ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე

(დ. 1885) მისამართი: გუნიბის ქუჩა, №54

საშუალო სწავლა მიიღო ტფილისის ქართულ გიმნაზიაში. გიმნაზიის გათავების შემდეგ შევიდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ აპირებდა პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებას, მაგრამ რუსეთის მთავრობამ იგი პოლიტიკურად არა საიმედოდ იცნო და გიმნაზიიდან დაითხოვა.

სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო „ივერია“-ში, რომელიც გრ. ყიფშიძის რედაქტორობით გამოდიოდა. პირველი მისი წერილი დაიბეჭდა 1903 წელს. როდესაც გაზეთი ფ. გოგიჩაიშვილის ხელში გადავიდა, ამ უკანასკნელმა არჩილ ჭაჭანაშვილი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. „ივერიიდან“ მერე „ცნობის ფურცელ“-ში გადავიდა და მას შემდეგ დღევანდლამდის განაგრძობს თანამშრომლობას „ცნობის ფურცელ“-ში. მომდევნო სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთებში, როდესაც ჟანდარმერიამ გაზეთი „დროება“ გაჩხრიკა და თანამშრომლები დემონსტრაციულად სხვა და სხვა ადგილებში გადაასახლა, არჩილ ჭაჭანაშვილი რამდენიმე ხნის განმავლობაში რედაქტორობდა გაზეთს.

1914 წელს დატუსაღებულ იქმნა, რის [..]დეგ გამ[..]ა პრავაკატორის ვანო კას[..]შვილის დაბეზღებით მაგრამ რადგანაც არავითარი საბუთი არ აღმოაჩნდა, გაანთავისუფლეს.

ამის გარდა ფრონტზე იყო სამუშაოდ […]სთან იგი არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრთა კანდიდატად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი შევიდა ეროვნულ საბჭოში-როგორც წევრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

პაპავა აკაკი ამბაკოს ძე

(დ. 1890,   ქ. სამტრედია). ქართველი. ვექილი.

თფილისის ადრესი – სომხების ბაზარი №3.

პარტიული რწმენა – სოციალისტ-ფედერალისტი

პირველდაწყებითი სწავლა მიიღო კულაშის ნორმალურ სასწავლებელში, რის შემდგომ შევიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. შემდეგ გაემგზავრა დორპატში (იურევში) საცა 1 წელი დაჰყო ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მეორე წელს გადაერიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. ხოლო სახელმწიფო ეგზამენები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში

1915 წელს. დორპატში ყოფნის დროს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართ. სტუდ. სათვისტომოს, რომლის თავმჯდომარედ ითვლებოდა, აქვე მისი მეთაურობით დაარსდა

სახელობის სალიტერატურო სამეცნიერო წრე, რომლის თავმჯდომარედაც იქმნა არჩეული. აკ. პაპავა მოწაფეობის დროიდან იღებდა მონაწილეობას სხვა და სხვა პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემებში. სწერდა და სხვა და სხვა ადგილას (რუსეთში და ჩვენში) კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. უმეტესად მისი კრიტიკული წერილები შეეხება თანამედროვე ქართულ პოეზიას, თეატრს და ხელოვნებას. კრიტიკულ წერილების გარდა, მას აქვს რამდენიმე მოთხრობაც და საზოგადოდ ბელეტრისტულ ხასითის ნაწარმოებნი; ერთ ასეთ ნაწარმოებისათვის ქარ. სიტყვა-კაზ. მწერლ. საზოგადოებამ საკონკურსო პრემია მიუსაჯა. აგრეთვე სწერდა პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის წერილებს სხვა და სხვა ფსევდონიმებით. ქუთაისის და ტფილისის ჟურნალ-გაზეთებში ბოლო დროს იგი რედაქტორობდა სამხატვრო-სამეცნიერო ჟურნალ „პრომეთეს“ ს და ითვლება საქართველოს მწერალთა კონფერენციის მიერ არჩეულ საბჭოში.

1912 წლ. დაპატიმრებულ იქმნა რუსეთში ადმინისტრატიულის წესით სტუდენტ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კონფერენციაზე მონაწილეობისათვის. 1915 წლიდან მსახურებდა ზემგორში, შემდეგ კავკასიის ფრონტზე იყო გაგზავნილი, საცა დრო-გამოშვებით დაჰყო რევოლიუციამდე, რის შემდეგ ტფილისში იქმნა დატოვებული, როგორც წევრი საფრონტო ყრილობისა; ამას შემდეგ იგი ირიცხებოდა მ. და ს. დეპ. საბჭოს და „კრაევოის ცენტრის“ წევრად. მეორე კონფერენციაზე იქმნა არჩეული სოც.-ფედ. პარტიის მთავარ კომიტეტის წევრად.

ამხანად იგი ითვლება ქალაქთა კავშირის მთავარ კომიტეტის და მომარაგების კომიტეტის წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ღლონტი თევდორე ზურაბის ძე

დ. აპრილის თვე, 1888. დაამთავრა ეკონომიური განყოფილება აწ არსებულ პეტროგრადის კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტში, სადაც საგანგებოდ მუშაობდა ს. ნ. პროკოპოვისის ხელმძღვანელობით.

ყმაწვილობიდანვე განსაკუთრებით ეტანებოდა პოლიტიკურ ეკონომიას და ჯერ კიდევ გიმნაზიელების წრეში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის შესწავლას ჟელეზნოვის, ბოგდანოვის და ჩუპროვის საშუალებით.

1905-06 წლებში ხელმძღვანელობდა სამშობლო სოფელ ლანჩხუთში (გურია) მკითხველთა წრეებს, რომელიც დაარსდა სოც.-დემოკრატიულ ორგანიზაციის მიერ, სადაც პარტიის წევრად ირიცხებოდა. 1906 წელში ადმინისტრაციამ განდევნა სოფლიდან გაზეთებში თანამშრომლობისათვის. პირველად დაიწყო თანამშრომლობა რუსულ გაზეთებში, ქართულში კი პირველი ფელეტონი დაბეჭდა გაზეთ „ელვაში“ შემდეგი სათაურით: „დამარცხდება თუ არა მოძრაობა?“. პეტროგრადში, სადაც სპეციალურად შეისწავლა კლასიკური ეკონომიური მეცნიერება გატაცებული იყო ფრ. ლისტის მოძღვრებით და ქართულ ეკონომიკის შესწავლას მიჰყო ხელი. პეტროგრადში რამდენიმე ლექცია წაიკითხა კურსებზე სოფლის ეკონომიკაზე ევროპაში. იქვე თანამშრომლობდა ჟურნალ „ეკონომისტ როსიაში“ და მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულ სტატისტიკურ გამოცემებში, რომლის საპატიო თანამშრომლად ამ ჟამადაც ითვლება.

პეტროგრადიდანვე 1909 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ქართულს გაზეთებში, წერდა აკადემიურ საგნებზე და თავის მონოგრაფიებს ათავსებდა ყველა მიმართულების გაზეთ-ჟურნალში. თავის ნაშრომები დაბეჭდა „ახალ გზა“-ში, „მერცხალში“, ჟურნალ „კოპერაციაში“, „კლდე“-ში და „სახალხო ფურცელში“. 1911 წლიდან სამშობლოში დაბრუნებისას პოლიტიკურ საკითხებზე წერამ დაუკავშირა სოციალისტ-ფედერალისთა პარტიას. 1913-14 წლიდან თანამშრომლობს მხოლოდ სოც.-ფედ. პრესაში, მოწვეულია „სახალხო საქმის“ მთავარ თანამშრომლად. არის სოც.-ფედ. პარტიის მთავარ გამგეობის წევრი, თავმჯდომარეა ტფ. კოოპერატივის „მეურნესი“ და წევრია ამიერ-კავკასიის საკოპ. კავშირის ზედამხედველი საბჭოსი. მონოგრაფიებში აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმეს: თავად-აზნაურობის მიწისმფლობელობა საქართველოში; გლეხკაცობის მდგომარეობა საქართველოში, „მუშა ქალი საქართველოში“, „ქალი და კოოპერაცია“, „აგრარული საკითხი საქართველოში“, „ქართველ ერის სტატისტიკა“, „რუსული იმპერიალიზმი საქართველოში“, „ეროვნული საკითხი და სოციალდემოკრატია“, „ომი და ფედერალიზმი“, „ერობა საქართველოში“. ავტორს მრავალი წერილი აქვს ირიგაციის, მელორაციის, კრედიტის, მუნიციპალურ და სახელმწიფოებრივ საკითხების შესახებ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალავა სამსონ

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მაისი, 1972). სოფ. მათხონჯი, ქუთაისის მაზრა

1906-07 წლ. ჩემის ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული საგლეხო ჟურნალი „გლეხი“ და „მიწა“, ხოლო 1902–09 წ. სალიტერატურო გაზეთი „მზე“ – „ფასკუნჯი“. ამის ერთი ნუმერი თვიური ჟურნალის სახით გამოვიდა 1919 წ.

დავიბადე 1872 წ. მაისის 4-სა, ქუთაისის მაზრაში, სოფ. მათხონჯში, გლეხის ოჯახში. პირველად ვსწავლობდი ხონის ნორმალურ სკოლაში, შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო უნივერსიტეტი – პეტერბურგისა იურიდიული ფაკულტეტი – დავასრულე 1898 წელს. ერთ ორ თვეს ვმსახურობდი ქუთაისის სახაზინო პალატაში, ამდენ ხანსვე ჭიათურაში ერთი მრეწველის კანტორაში. ტფილისში გადმოვედი 1901 წ.; ვიყავი გაზეთის კორექტორად. 1902 წელს ამირჩიეს წ. კ. საზოგადოების მდივნად და ამ თანამდებობაზე დავრჩი 1910 წლამდის. მწერლობა სისტემატურად დავიწყე გაზ. „ივერიაში“ 1901 წ. დეკემბრის 29-ს. მანამდის რამდენიმე წერილი მქონდა დაბეჭდილი „კვალში“ თეატრის შესახებ და ჭიათურის შთაბეჭდილებანი. 1902 წლის აპრილის 14-დან გავხდი მუდმივი თანამშრომელი „ცნობის ფურცლის“ და ამ დღიდან ვიღებდი ახლობელ მონაწილეობას სოც. ფედერ. პარტიის საპოლიტიკო და სამწერლო მუშაობაში.

ციხეში ვიჯექი სამჯერ: სტუდენტობის დროს, 1906 და 1910 წელს. ამ წლის დეკემბერში გადამასახლეს რუსეთში, საიდანაც დავბრუნდი 1913 წელს.

მწერლობაში ჩემი ფსევდონიმები იყო: S – on, კალამი, სიტყვა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

ფაღავა აკაკი ნესტორის ძე

ბიოგრაფია

(დ. 14 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნაოში (სამეგრელო, სენაკის მაზრა ქუთაისის გუბერნიისა – გ. 27 ივნისი, 1962).  ქართველი, სოციალისტ-ფედერალისტი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ყიფიანის ქ. № 13

საშვალო განათლება მიუღია ქუთაისისა და თფილისის ქართულ გიმნაზიებში, უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში.

სტუდენტობიდანვე ეწეოდა პარტიულსა და საზოგადო კულტურულ მუშაობას. სტუდენტთა ორგანიზაციების გამგეობათა წევრად იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ქართულს გიმნაზიაში მასწავლებლობასთან ერთად მუშაობდა ქუთაისის დრამატიულ საზოგადოებაში, ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავმჯდომარის ამხანაგად და ბოლოს თავმჯდომარედ ხსენებულ გამგეობისა. ამავე დროს იყო ს. ფ. გუბერნიის კომიტეტის წევრად, ქალაქის საბჭოს ხმოსნად, მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად.

თანამშრომლობდა ქართულს პრესაში (სახალხო საქმესა, „ხალხის მეგობარსა“ და მათ წინამორბედ ორგანოებში), სადაც მოუთავსებია საზოგადო და სპეციალური ხასიათის (ხელოვნების შესახებ – სათეატრო დარგში) წერილები. ადმინისტრაციის კლანჭებს დასხლტომია რამდენჯერმე ბედნიერ შემთხვევათა გამო, მათ შორის ერთხელ სოფელში 1905 წლის რევოლუციის მიწურულში მაშინდელ მთავრობისა და წესწყობილების წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის მის დასაჭერად გამოწვეულ „სტრაჟნიკებს“ მოსკოვისკენ გაასწრო და მეორედ თფილისში ბინის გაჩხრეკის დროს უვიცმა პოლიციელმა ლეგალური და არალეგალური ლიტერატურა ერთმანეთში ვერ გაარჩია, რასაც მაშინდელ პირობებში გადასახლება უნდა მოყოლოდა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე

ბიოგრაფია

(დაიბადა 1 დეკემბერი, 1888)

გიმნაზია გაათავა ქალ. ქუთაისში 1906 წ. უნივერსიტეტი პეტროგრადში გაათავა 1910 წ. ფილოლოგ. ფაკულტეტი.

1911-13 წ. მუშაობდა ლეიპციგის უნივერსიტეტში. ამავე წლებში დასტამბა შრომა რუს. ენაზე „Теорія науки“  ჟურნ. „Вопр. фил. и техн.“

1917 წ. დაამთავრა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო უფლება პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფ.-დეკანატობისა. 1918 წ. მოწვეულ იქნა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე. პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წ. ს. დემოკრატ. პარტიაში. 1908 წ. კითხულობდა საჯარო ლექციებს მარქსიზმის ფილოსოფიაზე.

1911 წ. დაშორდა პოლიტიკურ წრეებს. ეწეოდა მხოლოდ აკადემიურ მუშაობას. 1915 წ. დაიწყო მუშაობა ს. ფედერალისტთა პარტიაში. 1917 წ. არჩეული იყო სრულიად რუსეთის, ეროვნულ სოციალ. პარტიების ცენტრალ. საბჭოში, რომლის წარმომადგენელი იყო „დემოკრატიულ თათბირზე“ პეტროგრადში, სადაც მთელი რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია გამოაქვეყნა. ამავე ეროვნულ ფრაქციების პრეზიდიუმში იყო „რესპუბლიკის დროებით საბჭოში“. ამჟამად ს. ფ. მთავარ კომიტეტის წევრია.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

დადიანი სამსონ პლატონის ძე

დაიბადა 23 დეკემბერი, 1886, სოფ. მაიდანახები (ზუგდიდის მაზრა, ქუთაისის გუბერნია). ეკუთვნის საქართველოს სოციალისტ-ფედერალისთა პარტიას.

მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება პეტროგრადის უნივერსიტეტში. ქ. თბილისში დაამთავრა ქართული გიმნაზია.

სტუდენტობის დროს აქტიურს მონაწილეობას იღებდა
სოციალისტ-ფედერალისთა სტუდენტურ ორგანიზაციებში და აგრეთვე „დამონებულ ერთა პროგრესიულ სტუდენტობის ორგანიზაციათა ფედერაციაში“. 1910 წელს ორგანიზაციას ყურადღება მიაქცია მთავრობამ, დაიჭირეს რამდენიმე უკრაინელი წევრები ფედერაციისა, აგრეთვე გაჩხრიკეს ს. დადიანიც და ერთი კვირა იყო „ოხრანკაში“ დატუსაღებული.

მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა სერიოზულს ქართულს ჟურნალ-გაზეთებში, ამ უკანასკნელს დროს სწერს მხოლოდ პარტიულს გამოცემებში. ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მისი სოციოლოგიური ხასიათის მიმოხილვა მე XIX საუკუნის სიტყვა-კაზმული მწერლობისა, რისთვისაც ცენზურამ დაიჭირა ერთი ნომერი და ძლივს გადარჩა ავტორი და რედაქტორი ციხეს.

„სახალხო საქმები“ დაიბეჭდა მისი ვრცელი ლექცია „უნიტარულ და ფედერატიულ რესპუბლიკაზე“, იბეჭდებოდა შინაური მიმოხილვა“ და მრავალი სხვა პუბლიცისტური წერილები.

სამსახურში არასოდეს ყოფილა და ამჟამად არის წევრი საქართველოს ეროვნული საბჭოსი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი