ჩემი სიცოცხლე საშიშ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მე არ მოუცადე განკარგულების და პასუხის მოსვლას და ადრე გამოვიპარე კარგანოვის გვარით. ერთი თვის განმავლობაში არალეგალურათ მექიმობდა კიკალიშვილი, მერმეთ ამისვე რჩევით წავედი საექიმოთ სოხუმში. აქ კი ცხოვრებისათვის საჭირო იყო საშვალება, მე კი ეს არ მქონდა, გავხსენი პატარა სამხატვრო ქარხანა, ვატარებდი ნიკოლაი მიქაძის გვარს, მაგრამ დახე უბედურებას. პოლიციამ აქაც გამიგო, ერთი წლის შემდეგ ერთ დღეს დამატყვევეს, მაგრამ პოლიციაში აღმოჩნდა ერთი ამხანაგი, რომელმაც დაარწმუნა ბოქაული, რომ მე ნამდვილათ მიქაძე ვარ და არა მაჭარაძე.

ბოქაული გაბრიყვდა და გამანთავისუფლა, მხოლოდ მეორე დღეს 5 საათზედ უნდა გამოვცხადებულიყავი. მე იმავე ღამეს გავემგზავრე ფოთისაკენ. ფოთში ჟანდარმა ვაგზალში დამატყვევა, მაგრამ 25 მან. მიცემით ვიხსენი აქაც თავი. გადავსახლდი ბაქოში. აქ განვაგრძე ისევ მიქაძის გვარზედ ცხოვრება, მარა 1913 წელს გამოვედი ჩემს გვარზედ, მეგონა აწი არ დამიჭერდენ, მაგრამ 1914 წელს ისევ დამატყვევეს და 2 თვის ბაილოვის ციხეში ჯდომის შემდეგ გამიშვეს და დამტოვეს პოდნაზორათ. 1917 წელს გადატრიალების შემდეგ ისევ მივაშურე თბილისს, დავდექი რკინ. გზის სახელოსნოში. დადგომის თანავე ამირჩიეს უმთავრ. რკინ. გზის სახელოსნოს კომიტ. თავმჯდომარეთ. რეორგანიზაციის შემდეგ ამირჩიეს 1 რაინ. სოც. დემ. კოლექტივის თავმჯდომარეთ და თბილისის კომიტეტის წევრათ 1919 წ. ამიერ კავკ. რკინ. გზის სიებდზედ ამირჩიეს უმთავრეს კომიტეტის წევრათ. თებერვალში ამირჩიეს მუშათა და სალდ. საბჭოს წევრათ და აღმასრულებელ კომიტ. წევრათ. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ კი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრათ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ქიქოძე გერონტი

დ. 8 სექტემბერი, 1886, სოფელი ბახვს გურიაში.

პირველი დაწყებითი სწავლა განათლება ადგილობრივ ორკლასიან სკოლაში მიიღო, საშუალო – ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, უმაღლესი უცხოეთში, ლეიპციგისა და ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. ნაციონალ-დემოკრატი.

პოლიტიკური რწმენისთვის ძველი რეჟიმის დროს ორჯერ დაისაჯა: პირველად 1906 წელს სამი კვირით ციხეში დატუსაღებული, მეორეჯერ 1910 წელს სამი თვის დაპატიმრებით და სამშობლოდან გაშვებით.

მწერლობის ასპარეზზე პირველად 1905 წელს გამოვიდა. თანამშრომლობდა „მოგზაურსა“, „დროებას“, „სახალხო ფურცელსა“ და „საქართველოში“. დღეს არის გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი და წევრი ეროვნულ დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდიუმისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რუსია მელიტონ ივანეს ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1878, ლანჩხუთი). ქართველი. ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: თბილისი, ანასტასიის ქუჩა №13

მივიღე კიევის უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება.

1903 წ. ხარკოვის ტეხნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისთვის გამორიცხული ვიქმენ ტეხნოლოგიური ინსტიტუტიდან და აღმეკრძალა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში შესვლა.

1904 წ. თბილისის მუშებში პროპაგანდა აგიტაციისთვის, როგორც წევრი თბილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციისა, დატუსაღებულ ვიყავი რამოდენიმე ჯერ და 1905 წელში მაშინდელმა კავკასიის მთავრობამ დაადგინა ჩემი გადასახლება ხუთი წლით უფის გუბერნიაში.

1917 წ. რევოლიუციის შემდეგ წევრი მუშათა და სალდათთა დეპუტატების საბჭოსი და მასთან არსებული პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე. ხმოსანი თბილისის ქალაქის საბჭოსი.

საქართველოს ქალაქის კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი.

მ. რუსია

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ნათაძე ლევან იასონის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 16 ივნისსი, 1880,  სოფ. კასპი, გორის მაზრა). ქართველი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ფასანაურის შესახვევი №4.

სოციალ-დემოკრატი

გავათავე 4 კლასი სათავ.-აზნაურო სკოლაში, 5-8 კლასი თბილისის მე-3 გიმნაზიაში, შემდეგ დავასრულე პეტროგრადის უნივერსიტეტი.

პარტიული მუშაობა დავიწყე 1902 წელში; ვეწეოდი პროპაგანდას მუშათა წრეებში, ვწერდი და ვავრცელებდი  პროკლამაციებს, ვეწეოდი  აგიტაციას, გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი, დემონსტრაციების და მანიფესტაციებისაკენ მოუწოდებდი. მონაწილეობას ვიღებდი მარქსისტულ პრესაში.

სტუდენტობის დროს (1900-4) მოძრაობაში მონაწილეობისათვის სამჯერ ვიყავ დატუსაღებული და სამჯერ უნივერსიტეტიდან გამორიცხული. 1905 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ ვიჯექი ციხეში; ორჯელ თბილისიდან გადასახლებული.

1903 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე განუწყვეტლივ ვიღებდი მონაწილეობას მარქსისტულ მიმართულების ჟურნალ გაზეთებში (ჟურნ. „კვალიდან“ მოყოლებული) ვათავსებდი პუბლიცისტურ, პოპულარულ სამეცნიერო და კრიტიკულ წერილებს.

პარტიულ მუშაობის გარდა ვიყავ მასწავლებლათ. რევოლუციის დაწყებისას კავკასიის დროებითმა მთავრობამ დამნიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრათ ვიყავ გაზ. „Борьба“-ს რედაქტორათ. დღეს „ერთობის“ რედაქტორი ვარ.

ლევან ნათაძე

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

კედია სპირიდონ მალხაზის ძე

დაიბადა ენკენისთვის 20, 1884, ქ. ზუგდიდი. ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი. პუბლიცისტი.

სწავლობდა ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში, აქ სწავლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დათხოვნილ იქმნა გიმნაზიის მერვე კლასიდან 1905 წელს აპრილის 8-ს, რის შემდეგაც სავსებით ჩაება სარევოლუციო მოძრაობაში. რეაქციის გამარჯვების შემდეგ იძულებული შეიქმნა გასცლოდა ზუგდიდში შემსვლელ დამსჯელ რაზმს.

1906 წლის დამდეგს შეეხიზნა სვანეთს, და მეორე შემდეგ წელს გაზაფხულზე ჩერქეზში გადავიდა. ზაფხულის მიწურულს საქართველოში დაბრუნდა. აქ უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული 102 მუხლის ძალით.

იმავე წლის შემოდგომაზე საფრანგეთში გაემგზავრა. აქ ჩაეწერა პარიზის უნივერსიტეტში, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო სტოვებს პარიზს და სამხრეთ საფრანგეთში მიდის. სწავლას ტულუზის უნივერსიტეტში განაგრძობს. კვლავ უბრუნდება პარიზს, მაგრამ ისევ იძულებული ხდება სამხრეთს ეწვიოს და უნივერსიტეტს მონპელიეში ამთავრებს. კვლავ პარიზს უბრუნდება, ეწერება სორბონაში ფიზიოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად და მუშაობს პროფესორ დასტრის ლაბორატორიაში. აქ დაჰყოფს წელიწადზე მეტს.

1913 წ. დეკემბერში სამშობლოში ბრუნდება. გზათ პეტროგრადში გამოივლის და რამდენიმე ხნით ჩერდება; აქ მას ატუსაღებენ კიდევაც. ორი თვის პატიმრობის შემდეგ თავს აღწევს ციხეს და სამშობლოში ჩამოდის 1914 წლის ზაფხულზე. მუშაობს არა-სოციალისტურ ეროვნულ მიმართულების შესაქმნელად.

1915 წელს სხვებთან ერთად აარსებს გაზეთ „საქართველოს“, რომლის თანამშრომელია და მკითხველთა წრეში ეს მიმართულება თანდათან ყალიბდება.

1917 წლის ივნისის პირველ რიცხვში იმართება ამ მიმართულების პირველი კონფერენცია, რომელიც აფუძნებს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, იხილავს პროგრამის პროექტს და ამუშავებს პროგრამის საბოლოო რედაქციას. კონფერენცია ირჩევს პარტიის მთავარ კომიტეტს, რომლის თავმჯდომარედ იგი დღემდისაც იმყოფება.

ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის წინადადებით მონაწილეობს ბათომის საზავო კონფერენციაში. ბათომიდან იგივე მთავრობა მას გზავნის თავის სრულუფლებიან წარმომადგენლად ცენტრალ კოალიციის სახელმწიფოების მთავრობებთან მოლაპარაკების გასამართავად ოსმალეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკის შორის მშვიდობიანობის ჩამოგდების თაობაზე ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის ნიადაგზე.

ბერლინში ჩამოუსწრებს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაცია. ამ უკანასკნელის წინადადებით იგი დელეგაციის მუშაობაში ორგანიულ მონაწილეობას იღებს. მიუძღვება დელეგაციის საქმის წარმოებას და კანცელარიას. ბერლინში რჩება ივლისის დამლევამდე, შემდეგ ჩამოდის საქართველოში და საპარლამენტო მუშაობას შეუდგება.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

დადიანი სამსონ პლატონის ძე

დაიბადა 23 დეკემბერი, 1886, სოფ. მაიდანახები (ზუგდიდის მაზრა, ქუთაისის გუბერნია). ეკუთვნის საქართველოს სოციალისტ-ფედერალისთა პარტიას.

მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება პეტროგრადის უნივერსიტეტში. ქ. თბილისში დაამთავრა ქართული გიმნაზია.

სტუდენტობის დროს აქტიურს მონაწილეობას იღებდა
სოციალისტ-ფედერალისთა სტუდენტურ ორგანიზაციებში და აგრეთვე „დამონებულ ერთა პროგრესიულ სტუდენტობის ორგანიზაციათა ფედერაციაში“. 1910 წელს ორგანიზაციას ყურადღება მიაქცია მთავრობამ, დაიჭირეს რამდენიმე უკრაინელი წევრები ფედერაციისა, აგრეთვე გაჩხრიკეს ს. დადიანიც და ერთი კვირა იყო „ოხრანკაში“ დატუსაღებული.

მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა სერიოზულს ქართულს ჟურნალ-გაზეთებში, ამ უკანასკნელს დროს სწერს მხოლოდ პარტიულს გამოცემებში. ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მისი სოციოლოგიური ხასიათის მიმოხილვა მე XIX საუკუნის სიტყვა-კაზმული მწერლობისა, რისთვისაც ცენზურამ დაიჭირა ერთი ნომერი და ძლივს გადარჩა ავტორი და რედაქტორი ციხეს.

„სახალხო საქმები“ დაიბეჭდა მისი ვრცელი ლექცია „უნიტარულ და ფედერატიულ რესპუბლიკაზე“, იბეჭდებოდა შინაური მიმოხილვა“ და მრავალი სხვა პუბლიცისტური წერილები.

სამსახურში არასოდეს ყოფილა და ამჟამად არის წევრი საქართველოს ეროვნული საბჭოსი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გვაზავა გიორგი

დაიბადა 1868 წელს, დ. სუჯუნა. დაასრულა 1889 წელს თბილისის მე 2 გიმნაზია ოქროს მედალით და იმავე წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში; დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი და გაემგზავრა საზღვარგარეთ. ერთ წელიწადს დარჩა პარიჟში, როგორც თავისუფალი მსმენელი სორბონის უნივერსიტეტისა.

დაბრუნდა საქართველოში 1895 წელს, ჩაეწერა ნაფიც-ვექილთა წოდებაში და იღებდა აგრეთვე მონაწილეობას ქართულ მწერლობაში და საზოგადო მოღვაწეობაში. 1905 წელს მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსებაში; 1907 წელს იყო ჰააგის კონფერენციაზე, სადაც შეტანილი იყო განსახილველად საქართველოს საერთაშორისო უფლების საკითხი. 1910 წელს  ერთი საგაზეთო წერილის გამო, სასამართლომ გადაუწყვიტა ერთი წელიწადი ციხეში დაეპატიმრებინა; უკანასკნელ დროს იყო წევრი ამიერკავკასიის სეიმისა და საზავო დელეგაციებისა ტრაბიზონში, ბათუმში და სტამბოლში. ეხლა წევრია საქართველოს პარლამენტისა და თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი