წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

დ. 1885, ოზურგეთი. ქართველი. სოციალ-დემოკრატი (უმც.). ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: განოვის ქუჩა, სახ. №3, ბ. №1. ტელ. 6-83..

გავათავე მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1905 წ. შევედი ადესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე. 2 აპრილის 1908 წ. დამიჭირეს ადესაში და მიმცეს პასუხის გებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის (1 ნაწ. 102 მუხ. სის. სამ.): მბრალდებოდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრობა. ერთი წლის და ოთხი თვის წინასწარ დაპატიმრების შემდეგ გამასამართლა ადესის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც გამამართლა მე და ჩემთან ერთათ სხვა რვა სტუდენტები. განთავისუფლების შემდეგ ადესის უნივერსიტეტში არ მიმიღეს და შეველ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1909 წელს, რომელიც გავათავე 1913 წელს.

რევოლიუციის ხანაში ვიყავი: ქ. ქუთაისის კომისარათ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ; ნოემბრიდან 1917 წ. ვიყავი ამიერ კავკასიის მთავრობაში შრომის კომისრის ამხანაგათ და შემდეგ საქართველოს მთავრობაში შრომის მინისტრის ამხანაგათ 24 ივნისამდე.

1918 წ.

ილიკო გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი