სოლოღაშვილი ანნა (ოლღა) ილიას ასული

ავტობიოგრაფია

(დ. 1882,  სოფელი მეჯვრისხევი (გორის მაზრა)). ტომით ქართველი. მასწავლებელი

პარტიული რწმენა – სოციალ-დემოკრატი

დავამთავრე ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ისტორიული ნაწილი

თფილისის ადრესი – გოლოვინის პროსპექტი, №12.

ძველი რეჟიმის დროს ვმასწავლებლობდი. 1912 წელს ვიყავ დატუსაღებული და გადაცემული სამხედრო-საოლქო სასამართლოზე არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ პროპაგანდა-აგიტაციის გაწევისთვის. სასამართლომ ბრალდება დაუმტკიცებლად სცნო.

ეროვნულ საბჭოს წევრი
ოლ. სოლოღაშვილი
1918 წ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე

(დ. 7 ივნისსი, 1859, სურები). ქართველი. პედაგოგი, პოლიტიკოსი. სოციალ-დემოკრატი.

დაიბადა სურებში გლეხკაცის ოჯახში. ათ წლამდის ოჯახში ეწეოდა გლეხურ მუშაობას. მაშინ კი დაებადა სურვილი სწავლისა. მარა სოფლის სკოლები მაშინ არ იყო. იყო მთელს გურიაში მარტო ქ. ოზურგეთში ორი სასწავლებელი – სამოქალაქო და სასულიერო ორ კლასიანი. ნათესავმა მღვდელმა კეკელიძემ თავის შვილად მიაბარა ყმაწვილი ისიდორე იმ სასწავლებელში. ორ წელიწადს სხვის გვარზე სწავლობდა. ბოლოს საიდუმლო გამჟღავნდა და ისიდორე სასწავლებლიდან გამოაგდეს. განვლო ხანმა, ბავშვს ისევ მოენატრა სწავლა და სასწავლებელი. ჩუმად მიდის თავის სოფლიდან ოზურგეთში, უვარდება ფეხქვეშ მაშინდელ სკოლის ზედამხედველს დეკ. ქიქოძეს და სთხოვს ისევ სკოლაში მიღებას. ყმაწვილს წადილი უსრულდება და ისევ შედის სამ დღეში სკოლაში. ახლა კი ის თავის ნამდვილი გვარით არის და უფრო გაბედულად ზის, აღარ ეშინიან დაბეზღების. ორკლასიანი სასწავლებელი მალე ოთხკლასად გადაკეთდა და ისიდორემ ის პირველ შეგირდათ დაასრულა. შევიდა სასულიერო სემინარიაში 1878 წელს და გაათავა 1885 წ. მისი რწმენა პოლიტიკური მაშინ ნაროდნიკული იყო და განიზრახა თავი შეეწირა გლეხთა განათლების საქმეს. ის მიდის სოფლის მასწავლებლად სადაც დარჩა მთელი 20 წელიწადი. ძალიან ცდილობდენ მისი სკოლის ამხანაგები მარქსისტები, მარა დიდხანს მას ნაროდნიკობაზე ხელი ვერ ააღებინეს. სკოლები, ბიბლიოთეკები, სადამრიგებლო კლასები დიდებთან, კლასები გზები და სხ. სახალხო საქმეებთან ერთან აკმაყოფილებდნენ მას და კურსის შეცვლას არ აძალებდენ, მარა ხანგრძლივმა მუშაობამ ამ სარბიელზე იგი დაარწმუნა, რომ ისტორიის ღერძი სხვაგან ძევს და არა აქ სოფლად. ქალაქებისკენ დაიწყო ცქერა. ამას ხელი შეუწყო წერა-კითხვის განკარგულებამ, რომლითაც ის სოფლიდან გადაყვანილ იქმნა ქ. ბათუმის ქართული სკოლის მომვლელად. ჩაიძირა მუშების სიყვარულში და იქიდან ის მერე აღარ ამოსულა, თუმცა გლეხების სიყვარული მისი გულიდან აქამდისაც არ ამოსულა და ახლაც სიხარულით მიეშურება გლეხებთან, მაგრამ არა ძველი პროგრამით, არამედ ახალი ს. დემოკრატიულით. მას დევნიდა ძველი რეჟიმი და ბევრჯერ ციხეში მჯდარა და ყოფილა გადასახლებულიც რამდენიმეჯერ. მისი დევნა-გადასახლება გახშირდა მისი პირველი დუმის დეპუტატობის შემდეგ, რადგან მისი გამოსვლები დუმის კათედრიდან არ მოსწონდა ძველ ბატონებს. რევოლუციამ უსწრო მას ქ. სამარაში და იქვე იწყო ფართო რევოლუციონური მუშაობა. იქნა გაწვეული პეტროგრადში და იქ შეუდგა მუშაობას. მალე გარემოებამ მოითხოვა მისი კავკაზში ჩასვლა და მას მერე აქ იღვწის. ათი თვე დაჰყო ბაქოში შრომას კამისარის თანამდებობაში, იყო წევრი ამიერ კავკაზის სეიმისა და არის წევრი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ს. დემოკრატიულ ფრაქციაში.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფაჩუაშვილი მიხეილ ლუარსაბის ძე

ბიოგრაფია

(დ. 2 აგვისტო, 1886, სოფ. მაღლაკი (ქუთ. მაზრ.)).  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი  (სოციალისტ-რევოლუციონერი).

პირველ დაწყებითი სწავლა მიიღო იმავე სოფლის სამრევლო შკოლაში. 1906 წელს დაასრულა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი და მასთან არსებული პედაგოგიური კურსები.

1907 წლის მარტიდგან დაიწყო სახალხო მასწავლებლობა. მსახურობდა ს. ბასილეთში (ოზურ. მაზრ.), საჩხერეში (შორაპ. მაზ.), მაღლაკში (ქუთ. მაზ.). 1914 წელს გამოცთის საშვალებით შეიძინა უმაღლესდაწყებითი სასწ. მასწავლებლის წოდება. ამის შემდეგ სხვა და სხვა ადგილებზე მსახურებდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლებში (ართვინი, სუფსა, ლანჩხუთი). უკანასკნელათ 1917 წელს მოწვეულ იქმნა ქუთაისის უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის მასწავლებლათ, სადაც დღემდის ირიცხება სამსახურში.

მ. ფაჩუაშვილი

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

ფაღავა აკაკი ნესტორის ძე

ბიოგრაფია

(დ. 14 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნაოში (სამეგრელო, სენაკის მაზრა ქუთაისის გუბერნიისა – გ. 27 ივნისი, 1962).  ქართველი, სოციალისტ-ფედერალისტი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ყიფიანის ქ. № 13

საშვალო განათლება მიუღია ქუთაისისა და თფილისის ქართულ გიმნაზიებში, უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში.

სტუდენტობიდანვე ეწეოდა პარტიულსა და საზოგადო კულტურულ მუშაობას. სტუდენტთა ორგანიზაციების გამგეობათა წევრად იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ქართულს გიმნაზიაში მასწავლებლობასთან ერთად მუშაობდა ქუთაისის დრამატიულ საზოგადოებაში, ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავმჯდომარის ამხანაგად და ბოლოს თავმჯდომარედ ხსენებულ გამგეობისა. ამავე დროს იყო ს. ფ. გუბერნიის კომიტეტის წევრად, ქალაქის საბჭოს ხმოსნად, მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად.

თანამშრომლობდა ქართულს პრესაში (სახალხო საქმესა, „ხალხის მეგობარსა“ და მათ წინამორბედ ორგანოებში), სადაც მოუთავსებია საზოგადო და სპეციალური ხასიათის (ხელოვნების შესახებ – სათეატრო დარგში) წერილები. ადმინისტრაციის კლანჭებს დასხლტომია რამდენჯერმე ბედნიერ შემთხვევათა გამო, მათ შორის ერთხელ სოფელში 1905 წლის რევოლუციის მიწურულში მაშინდელ მთავრობისა და წესწყობილების წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის მის დასაჭერად გამოწვეულ „სტრაჟნიკებს“ მოსკოვისკენ გაასწრო და მეორედ თფილისში ბინის გაჩხრეკის დროს უვიცმა პოლიციელმა ლეგალური და არალეგალური ლიტერატურა ერთმანეთში ვერ გაარჩია, რასაც მაშინდელ პირობებში გადასახლება უნდა მოყოლოდა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

ნათაძე ლევან იასონის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 16 ივნისსი, 1880,  სოფ. კასპი, გორის მაზრა). ქართველი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ფასანაურის შესახვევი №4.

სოციალ-დემოკრატი

გავათავე 4 კლასი სათავ.-აზნაურო სკოლაში, 5-8 კლასი თბილისის მე-3 გიმნაზიაში, შემდეგ დავასრულე პეტროგრადის უნივერსიტეტი.

პარტიული მუშაობა დავიწყე 1902 წელში; ვეწეოდი პროპაგანდას მუშათა წრეებში, ვწერდი და ვავრცელებდი  პროკლამაციებს, ვეწეოდი  აგიტაციას, გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი, დემონსტრაციების და მანიფესტაციებისაკენ მოუწოდებდი. მონაწილეობას ვიღებდი მარქსისტულ პრესაში.

სტუდენტობის დროს (1900-4) მოძრაობაში მონაწილეობისათვის სამჯერ ვიყავ დატუსაღებული და სამჯერ უნივერსიტეტიდან გამორიცხული. 1905 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ ვიჯექი ციხეში; ორჯელ თბილისიდან გადასახლებული.

1903 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე განუწყვეტლივ ვიღებდი მონაწილეობას მარქსისტულ მიმართულების ჟურნალ გაზეთებში (ჟურნ. „კვალიდან“ მოყოლებული) ვათავსებდი პუბლიცისტურ, პოპულარულ სამეცნიერო და კრიტიკულ წერილებს.

პარტიულ მუშაობის გარდა ვიყავ მასწავლებლათ. რევოლუციის დაწყებისას კავკასიის დროებითმა მთავრობამ დამნიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრათ ვიყავ გაზ. „Борьба“-ს რედაქტორათ. დღეს „ერთობის“ რედაქტორი ვარ.

ლევან ნათაძე

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი