ფაღავა აკაკი ნესტორის ძე

ბიოგრაფია

(დ. 14 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნაოში (სამეგრელო, სენაკის მაზრა ქუთაისის გუბერნიისა – გ. 27 ივნისი, 1962).  ქართველი, სოციალისტ-ფედერალისტი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ყიფიანის ქ. № 13

საშვალო განათლება მიუღია ქუთაისისა და თფილისის ქართულ გიმნაზიებში, უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში.

სტუდენტობიდანვე ეწეოდა პარტიულსა და საზოგადო კულტურულ მუშაობას. სტუდენტთა ორგანიზაციების გამგეობათა წევრად იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ქართულს გიმნაზიაში მასწავლებლობასთან ერთად მუშაობდა ქუთაისის დრამატიულ საზოგადოებაში, ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავმჯდომარის ამხანაგად და ბოლოს თავმჯდომარედ ხსენებულ გამგეობისა. ამავე დროს იყო ს. ფ. გუბერნიის კომიტეტის წევრად, ქალაქის საბჭოს ხმოსნად, მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად.

თანამშრომლობდა ქართულს პრესაში (სახალხო საქმესა, „ხალხის მეგობარსა“ და მათ წინამორბედ ორგანოებში), სადაც მოუთავსებია საზოგადო და სპეციალური ხასიათის (ხელოვნების შესახებ – სათეატრო დარგში) წერილები. ადმინისტრაციის კლანჭებს დასხლტომია რამდენჯერმე ბედნიერ შემთხვევათა გამო, მათ შორის ერთხელ სოფელში 1905 წლის რევოლუციის მიწურულში მაშინდელ მთავრობისა და წესწყობილების წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის მის დასაჭერად გამოწვეულ „სტრაჟნიკებს“ მოსკოვისკენ გაასწრო და მეორედ თფილისში ბინის გაჩხრეკის დროს უვიცმა პოლიციელმა ლეგალური და არალეგალური ლიტერატურა ერთმანეთში ვერ გაარჩია, რასაც მაშინდელ პირობებში გადასახლება უნდა მოყოლოდა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

დეკრეტი ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ

1) ერობის დებულება ვრცელდება მთელს ამიერ კავკასიაზე.

2) საერობო დაწესებულება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემოღებული იმ გუბერნიებში, ოლქებში და მაზრებში რომელთა შესახებაც არ იბადება საადმინისტრაციო გადამიჯვნის საკითხი.

შენიშვნა: ამ მხრივ უდავოდ ითვლება: ბაქოს, ქუთისის და შავი ზღვის გუბერნიები, ბათუმის და დაღესტანის ოლქები, სოხუმის და ზაქათალის მხარეები, თბილისის გუბერნიის, თბილისის, სიღნაღის, თელავის, თიანეთის, დუშეთის, გორის და ახალციხის მაზრები, განჯის გუბერნიის: არეზის და ნუხის მაზრები, ყარსის ოლქის: არდაგანისა და ოლთისის ოლქები.

3) დეკრეტის გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში ამიერ-კავკასიის კომისარიატი სადავო გუბერნიებში, მაზრებში და ოლქებში მოახდენს გადამიჯვნას, ხოლო ჯერ გაეცნობა საქართველოს, სომეხთა და მაჰმადიანთა ეროვნულ საბჭოების აზრს ამ საკითხის შესახებ. ამის შემდეგ ყველა ახლად გადამიჯნულ გუბერნიებში, მაზრებში და ოლქებში დაუყოვნებლივ იქნება შემოღებული საერობო დაწესებულებანი.

შენიშვნა: საადმინისტრაციო გადამიჯვნის მხრივ სადავოა ერევნის, განჯის გუბერნიები, უკანასკნელ გუბერნიის, ყაზახის, ჯევანშირის, შუშის, ზანგეზურის და კარიაშინის მაზრები და ყარსის ოლქში: ყარსის და აღზევანის მაზრები, თბილისის გუბერნიაში: ახალქალაქისა და ბორჩლოს მაზრები.

ხელი მოაწერა ამიერ-კავკასიის კომისარიატის მაგივრად შინაგან და ფოსტა ტელეგრაფის საქმეთა სამინისტროს კომისარმა ა. ჩხენკელმა

ქ. თბილისი.

გიორგობისთვის  25. 1917 წ.

წყარო: გაზ. „საქართელო“ 1917 წ. 26 გიორგობისთვე