კაკაბაძე ილია პავლეს ძე

კაკაბაძე ილია (ილიკო) პავლეს ძე  – დაიბადა 1869, სოფელი კუხი, ქუთაისის მაზრა.

სწავლა განათლება მიიღო ქუთაისის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიიდან იძულებული იყო ადრე გამოსულიყო, რადგან უსახსრობა სწავლის გაგრძელების ნებას არ აძლევდა. შემდგომ ამისა მან მიყო ხელი თვითგანვითარებას. თანამშრომლობდა ჟურნალ გაზეთებში: კვალში, ცნობის ფურცელში, შრომაში და სხვა.

გიმნაზიიდან გამოსვლისთანავე მან დაიწყო მუშაობა ჭიათურაში შავი ქვის მრეწველობაში. ევროპის ბაზრის და საერთოდ ეკონომიურ პირობების გასაცნობათ ის 1902 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ.

გიორგი ზდანოვიჩთან ერთად ღებულობდა მხურვალე მონაწილეობას მრეწველთა საბჭოს დაარსებაში. მრეწველთა საბჭოს წევრათ ითვლებოდა 12 წელიწადი. 1918 წ. არჩეულია ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. როცა საქართველოში „მესამე დასი“ გაჩნდა – მასთან დაიკავა დამოკიდებულება, მხოლოთ შემდეგ როცა სავსებით ჩამოყალიბდა „მესამე დასის“ მსოფლმხედველობა, გასწყვიტა მასთან კავშირი და იზიარებდა ლავროვ-მიხაილოვსკის მოძღვრებას. 1900 წლიდან ის მუშაობს უფრო გიორგი ზდანოვიჩთან.

1904 წლიდან ითვლება სოციალისტ-რევოლიუციონერთა საბჭოს წევრათ და გულმოდგინე მონაწილეობას პარტიულ მუშაობაში. ამავე წელს ილიკო არდიშვილთან ერთად დაარსა პარტიული ორგანიზაციები ჭიათურაში და ყვირილაში. ის იყო ჭიათურის წითელი რაზმის ერთი ხელმძღვანელთაგანი.

1907 წელს ის დაიჭირეს ჟანდარმებმა და მოათავსეს ჭ. ციხეში. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ის 1907 და 1908 წლებში იმალებოდა, რადგან მას სდევნიდა ცნობილი ბოქაული კედია. 1914 წელს მისი ბინა რამდენიმეჯერ იქმნა გაჩხრეკილი. მას ბრალდებოდა ჭიათურაში და ბაქოში გაფიცვების მოწყობა და გაფიცულ მუშებისათვის დახმარების აღმოჩენა. ქუთაისის ჟანდარმერია მას გადასახლებით ემუქრებოდა, მაგრამ ისე მოახერხა რომ პირობით განთავისუფლებული იქმნა. რევოლიუციის დაწყების შემდეგ განუწყვეტლივ ეწევა პარტიულ მუშაობას.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გომართელი ივანე გედევანის ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 1876 წელს, სოფელ გორისა, შორაპნის მაზრა. მამაჩემი გედევანი იმერეთის კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა.

ჩემი ისტორიკოსები – დედაჩემი და მამიდაჩემი – ჩემი დაბადების დღის შესახებ ერთიმეორეს არ უთანხმებენ. უფრო კი შვიდ მაისს უნდა დავბადებულიყავი.

ჯერ ვსწავლობდი თფილისის სააზნაურო სასწავლებელში, შემდეგ თფილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ გავათავე მოსკოვის უნივერსიტეტი 1899 წელს. მას აქეთ ვარ ექიმი.

ვცხოვრობ თფილისში ანასტასიას ქუჩაზე № 21. 1907 მდინ კი ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც ძველმა მთავრობამ აღარ დამაყენა.

ჩემი რწმენით 1897 წლიდან სოციალ-დემოკრატი ვარ. 1905 წლიდანვე ამხანაგებს ვარკვევდი ეროვნულ საკითხში, მაგრამ დღეს ცხოვრებამ ისევ შეგვარიგა, რადგანაც საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკაა.

ჩემი რწმენისათვის ციხეში ბევრჯერ ჩამაჯინა ცხონებულმა ძველმა მთავრობამ: 1907 წელს, 1908-ს; 1910-1911 მთელი წელიწადი ვიჯექი მეტეხის ციხეში.

ერთი ნაკლი მაქვს: წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავათმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის.

ივ. გომართელი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 20 ნოემბერს, 1879, ს. უხუთი, ქუთაისის მაზრა.  ქართველი. სოციალ-დემოკრატი. პროფესია: ნაფიცი ვექილი. თფილისის ადრესი: ინჟინერის ქუჩა № 4 განათლება: სასულიერო სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტი, იურიდიული განათლება  

სტუდენტობის დროს დორბატში სტუდენტების მოძრაობაში ვიღებდი მონაწილეობას; ქ. ქუთაისში ვცემდი ყოველკვირეულ გაზეთ „ფონს“ 1909 წელს; მთავრობის საწინააღმდეგო წერილის დაწერისათვის სასამართლომ გადუწყვიტა 1919 წელს სამი თვის „крђпость“. ეს სასჯელი ქუთაისში მოიხადა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დამიჭირეს და თითო თვე ციხეში მამყოფეს, მერმეთ 1914 წელს გადასახლება გადამიწყვიტეს ქუთ. გუბერნიიდგან. როგორც არა საიმედოს პოლიტიკურად. ძველი რეჟიმის დროს ნაფიცი ვექილობის ხარისხი არ მომცეს, რევოლუციის შემდეგ მივიღე. ვმუშაობდი ქუთაისის ორგანიზაციებში. ამირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრათ. ვიყავი თავმჯდომარე ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსი. ქუთაისის გუბერნიის კომისარი. ჩხენკელის კაბინეტში სამხედრო მინისტრი და მის შემდეგ დღემდის სამხედრო მინისტრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გაბაშვილი რევაზ

დაიბადა 6 გიორგობისთვე, 1882, ქ. თფილისი). ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი. თფილისის ადრესი: გაბაანთ შესახვევი №3.

დაამთავრა თფილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა ქ. ლიეჟის უნივერსიტეტში, 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ორჯელ იქმნა დატუსაღებული. რეაქციის დროს 1906 წელს იძულებულ იქმნა სამშობლო მიეტოვებია და წასულიყო ბელგიაში და საფრანგეთში. 6 თვის შემდეგ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, მაგრამ რადგანაც აქ თფილისში ცხოვრების უფლება არ ქონდა, დარჩა ქ. ბაქოში, სადაც შეუდგა ნაფთის მრეწველობას.

1907 წ. გაემგზავრა პეტროგრადს და შევიდა მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი ვერ დაასრულა, რადგან მე 4 კურსზე დატუსაღებულ იქმნა და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. 1911 წელს, დაბრუნდა სამშობლოში და შეუდგა საზოგადო მოღვაწეობას. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „კლდე“. იღებდა ასევე მონაწილეობას კოპერატიულ მოძრაობის განვითარებაში საქართველოში. იყო წევრი საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოსი. არის წევრი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის მთავარი კომიტეტისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი