ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე

(დ. 10 აპრილი, 1889, სოფ. ბარდნალა, ლეჩხუმის მაზრა — გ. 2 იანვარი, 1954) — ლიბერალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ნაფიცი ვექილის თანაშემწე ჟურნალისტი.

დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1907 წელს. იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულს ინსტიტუტში ეკონომიურს ფაკულტეტზე. 1909 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში სადაც 1914 წ. დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი.

დაკავებული თანამდებობები

  • ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მთავარი კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია)

ლიტერატურა

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რუსია მელიტონ ივანეს ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1878, ლანჩხუთი). ქართველი. ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: თბილისი, ანასტასიის ქუჩა №13

მივიღე კიევის უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება.

1903 წ. ხარკოვის ტეხნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისთვის გამორიცხული ვიქმენ ტეხნოლოგიური ინსტიტუტიდან და აღმეკრძალა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში შესვლა.

1904 წ. თბილისის მუშებში პროპაგანდა აგიტაციისთვის, როგორც წევრი თბილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციისა, დატუსაღებულ ვიყავი რამოდენიმე ჯერ და 1905 წელში მაშინდელმა კავკასიის მთავრობამ დაადგინა ჩემი გადასახლება ხუთი წლით უფის გუბერნიაში.

1917 წ. რევოლიუციის შემდეგ წევრი მუშათა და სალდათთა დეპუტატების საბჭოსი და მასთან არსებული პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე. ხმოსანი თბილისის ქალაქის საბჭოსი.

საქართველოს ქალაქის კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი.

მ. რუსია

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე

დაიბადა 3 ნოემბერს, 1873,  სოფელი, ილემი, შორაპნის მაზრა. ქართველი. ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი – სცხოვრობს ქ. თფილისში, ოლღის ქუჩა №26.

ნაციონალ დემოკრატი

დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი პეტერბურგის უნივერსიტეტის

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლად იყო გაგზავნილი 1917 წ. მოსკოვის სახელმწიფო თათბირზე და შემდეგ რუსეთში მცხოვრებ ეროვნებათა ყრილობაზე კიევში. იყო წევრი საქართველოს ინტერპარტიული საბჭოსი. თავმჯდომარის ამხანაგია ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის მთავარი კომიტეტისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 20 ნოემბერს, 1879, ს. უხუთი, ქუთაისის მაზრა.  ქართველი. სოციალ-დემოკრატი. პროფესია: ნაფიცი ვექილი. თფილისის ადრესი: ინჟინერის ქუჩა № 4 განათლება: სასულიერო სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტი, იურიდიული განათლება  

სტუდენტობის დროს დორბატში სტუდენტების მოძრაობაში ვიღებდი მონაწილეობას; ქ. ქუთაისში ვცემდი ყოველკვირეულ გაზეთ „ფონს“ 1909 წელს; მთავრობის საწინააღმდეგო წერილის დაწერისათვის სასამართლომ გადუწყვიტა 1919 წელს სამი თვის „крђпость“. ეს სასჯელი ქუთაისში მოიხადა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დამიჭირეს და თითო თვე ციხეში მამყოფეს, მერმეთ 1914 წელს გადასახლება გადამიწყვიტეს ქუთ. გუბერნიიდგან. როგორც არა საიმედოს პოლიტიკურად. ძველი რეჟიმის დროს ნაფიცი ვექილობის ხარისხი არ მომცეს, რევოლუციის შემდეგ მივიღე. ვმუშაობდი ქუთაისის ორგანიზაციებში. ამირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრათ. ვიყავი თავმჯდომარე ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსი. ქუთაისის გუბერნიის კომისარი. ჩხენკელის კაბინეტში სამხედრო მინისტრი და მის შემდეგ დღემდის სამხედრო მინისტრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი