
დაიბადა 5 იანვარი, 1863, სოფელ ლიხაური, ოზურგეთის მაზრა, გურია – გ. 21 თებერვალი, 1953. ქართველი. ისტორიკოსი, არქეოლოგი. საზოგადო მოღვაწე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ეროვნულ-დემოკრატი
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა პეტროგრადის უნივერსიტეტში და დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1887 წელს.
იყო ჯერ მასწავლებლად, შემდეგ გამგეთ ტფილისის სათავად-აზნაურო სკოლისა, შემდეგ ისტორიის და ლათინური ენის მასწავლებლად ტფილისის ქალთა მეორე და ვაჟთა მეექვსე გიმნაზიებში. ახლა არქეოლოგიის პროფესორია ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აქვს მინიჭებული ამავე უნივერსიტეტის საბჭოსაგან ხარისხი მოძღვართ მოძღვრობისა ანუ დოქტორობისა […] მონაწილეობას იღებდა ყველა ქართულ კულტურულ დაწესებულებაში.
დამაარსებელია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, რომლის თავმჯდომარეთ ითვლება დღიდან დაარსებისა (1907 წ.). წევრია მრავალ სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოებისა, იყო მდივანი მოსკოვის საარქეოლოგო საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა, ეხლა არის საპატიო წევრი იმავე განყოფილებისა. ნამდვილი წევრია კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო ინსტიტუტისა. მას ეკუთვნის მრავალი შრომანი და გამოცემანი ქართულს და რუსულს ენაზედ (ცალკე ჩამოთვლა ბევრს ადგილს დაიჭერს). ორი მისი შრომა დაჯილდოვებულია ოქროს მედლებით. ერთი რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ, მეორე რუსეთის საარქეოლოგიო საზოგადოების მიერ.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი