წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გომართელი ივანე გედევანის ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 1876 წელს, სოფელ გორისა, შორაპნის მაზრა. მამაჩემი გედევანი იმერეთის კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა.

ჩემი ისტორიკოსები – დედაჩემი და მამიდაჩემი – ჩემი დაბადების დღის შესახებ ერთიმეორეს არ უთანხმებენ. უფრო კი შვიდ მაისს უნდა დავბადებულიყავი.

ჯერ ვსწავლობდი თფილისის სააზნაურო სასწავლებელში, შემდეგ თფილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ გავათავე მოსკოვის უნივერსიტეტი 1899 წელს. მას აქეთ ვარ ექიმი.

ვცხოვრობ თფილისში ანასტასიას ქუჩაზე № 21. 1907 მდინ კი ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც ძველმა მთავრობამ აღარ დამაყენა.

ჩემი რწმენით 1897 წლიდან სოციალ-დემოკრატი ვარ. 1905 წლიდანვე ამხანაგებს ვარკვევდი ეროვნულ საკითხში, მაგრამ დღეს ცხოვრებამ ისევ შეგვარიგა, რადგანაც საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკაა.

ჩემი რწმენისათვის ციხეში ბევრჯერ ჩამაჯინა ცხონებულმა ძველმა მთავრობამ: 1907 წელს, 1908-ს; 1910-1911 მთელი წელიწადი ვიჯექი მეტეხის ციხეში.

ერთი ნაკლი მაქვს: წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავათმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის.

ივ. გომართელი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

აბაკელია იოსებ კონსტანტინეს ძე

  (ავტობიოგრაფია)

(დ. 2 მარტი, 1882, ქუთაისი – გ. 1938)  ფტიზიატრი, საქართველოს პარლამენტის პრეზიდიუმის წევრი პირველ დაწყებითი სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო რომელიც 1903 წელს დაამთავრა და ნოვოროსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე შევიდა.

1903 წელს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში იწყებს მუშაობას ქ. ოდესაში და ნოვოროსიის უნივერსიტეტის ხსენებულ პარტიის სტუდენტთა ფრაქციის კომიტეტის და პერესიპის მუშათა რაიონის წევრად ითვლება.

1905 წელს რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს მხურვალე მონაწილეობას იღებს მოძრაობაში და არა ერთი და ორი ებრაელი მსხვერპლი გადაარჩინა „რუსთა კავშირის“ გახულიგანებულ და გამხეცებულ ბრბოს, როდესაც მეზღვაურთა დამცველ რაზმს მეთაურობდა ოდესაში.

1906 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრად ამოირჩიეს.

1907 წლის 4 ნოემბერს დაატუსაღეს ოდესაში და 21 თვეს იჯდა ციხეში. /Въ одиночное заключеніе/. სხვებთან ერთად სისხ. სამ. 102 მუხლის ძალით გაასამართლა სამხედრო-საოლქო სასამართლომ და უდანაშაულოდ იცნო იგი. ციხიდან გამოსვლისას ოდესის გრადონაჩალნიკმა ტოლმაჩოვმა აუკრძალა ოდესის საზღვრებში ცხოვრება და განდევნილი იქმნა.

ოდესიდან მიდის ბედის საძიებლად-უნივერსიტეტში შესასვლელად სხვა ქალაქებში, მაგრამ ისევ ტოლმაჩევის საიდუმლო მიწერილობის წყალობით უნივერსიტეტის კარები დახშული შეიქნა მისთვის კიევსა და ხარკოვში, მხოლოდ 1909 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე პროფ. ტარასევიჩისა და დიოშინის თავდებობით და იმავე წლის გიორგობის თვეში ხელ-მეორედ დაიჭირეს და ხუშჩევის პოლიციის ნაწილში მოათავსეს. ქრისტეშობისთვის ბოლო რიცხვებში, შიმშილის გამოცხადების შემდეგ, გაანთავისუფლეს.

1910 წლის მარტში გადაასახლეს ციმბირში, მაგრამ რეკტ. მანუილოვისა და სტუდენტთა შუამდგომლობით ადმინისტრაციამ გააუქმა თავის დადგენილება.

1911 წელს დაამთავრა საექიმო ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როგორც ექიმი, გურიაში (ოზურგეთის მაზრაში) მუშაობდა.

1913 წლის დასასრულს ფინლიანდიას გაემგზავრა სახელმწიფო სანატორიუმ „ხალილა“-ში, სადაც სპეციალურად შეისწავლა გულმკერდის ავადმყოფობა (უმთავრესად ჭლექი) და სანატორიუმის საქმის სასურველ ნიადაგზე დაყენება. იქვე დაწერა შრომა რუსულ ენაზე: „Къ вопросу о роли трахеобронхіальныхъ железъ при туберкулезной инфекціи и о возможной локализаціи первичнаго гнħзда“.

1914 წელს მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უფროს ექიმად დანიშნეს მე 20 არტილერიის პარკის ბრიგადაში.

7 თვეს იყო კავკასიის ფრონტზე (სარაყამიშთან ბრძოლის დროს); 4 თვეს გალიციაში, 11 თვეს ჩრდილოეთის ღვინის ფრონტზე და 10 თვეს-სამხრეთ-დასავლეთის ანუ ბროდის ფრონტზე.

რევოლიუციის დროს იყო მე 11 არმიის სამხედრო-რევოლიუციონურ კომიტეტის წევრი და რწმუნებული იმავე არმიის კომისარისა, და სამხრეთ-დასავლეთის სანიტარულ საბჭოთა საბჭოს წევრი.

1918 წლის 8 თებერვალს დაბრუნდა სამშობლოში ქ. თბილისს და იმ დღიდანვე გაორკეცებული ენერგიით შეუდგება პარტიულ და საზოგადოებრივ სარბიელზე მუშაობას. ჩამოსვლისათანავე პარტიულ კონფერენციაზე ირჩევენ სოც.-რევ. ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად, სადაც თავმჯდომარის ამხანაგად იყო.

დღიდან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა გაჩნდნენ პარტიაში ისეთი ხალხი, რომელნიც წინააღმდეგი იყვნენ რუსეთიდან ყოველგვარ გამოყოფისა; გაჩნდა ორი მიმდინარეობა: ერთი, რომელიც უწევდა რა ანგარიშს თანამედროვე პირობებს, უპირატესობას აძლევდა გამოყოფას იმ მიზნით, რომ ამიერკავკასიაში მაინც შეგვენარჩუნებინა დემოკრატიას დიდი რევოლიუციის მონაპოვარი და, მეორე კი ყველაფერსა სწირავდა ბოლშევიკურ რუსეთის სამსხვერპლოს. აი, სწორედ პირველ ჯგუფში სხვებთან ერთად დიდ მუშაობას ეწეოდა ი. აბაკელია, რომელთაც თავი მოიყარეს გაზ. „Дħло Народа“-ს გარშემო.

არა ნაკლები შრომა მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამშობლოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობაში.

ამ ხანებში შესდგა სოც.-რევ. პარტიის საქართველოში მოქმედ ორგანიზაციათა კონფერენცია, რომელზედაც ცენტრალურ კომიტეტის წევრად ამოირჩიეს.

წყარო: ავტობიოგრაფია საარქივო მასალების მიხედვით