გაბაშვილი რევაზ

დაიბადა 6 გიორგობისთვე, 1882, ქ. თფილისი). ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი. თფილისის ადრესი: გაბაანთ შესახვევი №3.

დაამთავრა თფილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა ქ. ლიეჟის უნივერსიტეტში, 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ორჯელ იქმნა დატუსაღებული. რეაქციის დროს 1906 წელს იძულებულ იქმნა სამშობლო მიეტოვებია და წასულიყო ბელგიაში და საფრანგეთში. 6 თვის შემდეგ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, მაგრამ რადგანაც აქ თფილისში ცხოვრების უფლება არ ქონდა, დარჩა ქ. ბაქოში, სადაც შეუდგა ნაფთის მრეწველობას.

1907 წ. გაემგზავრა პეტროგრადს და შევიდა მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი ვერ დაასრულა, რადგან მე 4 კურსზე დატუსაღებულ იქმნა და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. 1911 წელს, დაბრუნდა სამშობლოში და შეუდგა საზოგადო მოღვაწეობას. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „კლდე“. იღებდა ასევე მონაწილეობას კოპერატიულ მოძრაობის განვითარებაში საქართველოში. იყო წევრი საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოსი. არის წევრი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის მთავარი კომიტეტისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი