წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 16

და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდილდ, წარვიდა და თანა წარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი. და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ, თან-დაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ“.

ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე, პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მჴევალო ქრისტჱსო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევნეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ ყრმებრ არარაჲ ჰქმენ, ღმერთმან მოგიტევნეს შენ“. და ჯოჯიკ ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო იყოს ღმრთისა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა“.

და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალეს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი, და, თუ რაჲმე შეგცოდეთ ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლის მოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩემთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმჱ ესე ჩემი, რამეთუ არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით. გარნა არ იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“, მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ სადა-იგი არა არს თუალღებაჲ, წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო, და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო, და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა“.

ხოლო იგინი ამას ყოველსა სიტყუასა მისსა ზედა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: „მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუაკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტჱს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მიგიტევენინ, რომელ–რაჲ-იგი ჰყავთ“. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ „ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა – მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს – შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით.

თავი მეთხუთმეტე თავი მეჩვიდმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 11

და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქუემთა შეწირვად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მოსცემდა მას კაცთ-მოყუარე ღმერთი: უშვილოთა შვილი, სნეულთა კურნებაჲ, ბრმათა თუალთა ა[ღ]ხილვაჲ.

იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ, რომელსა განბორებისა სალმობაჲ აქუნდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა. ხოლო იგი ასწავებდა მას, რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ იგი და იქმნა იგი ქრისტიანე. ხოლო დედაკაცმან მან თავს იდვა ადრე-ადრე. და იგი ასწავებდა დედაკაცსა მას და ეტყოდა, ვითარმედ „მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მაგისგან შენისა“. და მან გულსმოდგინედ შეიწყნარა და წარემართა გზასა მას სახელითა ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა და განიკურნა იგი სალმობისა მისგან. და ვითარ გარემოიქცა იგი სიხარულითა დიდითა და მოიწია მუნვე, მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა მადლისა გარდაჴდად და წარვიდა სახიდ თჳსა სიხარულით განმრთელებული.

თავი მეათე თავი მეთორმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 9

დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ „მტკიცედ დეგ!“. და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი..“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.

მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმაგარდატევებული ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა.

და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს, და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით“. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი ტირილი მამათაჲ და დედათაჲ მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ–ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“.

და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა, ზედა ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულ[ო]მან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო“. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: „ჰე, ჰე, განისუენე!“

მაშინ დაადგინნა მცველნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: „გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი, უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ“.

თავი მერვე თავი მეათე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 6

და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა: „დღეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად“. და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისასა და ინებეს ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაჲთამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლნეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არა რაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“. და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.

მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა მას; და აღიღო ასტამი, და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა; და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდა და თმითა მიმოითრევდა, ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და კუბასტიცა თავსა მისსა მოხეთქა და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა. და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელს–დებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთა.

და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულის წყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა და რაჲთა სხუაჲ არვინ შევიდეს ხილვად მისა, – არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი.

თავი მეხუთე თავი მეშვიდე