მონობის ისტორია

monobis istoriaმონობა მსოფლიოში ცივილიზაციასთან ერთად გაჩნდა. მონადირე-შემგროვებლებს და მცირე ფერმერებს მონის და დამხარე მუშახელის აუცილებლობა არ ჰქონიათ. ისინი ადვილად ახერხებდნენ საკუთარი თავისთვის საკვების შოვნას. სოფლად შექმნილმა ზედმეტმა სანოვაგემ ქალაქებში სხვადასხვა ხელობის ფართო სპექტრის გაჩენას შეუწყო ხელი. დიდ ფერმასა თუ სახელოსნოში სანდო იაფ მუშახელს ნამდვილი სარგებელი მოჰქონდა, ასეთი მუშახელი მინიმალურ საკვებსა და საცხოვრებელს ითხოვდა. შესაბამისად, გაჩნდა მონობის პირობები. ყველა ანტიკურ ცივილიზაციაში მონა ჩვეული მოვლენა იყო. ამას ხელს უწყობდა გაუთავებელი ომები. როდესაც ქალაქი მტერს ბარდებოდა, იქაური მაცხოვრებლები ავტომატუტრად დამპყრობლების მონები ხდებოდნენ. არსებობდა ამის ხელშემწყობი სხვა გარემოებებიც: მეკობრეები, კრიმინალი, გადაუხდელი ვალი და ა.შ. ღარიბები ხშირად საკუთარ შვილებს ყიდდნენ. მონების შვილები მონებად იბადებოდნენ. მონებზე ინფორმაცია ძველ საზოგადოებებში უმეტესად მათ ლეგალურ სტატუსს უკავშირდება, და ის მეპატრონის კუთვნილებას წარმოადგენს.

ჰამურაბის კანონებში, რომელიც ჩვენს წელთაღრიხვამდე მე- 18 საუკუნით თარიღდება, იძლევა დეტალებს თავისუფალი ადამიანებისა და მონების მკურნალობისთვის ექიმებისთვის მინიჭებულ ჯიდლოებსა და ჯარიმებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ბაბილონში მონებს საკუთრების უფლება ჰქონდათ.

საბერძნეთში, როგორც სპარტა, ისე ათენი, სრულიად ემყარებოდა იძულებით შრომას. თუმცა, შეიძლება ითქვას, სპარტა უფრო ბატონყმობას ავითარებდა, ვიდრე მონობას. სხვაობა ის იყო, რომ სპარტელი მონები, დაპყრობის შედეგად მონები იყვნენ, საკუთარ მიწაზე რჩებოდნენ და იძულებულნი იყვნენ სპარტელ ბატონებზე ემუშავათ. ათენში კი მონებს ნაკლები უფლებები ჰქონდათ. მათი მდგომარეობა მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე იყო დამოკიდებული. ყველაზე მტკივნეული მაღაროელების შრომა იყო. რომლებიც ბატონებს სიკვდილამდეც კი მიჰყავდათ. სხვა კატეგორიები, მაგალითად პოლიციური ძალები, ნაკლებად სასტიკ მდგომარეობაში იყვნენ. მონების უმეტესობა იყო შინაური მონა. მათი ბედი დამოკიდებული იყო მათსა და ბატონს შორის ურთიერთობაზე. ზოგჯერ ეს ურთიერთობა შედარებით კეთილგანწყობილი იყო. ქალებს ანდობდნენ შვილებს. მამაკაცები უძღვებოდნენ სახლის მეურნეობას. იყვნენ დამხმარენი კომერციის საკითხებში.

მეტი უფლებით სარგებლობენ მონები ძველ რომში. ყველაზე პრივილირიგირებულნი იმპერატორის სამდივნოში მსახურობენ. იმპერიამდე ორი საუკუნით ადრე რომაელებს ურიცხვი რაოდენობის მონები ჰყავდათ და განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ. მაღაროებში მათ ზედამხედველები უსწორდებოდნენ. მინდორში, ბორკილებდადაბულებს ამუშავებდნენ. გლადიატორებად აბრძოლებდნენ სასტიკ ორთაბრძოლებში.

მონობა შუასაუკუნეებშიც გაგრძელდა. მონებს ძირითადად სახლის მეურნეობისთვის, ან ჯარში იყენებდნენ. ბორკილებიანი მონების თემა მხოლოდ მოგვიანებით, კოლონიალისტურ ამერიკაში ბამბისა და თამბაქოს მოპოვებისას იჩენს თავს. მუხედავად ამისა, მონებით ვაჭრობა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა და ძირითადი ფოკუსი ხმელთაშუაზღვა იყო. იქაური გეოგრაფიული და ეკონომიკური გარემო განსაკუთრებით უწყობდა ხელს მონობის ზრდას. ცივილიზირებული რეგიონები გარს ერტყმოდა ცენტრალურ ზღვას. ჩრდილოეთით და სამხრეთით გაჭიმული ტერიტორიები შედარებით ნაკლებ განვითარებული ტომებით იყო დასახლებული. ომების შედეგად, მათი დიდი ნაწილი მონა ხდებოდა.

მეათე საუკუნეში, გერმანების მიერ იმდენი სლავი იქნა შეპყრობილი, რომ მათი სახელი მონის slave საერთო სახელი გახდა. ხმელთაშუაზღვის სამხრეთით, არაბთა დინასტიები ასევე ხელს უწყობდა მონებით ვაჭრობას. აფრიკაში, ჩადის ტბის ნაპირებთან შეპყრობილნი მუსულმანურ სამყაროში არაბთა მონები ხდებოდნენ. მუსულმანური სამყარო მერვე საუკუნეში ესპანეთიდან სპარსეთამდე იყო გადაჭიმული. მონობა ნებადართული იყო მუჰამედის დროსაც და ყურანშიც მის საწინააღმდეგოდ არაფერია ნათქვამი. თუმცა ხაზგასმულია, რომ ქალებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეპყრან.

ქრისტიანულ ევანგელიაში მონობაზე რაიმე განსაკუთრებულ მინიშნებას ვერ ვხვდებით. ადრეულ შუა საუკუნეებში რომის ეკლესიის ეპისკოპოსები უკმაყოფლებას გამოთქვამდნენ მონების მეპატრონეების წინააღმდეგ, რომელთა დინასტიაც ჩრდილოეთ ევროპაში აღმოცენდა.

მე-15 საუკუნეში, აფრიკაში, სამხრეთ საჰარას ტერიტორიაზე პირველად შემოვიდა პორტუგალიელთა ექსპედიცია და გაიხსნა მონებით ვაჭრობის ახალი არხი. კაპო ვერდეს კლდიანი და მიუვალი სანაპირო ზოლი დაუსახლებელი იყო. თუმცა უხვად მოიცავდა ტროპიკებს და კარგი მდებარეობა ჰქონდა დასავლეთ აფრიკას, ევროპას და ამერიკას შორის. პორტუგალიელები აქ დაახლოებით 1460 წელს სახლდებიან და დიდი რაოდენობით აფრიკელ მონებს ყიდულობენ. მონები მუშაობენ პლანტაციებში, მოჰყავთ ბამბა. დაკავებულნი არიან ქსოვილების რთვით. გვინეაში სამოსს მონებზე ცვლიან. ყიდიან გემებზე, რომლებიც კაპე ვერდეს სტუმრობენ. აფრიკელი მონებით ვაჭრობა, კაპე ვერდეს კუნძულებთან ერთად ფართოდ ვრცელდება კარიბსა და ამერიკაში შაქრის, ბამბის, თამბაქოს მოპოვების ზრდასთან ერთად. პორტუგალიელები ზრდიან მონოპოლიას აფრიკელი მონების ბრაზილიაში, საკუთარ კოლონაში გადაყვანაზე. მეთვრამეტე საუკუნისთვის მონათა გადამყვანი გემების უმეტესობა ბრიტანული იყო. ისინი ე.წ. სამკუთხა ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. ამ ტიპის ვაჭრობა გემების მფლობელთათვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო. გემები გამოდიოდნენ ლივერპულიდან ან ბრისტოლიდან, იტვირთებოდნენ დასავლეთ აფრიკაში მოთხოვნილი საქონელით – ცეცხლსასროლი იარაღით, ალკოჰოლური სასმელით, ბამბის ქსოვილით. საქონელს გვინეის ყურესთან ბევრი მსურველი ვაჭარი ხვდებოდა. ისინი სთავაზობდნენ მონებს, რომლებიც აფრიკიდან ამერიკაში უნდა გადაეყვანათ. მონებს გემზე გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა, ბევრი მათგანი ცოცხალი ვერც აღწევდა დანიშნულების ადგილამდე.

პირველი ძვრა მონობის წინააღმდეგ 1688 წელს, აფრა ბენის მიერ დაწერილმა რომანმა გამოიწვია. რომანი აფრიკელი პრინცისა და მისი შეყვარებულის ისტორიას აღწერდა. ინგლისელების მიერ შეპყრობილი მონის ამბავს, რომელიც სურინამიში გადაიყვანეს. ამ პერიოდისათვის კვაკერები უკვე ღიად აფიქსირებდნენ თავის პოზიციას მონობის წინააღმდეგ. 1772 წელს მოხდა მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც მოსამართლე მენსფილდმა, ჯეიმს სომერსეტი, რომელიც ამერიკელი ბატონის კუთვნილება იყო, გაათავისუფლა, რადგამ სომერსეტმა ინგლისის მიწაზე დაადგა ფეხი. მალე, როდესაც ამერიკელმა კოლონიებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს, კვაკერები ისევ გააქტიურდნენ. 1774 წელს კვაკერებმა ბრიტანეთში მონებით ვაჭრობაში მონაწილეთა გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე წელს, პენსილვანიაში, მათ დაარსეს პირველი აბოლიციონისტური საზოგადოება. პირველი შტატი, სადაც მონობა გაუქმდა იყო მასაჩუსეთი. რამდენიმე წელიაწადში მას სხვა ჩრდილოეთმა შტატებმა მიბაძეს. მძიმე რჩებოდა მდგომარეობა სამხრეთში.

1787 წელს, ლონდონში, ჩამოყალიბდა მონებით ვაჭრობის გაუქმების ასოციაცია, სადაც წამყვან როლს კვლავ კვაკერები ასრულებდნენ. 1807 წელს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს, მონებით ვაჭრობა არაკანონიერად გამოცხადდა.

1787 წელს ამერიკის კონსტიტუციურმა კონგრესმა, სამხრეთის შტატების ზეწოლით, მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო 20 წლის განმავლობაში მონობასთან დაკავშირებით არანაირი კანონი არ ყოფილიყო მიღებული. ვადის გასვლისთანავე, 1808 წლის 1 იანვარს, მონებით ვაჭრობა გაუქმდა. ამავე წელს, ლონდონში პარლამენტმა აკრძალა მონების ტრანსპორტირება ბრიტანულ გემებზე და მათი იმპორტი ბრიტანეთის კოლონიებში.

მონობის თემა სამხრეთ და ჩრდილოეთის შტატებს შორის მუდმივი დაპირისპირების საგანი იყო. განსაკუთრებით მდგომარეობა გამწვავდა 1819 წელს, მისურის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული კონგრესის დებატებით. კენტუკის მეზობელი მისურის შტატი პლანტაციებში მომუშავე ბევრ მონას ფლობდა. 1819 წელს, ნიუ იორკელი კონგრესმენი ჯეიმს თოლმაგი გამოვიდა წინადადებით, აკრძალულიყო მონების შემდგომი შესყიდვა და იმ დროისთვის არსებულ მონათა შვილები 25 წლის ასაკში განთავისუფლებულიყვნენ მონობისაგან. წარმომადგენლების პალატამ, სადაც უმეტესობა ჩრდილოეთიდან იყო, ცვლილებას მხარი დაუჭირა. სენატში, სადაც თერთმეტ ჩრდილოურ და სამხრეთ შტატს ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავდა, კანონპროექტი ჩავარდა. 1820 წელს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მაინის რაიონი მასაჩუსეთს გამოეყოფოდა და თავისუფალი, დამოუკიდებელი შტატი გახდებოდა. მას მოჰყვა მისურის შტატიც. მისურის კომპრომისი კონგრესის კიდევ ერთ ცალკე პუნქტს მოიცავდა – კანონმდებლობა, რომლის თანახმად, მისურის ტერიტორიის გარეთ, 36.30 – ის განედზე იკრძალებოდა შტატებში მონების ყოლა. კომპრომისი 30 წლის განმავლობაში ძალაში რჩებოდა. მაგრამ 1849 წელს კალიფორნია გამოვიდა ინიციატივით შეერთებოდა კავშირს, თავისუფალი შტატის სახით. 1820 წლიდან პირველად სამხრეთის შტატები სენატის ხმის ნაკლებობის საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. ამჯერად კომპრომისი გაცილებით გართულდა. ის ხუთ, დამოუკიდებელ შეთანხმებას მოიცავდა. ჩრდილოეთისთვის დათმობა ნიშნავდა კალიფორნიის თავისუფალ შტატად აღიარებას და მონებით ვაჭრობის გაუქმებას დედაქალ ვაშინგტონში და კოლუმბიის მიმდებარე რაიონებში. სმახრეთისთვის დათმობა ნიშნავდა, რომ როდესაც ნიუ მეხიკო და იუტას შტატი სახელმწიფოებრიობისათვის, მზად იქნებოდნენ მონებით ან მათ გარეშე, ისინი კავშირში შევიდოდნენ. ეს ასევე ეხებოდა ტეხასის ფედერალური ვალის 10 მილიონი დოლარის ოდენობით გადახდას და ახალ, უფრო მკაცრ მონობის კანონებს. 1793 წელს მიღებული დევნილ მონებთან დაკავშირებული კანონები ადგილობრივი უთანხმოების მუდმივი საგანი იყო. ეს კანონები სამხრეთის შტატებს აძლევდა უფლებას გამოეთხოვა ჩრდილოეთში გაქცეული მონები. ამის გათვალისწინებით, ჩრდილოეთის მოსამართლეები ხშირად განზრახ არღვევდნენ მონათმფლობელთა უფლებებს. 1850 წლის დევნილ მონებთან დაკავშირებული კანონი ამის აღკვეთის მცდელობა იყო.

პრეზიდენტმა ლინკოლნმა სამოქალაქო ომი კავშირის დაცვის, შენარჩუნების მიზნით განახორციელა. თავდაპირველად მისი მიზანი არ ყოფილა სამხრეთ შტატებში მონობის გაუქმება. მაგრამ ომის მძიმე წლებმა შეცვალა მისი დამოკიდებულება. 1862 წლის ზაფხულში ლინკოლნმა გადაწყვიტა მონობისგან გათავისუფლება საკუთარი პოლიტიკის ცენტრალურ თემად ექცია. მაგრამ ეს პერიოდი არ აღმოჩნდა ხელსაყრელი ამ საკითხის მისაღებად. 1862 წლის სექტემბერში, მას ამის ხელახალი შესაძლებლობა მიეცა. ლინკოლნმა წინასწარი პროკლამაცია გამოსცა. რომლის თანახმად, თუ კონფედერაციული შტატები, წლის ბოლომდე არ დაყრიდნენ იარაღს, მათი მონები გათავისუფლდებოდნენ. პასუხმა დაიგვიანა და 1863 წლის 1 იანვარს ლინკოლნმა ემანსიპაციის პროკლამაცია გამოსცა. პროკლამაცია აცხადებდა, რომ ამბოხებულ შტატებში აქამდე მონებად მყოფი ადამიანები თავისუფლებოდნენ მონობისგან. ის მოუწოდებდა მათ ძალადობის შეწყვეტისაკენ და აცხადებდა, რომ განთავისუფლებული მონები მიღებულ იქნებოდნენ აშშ-ს არმიაში და ფლოტში. თავდაპირველად პროკლამაციას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ოფიციალურად მონების გათავისუფლება არ ხდებოდა. მაგრამ ბევრ სამხრეთელ მონას ჩრდილოეთში გაქცევის შესაძლებლობა გაუჩნდა. ომის დასასრულს, ამერიკულ სამხედრო ძალებს დაახლოებით 180, 000 აფრო ამერიკელი შეუერთდა.

დედალოსი და იკაროსი

dedalosi da okarosiძველ დროში, როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ელადის ქალაქ ათენში ცხოვრობდა ერთი მოქანდაკე და არქიტექტორი – დედალოსი. მასზე ამბობდნენ, მარმარილოსგან ისეთ ქანდაკებებს ქმნის, ცოცხალი ადამიანები გეგონებაო. დედალოსმა ასწავლა ბერძნებს ტაძრების აგება და კედლის სისწორის დაცვაც ძაფზე დაკიდული ქვის მეშვეობით.

დედალოსს ერთი შეგირდი ჰყავდა, მისი დისშვილი – ტალოსი. ტალოსი ბიძის მსგავსად გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. თევზის ფარფლებმა მას ხერხის შექმნა შთააგონა, წრის დასახატად ფარგალი გამოიგონა; ფარგლის მეშვეობით ხის ნაჭერზე წრე დახაზა; შემდეგ გამოთალა, გამოთლილ ხის ნაჭერს ტრიალი აიძულა და ახალი გამოგონებაც, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი დაზგაც მზად იყო.

დედალოსი მოსწავლის წარმატებებმა შურით აღავსო და მისი მოკვლა განიზრახა. მასწავლებელმა ტალოსი ათენის აკროპოლისის მაღალ კლდეზე აიყვანა, მასთან ერთად კლდის კიდესთან დადგა და მოსწავლეს ხელი ჰკრა. დედალოსის დანაშაული გამჟღავნდა. აეროფაგმა მას სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. სიკვდილისთვის თავი რომ დაეღწია, დედალოსმა ათენი დატოვა და კუნძულ კრეტაზე გაიქცა.

იმ დროს კრეტას მეფე მინოსი მართავდა. მეფემ სიხარულით მიიღო დევნილი არქიტექტორი და მინოტავრისთვის უზარმაზარი შენობის, ლაბირინთის აგება დაავალა. მინოტავრი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ხარი იყო, სწორედ მისთვის უნდა შეექმნა დედალოსს სასახლე. სასახლის უამრავ ოთახსა და მიწისქვეშა გასასვლებებში მოხვედრილი ადამიანი უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვიდა.

მრავალი წელი გაატარა დედალოსმა კუნძულ კრეტაზე. სამშობლოში დაბრუნების ფიქრი მას მოსვენებას არ აძლევდა. კრეტის მეფეს არ სურდა სახელოვანი არქიტექტორის სამშობლოში გაშვება. დედალოსი მიხვდა რომ. უკვე მეფე მინოსის სტუმარი კი არა ტყვე იყო. დედალოსმა კუნძულის დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა, ხშირად მიდიოდა ზღვის სანაპიროზე, ჩამოჯდებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაეღწია თავი მეფე მინოსის ტყვეობიდან. გამოსავალი დიდხანს არ ჩანდა. ერთხელ დედალოსმა მზერა ზეცას მიაპყრო და გაიფიქრა, „ტყვეობას თავს ვერც ზღვით და ვერც ხმელეთით ვერ დავაღწევ, ხსნის ერთადერთი გზა ცა არის, ადამიანსაც ხომ შეუძლია ჩიტივით ფრენა“.

დედალოსმა გადავწყვიტა თავისი ფიქრი რეალობად ექცია. ფრინველების სხვადასხვა ზომის ფრთები შეაგროვა ბულბულები ერთმანეთს სელის ძაფით გადააბა, ბოლოები კი სიმყარისთვის ცვილით გაამაგრა. სამუშაო დასრულდა. ფრთები მზად იყო. დედალოსმა ფრთები მხრებზე მიიმაგრა და ცაში აიჭრა.

გაკვირვებული შესცქეროდა დედალოსის ვაჟი იკაროსი მამის ფრენას უზარმაზარი ფრინველივით რომ აიჭრა ცაში და კამარა შეკრა. მასაც მოუნდა ცაში ნავარდი, მამას სთხოვა, მისთვისაც დაემზადებინა ფრთები და თან წაეყვანა. დედალოსი დათანხმდა.

კრეტიდან გაფრენის დღეც დადგა. დედალოსმა შვილი თავისთან იხმო და ფრენის წინ ასე დაარიგა: „ფრთხილად იფრინე იკაროს, ნუ დაეშვები ზღვის ზედაპირთან ახლოს, რადგან წყალმა შესაძლოა ფრთები დაგისველოს და ნურც ძალზე მაღლა აიჭრები ცაში,. მზე ცვილს დაადნობს და ბუმბული დაგცვივდება. მე გამომყევი და ნუ ჩამომრჩები“. დედალოსმა და იკაროსმა ფრთები ზურგზე მიიმაგრეს და ცაში აიჭრნენ. ვინც ხმელეთიდან მათ ჩიტივით ფრენას შეჰყურებდა ფიქრობდა რომ ორი ღმერთი მისრიალებდა ცის ლაჟვარდზე. იკაროსი ფრენით გაერთო, გათამამდა, სულ უფრო ძლიერად იქნევდა ფრთებს. დაივიწყა მამის დარიგება და ზეცაში სულ უფრო მაღლა და მაღლა აიჭრა. მცხუნვარე მზემ ცვილი გაადნო. იკაროსს ფრთები დასცვივდა და უზარმაზარი სიმაღლიდან ზღვაში ჩავარდა.

დიდხანს დაეძებდა დედალოსი შვილს, მაგრამ ზღვის ტალღებზე მხოლოდ ბულბული ლივლივებდა. დედალოსი უახლოეს კუნძულზე დაეშვა ფრთები დატეხა და საკუთარი ქმნილება, რომელმაც თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ შვილი დააკარგვინა სამუდამოდ დასწყევლა. სულ მალე ზღვამ ნაპირზე იკაროსის სხეული გამორიყა. მამამ შვილი კუნძულზე დაკრძალა და იმ დღიდან კუნძულს სადაც იკაროსი განისვენებს იკარია ეწოდა.

არისტოტელე

არისტოტელე (ძვ.წ. 384-322) ყველა დროის უდიდეს ფილოსოფოსთა შორისაა.

მან დაახლოებით ორასამდე ფილოსოფიური ნაშრომი დატოვა, მაგრამ მათგან მხოლოდ 31 გადარჩა. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ დისციპლინას, რომელთა შორისაა ლოგიკა, მეტაფიზიკა, აზროვნების ფილოსოფია, ეთიკა, პოლიტიკური თეორია, ესთეტიკა და რიტორიკა, ასევე, ბიოლოგია.

არისტოტელე დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის, მაკედონიის რეგიონის პატარა ქალაქ სტაგირაში. აქედან წარმოსდგება მისი ზედმეტსახელი „სტაგირიტი“. დაახლოებით 17 წლის ასაკში გაგზავნეს ათენში, პლატონის აკადემიაში სასწავლებლად. პლატონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 347), ის გაემგზავრა მცირე აზიაში, ამჟამინდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სადაც განაგრძო აკადემიაში დაწყებული ფილოსოფიური საქმიანობა, მაგრამ, დიდი ალბათობით, აგრეთვე განავრცო თავისი კვლევები საზღვაო ბიოლოგიაში. აქ მან დაახლოებით 3 წელი დაჰყო, რის შემდეგაც კუნძულ ლესბოსზე გაემზავრა, სადაც განაგრძო ფილოსოფიური და ემპირიული კვლევები კიდევ 2 წელიწადს.

ძვ. წ. 343 წელს, მაკედონიის მეფის – ფილიპეს მოთხოვნით გაემზავრა პელაში, მაკედონიის დედაქალაქში, მეფის 13 წლის ვაჟის – ალექსანდრეს აღსაზრდელად. არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელს 3 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ძვ. წ. 335 წელს, არისტოტელემ ათენში დააარსა საკუთარი სკოლა, რომელიც მიუძღვნა ღმერთს – აპოლო ლიკეოსს, აქედან წარმოსდგება მისი სახელი – ლიცეუმი. მოგვიანებით, არისტოტელეს სკოლელებს უწოდებდნენ პერიპატეტიკოსებს. ლიცეუმის წევრები ატარებდნენ კვლევებს მრავალ დარგში: ბოტანიკა, ბიოლოგია, ლოგიკა, მუსიკა, მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა, კოსმოლოგია, ფიზიკა, ფილოსოფიის ისტორია, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ეთიკა, თეოლოგია, რიტორიკა, ხელოვნება, პოლიტიკური ისტორია, სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკური თეორია. ყველა ამ სფეროში, ლიცეუმი აგროვებდა ხელნაწერებს და ამგვარად, ანტიკური ხანის პირველი დიდი ბიბლიოთეკა დააფუძნა.

ძვ. წ. 323 წელს, არისტოტელემ დატოვა ათენი, გაემგზავრა ქალკისში, კუნძულ ევბეაზე და მომდევნო წელს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.

არისტოტელეს მნიშვნელოვანი ნაშრომებია: კატეგორიები, ფიზიკა, მეტაფიზიკა, De Anima (სულის შესახებ), მეტეოროლოგია, ნიკომაქესეული ეთიკა, პოლიტიკა, რიტორიკა, პოეტიკა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

მოუსმინეთ არისტოტელეს ბიოგრაფიის აუდიო ვერსიას

წყარო: http://plato.stanford.edu/entries/aristotle/

სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.

დრაკონის კანონები

ძველბერძნულ პოლის ათენში დრაკონმა, პირველმა ძვ. წ. 621 წელს შექმნა სამართლის ნორმები, რომელსაც „დრაკონის კანონები“ ეწოდა. ეს კანონები ათენის ისტორიაში ჩვენამდე პირველი წერილობითი ფორმით მოღწეული კანონთა კრებულია

ხშირ შემთხვევაში კანონის შედგენისას დრაკონმა წერილობით დააფიქსირა უკვე არსებული ნორმები. ანტიკურ სამყაროში დრაკონის კანონებს უწოდებდნენ არა „νομοι“ – „კანონები“, არამედ „υεσμοι“ – „წესი“.

დრაკონის კანონებში მეტ-ნაკლებად ნათლად იქნა გაწერილი პოლისის მმართველთა ფუნქციები და მათი არჩევის წესი.  მართალია კანონები  ეხებოდა სახელმწიფოს მოწყობის საკითხებსაც, მაგრამ მათში განსაკუთრებული ადგილი სისხლის სამართლის საკითხებს ეთმობოდა.

ამ კანონების მიხედვით ყველა დანაშაული, მიუხედავად იმისა, მცირე იყო ის თუ დიდი ისჯებოდა სიკვდილით. როდესაც დრაკონს ჰკითხეს თუ რატომ იყო მისი კანონები ასე მკაცრი, მან უპასუხა, რომ მცირე დანაშაულისთვის ასეთი სასჯელი დამსახურებულად მიაჩნდა, ხოლო უფრო მძიმე სასჯელისთვის სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

პლუტარქე ამბობდა, რომ დრაკონის კანონები დაწერილი იყო არა მელნით, არამედ სისხლით. ამ კანონების მიხედვით სიკვდილით ისჯებოდა როგორც მკვლელი, ასევე სხვის ბაღში შეაპრული ვაშლის ქურდიც. დანაშაულად არ განიხილებოდა მკვლელობა, რომელიც თავდაცვის მიზნით იყო ჩადენლი.

საგულისხმოა, რომ დრაკონის კანონები ვრცელდებოდა უსულო საგნებზეც, მაგალითად, როდესაც ბერძენი ათლეტის ფეაგენის სპილენძის ქანდაკება  ადამიანს დაეცა, დაზარალებულის შვილებმა ქანდაკების წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. პოლისის მცხოვრებლებმა დრაკონის კანონების შესაბამისად ქანდაკება ზღვაში გადააგდეს.

კანონის მიხედვით მკვლელობის დანაშაულს სხვადასხვა კვალიფკაცია ეძლეოდა. მაგ: წინასწარგანზრახული, გაუთვალისწინებელი, და თავდაცვის მიზნით ჩადენილი. გათვალისწინებულ იქნა უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილიც (მაგ. სპორტული შეჯიბრებების დროს).

არეოპაგი განიხილავდა მხოლოდ განზრახ მკვლელობის დანაშაულს და სასჯელიც შესაფერისად მკაცრი – სიკვდილით დასჯა იყო.

ეფეტების კოლეგია პალადიუმში რომელიც არჩეული მოქალაქეებიდან იყო დაკომპლექტებული და რომლის წევრთა ასაკიც 50 წლის აღემატებოდა გაუთვალისწინებელი მკვლელობების საქმეებს განიხილავდა ასეთი  მკვლელობები ისჯებოდა გაძევებით და არა სიკვდილით. თავდაცვის მიზნით მკვლელობა ან საკუთრების დაცვა არ ისჯებოდა კანონით.

ეფეტები ოთხ სასამართლო პალატში განიხილავდნენ გარკვეული შინაარსის საქმეებს, ამიტომ ეფესების სხდომა ხან ერთ და ხან მეორე პალატაში მიმდინარეობდა, იმისდა მიხედვით, თუ რომელ შემთხვევას განიხილავდნენ. მეფე თავმჯდომარეობდა ყველა საქმის განხილვას. შემდგომში დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ეფესების კოლეგიის საქმიანობა გარკვეულწილად შეიზღუდა. მას მხოლოდ რელიგიური საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცა.

მართალია კანონებმა, რომელიც დრაკონს ეკუთვნის მკაცრი და ულმობელი კანონების სახელი დაიმკვიდრეს ისტორიაში, უნდა ღინიშნოს, რომ ისინი ბერძნული სამართლის განვითარების საქმეში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.