ჟან ჟაკ რუსო

Jean-Jacques_Rousseauჟან-ჟაკ რუსო მნიშვნელოვანი ფიგურაა ფილოსოფიის ისტორიაში, როგორც მისი წვლილის გამო პოლიტიკურ ფილოსოფიასა და მორალის ფსიქოლოგიაში, ასევე მისი გავლენის გამო შემდგომ მოაზროვნეებზე. რუსო, აგრეთვე, იყო კომპოზიტორი და მუსიკის თეორეტიკოსი, თანამედროვე ავტობიოგრაფიული ჟანრის პიონერი, ნოველისტი და ბოტანიკოსი.

ჟან-ჟაკ რუსო დაიბადა1712 წლის 28 ივნისს, ჟენევაში. მამა მესაათე იყო, დედა კი დაბადებიდან ცხრა დღის შემდეგ გარდაიცვალა. როდესაც მამამ დატოვა ქალაქი, რათა თავი აერიდებინა პატიმრობისთვის, ჟან-ჟაკი ჯერ პასტორს მიაბარეს, შემდეგ კი გრავიორს – შეგირდად. მოგვიანებით, იგი გახდა მოხეტიალე მუსიკოსი, მუსიკის გადამწერი და მასწავლებელი.

1742 წელს, რუსომ პარიზში ჩაიტანა თავისი გამოგონილი, ციფრებზე დაფუძნებული სანოტო ჩაწერის სისტემის გეგმა და მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა, მაგრამ აკადემიამ სისტემა დაიწუნა. რუსო ამ პერიოდში შეხვდა დენი დიდროს და დაიწყო წერა „ენციკლოპედიაში“ მუსიკის შესახებ.

1745 წელს, რუსომ გაიცნო ტერეზა ლევასერი, გაუნათლებელი მოახლე, რომლზეც მოგვიანებით დაქორწინდა. მათ შეეძინათ ხუთი შვილი, რომლებიც თავშესაფარში მიაბარეს.

1749 წელს, დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე: ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებამ გააუმჯობესა თუ გახრწნა საზოგადოებრივი მორალი, რუსომ წარადგინა „მსჯელობა მეცნიერებასა და ხელოვნებათა გამო“ და გაიმარჯვა. 1755 წელს გამოიცა მისი „მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“, კვლავ დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მან ამჯერად ვერ გაიმარჯვა, „მეორე მსჯელობა“ უფრო სრულყოფილია და მასში რუსო ავითარებს ადამიანთა სოციალური განვითარებისა და მორალის ფსიქოლოგიის თეორიებს.

1761 წელს გამოვიდა რუსოს რომანი „ჟიული ანუ ახალი ელოიზა“, რომელიც მაშინვე წარმატებული გახდა. 1762 წელს კი გამოვიდა „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები“, რომელიც ფრანგი რევოლუციონერების ბიბლიად იქცა. ორივე წიგნი ერეტიკულად გამოაცხა დესპარიზსა და ჟენევაში.

1766 წელს, რუსო გაემგზავრა ინგლისში, სადაც მუშაობდა თავის ავტოგრაფიულ თხზულებაზე „აღსარება“.

ჟან-ჟაკ რუსო გარდაიცვალა თრომბით, ერმენონვილში (საფრანგეთი), 1778 წლის 2 ივლისს. 1794 წელს, ფრანგმა რევოლუციონერებმა მისი ნეშტი პარიზის პანთეონში გადაასვენეს.

ჟან-ჟაკ რუსოს სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „მსჯელობა პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ“, „განსჯანი პოლონეთის მმართველობის შესახებ“, „დიალოგები. რუსო ასამართლებს ჟან-ჟაკს“, „მარტოხელა მეოცნების გასეირნებანი“, „ენების წარმოშობის შესახებ“, „წერილი ფრანგული მუსიკის შესახებ“, აგრეთვე ოპერა „სოფლელი ჯადოქარი“.

არისტოტელე

არისტოტელე (ძვ.წ. 384-322) ყველა დროის უდიდეს ფილოსოფოსთა შორისაა.

მან დაახლოებით ორასამდე ფილოსოფიური ნაშრომი დატოვა, მაგრამ მათგან მხოლოდ 31 გადარჩა. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ დისციპლინას, რომელთა შორისაა ლოგიკა, მეტაფიზიკა, აზროვნების ფილოსოფია, ეთიკა, პოლიტიკური თეორია, ესთეტიკა და რიტორიკა, ასევე, ბიოლოგია.

არისტოტელე დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის, მაკედონიის რეგიონის პატარა ქალაქ სტაგირაში. აქედან წარმოსდგება მისი ზედმეტსახელი „სტაგირიტი“. დაახლოებით 17 წლის ასაკში გაგზავნეს ათენში, პლატონის აკადემიაში სასწავლებლად. პლატონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 347), ის გაემგზავრა მცირე აზიაში, ამჟამინდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სადაც განაგრძო აკადემიაში დაწყებული ფილოსოფიური საქმიანობა, მაგრამ, დიდი ალბათობით, აგრეთვე განავრცო თავისი კვლევები საზღვაო ბიოლოგიაში. აქ მან დაახლოებით 3 წელი დაჰყო, რის შემდეგაც კუნძულ ლესბოსზე გაემზავრა, სადაც განაგრძო ფილოსოფიური და ემპირიული კვლევები კიდევ 2 წელიწადს.

ძვ. წ. 343 წელს, მაკედონიის მეფის – ფილიპეს მოთხოვნით გაემზავრა პელაში, მაკედონიის დედაქალაქში, მეფის 13 წლის ვაჟის – ალექსანდრეს აღსაზრდელად. არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელს 3 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ძვ. წ. 335 წელს, არისტოტელემ ათენში დააარსა საკუთარი სკოლა, რომელიც მიუძღვნა ღმერთს – აპოლო ლიკეოსს, აქედან წარმოსდგება მისი სახელი – ლიცეუმი. მოგვიანებით, არისტოტელეს სკოლელებს უწოდებდნენ პერიპატეტიკოსებს. ლიცეუმის წევრები ატარებდნენ კვლევებს მრავალ დარგში: ბოტანიკა, ბიოლოგია, ლოგიკა, მუსიკა, მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა, კოსმოლოგია, ფიზიკა, ფილოსოფიის ისტორია, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ეთიკა, თეოლოგია, რიტორიკა, ხელოვნება, პოლიტიკური ისტორია, სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკური თეორია. ყველა ამ სფეროში, ლიცეუმი აგროვებდა ხელნაწერებს და ამგვარად, ანტიკური ხანის პირველი დიდი ბიბლიოთეკა დააფუძნა.

ძვ. წ. 323 წელს, არისტოტელემ დატოვა ათენი, გაემგზავრა ქალკისში, კუნძულ ევბეაზე და მომდევნო წელს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.

არისტოტელეს მნიშვნელოვანი ნაშრომებია: კატეგორიები, ფიზიკა, მეტაფიზიკა, De Anima (სულის შესახებ), მეტეოროლოგია, ნიკომაქესეული ეთიკა, პოლიტიკა, რიტორიკა, პოეტიკა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

მოუსმინეთ არისტოტელეს ბიოგრაფიის აუდიო ვერსიას

წყარო: http://plato.stanford.edu/entries/aristotle/