ბორის პასტერნაკი (1890 – 1960)

1980578_10203124953822327_354664923_n (1)„ჩვენ ხშირად ვერ აღვიქვამთ სინამდვილეს. ის წარმოგვიჩნდება ხოლმე ახალ უნცობ კატეგორიაში. ეს კატეგორია, მხოლოდ თავისივე კუთვნილება გვგონია და არა ჩვენი მდგომარეობა, რომლის გარდა თითქოს უკვე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, თითქოს მარტო ჩვენი მდგომარეობა დარჩა უსახელო და ახალი. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ შევურჩიოთ რაიმე სახელი ამ მდგომარეობას და გამოდის მხოლოდ ერთი – ხელოვნება!

ბორის პასტერნაკი.

პასტერნაკი მოსკოვში, ებრაელ ინტელიგენტთა ოჯახში 1890 წელს დაიბადა. მამა – მხატვარი, ლეონიდ პასტერნაკი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი იყო. დედა – პიანისტი როზალია პასტერნაკი. მშობლები ბორისის დაბადებამდე ერთი წლის ადრე ოდესიდან მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად.

პასტერნაკის ოჯახი მეგობრობდა ცნობილ მხატვრებთან, ისააკ ლევიტანთან, მიხეილ ნესტეროვთან, ვასილი პოლენოვთან, ნიკოლაი გესთან. სახლში სტუმრობდნენ მუსიკოსები და მწერლები, მათ შორის ლევ ტოლსტოიც. 1900 წელს რაინერ რილკემ მოსკოვში ვიზიტისას გაიცნო პასტერნაკების ოჯახი. 13 წლის ასაკში მომავალი პოეტი, ცნობილი კომპოზიტორის სკრიაბინის შემოქმედების გავლენით მუსიკით დაინტერესდა. შემორჩენლია პასტერნაკის ორი სონატა ფორტეპიანოსთვის.

13 წლის ასაკში პასტერნაკმა ცხენით ჯირითის დროს ფეხი მოიტეხა და მსუბუქი კოჭლობა პოეტს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. ამ ფაქტის გამო ის საბრძოლო ვალდებულებისგან განთავისუფლდა. ცხოვრების ამ ეპიზოდს პოეტი, შემდგომ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა.

1901 წელს პასტერნაკმა მოსკოვის მე-5 გიმნაზიაში ჩააბარა და ოქროს მედლით დაამთავრა. საბოლოოდ მომავალმა პოეტმა თქვა უარი მუსიკოსის პროფესიულ კარიერაზე. მოგვიანებით პასტერნაკი იტყვის: „მე ვერ ვაპატიე ჩემ თავს სრულყოფილი სმენის არქონა, ამიტომაც ჩემს მუსიკალურ კარიერას საბოლოო ვერდიქტი გამოვუტანე“. 1908 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოგვიანებით ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა. 1912 წლის ზაფხულში ფილოსოფიას სწავლობდა გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტში პროფესორ ჰერმან კოგენის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდშივე პასტერნაკმა ცოლობა შესთავაზა იდა ვისოცკაიას, მაგრამ უარი მიიღო. ეპიზოდი აღწერილია ლექსში − „მარბურგი“. იმ წელსვე პასტერნაკი მშობლებთან და დებთან ერთად ვენეციას ეწვია. მომავალში ვენეციის შთაბეჭდილებები თავის შემოქმედებაშიც ასახა.

პასტერნაკი მოსკოვის ლიტერატორთა წრეში იწყებს შესვლას. უახლოვდება პოეტ ვლადიმირ მაიაკოვსკის, რომლის შემოქმედება და პიროვნული თვისებები მასზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. მოგვიანებით 1920-იან წლებში, უკავშირდება მაიაკოვსკის ჯგუფს − „ლეფი“, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რევოლუციის შემდეგ პასტერნაკი პრაქტიკულად არცერთ გაერთიანებაში არ შესულა და დამოუკიდებელი პოზიცია ეკავა.

პასტერნაკის პირველი ლექსები 1913 წელს გამოქვეყნდა. პირველი წიგნი – „ტყუპი ღრუბლებში“ იმავე წელს დაიბეჭდა. თავად პოეტი შემოქმედების პირველი ნაბიჯებით უკმაყოფილო იყო.

ჯარში სავარაუდო გაწვევის გამო პასტერნაკმა 1916 წელი ურალში გაატარა, სადაც ვსევოლოდ ვილვენსკის ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა.

პასტერნაკის მშობლებმა და დებმა ლუნაჩარსკის პირადი შუამდგომლობით დატოვეს საბჭოთა კავშირი და ბერლინში გადავიდნენ საცხოვრებლად. იწყება პასტერნაკის აქტიური მიმოწერა ოჯახთან და ემიგრირებულ მწერლებთან. კერძოდ, მარინა ცვეტაევასთან, ხოლო მისი მედიატორობით რაინერ რილკესთან. 1922 წელს პოეტი მხატვარ ევგენია ლურიეზე დაქორწინდა.

20-იანი წლების დასასრულს მოდის მოკლე პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირის მთავრობა და ლიტერატურული გარემო ოფიციალურად აღიარებს პასტერნაკის შემოქმედებას. პოეტი აქტიურ მონაწილეობას იღებს სსრკ-ს მწერალთა კავშირის მოღვაწეობაში, გამოდის სიტყვით კავშირის პირველ ყრილობაზე 1934 წელს, სადაც ბუხარინმა ოფიციალურად გაახმოვანა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პასტერნაკი საბჭოეთის საუკეთესო პოეტად ეღიარებინათ.

1335 წელს პოეტი მონაწილეობას იღებს პარიზში მიმდინარე მწერალთა საერთაშორისო კონგრესში, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისადმი იყო მიძღვნილი.

1936 წელს აქვეყნებს ორ ლექსს, რომლებიც განმსჭვალულია სტალინისადმი აღფრთოვანებით, თუმცა, ძალიან მალე მთავრობის მხრიდან პოეტისადმი დამოკიდებულება ნეგატიურად იცვლება. მას ადანაშაულებენ „მსოფლმხედველობაში, რომელიც არ შეესაბამება ეპოქას“. კატეგორიულად მოითხოვენ პოეტისაგან თემატურ და იდეოლოგიურ გარდაქმნას. რაც უფრო შორდებოდა პოეტი საბჭოთა კავშირს და მის რეჟიმს იდეურად და მსოფლმხედველობით, მით უფრო მეტ ტრაგიკულ ელფერს იძენდა მისი პოეზია. 30-იანი წლების ბოლოს პასტერნაკი პრაქტიკულად თარგმნებით იყო დაკავებული. თარგმნიდა შექსპირს, გოეთეს, შილერს. ამ პერიოდში პოეტმა საქართველოშიც იმოგზაურა. დაუმეგობრდა  ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, პაოლო იაშვილს; თარგმნა მათი პოეზია. საქართველოსადმი სიყვარული პოეტმა – „მხატვარ“-სა და „მგზავრის ჩანახატებ-ში“ გამოხატა.

1937 წელს პოეტმა სამოქალაქო სიმამაცე გამოავლინა და არ მოაწერა ხელი ტუხაჩევსკის დახვრეტას, დემონსტრაციულად მოინახულა რეპრესირებული მწერლის – ბორის პილნიაკის სახლი. როგორც შეეძლო მატერიალურად ეხმარებოდა ემიგრირებულ მწერლებს.

პასტერნაკის რომანი „ექიმი ჟივაგო“ 10 წლის მანძილზე იქმნებოდა, 1945-დან 1955 წლამდე. თავად მწერლის აზრით „ექიმი ჟივაგო“ მისი შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს. ნაწარმოები სამოქალაქო ომის ფონზე.  რუსული ინტელიგენციის დრამატულ პერიოდს ასახავს. რომანი განმსჭვალულია მაღალი პოეტურობით, მასში ჩართულია მთავარი პერსონაჟის, იური ჟივაგოს ლექსები. პასტერნაკმა არაერთხელ გადააკეთა რომანის სათაური. სხვადასხვა ვერსიები იყო „რუსი ფაუსტის გამოცდილება“ „არა სიკვდილს“, „სანთელი იწვოდა“. რომანი ეხება ადამიანის არსებობის იდუმალ, ეგზისტენციალურ საკითხებს, სოცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებებს, ქრისტიანულ და ებრაულ ფილოსოფიას. საბჭოთა კავშირში ნაწარმოებს როგორც მთავრობის, ისე ლიტერატურული წრეების მხრიდან უკიდეურესად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი, საბჭოთა მწერალი და პოეტი კონსტანტინ სიმონოვი, პასტერნაკისთვის ტრიბუნასთან სიტყვის აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. რომანის პუბლიკაციამ ჯერ იტალიაში და შემდგომ ბრიტანეთში პასტერნაკი საბოლოოდ საბჭოეთისთვის მიუღებელ ლიტერატურად აქცია. საბჭოთა კავშირის ბეჭდვით მედიაში პოეტზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. პასტერნაკი დაუყონებლივ გარიცხეს მწერალთა კავშირიდან და მისი საბჭოთა კავშირიდან გასახლება მოითხოვეს.

ნობელის პრემია

1946 წლიდან პასტერნაკი პრაქტიკულად ყოველ წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. 1958 წელს, მისი კანდიდატურა წინა წლის ნობელიანტმა, ფრანგმა მწერალმა ალბერ კამიუმ წარადგინა. პასტერნაკი, ლიტერატურის დარგში ივანე ბუნინის შემდეგ, გახდა ნობელის პრემიის მეორე ლაურეატი რუსეთიდან

პასტერნაკისთვის პრემიის გადაცემას უკიდურესად შეხვდა როგორც საბჭოთა მთავრობა, ისე მწერალთა კავშირი. მწერალ სერგეი სმირნოვის სიტყვები:

„…როგორ მოახერხა ნობელის კომიტეტმა ვერ შეემჩნია ტოლსტოი, მაქსიმ გორსკი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, მიხეილ შოლოხოვი, სამაგიეროდ მშვენიერად შეამჩნიეს ბუნინი და მას შემდეგ, რაც ემიგრაციაში გადაიხვეწა და საბჭოთა ხალხის მტრად იქცა. ახლაც დაახლოებით იგივე – ოცდაათი ვერცხლი გამყიდველს“.

პრემია პასტერნაკს ლირიკულ პოეზიაში განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევებისათვის გადაეცა, მაგრამ საბჭოთა მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, რომ დიდი ხნით შენარჩუნებულიყო განწყობა, თითქოს მხოლოდ „ექიმი ჟივაგო“, როგორც ანტისაბჭოთა რომანი გახდა უმაღლესი ჯილდოს მიღების მიზეზი. ხელოვანმა ვერ გაუძლო ზეწოლას, როგორც მთავრობის, ისე ლიტერატურების მხრიდან და იძულებული იქნა უარი ეთქვა პრემიაზე. შვედეთის აკადემიისათვის გაგზავნილ ტელეგრამაში, პასტერნაკი წერდა: „იმის გათვალისწინებით რა საზოგადოებასაც მე ვეკუთვნი, მე უარი უნდა ვთქვა პრემიაზე. უაღრესად მადლიერი ვარ დაფასებისთვის და ჯილდოსთვის. ნუ მიიღებთ შეურაცხყოფად ჩემ უარს პრემიის ოფიციალურ მიღებაზე“.

პასტერნაკის დევნის შწყვეტის ინიციატივით ჯავაჰარლალ ნერუმ და ალბერ კამიუმ ნიკიტა ხრეშროვთან მას პირადად უშუამდგომლეს. მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. მწერალთა კავშირში მისი აღდგენა, არც კი განიხილებოდა.

მალე ხელოვანს ფილტვების სიმსივნე დაუდგინეს. დაავადებამ პასტერნაკი ბოლო წლებში ლოგინს მიაჯაჭვა.

პასტერნაკის ბიოგრაფი, დიმიტრი ბიკოვი წერს, რომ საბჭოთა მთავრობა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პოეტი არ ყოფილიყო ბედნიერი იმ საზოგადოებაში, რომელსაც იგი მიეკუთვნებოდა და მთელ პასუხისმგებლობას მის სიკვდილში მთავრობას აკისრებს.

პასტერნაკი პერედელკინოში 1960 წლის 30 მაისს სიმსივნით გარდაიცვალა. 2 ივნისს, ცნობილ პოეტს უამრავმა ხალხმა მიაგო პატივი და უკანასკნელ გზაზე გააცილა.

მასალა მოამზადა გიორგი ბოჯგუამ