ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე

(დ. 1885) მისამართი: გუნიბის ქუჩა, №54

საშუალო სწავლა მიიღო ტფილისის ქართულ გიმნაზიაში. გიმნაზიის გათავების შემდეგ შევიდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ აპირებდა პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებას, მაგრამ რუსეთის მთავრობამ იგი პოლიტიკურად არა საიმედოდ იცნო და გიმნაზიიდან დაითხოვა.

სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო „ივერია“-ში, რომელიც გრ. ყიფშიძის რედაქტორობით გამოდიოდა. პირველი მისი წერილი დაიბეჭდა 1903 წელს. როდესაც გაზეთი ფ. გოგიჩაიშვილის ხელში გადავიდა, ამ უკანასკნელმა არჩილ ჭაჭანაშვილი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. „ივერიიდან“ მერე „ცნობის ფურცელ“-ში გადავიდა და მას შემდეგ დღევანდლამდის განაგრძობს თანამშრომლობას „ცნობის ფურცელ“-ში. მომდევნო სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთებში, როდესაც ჟანდარმერიამ გაზეთი „დროება“ გაჩხრიკა და თანამშრომლები დემონსტრაციულად სხვა და სხვა ადგილებში გადაასახლა, არჩილ ჭაჭანაშვილი რამდენიმე ხნის განმავლობაში რედაქტორობდა გაზეთს.

1914 წელს დატუსაღებულ იქმნა, რის [..]დეგ გამ[..]ა პრავაკატორის ვანო კას[..]შვილის დაბეზღებით მაგრამ რადგანაც არავითარი საბუთი არ აღმოაჩნდა, გაანთავისუფლეს.

ამის გარდა ფრონტზე იყო სამუშაოდ […]სთან იგი არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრთა კანდიდატად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი შევიდა ეროვნულ საბჭოში-როგორც წევრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალავა სამსონ

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მაისი, 1972). სოფ. მათხონჯი, ქუთაისის მაზრა

1906-07 წლ. ჩემის ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული საგლეხო ჟურნალი „გლეხი“ და „მიწა“, ხოლო 1902–09 წ. სალიტერატურო გაზეთი „მზე“ – „ფასკუნჯი“. ამის ერთი ნუმერი თვიური ჟურნალის სახით გამოვიდა 1919 წ.

დავიბადე 1872 წ. მაისის 4-სა, ქუთაისის მაზრაში, სოფ. მათხონჯში, გლეხის ოჯახში. პირველად ვსწავლობდი ხონის ნორმალურ სკოლაში, შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო უნივერსიტეტი – პეტერბურგისა იურიდიული ფაკულტეტი – დავასრულე 1898 წელს. ერთ ორ თვეს ვმსახურობდი ქუთაისის სახაზინო პალატაში, ამდენ ხანსვე ჭიათურაში ერთი მრეწველის კანტორაში. ტფილისში გადმოვედი 1901 წ.; ვიყავი გაზეთის კორექტორად. 1902 წელს ამირჩიეს წ. კ. საზოგადოების მდივნად და ამ თანამდებობაზე დავრჩი 1910 წლამდის. მწერლობა სისტემატურად დავიწყე გაზ. „ივერიაში“ 1901 წ. დეკემბრის 29-ს. მანამდის რამდენიმე წერილი მქონდა დაბეჭდილი „კვალში“ თეატრის შესახებ და ჭიათურის შთაბეჭდილებანი. 1902 წლის აპრილის 14-დან გავხდი მუდმივი თანამშრომელი „ცნობის ფურცლის“ და ამ დღიდან ვიღებდი ახლობელ მონაწილეობას სოც. ფედერ. პარტიის საპოლიტიკო და სამწერლო მუშაობაში.

ციხეში ვიჯექი სამჯერ: სტუდენტობის დროს, 1906 და 1910 წელს. ამ წლის დეკემბერში გადამასახლეს რუსეთში, საიდანაც დავბრუნდი 1913 წელს.

მწერლობაში ჩემი ფსევდონიმები იყო: S – on, კალამი, სიტყვა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე

ბიოგრაფია

(დაიბადა 1 დეკემბერი, 1888)

გიმნაზია გაათავა ქალ. ქუთაისში 1906 წ. უნივერსიტეტი პეტროგრადში გაათავა 1910 წ. ფილოლოგ. ფაკულტეტი.

1911-13 წ. მუშაობდა ლეიპციგის უნივერსიტეტში. ამავე წლებში დასტამბა შრომა რუს. ენაზე „Теорія науки“  ჟურნ. „Вопр. фил. и техн.“

1917 წ. დაამთავრა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო უფლება პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფ.-დეკანატობისა. 1918 წ. მოწვეულ იქნა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე. პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წ. ს. დემოკრატ. პარტიაში. 1908 წ. კითხულობდა საჯარო ლექციებს მარქსიზმის ფილოსოფიაზე.

1911 წ. დაშორდა პოლიტიკურ წრეებს. ეწეოდა მხოლოდ აკადემიურ მუშაობას. 1915 წ. დაიწყო მუშაობა ს. ფედერალისტთა პარტიაში. 1917 წ. არჩეული იყო სრულიად რუსეთის, ეროვნულ სოციალ. პარტიების ცენტრალ. საბჭოში, რომლის წარმომადგენელი იყო „დემოკრატიულ თათბირზე“ პეტროგრადში, სადაც მთელი რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია გამოაქვეყნა. ამავე ეროვნულ ფრაქციების პრეზიდიუმში იყო „რესპუბლიკის დროებით საბჭოში“. ამჟამად ს. ფ. მთავარ კომიტეტის წევრია.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ნათაძე ლევან იასონის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 16 ივნისსი, 1880,  სოფ. კასპი, გორის მაზრა). ქართველი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ფასანაურის შესახვევი №4.

სოციალ-დემოკრატი

გავათავე 4 კლასი სათავ.-აზნაურო სკოლაში, 5-8 კლასი თბილისის მე-3 გიმნაზიაში, შემდეგ დავასრულე პეტროგრადის უნივერსიტეტი.

პარტიული მუშაობა დავიწყე 1902 წელში; ვეწეოდი პროპაგანდას მუშათა წრეებში, ვწერდი და ვავრცელებდი  პროკლამაციებს, ვეწეოდი  აგიტაციას, გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი, დემონსტრაციების და მანიფესტაციებისაკენ მოუწოდებდი. მონაწილეობას ვიღებდი მარქსისტულ პრესაში.

სტუდენტობის დროს (1900-4) მოძრაობაში მონაწილეობისათვის სამჯერ ვიყავ დატუსაღებული და სამჯერ უნივერსიტეტიდან გამორიცხული. 1905 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ ვიჯექი ციხეში; ორჯელ თბილისიდან გადასახლებული.

1903 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე განუწყვეტლივ ვიღებდი მონაწილეობას მარქსისტულ მიმართულების ჟურნალ გაზეთებში (ჟურნ. „კვალიდან“ მოყოლებული) ვათავსებდი პუბლიცისტურ, პოპულარულ სამეცნიერო და კრიტიკულ წერილებს.

პარტიულ მუშაობის გარდა ვიყავ მასწავლებლათ. რევოლუციის დაწყებისას კავკასიის დროებითმა მთავრობამ დამნიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრათ ვიყავ გაზ. „Борьба“-ს რედაქტორათ. დღეს „ერთობის“ რედაქტორი ვარ.

ლევან ნათაძე

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი