ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სამსონის ძე

დ. 1863 წელი სოფელი ფუთი – გ. 1926 წლის 7 ივნისი ლევილი. საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რუსეთის მესამე და მეოთხე მოწვევის სათათბიროს დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ ჩხეიძე დაიბადა შორაპნის მაზრსი სოფელ ფუთში 1863 წელს. სწავლობდა ქუთისის გიმნაზიაში, რომლიც ოჯახური პირობებოს გამო ვერ დაასრულა. 1887 წელს ჩაირიცა ოდესის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1889 წელს ჩააბარა ხარკოვის საბეითლო (ვეტერინალურ) ინსტიტუტში. სტუდენტური გამოსვლების გამო იგი გამორიცხეს სასწავლებლიდან.  

ნიკოლოზ ჩხეიძე ხარკოვიდან ბრუნდება საქართველოში.  1890 მუშაობას იწყებს „ფილოქსერის პარტიაში ჯერ შორაპნის მაზრაში და ბოლოს ქ. ბათომში, როცა ფილოქსერის პარტია გაუქმდა უადგილოდ დარჩა, ნ. ს. ჩხეიძე იძულებული იყო კერძო გაკვეთილებით ეცხოვრა.  1906 წლამდის ის იყო ბათომის საავათმყოფოს სამეურნეო ნაწილის გამგე და ამავე დროს ქალაქის საბჭოს ხმოსანიც. ხმოსნათ აირჩიეს ის 1902 წელს. ამ თანამდებობაში დარჩა ოთხ წელიწადს და დაიმსახურა როგორც კარგი ორატორის, ისე საქმის კაცის სახელი 1906 წ. ჩხეიძე იძულებული გახდა ადმინისტრაციის მიერ დევნის გამო ბათომს მოშორებოდა. ”(ჟურ. „ეკალი“ 1907 წლის №3)”

1892 წლისდან  ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის  „მესამე დასს“ წევრი ხდება. „მესამე დასის“ გამოცხადების დღიდანვე  ის წერდა გაზეთ „კვალში“ სხვადასხვა ფსევდონიმით, უფრო ხშირად კი „ქართველი მკითხველის“ სახელით. ამ უკანასკნელის ფსევდონიმით მან დაწერა ცნობილი ბროშურა „საუცხოო ნიმუში ნ. ნიკოლაძის ლიტერატურული მოღვაწეობისა“.

1898 წლიდან კარლო ჩხეიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიის წევრია, 1903 წლიდან – მენშევიკი.

იგი მონაწილეობას იღებს   1905 წლის რევოლუციაში. 1907 წელიდან აქტიურად ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, ჯერ თბილისის სათათბიროს ხმოსანია, შემდეგ კი რუსეთის მესამე სახელმწიფო დუმის დეპუტატი  თბილისის გუბერნიიდან. რუსეთის მეოთხე სახელმწიფო დუმაში ჩხეიძე მენშევიკთა ფრაქციას თავმჯდომარეობს.

1917 წლის 27 თებერვალს ჩხეიძე პეტროგრადის მუშათა დეპუტატთა საბჭოების დროებით აღმასრულებელი კომიტეტს თავმჯდომეობს. ამავე დღეს იგი სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი ხდება.  

1917 წლის 6 სექტემბერს პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთ საბჭოებში ბოლშევიკების რეზოლუციის – „ხელისუფლების შესახებ“  მიღების შემდეგ ჩხეიძე პროტესტის ნიშნად ტოვებს თავის თანამდებობას და ბრუნდება სამშობლოში. 

ოქტომბრის რევოლუციას იგი უარყოფიდად ხვდება. 1918 წელს მას ირჩევენ ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ. 1819 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეა.

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩხეიძე მიემგზავრება ემიგრაციაში საფრანგეთში. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1926 წლის 7 ივლისს.

წყარო: ჟურნალი „ეკალი“ 1907 წლის №3 – ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე:

წყარო: Орлов А.С., Георгиева Н.Г., Георгиев В.А. Исторический словарь. 2-е изд. М., 2012, с. 564.

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

დ. 1885, ოზურგეთი. ქართველი. სოციალ-დემოკრატი (უმც.). ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: განოვის ქუჩა, სახ. №3, ბ. №1. ტელ. 6-83..

გავათავე მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1905 წ. შევედი ადესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე. 2 აპრილის 1908 წ. დამიჭირეს ადესაში და მიმცეს პასუხის გებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის (1 ნაწ. 102 მუხ. სის. სამ.): მბრალდებოდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრობა. ერთი წლის და ოთხი თვის წინასწარ დაპატიმრების შემდეგ გამასამართლა ადესის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც გამამართლა მე და ჩემთან ერთათ სხვა რვა სტუდენტები. განთავისუფლების შემდეგ ადესის უნივერსიტეტში არ მიმიღეს და შეველ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1909 წელს, რომელიც გავათავე 1913 წელს.

რევოლიუციის ხანაში ვიყავი: ქ. ქუთაისის კომისარათ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ; ნოემბრიდან 1917 წ. ვიყავი ამიერ კავკასიის მთავრობაში შრომის კომისრის ამხანაგათ და შემდეგ საქართველოს მთავრობაში შრომის მინისტრის ამხანაგათ 24 ივნისამდე.

1918 წ.

ილიკო გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

სალუქვაძე ანანია მაქსიმელის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მარტი, 1889, ქ. ოზურგეთი (გურია)). ქართველი. სოციალ დემოკრატი. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი და ეროვნული საბჭოსი.  

თფილისის ადრესი – პრიუტსკის ქუჩა სახ. №27.

პატარობას ვიყავი  ნოქრათ, შემდეგ მანთაშევის ქარხანაში მიმიღეს ტეხნიკურ განყოფილებაში მოწაფედ, მაგრამ ქარხნის დაკეტის გამო აღარ მიმიღია სრულათ სწავლა. 17 წლიდან ჩემი პროფესია იყო კორესპოდენტობა და ვიყავი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პროფესიონალური მომუშავე.

შკოლაში სრულიად არ ვყოფილვარ. ჩემით უმასწავლებლოთ შევისწავლე წერა-კითხვა. შინაური განათლებით.

პატარაობიდან ვმუშაობდი არალეგალურ ორგანიზაციებში, ორგანიზაციებს გარდა მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა კულტურულ-გამანათლებელ-ეკონომიურ ორგანიზაციების დასაარსებლათ გურიაში. მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მუდმივი კორესპოდენტი ვიყავი ს. დ გაზეთისა. 1908 წელი, 1909 წელი და 1910 წლის ნოემბრამდი ვირიცხებოდი გურ. ს. დ. ცენ. კომიტეტის ხელმძღვანელათ.

ძველი რეჟიმის დროს შემდეგი შევიწროვებანი შემხვდა; პირველათ ჟანდარმებმა დამიჭირეს 1904 წელს 7 თებერვალს (14 წლის ვიყავი) მინახეს 60 ცალი „ოთხი ძმა“, „სარატოვის მუშების სიტყვა სასამართლოში“ 100 ცალი და ხვარბეთის რაიონისათვის გადასაცემი ბათუმის კომიტეტის მოწოდება გურიის გლეხებისადმი. ორი თვე და 20 დღის შემდეგ თავდების ქვეშ გამანთავისუფლეს, როგორც მცირეწლოვანი. ამ ტყვეობის დროს მკაცრი სასჯელი გადვიტანე. ციხის კამერაში მარტო ვიჯექი. ფიქრობდენ ჩემს გატეხვას და ამიტომ სამხელ გამროზგეს (მაზრის უფრ. ჯაფარიძემ და მისმა ხელქვეითებმა).

1907 წელს კვლავ დამიჭირეს, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს. 1908 წელს კი კიდევ დამიჭირეს და ორი თვე და 9 დღე გავატარე ციხეში. 1909 წელს კი თავს დამესხენ, მაგრამ მე გაქცევა მოვასწარი და მას შემდეგ ვცხოვრობდი არალეგალურათ – 1910 წლ. ნოემბრამდი. ამ ხნის განმავლობაში სასტიკათ მდევნიდენ. არა ერთხელ დამესხენ იქ-აქ, მაგრამ ხელში ვერ ჩამიგდეს, არაერთხელ ააწიოკეს ჩემი ბინა. ჩემი წიგნები, ბიბლიოთეკა მიითვისა ჟანდარმერიამ და აგრეთვე ჩემი ნაწერები; ორი მოთხრობა, „ობოლი სული“ და „დევნილი“, რომელიც დაიკარგა.

ორგანიზაციებში ჩემი საკეთებელი იყო ორგანიზაციების მოწყობა, მოწინავეთა შეკავშირება, პროპაგანდა, აგიტაცია და დემოკრატიული რესპუბლიკის იდეების გავრცობა.

1910 წელს ნოემბერს, რადგანაც სამხედრო ბეგარის მოხდა მიწევდა, გამოვცხადდი და გამიწვიეს ჯარში. ვმსახურობდი ქ. ოსტროგში (ვოლინის გუბერნია) „რილსკის პოლკში“. იქ გავიცანი სხვა და სხვა კუთხეებიდან ამხანაგები; პოლიაკები, ებრაელები, ლატიშები, რუსები და ქართველებთან ერთად შევქენით მეთერთმეტე კორპუსში ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე და პირველი კრება 1912 წელს მოვიწვიეთ ბუპკოვში.

1914 წელს ქ. ოსტროგში დამიჭირეს (29 იანვარს) სხვა ამხანაგებთან ერთად, რომელიც გამოიწვია პეტროგრადის 9 იანვრის ამბებმა, რასაც მოყვა ჟიტომირის ჟანდარმებისაგან ოსროგის ფოსტის გაჩხრეკა, სადაც დაიჭირეს პეტროგრადიდან გამოგზავნილი ჟურნალ-გაზეთები; „ნაშა ზარია“, „პრავდა“, „რაბოჩაია გაზეტა“ და სხვა და სხვა. ამის გამო 8 კვირა დავყავი „კარცერში“ მარტოთ, წყალზე და პურზე. შემდეგ დაავათმყოფდი და გადამიყვანეს სამხ. საავათმყოფოში.

ომის მოახლოვების გამო სასამართლოს აღარ გაურჩევია საქმე. 1915 წლის დეკემბერში დავბრუნდი სამშობლოში დაავათმყოფებული, რადგანაც ყინვებმა სხეული დააზიანა.

ჯარში ყოფნის დროს დავსწერე მოთხრობები: „პანი“, რომელიც წამართვა პოლკის უფროსმა მიშაკოვმა. „ტყის ძმები“ გურიის ცხოვრებიდან, რომელიც ეხლა იბეჭდება. „შრომის სამეფოში“, რომელიც დაიბეჭდა „თეატ. და ცხოვრებაში“

1916 წლიდან ვმუშაობდი თფილისის ორგანიზაციებში, ვაწყობდი ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს, ეკონომიურ გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი. და ვიყავი თფილისის ს. დ. კომიტეტის პასუხისმგებელ ორგანიზატორათ და ამავე დროს წევრი ამ. კავკ. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი.

პარტიაში სხვა სახელი მქონდა, უმეტესათ მეძახოდენ „გერკულესს“ და „თფილისელ მუშას“.

აი მოკლეთ. ოჯახური პირობებით ღარიბი, ობოლი. გაჭივრება-შიმშილი და თრევა, აი ჩემი ცხოვრება.

რევოლიუციის შემდეგ მუშათა საბჭო და სოციალ-დემოკრატიული პარტია მგზავნიდა სხვა და სხვა ადგილებში პროპ.-აგიტაციისათვის, ორგანიზაციების მოსაწყობათ, რაზმების შესადგენათ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

სადაღაშვილი გიორგი დავითის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1870,  ს. ქახვრელში, გორის მაზრა) – სომეხი (გრიგორიანი).  მექანიკი (სლესარი). სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი). განათლება შინაური.

თფილისის ადრესი –  სამილიციო უბანი დიმიტრიევის ქუჩა №2.

ჩემი მოღვაწეობა დავიწყე პოლიტიკური ვიწრო წრეების დაარსებისათანავე თბილისში, ამ დროს ორგანიზატორობა იყო ჩემი მოვალეობა.

1900 წელს რკინისგზის მთავარ სახელოსნოს გაფიცვის დროს მარიამობის თვეში გადამასახლეს სამშობლოში და სამი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს.

1902 დემონსტრაციის დროს დამაპატიმრეს მაგრამ ეჭვები ნაკლები იყო და სამი დღის შემდეგ გამანთავისუფლეს.

1903 წ. იძულებული გავხდი დავთხოვოდი რკინის გზას რადგან მრავალჯერ ჩხრეკამ და ჟანდარმერიის დევნას საზღვარი არ ჰქონდა.

1904 დავდექ იარალოვის ქარხანაში და უმალვე ზავოდის წარმომადგენლათ ამირჩიეს და 1908-მდე იყო ცნობილი ჩემი მოღვაწეობა გაფიცვები და ბრძოლა როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიურის სათავეში ვიდექ ფსევდონიმით (იარალოვი). მეორე რაიონულ კოლექტივის წევრათ. მესამე რაიონის კოლექტივის თავმჯდომარეთ, თბილისის კომიტეტის წევრათ, პირველ სახელმწიფო საბჭოს არჩევნებში ზავოდის რწმუნებულათ ამრჩევლების ასარჩევათ და ვიყავ ამომრჩეველათ არჩეული მე ასევე გურიიდან

1908-ში საგუბერნიო ჟანდარმერიამ შემიპყრო და ადმინისტრატიულათ ორის წლით ასტრახნის გუბერნიაში გადამასახლა. გათავებისას დავბრუნდი მაგრამ ისევ დამაპატიმრეს და ისევ უკან გადამასახლეს როსტოვში.

1917 მარტს აქეთ ვარ თავმჯდომარეთ კომიტეტ „ნაძალადევის“, I რაიონის კოლექტივის წევრათ, მე II უჩასტკოვის სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარეთ და საბჭოს წევრათ.

ქალაქის საბჭოს წევრათ, და მომხმარებელი საზოგადოების დირექტორათ.

ციხეები გამოვიარე: მეტეხის, საგუბერნიო-სამსამჯერ. ბაქოს ორჯერ. როსტოვის ორჯერ. ნოვოჩერკასკის ერთხელ, ცარიცინის ერთხელ, ჩორნ. იაროს ერთხელ.

სადაღაშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რუსია მელიტონ ივანეს ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1878, ლანჩხუთი). ქართველი. ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: თბილისი, ანასტასიის ქუჩა №13

მივიღე კიევის უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება.

1903 წ. ხარკოვის ტეხნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისთვის გამორიცხული ვიქმენ ტეხნოლოგიური ინსტიტუტიდან და აღმეკრძალა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში შესვლა.

1904 წ. თბილისის მუშებში პროპაგანდა აგიტაციისთვის, როგორც წევრი თბილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციისა, დატუსაღებულ ვიყავი რამოდენიმე ჯერ და 1905 წელში მაშინდელმა კავკასიის მთავრობამ დაადგინა ჩემი გადასახლება ხუთი წლით უფის გუბერნიაში.

1917 წ. რევოლიუციის შემდეგ წევრი მუშათა და სალდათთა დეპუტატების საბჭოსი და მასთან არსებული პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე. ხმოსანი თბილისის ქალაქის საბჭოსი.

საქართველოს ქალაქის კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი.

მ. რუსია

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ნათაძე ლევან იასონის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 16 ივნისსი, 1880,  სოფ. კასპი, გორის მაზრა). ქართველი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ფასანაურის შესახვევი №4.

სოციალ-დემოკრატი

გავათავე 4 კლასი სათავ.-აზნაურო სკოლაში, 5-8 კლასი თბილისის მე-3 გიმნაზიაში, შემდეგ დავასრულე პეტროგრადის უნივერსიტეტი.

პარტიული მუშაობა დავიწყე 1902 წელში; ვეწეოდი პროპაგანდას მუშათა წრეებში, ვწერდი და ვავრცელებდი  პროკლამაციებს, ვეწეოდი  აგიტაციას, გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი, დემონსტრაციების და მანიფესტაციებისაკენ მოუწოდებდი. მონაწილეობას ვიღებდი მარქსისტულ პრესაში.

სტუდენტობის დროს (1900-4) მოძრაობაში მონაწილეობისათვის სამჯერ ვიყავ დატუსაღებული და სამჯერ უნივერსიტეტიდან გამორიცხული. 1905 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ ვიჯექი ციხეში; ორჯელ თბილისიდან გადასახლებული.

1903 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე განუწყვეტლივ ვიღებდი მონაწილეობას მარქსისტულ მიმართულების ჟურნალ გაზეთებში (ჟურნ. „კვალიდან“ მოყოლებული) ვათავსებდი პუბლიცისტურ, პოპულარულ სამეცნიერო და კრიტიკულ წერილებს.

პარტიულ მუშაობის გარდა ვიყავ მასწავლებლათ. რევოლუციის დაწყებისას კავკასიის დროებითმა მთავრობამ დამნიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრათ ვიყავ გაზ. „Борьба“-ს რედაქტორათ. დღეს „ერთობის“ რედაქტორი ვარ.

ლევან ნათაძე

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე

ავტობიოგრაფია

დავიბადა 1869 , სოფელ შინიხი, ბორჩ. მაზრ. თბ. გუბ.  სომეხი. მუშა ფოტოგრ.-ცინკოგრაფი, ფოტოტიპმაჩიკი.

თფილისის ადრესი – ზარ მოედანი. პრიკაზ. ქუჩა №12.

სოციალ-დემოკრატი ინტერნაციონალისტი . ძველი რეჟიმის დროს ვმოღვაწეობდი 1907 წლიდან დაწყებული 10 წლის განმავლობაში თბილისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობაში კოოპერატ სექციაში სამეურნეო საზოგადოებაში და სხვა კომისიებში (პარტიული და სხვა).

1912 წ. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტ. არჩევნებში ვიყავი ამომრჩევლათ როგორც წარმომადგენელი თბილისის გუბერნ. მუშებისა (ამოვირჩიეთ კ. ჩხეიძე). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მე 1903 წლიდან დაწყებული 1916-წლ. ვმუშაობდი ქართველთა გამომც. ამხ. სტამბაში, სადაც სხვათა შორის ვისწავლე ქართული წერა კითხვაც. საზოგადოდ ამ სტამბამ დიდი გავლენა იქონია ჩემს თვით-განვითარების საქმეში.

წყარო : საქართველოს ეროვნული არქივი

თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადა 1883,  ს. წიაღობანი. ქართველი. მემანქანის თანაშემწე. ტრამ. სახელოსნოში. შინაური განათლებისა. სოციალ დემოკრატი.

თფილისის ადრესი:  პარკოვის ქუჩა № 23. XI სამ. ნაწ.

1908 წელს ტრამვაიში დამატუსაღეს. ოთხი თვის ციხეში ჯდომის შემდეგ გადასახლებული ვიყავი თბილისის გუბერნიის საზღვრებიდან სამხედრო წესების მოხსნამდე.

1911 წელს სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ (აზრის) რედაქციაში რედაკტორ თანამშრომლებთან ერთად კიდევ ვიყავი დატუსაღებული ნამესტნიკის განკარგულებით გადამასახლეს კავკასიის საზღვრებიდან. რევოლუციის შემდეგ მომეცა საშვალება ძველ ალაგს კი შრომას დავბრუნებოდი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე

დაიბადა 16 აგვისტო, 1871,  სოფ. ხობი, ზუგდიდის მაზრა. ქართველი. ჟურნალისტი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13, ტელ. 11-98

განათლება მიიღო ჟენევაში და პარიჟში, იურიდიული. 

პუბლიცისტიკა, რედაქტორობა ქართული ჟურნალისა („კვალის“), შემდეგ რუსულ გაზეთების და ჟურნალის (სარატოვში და მოსკოვში), პარტიაში მუშაობის და პარტიული ორგანოების ხელმძღვანელობა, მრავალჯერ დაპატიმრება. უფლებების შეზღუდვა და გადასახლება. სააქციონერო საზოგადოების გამგეობის დირექტორათ, საოლქო კავშირის (ვოლგის) საეკონომიო განყოფილების (მუნიციპალურის) გამგეთ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარეთ, სარატოვის გუბერნიის კომისრათ და ბოლოს ამიერ-კავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარეთ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ელიაძე სტეფანე თედორეს ძე

დაიბადა 1894, ს. უჩხო[..]ბი (გურია). ქართველი. სოციალ-დემოკრატი. საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრი.

თფილისის ადრესი: სურამის ქუჩა, №3. 

1910 წელს დაასრულა შემოქმედის ორკლასიანი სასწავლებელი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მიდის ბათუმში და იწყებს მუშაობას სტამბაში, და სწავლულობს ასოთამწყობობას. 1915 წელს გადმოდის თფილისში და განაგრძობს მუშაობას ამავე პროფესიაში. ამ ხანებში ის ესწრება წევრთა არალეგარულათ მოწყობილ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. რევოლიუციის პირველ დღეებში მას ირჩვენ სოციალ-დემოკრატიულ კოლექტივის წევრათ. იყო თფ. ბეჭდითი საქმის მუშათა პროფესიონალურ კავშირის გამგეობის წევრათ. არის წევრი საავადმყოფო კასის სარევიზიო კომისიისა. თანამშრომლობს სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „ერთობაში“.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი