უილიამ გალსტონი: სამოქალაქო განათლება  წარმომადგენლობით დემოკრატიაში

ემი გუთმანის მოსაზრება ერთგვარად სცდება მრავალფეროვნების სიმდიდრედ დანახვის იდეას.  მისი აზრით, ბავშვები არა მხოლოდ შემწყნარებლები  უნდა იყვნენ  განსხვავებული ცხოვრების წესის მიმართ, მეტიც, ისინი პატივს უნდა სცემდნენ მას.  განსაკუთრებული სიფრთხილით გუთმანი „პიროვნებებს შორის ურთიერთპატივისცემას“ ეკიდება.  აქ შესაძლოა ის იგულისხმებოდეს, რომ ნეო ნაცისტები, რომელთა ცხოვრების წესი მიუღებელია და დასაგმობი, როგორც ადამიანები, მაინც პატივისცემას იმსახურებენ. შესაძლოა, გუთმანი ძალზე ფრთხილ ნიუანსზე მიუთითებდა. მაგრამ გალსტონი მიიჩნევს, რომ  გუთმანი მხარს უჭერს ბავშვების ცხოვრების წესთან დაპირისპირებას, რადგან მათგან  ნეო ნაცისტების ცხოვრების წესისადმი პატივისცემას ითხოვს.

წარმომადგენლობით დემოკრატიაში, ამბობს გალსტონი, მოქალაქეებს  „იმ უნარების განვითარება სჭირდებათ, რომლებიც მათ ნიჭს, ხასიათს და მათი, როგორც საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობას შეაფასებს“.  (1989, p. 93). ეს არის ის, რასაც ითხოვს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოქალაქეებისაგან – ხაზს უსვამს გალსტონი. ის არ იზიარებს გუთმანის შეხედულებებს და ასკვნის, რომ გუთმანისეული ამერიკის შეერთებული შტატების დახასიათება, რბილად რომ ვთქვათ, ნაწილობრივად შეესაბამება სიმართლეს. (Ibid, p. 94). როგორც გალსტონი ამბობს, – ჩვენ არ ვითხოვთ მოქალაქეებს შორის დისკუსიას, რადგან „ბევრი მიზნის გათვალისწინებით, წარმომადგენლობითი ინსტიტუციები პირდაპირ თვითმმართვლობას ანაცვლებენ“.  (Idem). შესაბამისად, სამოქალაქო განათლება დისკუსიისთვის აუცილებელი უნარებისა და თვისებების სწავლის ნაცვლად, უნდა ასწავლიდეს იმ „თვისებებსა და კომპეტენციებს, რომლებიც წარმომადგენლების გონივრულად არჩევის, მათთან ჯეროვანი ურთიერთობის წარმართვისა და  მათი საქმიანობის ჯანსაღი შაფასებისათვისაა საჭირო.“ Idem

გალსტონის ხედვიდან გამომდინარე სამოქალაქო განათლების შედარებითი შეზღუდულობის გამო, მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ და არც ისწავლიან საკუთარი ცხოვრების წესის შეფასებას. ადამიანებს უნდა მიეცეთ  შესაძლებლობა,  ცხოვრება წარმართონ ისე, როგორც ამას თავად ჩათვლიან  საჭიროდ  და არ ჰქონდეთ შიში, რომ ვინმე მათ სხვა ფასეულობების გაზიარებას აიძულებს  ან საკუთარი  ფასეულობების საპირისპირო ქმედებას მოსთხოვს.  ამასთან, ადამიანებს უნდა  შეეძლოთ კრიტიკულად მიუდგნენ საკუთარი ცხოვრების წესს, რომელიც მათ მემკვიდრეობით ერგოთ. როგორც გალსტონი აღნიშნავს, „რადიკალური განსხვავებულობების მიმართ სამოქალაქო შემწყნარებლობის გამოვლენა, სავსებით  შეესატყვისება ადმიანის ცხოვრების წესის სისწორისადმი ურყევ რწმენას“. (Ibid, p. 99).

მაგალითად, ზოგიერთი მშობელი არ იზიარებს აზრს, რომ შვილებმა საკუთარი ცხოვრების გზა დამოუკიდებლად უნდა  აირჩიონ. მათ სწამთ, რომ ცხოვრების ის წესი, რომელსაც მათ შვილები უნდა მისდევდნენ, არამარტო  საუკეთესო, არამედ უალტერნატივოა. სხვადასხვა არჩევანის შეთავაზება ბავშვებს მხოლოდ დააბნევს  და საქმეს გაართულებს. თუკი ჭეშმარიტი ცხოვრების გზა უკვე  ნაცნობია,  რა უფრო მართებული იქნება, შვილებს ათასგვარი ცხოვრების წესი მოახვიო თავს, სანამ,  სავარაუდოდ, სწორ გზას იპოვიან,  თუ ცხოვრებისეულ  ასპარეზში მათ მაქსიმალურად  სწრაფ და ჩქარ სოციალიზაციას შეუწყო ხელი?

მაინც, რა შეიძლება ითქვას იმ ვალდებულებებზე, რომლებიც  მშობლებს, როგორც უკვე არსებულ მოქალაქეებს და ბავშვებს, როგორც მომავალ მოქალაქეებს აკისრიათ?  როგორ შეძლებენ ბავშვები ერთობლივად საზოგადოების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას, თუ მათ განათლება არ მიუღიათ; როგორ შეძლებენ არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით მსჯელობას და კამათს?  ამ კითხვაზე მშობლები პასუხობენ, რომ არ არიან დაინტერესებულნი, შვილები საზოგადოებრივ ან რაიმე სხვა სახის საერო მონაწილეობაზე  იყვნენ ფოკუსირებულნი.  ის, რაც მათ  ლიბერალურ დემოკრატიაში განსაკუთრებით ხიბლავთ,  საზოგადოებრივსა და კერძოს შორის ნათელი და მყარი გამყოფის არსებობაა. ამ შემთხვევაში ისინი ყურადღებას მხოლოდ კერძოზე ამახვილებენ. მოქალაქეობა კანონის დაცვას გვთავაზობს და არ ითხოვს მონაწილეობას. ბუნებრივია,  ლიბერალური დემოკრატია მონაწილეობას არავის დააძალებს.

როგორც გალსტონის, ისე გუთმანის  სურვილია ბავშვები „დემოკრატ პიროვნებებად“ აღიზარდონ. ორივე მათგანი  ამ საკითხთან დაკავშირებით  კრიტიკული აზროვნების  მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გალსტონის თანახმად, ბავშვებმა უნდა განავითარონ „როგორც საკუთარი მიდრეკილებების და ბუნების, ისე საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის შეფასების უნარიც.“ გუთმანი აქცენტს აკეთებს განათლებაზე, რომელიც კარგ ცხოვრებებს შორის არჩევანისა და კარგ საზოგადოებებს შორის არჩევანის გაკეთებისთვის საჭირო უნარებს ასწავლის. რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა  იყოს კრიტიკული აზროვნება დემოკრატიული ადამიანის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა  ჩვეულებრივ უნარებზე, მათ შორის კრიტიკული  აზროვნების უნარზე  მეტს ითხოვს.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy