გულუხვად აჯილდოვებს სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ყველას, ვინც მისი ერთგულია. ასე აჩუქა აფროდიტემ ბედნიერება კუნძულ კვიპროსის მკვიდრ მხატვარს პიგმალიონს.
სილამაზის თაყვანისმცემელი პიგმალიონი ხალხისგან განმარტოებით ცხოვრობდა. მისი სიყვარული ვერც ერთმა მოკვდავმა ქალმა ვერ დაიმსახურა.
ერთხელ პიგმალიონმა სპილოს ძვლისგან უმშვენიერესი ქალწულის – გალათეას ქანდაკება გამოძერწა. ყველა, ვინც მხატვრის ქმნილებას თვალს შეავლებდა გაოცებას ვერ მალავდა. ქანდაკება თითქოს ცოცხალი იყო, ცოტაც და მისი სხეული მოძრაობას დაიწყებდა.
საათობით იჯდა პიგმალიონი საკუთარი ქმნილების წინ და მისი მშვენიერებით ტკბებოდა; სპილოს ძვლისგან გამოძერწილ გალათეას სხეულს ტანსაცმლით მოსავდა და ძვირფასი სამკაულით ამკობდა.
ერთხელ გალათეას ყურებისას მხატვარს უეცრად საოცარი სიტყვები აღმოხდა:
– ეჰ, რა ბედნიერი ვიქნებოდი შენ რომ ცოცხალი იყო და ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა შეგეძლოს!
ქანდაკება მდუმარედ შესცქეროდა მხატვარს.
გავიდა დრო. სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტესადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, პიგმალიონმა ქალღმერთს ოქროსრქიანი საფურე ხბო შესწირა და მუდარით შესთხოვა:
– მარადიულო, ყოვლისშემძლე ქალღმერთო აფროდიტევ! გთხოვ, მიბოძე ცოლი, ისეთივე მშვენიერი, როგორიც გალათეაა!
თითქოს სიყვარულის ქალღმერთმა პიგმალიონის თხოვნა შეისმინა. აფროდიტეს გამოსახულების წინ უეცრად მსხვერპლშეწირვის ცეცხლი აბრიალდა.
მხატვარი სახლში დაბრუნდა. ქანდაკებას მიუახლოვდა, და … გალათეას გულმა ფეთქვა დაიწყო თვალებში სიცოცხლის სხივი აუკიაფდა. მხატვარს ნატვრა აუხდა, მისი მშვენიერი ქმნილება გაცოცხლდა.