ასურელი მამები

ასურელი მამები, ასურეთიდან მოსულ წმ. სასულიერო პირთა ჯგუფი, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდა.

ასურელ ბერმონაზონთა აღმოსავლეთ  საქართველოში მოსვლა VI ს. შუა წლებში ისტორიული ფაქტია, რაც დასტურდება როგორც ისტორიულ-ლიტერატურული წყაროებით, ასევე მატერიალურ-კულტურული ძეგლებით, რომელთაც სრულად ან ფრაგმენტულად მოაღწიეს ჩვენამდე.

ასურელ მამათა ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ეპოქალური მნიშვნელობისაა: მათ საფუძველი ჩაუყარეს ქრისტიანული ცხოვრების ახალ წესს – მონაზვნობას. სირია, საიდანაც მოვიდნენ ასურელი მამები, ქრისტიანობის უძველესი კერა იყო: ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა სირიაში აღიარეს II ს. ბოლოს ან III ს. დასაწყისში. ასევე ადრე, IV-V სს. აქ დაფუძნდა მონაზვნობა, განსაკუთრებით გავრცელდა განდეგილობა მისი უმკაცრესი ფორმებით (ანაქორეტები, მძოვრები, მესვეტეები და სხვ.).

სწორედ განდეგილობით დაიწყეს ასურელმა მამებმა თავიანთი ღვაწლი, რაც დროთა განმავლობაში მონასტრების მშენებლობაში და იქ მომრავლებულ მორწმუნეთა ორგანიზებულ სამონაზვნო ცხოვრების წესში გადაიზარდა. გამოთქმული ვარაუდი, რომ ასურელი მამები ქართველები უნდა ყოფილიყვნენ (კეკელიძე), ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ქართველი მონაზვნობა არსებობდა ასურელ მამათა საქართველოში ჩამოსვლამდე (VI ს.) გაცილებით ადრე, მაგრამ არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ – პალესტინასა და სირიაში: ქრისტიანობის საქართველოში გავრცელებისთანავე ქართველმა პილიგრიმებმა მიაშურეს იერუსალიმს  წმ. ადგილების მოსალოცად. გზად მათ სირია უნდა გაევლოთ. ქართველ მომლოცველთა ნაწილი იერუსალიმში უკვე არსებულ მონასტრებში დარჩა სამოღვაწეოდ, ნაწილი კი – სირიის მონასტრებში. ამდენად, არ არის გამორიცხული რაღაც მიზეზების გამო (შესაძლებელია, ქრისტიანობის წიაღში წარმოშობილი იდეოლოგიური ბრძოლის გამო) ქართველ მონაზვნების ერთი ჯგუფი საქართველოში დაბრუნებულიყო. მათ შესახებ შექმნილ ცხოვრებებში საქართველოში მოსვლის მიზანი მისიონერული იყო: ახალგაზრდა ქრისტიანობის დაცვა და განმტკიცება ჯერ კიდევ არსებულ წარმართობასთან ბრძოლაში.

ასურელ მამათა რაოდენობის თაობაზე არ არის თანხმობა არც საისტორიო წყაროებში, არც სამეცნიერო ლიტერატურაში, ამიტომ, ტრადიციულად მათ, „ათსამეტ ასურელ მამად“ იხსენიებენ, როგორც ეს მათ შესახებ უძველეს ძეგლში – „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ – წერია: „… და შემდგომად მეფობდა ფარსმან სხუაჲ… და მისავე მეფისა ზე კათალიკოსი იყო ევლალე. მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანე ზედაზნელი შუამდინარით ასურეთისაჲთ, იგი და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა მოვიდეს“. ასეა „მოქცევალ ქართლისაჲს“ ორივე – შატბერდულ და ჭელიშურ – რედაქციაში, ხოლო ჭელიშური უმატებს: „ქართლის მოქცევითგან მეორასესა წელსა“. აღსანიშნავია, რომ აქ მოხსენიებული „ათორმეტნი მოწაფენი“ ქრისტეს „ათორმეტნი მოწაფენის“ ანალოგიით არის სახელდებული.

ასურელი მამების სულიერმა მოძღვარმა, იოვანე ზედაზნელმა, თავისი მოწაფეები ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა სამისიონერო მოღვაწეობისა და სამონასტრო ცხოვრების საფუძვლების ჩასაყრელად, ხოლო ორი მათგანი ქართლის კათალიკოსის თხოვნით ეპისკოპოსად ეკურთხა: აბიბოსი – ნეკრესის ეპისკოპოსად, ხოლო ისე – წილკნის ეპისკოპოსად. იოვანემ და მისმა მოწაფეებმა მიიღეს ზედწოდება იმ ადგილების მიხედვით, რომელიც თითოეულმა მათგანმა სამოღვაწეოდ აირჩია. ასურელი მამები მოიხსენიებიან მათ შესახებ შექმნილი „ცხოვრების“ ყველაზე ადრინდელ თხზულებაში: იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების კიმენურ ტექსტში, რომელიც X ს. შუა წლებშია შექმნილი:

“იოვანე ზედაზნელმა” თავის მოწაფეებთან ერთად VI ს. შუა წლებში მცხეთის მახლობლად ზედაზნის მთაზე (აქედან მოდის მისი ზედწოდებაც) დააარსა პირველი მონასტერი აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ნაწილი შემორჩენილია დღეს არსებული VIII ს. ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში.

წმ. დავით გარეჯელმა გარეჯაში დააარსა მონასტერი, რომელიც მისსავე სიცოცხლეში ხალხმრავალი გახდა. აქვე მისმა მოწაფემ, ლუკიანემ დააარსა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ხოლო მეორე მოწაფემ, დოდომ – დოდორქის მონასტერი. ორივე თითქმის მთლიანად არის დღემდე შემორჩენილი.

წმ. შიო მღვიმელმა დააარსა შიომღვიმის მონასტერი. მონასტერმა სახელწოდება მიიღო „მღვიმისაგან“, რომელშიც შიო ჯერ დაყუდებული იყო, ხოლო გარდაცვალების შემდეგ იქ დაასაფლავეს.

წმ. იოსებ ალავერდელმა დააარსა ალავერდის მონასტერი, რომლის ადგილას დღეს დგას ალავერდის XI ს. ტაძარი.

წმ. ზენონ იყალთოელმა დააარსა იყალთოს მონასტერი, რომლის ადგილას დღეს დგას VIII-IX სს. ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“.

წმ. ანტონ მარტომყოფელმა დააარსა მარტყოფის მონასტერი, რომლის ნაშთი მოიპოვება სოფ. ნორიოს მახლობლად.

წმ. სტეფანე ხირსელმა დააარსა ხირსის მონასტერი, რომლის ადგილზე დღეს დგას გუმბათოვანი ტაძარი (მრავალჯერ გადაკეთებული VIII-XV სს.).

წმ. თათა (თადეოზ) სტეფანწმინდელმა დააარსა სტეფანწმინდის მონასტერი (დღევანდელი კასპის მახლობლად), მანამდე კი ზედაზნის მთის ძირში ააგო მონასტერი.

წმ. ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელმა დააარსა სამთავისის მონასტერი, რომლის ადგილზე დღეს დგას 1030 წ. აგებული გუმბათოვანი ტაძარი.

წმ. მიქაელ ულუმბოელმა დააარსა ულუმბოს მონასტერი (ნასოფლარი სოფ. ალის მახლობლად), მის ადგილზე XIII ს. დიდი ტაძარი აუგიათ, რომელიც დანგრევის შემდეგ XV ს. აღუდგენიათ.

წმ. პიროს ბრეთელმა დააარსა ბრეთის მონასტერი სოფ. ბრეთში, სადაც დღეს დგას წმ. გიორგის, სავარაუდოდ, VI-VII სს. ეკლესია (მამა პიროსი).

წმ. აბიბოს ნეკრესელი გახდა ნეკრესის ეპისკოპოსი, რომლის საეპისკოპოსო საყდარი იქნებოდა IV ს. ნეკრესში უკვე არსებული და დღემდე შემორჩენილი მინიატიურული ბაზილიკა. შემორჩენილია VII ს. დასაწყისში აშენებული სამეკლესიანი ბაზილიკაც.

წმ. ისე წილკნელი გახდა წილკნის ეპისკოპოსი, რომლის საეპისკოპოსო საყდარი იქნებოდა სოფ. წილკანში იმ დროს უკვე არსებული ეკლესია; რომელიც, როგორც ფიქრობენ, ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველსავე წლებში იყო აგებული. აქ VII ს. აგებული და ჩვენამდე მოღწეული ეკლესია მრავალჯერ არის გადაკეთებული (დღეს იგი გუმბათოვანია).

ასურელ მამათა შესახებ შექმნილი ჩვენამდე მოღწეული „წამება-ცხოვრებანი“ ჰაგიოგრაფიული მწერლობის სხვადასხვა დროისა და განსხვავებული რედაქციული ხასიათის თხზულებებია. „ქართლის ცხოვრებაში“ არსებული ცნობა, რომ მათ შესახებ თხზულებები დაიწერა უძველეს დროში, მათი მოსვლიდან (VI ს.) ახლო ხანებში, ზოგიერთი მეცნიერ-ფილოლოგის ნაშრომში VI-VII სს-ით განისაზღვრა. ფილოლოგიურ მეცნიერებაში ტექსტოლოგიური კვლევის შედეგად მიღებულ დებულებათა გათვალისწინებით, ასურელი მამების ჩვენამდე მოღწეული ჰაგიოგრაფიული ტექსტები კონკრეტულ მამასთან დაკავშირებით შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

I. წმ. იოვანე ზედაზნელის „ცხოვრებათა“ ციკლი.  ჩვენამდე შემონახულ იოვანე ზედაზნელის „ცხოვრებებიდან“ უძველესია ე.წ. „არქეტიპი“ (ს. კაკაბაძის შემოტანილი ტერმინი), ანუ კიმენური (კ. კეკელიძის მიერ დამკვიდრებული ტერმინი) რედაქციის ტექსტი, ოღონდ ასეთი ნიუანსის გათვალისწინებით: იოვანე ზედაზნელის „ცხოვრების“ კიმენური „ცხოვრება“ პირველი ნაწილია იოვანე ზედაზნელისა და შიო მღვიმელის (და ევაგრეს) კიმენური რედაქციის ერთობლივი „ცხოვრებისა“; რაც ტექსტოლოგიური კვლევით სარწმუნოდაა დადგენილი (კ კეკელიძე; ილ. აბულაძე). უფრო მეტიც: იოვანეს კიმენური „ცხოვრება“ შესავალი და მთავარი ნაწილია არსენ II კათოლიკოსის (955-985) მიერ შექმნილი იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობრლივი „ცხოვრებისა“, რომელიც აერთიანებს შიო მღვიმელის, დავით გარეჯელისა და აბიბოს ნეკრესელის „წამების“ ოდნავ გავრცობილ ტექსტს, შექმნილს უფრო ადრინდელი, აბიბოს ნეკრესელის მოკლე „წამების“ მიხედვით (ე. გაბიძაშვილი).

შემორჩენილია თხზულების შემცველი ერთადერთი ხელნაწერი – A 199, XIV-XV სს. არსებობს იოვანე ზედაზნელის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციის ორი თხზულება: 1. მოღწეულია მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ დამატებად, თუმცა ბოლონაკლულია. ილ. აბულაძემ ეს ტექსტი კიმენურ ტექსტად მიიჩნია და ნამდვილი კიმენური ამ ტექსტის გამოკრებილ ვარიანტად გამოაცხადა (ამ თხზულებების გამოცემებში მან ეს ტექსტი ძირითად ტექსტად აიღო, ხოლო ე.წ. არქეტიპი – მის პარალელურ ტექსტად, მასზე დამოკიდებულად), რაც არ იქნა გაზიარებული, რადგან თხზულების მეტაფრასულობა მრავალი დეტალით შეიძლება დადასტურდეს. ეს თხზულება, როგორც ტექსტიდან ჩანს, მეტაფრასტს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარის, მიქაელის თხოვნით დაუწერია. მიქაელს მისთვის „ქარტაჲ იგი წულილი“, ე.ი. ძვ. წყაროც, გაუგზავნია (საფიქრებელია, ეს იყო დღემდე შემორჩენილი იოვანეს კიმენური „ცხოვრება“). გასაგებია ზედაზნის წინამძღვრის სურვილი – ჰქონოდა მონასტრის დამაარსებლის ცალკე „ცხოვრება“. ხელნაწერი – Q 795, XV ს. სხვადასხვაგვარად თარიღდება: A 130; A 170; A 176; S 449; H 2121; H 1672; პეტერბ. H 22; M 21). ორივე მეტაფრასული „ცხოვრება“ წარმოადგენს კიმენური რედაქციის „ცხოვრების“ გავრცობას განყენებული თეოლ. შესავლითა და დამატებითი ეპიზოდებით.

იოვანე ზედაზნელის სვინაქსარული „ცხოვრება“ (A 220) ძალიან გვიანდელია, ვრცელია და 1726 წ. უნდა იყოს შედგენილი „ცხოვრების“ ვრცელი რედაქციების მიხედვით.

II. წმ. შიო მღვიმელის „ცხოვრების“ ციკლი. შიოს „ცხოვრების“ რამდენიმე ჰაგიოგრაფიული თხზულება არსებობს:

1. მათგან უძველესია ის კიმენური ტექსტი, რომელიც იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ზემოხსენებული „ცხოვრების“ შემადგენელი ნაწილია და გამოყოფილია სათაურით: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ევაგრესი“ (ხელნაწერები: A 199, XIV-XV სს., 21v-28r; H 1336, 1669 წ. 161r-164v). ტექსტი რამდენჯერმეა გამოცემული;

2. ძველი მეტაფრასული რედაქცია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში XII ს. ძეგლად არის მიჩნეული (კ. კეკელიძე) და რომლის სათაურში სრულიად უცნობი ავტორია დასახელებული – „ღირსი მარტჳრი, რომელსა ეწოდა იოანე, რომელ იყო მოწაფეთაგანი წმიდისა იოანესთა კონსტანტინეპოლით“, ეს ტექსტი მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერით, რომელთაგან A 160 1669 წლისაა, ხოლო დანარჩენი თოთხმეტი – XVIII-XIX სს. სხვადასხვა წლისა;

3. მეორე მეტაფრასული „ცხოვრება“, რომელიც XVIII ს. უნდა იყოს შექმნილი, წმ. შიოს თაყვანისმცემლის მხოლოდ ლიტერატურული ვარჯიშის შთაბეჭდილებას ტოვებს და შიოს ძველ მეტაფრასულ „ცხოვრებას“ იმეორებს, ზოგჯერ სიტყვა-სიტყვით, უმეტესად – პერიფრაზულად და ძველ ტექსტს ადგილ-ადგილ ამოკლებს. თხზულების ტექსტი ერთადერთი ხელნაწერით (ლენინგრადის საჯარო  ბიბლიოთეკა  H 22) არის მოღწეული;

4. შიო მღვიმელის „ცხოვრების“ სვინაქსარული ტექსტი ორი განსხვავებული რედაქციით არის წარმოდგენილი – ერთი ძველ, XIII ს. ხელნაწერში (H 1349), და წარმოადგენს შიოს ძვ. მეტაფრასული „ცხოვრების“ გამოკრებილ ტექსტს და მეორე ვრცელი („მოკლედ ნათქომი“), რომელიც შეტანილია გვიანდელ, 1726 წ., ხელნაწერში (A 220) და შიოს იმავე მეტაფრასული „ცხოვრების“ მიხედვით არის შედგენილი;

5. ცალკე თხზულებად არის წარმოდგენილი; „თხრობაჲ სასწაულთათჳს მამისა შიოჲსთაჲ“ (H 1371 და S 4621), თუმცა „სასწაულები“, სათაურის მიხედვით, ბასილი კათოლიკოსის (1090-1110) მიერ შეკრებილად ცხადდება. მართალია, შიოს „ცხოვრების“ ყველა რედაქციაში მრავალი სასწაულია მოთხრობილი, მაგრამ ეს თხზ. არც ერთ მათგანს არ იმეორებს. ამასთანავე, თხზულების სათაურის მიხედვით, უნდა ყოფილიყო 18 სასწაული, მაგრამ პირველი – მეოთხე, მეექვსე, მეათე, მეცამეტე – მეთვრამეტე სასწაულების ტექსტი არ ჩანს, ე.ი. დარჩენილია მხოლოდ ექვსი.

III. წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრებათა“ ციკლი.

1. დავით გარეჯელის „ცხოვრებათა“ ჩვენამდე მოღწეული ტექსტებიდან უძველესია ე.წ. არქეტიპი, ანუ კიმენური რედაქცია, რომელიც დამოუკიდებელ თხზულებად არის მიჩნეული, თუმცა მეორე თვალსაზრისით (ე. გაბიძაშვილი), იგი იოვანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის ერთობლივი „ცხოვრების“ ნაწილია და არსენ II კათოლიკოსის (955-980) ნახელავია. შემორჩენილია ორი ხელნაწერით: A 199, XIV-XV სს., 72v–76v და H 1336, 1669 წ., 171v-179r;

2. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, რომელიც კიმენური ტექსტის გავრცობილ ვარიანტს წარმოადგენს, XII ს. თხზულებად არის მიჩნეული თხზულებაში მოხსენიებული „მწყემსი ონოფრე გარეჯელის“ გამო (კ. კეკელიძე), თუმცა მისი შემცველი უძველესი ხელნაწერი – A160 – XVII ს-ისაა, ხოლო დანარჩენი 10-მდე ხელნაწერი – XVIII ს-ის;

3. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ მეორე, გვიანდელი, მეტაფრასული რედაქცია ძველი მეტაფრასულის დიდი გავლენით შეუქმნია რომანოზ მიტროპოლიტს 1737-1740 წწ. ერთადერთი ხელნაწერი ცენტრალური არქივი №252, 1737-1740 წლებისაა.

IV. წმ. აბიბოს ნეკრესელის „წამებათა“ ციკლი. აბიბოს ნეკრესელის „წამების“ორი ძველი თხზულებიდან უძველესია შედარებით მოკლე რედაქცია: „მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ“, რომელიც ერთადერთი (A 832, XIII ს.) ისიც ნაკლული, ხელნაწერით მოგვეპოვება და IX ს. ძეგლად ითვლება. ეს თხზულება ჩვენამდე მოღწეულ ასურელ მამათა შესახებ დაწერილ თხზულებათა შორის უძველესია, რადგან აბიბოსი ერთადერთი მოწამეა მათ შორის, ხოლო „წამებები“ წმინდანის აღსრულებისთანავე იწერებოდა (და ამიტომ, საფიქრებელია, მისი „წამება“ VI ს-შივე დაწერილიყო). შედარებით ვრცელი თხზ. მოკლე თხზულების გავრცობილ ვარიანტს წარმოადგენს ეპილოგის დამატებით. თხზულების დასაწყისი ფრაზა და ეპილოგის დართვის ფაქტი გახდა მიზეზი, გამოთქმულ იყო აზრი (ე. გაბიძაშვილი), რომ ავტორმა (რომელიც თხზულების სათაურში არსენ დიდად იწოდება, მაგრამ სინამდვილეში არსენ II კათოლიკოსი უნდა იყოს) წყაროდ გამოყენებულ მოკლე თხზულებას დაუმატა პირველი ფრაზა: „ხოლო ჯერ-არს, რაჲთა მცირედ შუა შემოვიღოთ“ და დაურთო ეპილოგი შიო მღვიმელის გარდაცვალებისა და დასაფლავების შესახებ, რათა აბიბოს ნეკრესელის „წამება“ ჩაერთო („შუა შემოეღო“) იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობლივ, კიმენური რედაქციის ტექსტში (შიოს გარდაცვალების შესახებ ამ ერთობლივი „ცხოვრების“ შიოს შესახებ დაწერილ ნაწილში – „ცხორებაჲ… შიოჲსი და ევაგრესი“ – არ არის). „წამების“ შედარებით ვრცელი ტექსტი აქამდე მხოლოდ გვიანდელი ხელნაწერებით იყო ცნობილი (A 130, 1713 წ.; A 170,1733 წ.; A 176, 1743 წ. და კიდევ ოთხი – უფრო გვიანდელი). ბოლო დროს სინის მთის ქართულ ხელნაწერთა ახალ კოლექციაში აღმოჩნდა X ს. ხელნაწერი (N/Sin. 50), რომელიც გავრცობილი „წამების“ ანალოგიურია, მცირეოდენი ვარიანტული სხვაობებით, ხოლო ეპილოგი აკლია ხელნაწერის ბოლონაკლულობის გამო.

აღსანიშნავია, რომ აბიბოს ნეკრესელის „წამების“ შედარებით ვრცელ ტექსტს სამეცნიერო ლიტერატურაში ზოგჯერ მეტაფრასულ რედაქციას უწოდებენ, რაც მართებული არ არის, რადგან მეტაფრასული მიმდინარეობა ამ დროს თვით ბიზანტიაშიც კი არ არსებობდა.

აბიბოს ნეკრესელის „წამების“ სვინაქსარული ტექსტი ძალიან გვიან შეიქმნა და ორ ხელნაწერში (A 425, 1718 წ.; A 220, 1726 წ.) არის შეტანილი. ამდენად, სრული „ცხოვრება-წამების“ როგორც კიმენური, ისე მეტაფრასული ტექსტები ასურელ მამათაგან მხოლოდ ოთხს მოეპოვება; იოვანე ზედაზნელს, შიო მდეიმელს; დავით გარეჯელსა და აბიბოს ნეკრესელს – ოთხივემ ღრმა კვალი დააჩნია ქართულ საეკლ. მწერლობასა და სამონასტრო მშენებლობას, ამიტომ შეიქმნა მათი ღვაწლის ამსახველი ვრცელი ჰაგიოგრაფიული ძეგლები. არსებობს აგრეთვე ისე წილკნელის ვრცელი, მეტაფრასული „ცხოვრება“ – „დაძინებაჲ… ისე წილკნელ ეპისკოპოსისა, საკჳრველთმოქმედისა, რომელი იყო ერთი ათორმეტთა მამათაგანი, რომელნი შუამდინარით მოიწინეს“, რომელიც ბესარიონ კათოლიკოსმა (ორბელიშვილი) შექმნა XVIII ს. იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობლივი „ცხოვრებიდან“ ამოკრებილი ეპიზოდების საფუძველზე და რომელიც ორი ხელნაწერით (S 3269, 1720 წ., A 170, 1733 წ.) არის წარმოდგენილი. დანარჩენი წმ. მამების შესახებ ჩვენამდე ვრცელ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს არ მოუღწევიათ, მაგრამ ისინი ქართული ეკლესიის წმინდანები იყვნენ და მათი ხსენების დღესასწაულებზე ლიტურგიკული ღვთისმსახურების დროს სვინაქსარული საკითხავი შეიქმნა: ქართულ ხელნაწერებში შესულია შემდეგი მამების სვინაქსარული ცხოვრების ტექსტები (გარდა იმ მამებისა, რომელთა შესახებ ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულებებია დაწერილი):

1. ანტონ მარტომყოფელის ორი სვინაქსარული ცხოვრება გვაქვს: ერთი ვრცელი, რომელიც რამდენიმე, XVIII ს. და XIX ს. ხელნაწერით არის მოღწეული: ერთი შეიძლება იყოს XVII-XVIII სს. (A1582), ხოლო მეორე, შედარებით მოკლე, ვრცელიდან მომდინარე ერთადერთი ხელნაწერით (H 1672,1740 წ.) არის შემორჩენილი. საგულისხმოა, რომ სვინაქსარული ტექსტის ვრცელი ვარიანტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანტონი არ მოსულა იოვანე ზედაზნელის მოწაფეთა გუნდთან ერთად: „…ანტონი იძია მოძღუარისა თჳსისა გზა…“  ანტონ მარტომყოფელის სვინაქსარული ცხოვრების სათაურის მიხედვით, მისი ხსენება დადებულია მარტყოფის ხატის დღესასწაულთან ერთად 16 აგვისტოს, რადგან ამ ხატის ანტონის მიერ ჩამოსვენების ისტ. მოთხრობილია ამ სვინაქსარულ ტექსტში. სვინაქსარული „ცხოვრება“ უცვლელი სახით A 1582 ხელნაწერიდან „ქართლის ცხოვრებაში“ უნდა გადაეტანა „სწავლულ კაცთა კომისიას“;

2. ისე წილკნელის სვინაქსარული „ცხოვრება”, რ-იც მის სასწაულებზეა აგებული, წარმოადგენს ცალკეული ადგილების გამონაკრებს შიო მღვიმელის კიმენური და მეტაფრასული „ცხოვრებებიდან“. ისეს „ცხოვრების“ სვინაქსარული ტექსტი დაცულია ხუთ ხელნაწერში: H 2077, 1736 წ.; ლენინგრადის  საჯარო ბიბლიოთეკა 222, XVIII (ერთში – S 3269, 1720 წ. – მხოლოდ სათაურია).

იოსებ ალავერდელის სვინაქსარული „ცხოვრების“ შექმნაც, XVIII ს. I ნახევარშია სავარაუდო. იოსები იგულისხმება მხოლოდ იოვანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ერთობლივი „ცხოვრების“ ამ სიტყვებში: „ერთმან ვინმე მათგანმან (იგულისხმება იოვანეს მოწაფეები) აღაშენა ალავერდი, რომლისაგან გამოვლენ ვიდრე დღეინდელად დღემდე დიდნი საკჳრველებანი და მრავალნი კურნებანი…“. ასე რომ, იოსებ ალავერდელის სვინაქსარული „ცხოვრების“ ავტორს თავისი თხზულებისათვის არავითარი წყარო არ ჰქონდა. ცნობილია იოსებ ალავერდელის ერთი ჰიმნოგრაფიული კანონი, რომლის აკროსტიქი იკითხება ასე: „მაკრინა, შემსხმელი შენი შემიწყალე“. მაკრინა არის ერეკლე I-ის ქალიშვილის, მარიამის, მონაზვნობის სახელი. ამიტომ ფიქრობენ (კ. კეკელიძე), რომ სვინაქსარული „ცხოვრებაც“ მან დაწერა 1718-1724 წწ. იოსებ ალავერდელის სვინაქსარული „ცხოვრება“ XVIII ს. შვიდ ხელნაწერშია დაცული: S 3269, 1720-იანი წლ.; H 2077, 1736 წ.; S 535, XVIII ს.

წყარო: ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, ს. კაკაბაძის გამოც., საისტორიო კრებულის წგ. 1-ის დამატება, ტფ., 1928; ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ი. აბულაძის გამოც., თბ., 1955; საქართველოს სამოთხე, გ. საბინინის გამოც., პეტერბ., 1882; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ე. გაბიძაშვილის გამოც., წ. 4, თბ., 1968; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წწ. 1-3, თბ., 1963-71; ხეც, ხელნაწერები: A-130, A-160, A-170, A-176, A-199, A-643; H-1336, H-1371, H-1672, H-2121; S-449, S-4621; პეტერბ. 3M-21, H-22.

ლიტერატურა: აბრამიშვილი გ., ატენის სიონის რელიეფები, „საბჭოთა ხელოვნება“, 1965, №9; ალექსიძე ზ., მანდილიონი და კერამიონი ძველ ქართულ მწერლობაში, „აკადემია“, 2000, №1; მისივე, „აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის“ შესწავლის ტექსტოლოგიურ-ქრონოლოგიური საკითხები, წგ: ქრისტიანული კავკასია, ტ. 1, თბ., 2010; მისივე, სინური ხელნაწერი ასურელ მამათა შესახებ, წგ.: ქრისტიანული კავკასია, ტ. 2, თბ., 2011; გაბიძაშვილი ე., ასურელი მოღვაწეების „ცხოვრებათა“ ე.წ. არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ენისა და ლიტ. სერია, 1982, № 4; გოილაძე ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002; თვარაძე რ., თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა, თბ., 1985; კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; კუჭუხიძე გ., წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების უძველესი სახის აღდგენისათვის, „ლიტერატურული ძიებანი“, 2005, №26; მ ერკვილაძე დ., ასურელი მამები, VI ს. სირიელი მოღვაწენი საქართველოში, წ. 1, თბ., 2006; მეტრეველი ს., ასურელ მამათა წამება-ცხოვრებათა რედაქციები, თბ., 2010; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წწ. 1-5, თბ., 1963-89; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1); ჯანაშვილი მ., Описание рукописей церковного музея, 3, 1908

ხ. გაფრინდაშვილი ნ. სულავა

იხილე აგრეთვე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 20

და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისთაჲ თუესა აპნისისასა, მერვესა თჳსასა და დღესა ოთხშაბათსა; და მეორედ გუემაჲ მისი – შემდგომად აღუსებისა ზატიკსა, დღესა ორშაბათსა, და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თუესა ათცხრამეტსა და აღსრულებაჲ მისი – თუესა ოკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანეთა.

და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებლად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომლისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი მეცხრამეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 19

და მაშინღა ადრე–ადრე მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად სუდარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთაჲ და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთა, და განვბანეთ იგი მატლისა მისგან მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით.

და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე. იოვანე და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილთა ზესკნელისა მის ფასისათა, ყოვლით კრებულითურთ ფსალმუნითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა და საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამჱ იგი განვათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლად ძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განაქველნის მამანიცა და დედანიცა და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა.

თავი მეთვრამეტე თავი მეოცე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 18

და მოიწია დღე იგი წოდებისა მისისაჲ და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლებისა მისისათჳს ვითარცა მამასა და მამამძუძესაშემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე და შეჰვედრებდა ნეშტთა მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მასვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს და ეტყოდა: „უკუეთუ ღირს რჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა“.

და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა.

თავი მეჩვიდმეტე თავი მეცხრამეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 17

მერმე, შემდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ სამოელ და იოვანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ-იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს მონა, და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა; მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტესისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს. ეგრეთვე, რომელნი-იგი გულს-მოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა მიჰვედრიდეს ქრისტესა.

და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველთათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ „მე რაჲ ვარ, არა ღირსი ესე? ხოლო ღმრთის-მოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღივსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲ-მე რაჲ შემძლებელ ვარ, არამედ ყოვლად-სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა ესერა, წინაგანმზადებულსა მას გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ განსუენებაჲ, გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა – მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა”. და იგინი ჯმნულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებას ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს.

თავი მეთექვსმეტე თავი მეთვრამეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 16

და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდილდ, წარვიდა და თანა წარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი. და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ, თან-დაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ“.

ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე, პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მჴევალო ქრისტჱსო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევნეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ ყრმებრ არარაჲ ჰქმენ, ღმერთმან მოგიტევნეს შენ“. და ჯოჯიკ ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო იყოს ღმრთისა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა“.

და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალეს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი, და, თუ რაჲმე შეგცოდეთ ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლის მოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩემთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმჱ ესე ჩემი, რამეთუ არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით. გარნა არ იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“, მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ სადა-იგი არა არს თუალღებაჲ, წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო, და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო, და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა“.

ხოლო იგინი ამას ყოველსა სიტყუასა მისსა ზედა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: „მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუაკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტჱს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მიგიტევენინ, რომელ–რაჲ-იგი ჰყავთ“. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ „ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა – მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს – შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით.

თავი მეთხუთმეტე თავი მეჩვიდმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 15

და ვითარცა მეშჳდჱ წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა. და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნ იგი მატლი უდიდჱს არს და არა მოკუდების“. და მე, ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად. მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ? ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა, უმჯობეჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმა აქავე ამას ცხორებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: „ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“. და მან მრქუა მე ქენებით: „ნუვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ“. რამეთუ შინაგან ძაძაჲ ემოსა და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა.

თავი მეთოთხმეტე თავი მეთექვსმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 14

და ვითარცა აღივსებოდა მეექუსჱ იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისაჲთა სენი სნეულებისაჲ მოიწია მის ზედა, რომელსა-იგი წინაჲსწარ უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ „ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშრომითა, ფსალმუნებითა და გალობითა“. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი.

ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღვსებისათა ერგასისთა მათ დღეთა, ექუსთა წელთა შინა არცა დღისი, არცა ღამჱ არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; და მცირედ ოდენ წუენი მხალისა შექმნული – იგიცა მცირედ – მიიღის, ხოლო პურისა გემოჲ არა იხილის, ვიდრე აღვსებადმდე.

და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი ერთი დაიდვის სასთუნალ და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი და კაცთა თუალსასასთაულაკი ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირჱ ქუე წარუგდებიედ, და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო. ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამჭნარნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირ-მსივანნი და დღე-მოკლედ ცხორებულნი; და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.

თავი მეცამეტე თავი მეთხუთმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 13

და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ: „უბადოო და უგულისჴმოო, ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ „ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო“, ვითარმედ „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს“. და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა და თმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა.

ხოლო პიტიახშმან გამოარჩია ძუძუჲსმტჱ მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა“, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით“. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: „ნანდჳლვე ვთქუ ეგე!“

და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: „კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულვებოდა შეტყუვილი შენი და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.

თავი მეთორმეტე თავი მეთოთხმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 12

ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულსმოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელისა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით.

და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ „შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა“. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა. სულთ–ითქუნა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნეს-ვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა“.

და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და რამთუ მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემოჲ იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა; ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მათი სძაგდა სმენად.

თავი მეთერთმეტე თავი მეცამეტე