ბზიფის ეკლესია

ბზიფის ეკლესია (გაგრის მუნიციპალიტეტი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია). მდებარეობს მდ. ბზიფის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე, ციხის გალავნის ფარგლებში. ბზიფის ეკლესია არის გუმბათიანი, „ჩახაზული ტიპის“ ტაძარი, ოთხი გუმბათქვეშა ბოძით, სამი შვერილი აფსიდითა და სამი მაღალი კარიბჭით სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების წინ.

ბზიფის ეკლესია მოპირკეთებულია სწორი წყობის თლილი ქვით, სარკმლები მორთულია თაღოვანი სათაურებით. ტაძარი ძლიერ არის დაზიანებული: კამარები და გუმბათი ჩამოქცეულია და შემორჩენილია მხოლოდ კედლები. ბზიფის ეკლესიას მეცნიერები გარდამავალი ხანით – VIII-X სს. – ათარიღებენ. გეგმით ბზიფის ეკლესია ენათესავება ლიხნისა და ანაკოფიის ტაძრებს, თუმცა მათზე უფრო მარტივი გეგმა აქვს. ბზიფის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ტაძარია დასავლეთ საქართველოში.

იხილე აგრეთვე ბზიფის ტაძარი

ლიტერატურა:

ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 2, თბ., 2014; Рчеулишвили Л., Купольная архитектура VIII-IX веков в Абхазии, Тб., 1988.

ახალი ათონის მონასტერი

ახალი ათონის მონასტერი. მთავარი ტაძარი

სიმონ კანანელის მონასტერი ახალ ათონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია), ფუნქციონირებდა 1875-1924 წწ., როგორც 1080 წ. დაარსებული ათონის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის („რუსიკა“) მეტოქი (მეტოქიონი). მისი დაფუძნების იდეა გაჩნდა 1874 წელს, როდესაც ბერძენმა  ბერებმა ათონის რუსული საძმო შეავიწროვეს და წმ. პანტელეიმონის მონასტრის ხელში ჩაგდება მოიწადინეს. შექმნილ ვითარებაში, მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაკარიმ და მღვდელმონაზონმა იერონიმემ, თურქეთში რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ნ. იგნატიევს, სთხოვეს შუამდგომლობის აღძვრა ხელისუფალთა წინაშე ქილის ან მონასტრის მოსაწყობად, კავკასიაში მიწის  ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. ნ. იგნატიევმა ასეთი შუამდგომლობით მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს მიმართა.  მ. რომანოვი ყურადღებით მოეკიდა შუამდგომლობას და მოითხოვა წინასწარი ინფორმაცია ბერების რაოდენობისა და გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის შესახებ. საპასუხო  წერილიდან (1875 წ. 17 მაისი) გაირკვა, რომ ჩამოსვლას აპირებდა 30 ბერი, რისთვისაც საჭირო იყო დაახლოებით 100-200 დესეტინა მიწა. 1875  წ. 14 ივნისს გადაწყდა, რომ  ახალი მონასტრისთვის აფხაზეთში ადგილი თვით ათონელ ბერებს შეერჩიათ. იმავე წლის 26 აგვისტოს ბერები – არსენი, აგაპი და იოანე – თბილისში ჩავიდნენ, 6 სექტემბერს კი სოხუმის განყოფილების უფროსთან გამოცხადდნენ. სწორედ მათ შეარჩიეს ფსირცხაში (ანაკოფიაში) სიმონ კანანელის უძველესი, დანგრეული ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ათონელი ბერები დროებით ბიჭვინთაში დაბინავდნენ და მაშინვე ამ უძველესი ქართული საკათოლიკოსო ცენტრის პანტელეიმონის მონასტრისათვის გადაცემა მოითხოვეს. ფსირცხაში მონასტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა აფხაზეთის ეპარქიის მმართველმა, წმ. მღვდელმთავარმა გაბრიელმა (ქიქოძე), თავის წერილში, რომელიც 1875 წ. 12 ნოემბერს გაუგზავნა ვ. ფრანკინს. მართალია, ის წინააღმდეგობას არ უწევდა და ვერც გაუწევდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ წინასწარ ხვდებოდა, რომ ათონელი ბერები არა იმდენად მისიონერული მიზნებით, არამედ საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩავიდნენ აფხაზეთში. „თავისთავად იგულისხმება, – წერდა წმ. გაბრიელი, – პანტელეიმონის მონასტრიდან საძმოს ნაწილის გადმოსახლება აფხაზეთში მოსახერხებელი და სასარგებლო იყოს არა მარტო საქმოსათვის, არამედ უფრო მეტად სასარგებლო აფხაზეთში მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის. ამისათვის გადმოსახლებულმა ბერებმა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დაფუძნების განზრახვა უნდა განახორციელონ, რათა აფხაზ ყმაწვილებს სოფლის მეურნეობა ასწავლონ, არამედ მათ უნდა მოგვცენ დაპირება, რომ აფხაზეთში მართლმადიდებლობის სასარგებლოდ რაიმე ამაზე მეტი გააკეთონ. სახელდობრ: მათ შესაძლებლობა უნდა მისცენ მსურველებს და ნიჭიერებს თავიანთი რიგებიდან, ისწავლონ პრაქტიკული აფხაზური ენა და მოიზიდონ მისიონერები აფხაზთა შორის მართლმადიდებლური სარწმუნოების საქადაგებლად“. იმავე წერილში აფხაზეთის მღვდელმთავარი აღნიშნავდა, რომ მონასტრის საძმო დაემორჩილება უშუალოდ ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტერს; ამავე დროს, „საძმოს ცხოვრებაზე ზნეობრივი ზედამხედველობა, საეკლესიო კანონების მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს ადგილობრივ საეპარქიო უფროსობას“.

ახალი ათონი. წმ. სვიმეონ კანანელის მონასტერი

ათონელ ბერებს 327 დესეტინა მიწისა და 200 დესეტინა ტყის მასივი გამოუყვეს. მეორე დღესვე ბერებმა კიდევ 1000 დესეტინა მიწა მოითხოვეს. 1876 წლის 9 თებერვალს მ. რომანოვმა, რომელიც იმავე წლის 26 იანვრიდან მშენებარე მონასტრის საპატიო ქტიტორის წოდებას ატარებდა, მოთხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ მიწის გამოყოფა პირველი რიგის სამუშაოების დასრულებისა და ფსირცხაში დაბინავების შემდეგ მოხდებოდა. სამუშაოებს მღვდელმონაზონი იერონიმე ხელმძღვანლობდა, ხოლო მონასტრის პირველი წინამძღვარი არსენი პეტერბურგსა და მოსკოვს გაემგზავრა და იქიდან უწევდა კოორდინაციას სამონასტრო მშენებლობას. პირველი ტაძარი ღვთისმშობლის ცვა-ფარვის სახელზე 1876 წ. 17 ოქტომბერს აფხაზეთის ეპარქიის უფროსმა ბლაგოჩინმა (მთავარხუცესმა) დეკანოზმა, დავით მაჭავარიანმა აკურთხა. იმავე წლის 17 ნოემბერს მ. რომანოვი უკვე შუამდგომლობდა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის წინაშე ახალი ათონის მონასტრის დამტკიცების თაობაზე და აღნიშნავდა, რომ აფხაზეთის ნახევრად ველური მოსახლეობის ქრისტიანობაზე მოქცევის საქმეში დიდ იმედებს ის ამ სავანის ბერების მოღვაწეობაზე ამყარებდა.

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომმა შეაფერხა მონასტრის მშენებლობა. ჯერ კიდევ 1876 წ. 29 ნოემბერს, ომის საფრთხის მოახლოებასთან დაკავშირებით, გაიცა ბრძანება სამუშაოების შეწყვეტის, სკოლის დახურვისა და ფსირცხის დატოვების შესახებ. ადგილზე დარჩნენ მხოლოდ მღვდელმონაზვნები – იერონიმე და იოანე, აგრეთვე ორი მორჩილი. 1877 წელს მათაც დატოვეს მონასტრის ტერიტორია. 1877 წლის 28 აპრილს აჯანყებულმა აფხაზებმა მონასტრის ახალი შენობა გადაწვეს. ათონელი ბერების ერთი ნაწილი დროებით სოხუმში, სხვები ნებელდასა და გელათში გადავიდნენ, შემდეგ კი საკუთარი სურვილით ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში დაყრილ თუ ავადმყოფ სამხედრო მოსამსახურეებს უვლიდნენ. რისთვისაც მედლები დაიმსახურეს. 1878 წ. ოქტომბერში ფსირცხაში სამშენებლო სამუშაოები განახლდა და სწრაფი ტემპით გაგრძელდა. 1879 წ. 3 თებერვალს ხელახლა აკურთხეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცვა-ფარვის ეკლესია, სადაც ღვთისმსახურება ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტრის წესდების შესაბამისად სრულდებოდა. იმავე წლის 8 აგვისტოს უწმინდესმა სინოდმა იშუამდგომლა, ხოლო 8 დეკემბერს იმპერატორმა დაამტკიცა ახალ ათონში სიმონ კანანელის მონასტრის დაფუძნების ძირითადი პრინციპები. საბუთის პირველი მუხლის თანახმად, ახალი ათონის მონასტერი, როგორც წმ. პანტელეიმონის მონასტრის მეტოქი, იცავდა მის წესდებას. ადგილობრივ მღვდელმთავარს მონასტერზე ზედამხედველობის უფლება ენიჭებოდა, ხოლო მის შინაურ ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას წმ. პანტელეიმონის მონასტერი თავად განაგებდა. თითქმის სამი წლის განმავლობაში ათონელი ბერები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ახალი სავანე წმ. პანტელეიმონის მონასტრის მხოლოდ რუსი ბერების საკუთრება ყოფილიყო, რათა საძმოს ბერძნულ ნაწილს არც ამჟამათ და არც მომავალში მასზე პრეტენზია არ განეცხადებინა. 1876 წ. 24 ოქტომბერს არსენი მღვდელმონაზვნის თხოვნას მხარი დაუჭირა მეფისნაცვალმა, კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსმა, აგრეთვე ეგზარქოსმა იოანიკემ. 8 დეკემბერს მიღებულ ძირითად პრინციპებში მართლაც ჩაიწერა: „მონაზონი ძმები ახალი ათონის შემადგენლობაში ინიშნებიან პანტელეიმონის მონასტრის მიერ მარტოოდენ მისი რუსი ძმების რიგებიდან“. საბუთს ხელს აწერდნენ მ. რომანოვი და კავკასიის მთიელთა სამმართველოს ახალი უფროსი ა. ვ. კომაროვი. ეროვნული ნიშნით მონასტრის დაფუძნებით ათონელმა ბერებმა თავი „დაიცვეს“ არა ბერძნებისაგან, არამედ უფრო ადგილობრივ მკვიდრთაგან, ვის საკუთრებასაც წარმოადგენდა აფხაზური უძველესი ეკლესია-მონასტრები. ახალი ათონის საძმოს შემადგენლობაში მთელი მისი არსებობის განმავლობაში ქართველები და აფხაზები არ მიუღიათ.

1879 წ. 17 ნოემბერს ახალი ათონის მონასტრის პირველი წინამძღვარი მღვდელმონაზონი არსენი მოსკოვში გარდაიცვალა. მის ადგილზე პანტელეიმონის მონასტერმა მღვდელმონაზონი იერონიმე (ვასილევი, 1889 წ. 6 აგვისტოდან – არქიმანდრიტი) აირჩია. უწმინდესმა სინოდმა იგი 1880 წ. 16 ივნისს დაამტკიცა. იერონიმეს სახელთან არის დაკავშირებული მონასტრის გრანდიოზული აღმშენებლობა და მისი სახით ასიმილატორულ-შოვინისტური პოლიტ. ციტადელის შექმნა აფხაზეთსა და მთელ ამიერკავკასიაში, უზარმაზარი მეურნეობის ჩამოყალიბება და ახალი ათონის იმპერიის მასშტაბით მომლოცველებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად გადაქცევა. 1882 წ. 10 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ სიმონ კანანელის უძველესი განახლებული ტაძარი აკურთხა. პ. უვაროვას აზრით, ათონელმა ბერებმა მისი რესტავრაცია ჩაატარეს „ისე უხეიროდ და უხეშად, რომ მან დაკარგა არა მხოლოდ ყოველგვარი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, არამედ სიძველის ყოველგვარი კვალიც“. 1883 წ. 6 ივნისს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცვა-ფარვის ეკლესიასთან მ. რომანოვის პატივისცემის ნიშნად წმ. მიხეილის სახელზე აგებული ეკვდერი აკურთხა. 1885 წ. 2 მარტს ბრძანებულებით ახალი ათონის მონასტერს შეუერთდა ბიჭვინთის მონასტერი მთელი თავისი მეურნეობით.

1888 წ. 24 სექტემბერს ახალ ათონს ესტუმრა იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახის წევრებთან (მათ შორის იყო ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე) ერთად. იმავე დღეს იმპერატორისა და მისი თანმხლები პირების თანდასწრებით საძირკველი ჩაეყარა მთავარ სამონასტრო ტაძრებს წმ. პანტელეიმონის, წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. მარია მაგდალინელის სახელზე. იმპერატრიცა მარია თევდორეს ასულმა მონასტერს 5000 მანეთი შესწირა. ახალ ათონში ერთდროულად რამდენიმე ტაძარი შენდებოდა. 1894 წ. 11 აგვისტოს სოხუმის ეპისკოპოსმა პეტრემ მაცხოვრის ამაღლების ტაძარი აკურთხა; 1895 წ. ეგზარქოსმა ვლადიმერმა აკურთხა ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელზე; 1896 წ. 30 იანვარს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენიმ ყოველთა წმინდანთა ტაძარი აკურთხა. 1900 წ. დასრულდა მთავარი ტაძრის მშენებლობაც. ბიზანტიური ნიმუშების მიხედვით იგი არქიტექტორმა ნ. ნიკონოვმა დააპროექტა, როგორც სამნავიანი ტაძარი ხუთი გუმბათით [სიგრძე (დასავლეთ-აღმმოსავლეთ ღერძზე) – 53.3 მ. სიგანე (ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერზე) – 37.7 მ. ცენტრალური გუმბათის სიმაღლეა 40 მ. სამრეკლოსი – 50 მ]. 1900 წ. 28 სექტემბერს ტაძარი ეპისკოპოსმა არსენიმ აკურთხა არქიმანდრიტ იერონიმეს თანამწირველობით; ესწრებოდა 18 ათასამდე მლოცველი, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან ჩამოვიდა. როცა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის ამხანაგმა (მოადგილემ) ვ. საბლერმა ამის შესახებ ლივადიაში (იალტასთან) მყოფ ნიკოლოზ II-ს შეატყობინა, ასეთი პასუხი მიიღო: „გადაეცით მონასტერს ჩემი მადლობა და სიხარულის გრძნობა ახალი ტაძრის კურთხევის გამო“. წმ. პანტელეიმონის ტაძრის ინტერიერი ა. სერებრიაკოვის ესკიზების მიხედვით 1911-1914 წწ. მოხატეს პალეხელმა ოსტატებმა და მოსკოველმა მხატვრებმა მ. მოლოვის ხელმძღვანელობით. 1906 წ. 1 ოქტომბერს ახალი ათონში ძველი ქართული საყდრის (ღვთისმშობლის ცვა-ფარვის) დღეობაზე სოხუმის მაშინდელი ეპისკოპოსი კირიონი მიიწვიეს. „მონასტერში და მის გარშემო, – წერდა იგი, – თერთმეტი ეკლესიაა და მათში ყოველ ცისმარე დღეს წირვა-ლოცვა ყოფილა“. ძირითადი ხუთი ტაძრის გარდა, სოხუმის ეპიკოპოსს მხედველობაში ჰქონდა ქილები და სამლოცველოები (საჟამნო); მათ შორის იყო ივერიის მთის მწვერვალზე მდებარე და, ამდენად, მომლოცველთათვის ძალიან მიმზიდველი „ივერსკაია ჩასოვნია“ („ივერიის სამლოცველო“), სადაც მოკირწყლული გზა ადიოდა. აქ დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და მუდმივად ორი მორჩილი ცხოვრობდა. სამლოცველოს გვერდით შემორჩა VI ს. ეკლესიის ნანგრევები.

ახალი ათონის მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა მრავალი მეტოქი მთელ იმპერიაში: პეტერბურგში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში, ეისკში, ლენქორანში, სოხუმში, ბიჭვინტაში, ფსხუში და ა.შ. საძმოს საერთო რაოდენობა 700 კაცამდე აღწევდა, უმეტესობას მორჩილები შეადგენდნენ. მონასტერი ფლობდა 3898 დესეტინა მიწას, აქედან 147 დესეტინაზე გაშენებული იყო ვენახი, ბაღ-ბოსტანს ეკავა 15 დესეტინა, სახნავ მიწას – 143 დესეტინა. მონასტრის საკუთრებაში იყო ქვის სატეხი, წყლის წისქვილი, აგურის, ტყავის, ალებასტრისა და თუჯსასხმელი ქარხნები, მექანიკური, სადურგლო, სახარატო, საზეინკლო, სახარაზო, სამკერვალო და სხვა სახელოსნოები, აგრეთვე ცხენსაშენი, საფუტკრე, ზეთისხილის (20 ათასი ძირი), ფორთოხლისა და ლიმონის უზარმაზარი პლანტაციები, სანიმუშო ფერმა 500-ზე მეტი სული პირუტყვით და ა.შ. ბერები ყოველწლიურად წურავდნენ 93 ათას ვედრო „იზაბელას“ ღვინოს. 1882-1903 წწ. მონასტერმა ააშენა ჰიდროტექნიკური კომპლექსი; მასში შედიოდა სარწყავი სისტემა, ჩანჩქერი, თევზის მოსაშენებელი ტბორები (10 ჰა-ზე),  ბეტონის კაშხალი და, რაც მთავარია, ელექტროსადგური, რომელიც 1902-1903 წწ. რეკონსტრუქციის შემდეგ მონასტერსა და მის უზარმაზარ მეურნეობას მთლიანად უზრუნველყოფდა ელექტროენერგიით. მონასტერს ჰქონდა თავისი ნავმისადგომი, რომლის ექსპლუატაცია ხდებოდა კომერციული მიზნებით. მრავალრიცხოვან მომლოცველებს ემსახურებოდა სასტუმრო. მონასტერში ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა, მაღაზია, საავადმყოფო (უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ მომლოცველებს, მუშებს, აგრეთვე უმწეო ადამიანებს); რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ქირით ეკავათ ფოსტა-ტელეგრაფს, შემნახველ სალაროს, სანაოსნო სააგენტოს. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით, რომელიც ნავმისადგომთან იწყებოდა, შესაძლებელი იყო მთელი სამონასტრო კომპლექსისა და მეურნეობის დათვალიერება. 1912 წ. აშენდა ფუნიკულიორი ივერიის მთის მწვერვალამდე. ახალი ათონის მონასტრის ბერების მისიონერული საქმიანობა დაბალ დონეზე იდგა. სოხუმის ეპისკოპოსი ანდრია 1912 წ. აღნიშნავდა, რომ ინგრეოდა მართლმადიდებლური ტაძრები და ადგილობრივებს მეჩეთების აშენება სურდათ.

მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა სამონასტრო ერთკლასიანი სკოლის საქმიანობა. იგი 1876 წ. 17 ოქტომბერს გაიხსნა, მაგრამ მალე დაიხურა. 1880 წლიდან კვლავ განახლდა: 1886 წლის ბოლომდე განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა, შემდეგ კი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების გამგებლობაში გადავიდა. პედაგოგებს საზოგადოება უხდიდა ხელფასს, მოსწავლეებს კი მონასტერი ინახავდა. 20 ბავშვზე გათვლილი ახალი ათონის სკოლაში, ძირითადად, აფხაზები და სამურზაყანოელი ქართველები სწავლობდნენ. მოსწავლეთა ერთი ნაწილი სწავლის დასრულებისთანავე სოფელში პედაგოგად ბრუნდებოდა, მათი რიგებიდან გამოვიდა არაერთი მღვდელი და მედავითნე; მეორე ნაწილი აგრძელებდა სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში. სკოლაში, რომელიც 1917 წლამდე ფუნქციონირებდა, მაღალ დონეზე იყო დაყენებული პროფესიული სწავლება.

გაითვალისწინა რა ახალი ათონისის მონასტრის ფინანსური შესაძლებლობები, სოხუმის საეპარქიო ყრილობამ 1906 წლის 21 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქველმოქმედო საქმიანობაში მისი ჩართვის შესახებ. კერძოდ, მონასტერს ყოველწლიურად 5 ათასი მანეთი უნდა შეეტანა სპეციალურ ფონდში, საიდანაც სტიპენდია დაენიშნებოდათ სწავლის გაგრძელების მსურველ აფხაზ მოსწავლეებს, ასევე აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირთა შვილებს. ამის თაობაზე 1906 წლის 21 სექტემბერს ეპისკოპოსმა კირიონმა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მოხსენება წარუდგინა, მაგრამ უშედეგოდ – მონასტერმა თავიდან აიცილა დამატებითი საქველმოქმედო ვალდებულება.

1912 წელს გარდაიცვალა ახალი ათონის მონასტრის მეორე წინამძღვარი არქიმანდრიტი იერონიმე. მესამე და უკანასკნელი წინამძღვარი გახდა მისი მოადგილე მღვდელმონაზონი, შემდგომში კი არქიმანდრიტი ილარიონი (კუჩინი). მალე მსოფლიო ომიც დაიწყო. მონასტერი სამხედრო შეკვეთებს ასრულებდა, ამზადებდა ჭურვებს, ჯარისკაცის აღჭურვილობისთვის საჭირო ნივთებს და ა.შ.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ ახალი ათონის მონასტერი რუსული ეკლესიის (სამხრ.-აღმ. რუს. დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს) შემადგენლობაში დარჩა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ქართულ საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო მონასტრის მიწებისა და მთელი მეურნეობის გადარჩენის სურვილით. ცნობილია, რომ 1917-1918 წლების მიჯნაზე დაიწყო მეზობელ სოფლებში მცხოვრები აფხაზი გლეხების მხრიდან სამონასტრო მიწებისა და ქონების მასობრივი დატაცება. დიდი ზარალი მიადგა მონასტერს 1918 წლის I ნახევარში, ბოლშევიკებთან ბრძოლის პერიოდში. ასეთ ვითარებაში ქართულ მხარესთან თანამშრობლობა მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. 1919 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე და აფხაზი მიტროპოლიტი წმ. აღმსარებელი ამბროსი ახალი ათონის მონასტერს ეწვივნენ. მიუხედავად დროებითი საეკლესიო მმართველობის 1919 წ. 21 ივნისის განკარგულებისა, რომ რუსული ეკლესიის წარმომადგენლებმა არ იქონიონ ურთიერთობა ქართულ ეკლესიასთან, წინამძღვარი და ბერები სტუმრებს ზარების რეკვით მიეგებნენ, გადაიხადეს ერთობლივი პარაკლისი, ილოცეს საქართველოს მთავრობისთვის და კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს დღეგრძელობისათვის.

მონასტრის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე. 1921 წლის 3 მარტს სწორედ ახალ ათონთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლები რუსეთიდან შემოჭრილი IX არმიის ნაწილებთან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და მეორე დღეს სოხუმი აიღეს. ახალ ვითარებასთან შეწყობის მიზნით, მონასტრის ბერებმა 7 მარტს საერთო კრებაზე ჩამოაყალიბეს ე.წ. რევოლუციური კომიტეტი მღვდელმონაზონ იერონიმეს თავმჯდომარეობით, მაგრამ ხერხმა არ გაჭრა. საბჭოთა ხელისუფლებამ რევოლუციური კომიტეტი ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში დაადანაშაულა და გააუქმა, მონასტერი კი საბჭოთა მეურნეობად გამოცხადდა. საძმოს წევრებისათვის დაწესდა ყოველდღიური 8-საათიანი შრომითი ბეგარა. 1922 წელს ახალი ათონში განათავსეს ვოლგისპირეთიდან ჩამოყვანილი დამშეული ბავშვები. რუსეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისრის (მინისტრის), ნ. სემაშკოს, უშუალო მონაწილეობით 1923 წელს მონასტერს ჩამოართვეს დიდძალი ძვირფასეულობა (ოქრო, ვერცხლი, ალმასი, მარგალიტი, ამეთვისტო, ლალი, საფირონი). მათ შორის – ვერცხლისაგან დამზადებული მონასტრის მოდელი. კონტრრევოლუციურ პროპაგანდაში დადანაშაულებულმა ახალი ათონის მონასტერმა აფხ. საბჭ. მთავრობის გადაწყვეტილებით 1924 წელს არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა:

გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. – 1921 წ.), თბ., 2005; კიკნაძე – ახალი ათონი – რუსეთის სინოდის საეკლესიო პოლიტიკის დასაყრდენი ამიერკავკასიაში, „ლოგოსი“, წელიწდეული, 2003, №l; Aмичба Г., Hoвый Афон и ero окрестности, Cyx., 1988; B осторгов И., Ново-Афонский Симона Кананитский монастырь на Кавказе. Исторический очерк. Духовный Вестник Грузинского Экзархата, Тфл.,1903; Кирион, Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата в XIX столетии, Тфл., 1901; Ново-афонский Симоно-Кананитский монастырь нa Кавказе, – Кавказ, 1900, №3, 4. 6, 10, 15 ноя; Пачулия B. П., Новый Афон, Cyx., 1973.

ჯ. გამახარია

იხილე აგრეთვე: ახალი ათონის მონასტერი