სოციალური კაპიტალი

„სოციალური კაპიტალის“ კონცეფცია სოციოლოგმა  ჯეიმს ს. კოულანმა შემიმუშავა.  მისი მიზანი სოციალური ქსელების მნიშვნელობის განხილვაა. (e.g., Coleman, 1988.)  მოგვიანებით,  პოლიტოლოგმა  რობერტ  პატნამმა გამოთქვა აზრი, რომ დემოკრატიები კარგად ფუნქციონირებენ თავისი სოციალური კაპიტალის პროპორციულად და რომ სოციალური კაპიტალი აშშ-ში კლებას განიცდიდა. (2000)  წიგნში „მარტო  ბოულინგი“ პატნამი განმარტავს, „მაშინ როცა ფიზიკური კაპიტალი ფიზიკურ ობიექტებთანაა კავშირში, ხოლო ადამიანური კაპიტალი ინდივიდების საკუთრებასთან, (ისეთს, როგორიცაა მაგალითად – უნარები) სოციალური კაპიტალი ადამიანებს შორის კავშირებს, სოციალურ ქსელებსა და მათგან წარმოქმნილ ურთიერთქმედების ნორმებსა და სიმყარეს შეესაბამება. ამ თვალსაზრისით, სოციალური კაპიტალი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ფენომენთან, რასაც ზოგი „სამოქალაქო ნებას“ უწოდებს. განსხვავება ისაა, რომ „სოციალური კაპიტალი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამოქალაქო ნება ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ორმხრივი საზოგადოებრივი ურთიერთობების  მჭიდრო ქსელშია ჩანერგილი.

მას უკავშირდება „კოლექტიური ეფექტიანობის” იდეა, რომელიც სოციოლოგმა რობერტ სამპსონმა და მისმა კოლეგებმა განავითარეს; აქ იგულისხმება სოციალური ქსელების გამოყენება, ან მათი გამოყენების შესაძლებლობები  ისეთ ზოგად პრობლემასთან მიმართებაში, როგორიცაა  დანაშაული. სამპსონი გამოთქვამს აზრს, რომ კოლექტიური ეფექტიანობის დონე მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების ხარისხს საზოგადოებებში“. როდესაც  მთავრობები და გაერთიანებები გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს მაშინ, როცა ხალხი სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივი მიზნებისათვის იყენებს, სამოქალაქო განათლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის მიმართულია იმისკენ, რომ ხალხმა  თავად სოციალური ქსელების შექმნაში, შეფასებასა და დაცვაში.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

ელინორ ოსტრომი

2009 წელს ელინორ ოსტრომი   ეკონომიკური მეცნიერების დარგში  ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. მისი ნაშრომი ეხებოდა ისეთი ტიპის კოლექტიური ქმედებების პრობლემათა დაძლევის გზებს, როგორიცაა  პატიმრის დილემა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის ტრაგედია – Tragedy of the Commons. ეს ენდემური ხასიათის სერიოზული პრობლემები არაერთხელ გამხდარა კატასტროფისა და ომის მიზეზი. ოსტრომმა ბევრი ის პრინციპი გამოავლინა, რომელიც ადამიანებს ამგვარი პრობლემების გადალახვაში დაეხმარება.

ნებისმიერ მომენტში, როცა ადამიანებს სხვების მიერ შესრულებული ღირებული საქმიანობისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, ისე, რომ თავად ამ პროცესში არც ძალისხმევის და არც დროის  სახით არანაირი წვლილის შეტანა არ უხდებათ,  ისინი აწყდებიან კოლექტიური ქმედების დილემებს, რომელთა დასაძლევად სხვადასხვა მეთოდი არსებობს. როდესაც დე ტოკვილი  „საზოგადოების ხელოვნებას და მეცნიერებას“ განიხილავდა, მან იმ ადამიანების მიერ შესწავლილი ხელობები მიმოიხილა, რომლებმაც ერთობლივი სარგებლის მიღწევის მიზნით, კოლექტიურ აქტივობაში ჩართვის გადაწყვეტის გზები შეიმუშავეს.  საზოგადოებრივი  მეცნიერების ზოგიერთი  ასპექტი არც ლოგიკურია და არც წინასწარგანზრახული. ამიტომაც ისინი, როგორც დემოკრატიული მოქალაქეობის კულტურის ნაწილი, ყველა თაობას უნდა ვასწავლოთ“ (ოსტრომი, 1998).

ოსტრომის აზრით, ამ პრინციპების სწავლა ოფიციალურად და პროგრამულადაც  შესაძლებელია. მაგრამ მათი სწავლების ტრადიციული და ყველაზე ეფექტური საშუალებები  უფრო ემპირიული ხასიათისაა. ოსტრომის თანახმად, მთელი XX საუკუნის მანძილზე მართვის ცენტრალიზებისა და პროფესიონალურად დახვეწის ტენდენციამ ჩვეულებრივ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით სწავლის შესაძლებლობა წაართვა, რამაც კოლექტიური ქმედებების პრობლემების გადაწყვეტის უნარების შესუსტება გამოიწვია. 

მეუღლესთან, ვინსენტ ოსტრომთან,  ერთად ელინორ ოსტრომმა პოლიცენტრული მართვის იდეა განავითარა. ამ იდეის თანახმად ჩვენ მრავალრიცხოვანი, ერთმანეთში გადაჯაჭვული, ბუდე-საზოგადოებების მოქალაქეები ვართ; პატარპატარა სამეზობლოებით დაწყებული  მთელი  დედამიწით დასრულებული.  კოლექტიური ქმედებების პრობლემები ყველაზე უკეთ პოლიცენტრულად, და  არა  ეროვნული მთავრობებისათვის დარეზერვირებით ან მთავრობათა დონეებში ზედმიწევნით განაწილებით წყდება. ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის პრეზიდენტის რანგში და სხვა მნიშვნელოვან პოსტებზე ოსტრომი გამოდიოდა სამოქალაქო განათლების მხარდაჭერით. ოსტრომის სამოქალაქო განათლების მიზანიც ადამიანებისთვის მრავალრიცხოვან სტრუქტურებსა და სქემებში კოლექტიური ქმედების პრობლემების გადაწყვეტის გზების სწავლაა.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

კარგი პიროვნებები და კარგი მოქალაქეები

დემოკრატიის გაუმჯობესების საქმეში პიროვნული განათლების მნიშვნელობის მხარდაჭერას ორი ჯგუფი გამოხატავს. პირველ  ჯგუფს  წარმოადგენენ  პოლიტიკის თეორეტიკოსები, რომლებიც ხშირად სამოქალაქო რესპუბლიკანიზმის თანამედროვე ვერსიებით გამოდიან. ესენია – გალსტონი, ბატისტონი, ბენჟამინ ბარბერი და ადრიან ოლდფილდი; მათ მომავალი მოქალაქეების მიერ პირადი ინტერესების  საერთო კეთილდღეობისთვის მსხვერპლად გაღების სურვილის  ჩანერგვისა ან გაღვივების სურვილი ამოძრავებთ. ამ თვალთახედვიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა როგორც მისი განმტკიცების, ისე ცალკეული პიროვნული წინსვლისათვის არის მნიშვნელოვანი.  ეს კი  ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის  ხელშეწყობით  არის შესაძლებელი.

მეორე ჯგუფის წარმომადგენლები დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ ჩართვას პიროვნების განათლების არა ცენტრალურ, არამედ ერთ-ერთ შემადგენელ ასპექტად განიხილავენ. ამ ხედვის გათვალისწინებით, საჯარო სკოლების ძირითადი მისია ისეთი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაა, რომლებიც როგორც ინდივიდუალური ქცევის (კარგი პიროვნება), ისე დემოკრატიის განვითარებისათვის (კარგი მოქალაქე) არის მნიშვნელოვანი. მეორე ჯგუფის არაოფიციალური ლიდერი განათლების ექსპერტი   თომას ლიკონაა.  ამავე  ჯგუფში მოიაზრებიან  უილიამ ბენეტი და პატრისია უაითი.

არც ერთი ჯგუფის წარმომადგენელი არ აღწერს კონკრეტულად რა ტერმინებით შეიძლება აღვწეროთ „დემოკრატიული პიროვნების“ ცნება“.  მართალია, თავიანთ  შრომებში  სწორედ დემოკრატიულ პიროვნებას აღიარებენ. წერენ  დემოკრატიული პიროვნების თვისებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანური წინსვლისა და კეთილდღეობისათვის, რაც, თავის მხრივ, ასევე დემოკრატიულ მონაწილეობასთან არის დაკავშირებული. რა თვისებებზე საუბრობენ ეს მეცნიერები და რას გულისხმობენ ისინი ცნებაში „პიროვნება“?

ბრიტანელი ფილოსოფოსის რ.ს. პეტერსის აზრით, რთულია „იმის გადაწყვეტა, თუ ზოგადად რას ვგულისხმობთ, პიროვნების ხასიათში მისი ბუნების, ტემპერამენტისა და  პიროვნული თვისებისგან დამოუკიდებლად“. (1966, p. 40). პიროვნების აღზრდისა და განათლების მხარდამჭერთა განსაზღვრებები ამ საკითხთან დაკავშირებით შედარებით ბუნდოვანია,  შესაძლოა ამის ახსნაში შემდეგი შეხედულება დაგვეხმაროს – ხასიათს  ის  თვისებები აყალიბებს, რომლებსაც სწავლა სჭირდება, პიროვნული თვისებები და ტემპერამენტი კი ბუნებითაა თანდაყოლილი.

ორივე ჯგუფის  წარმომადგენელი თეორეტიკოსები იზიარებენ აზრს, რომ ადამიანებში ხასიათის არსებობის მნიშვნელობაა.  ეს ცნება ბერძნული kharakter – დან მომდინარეობს.  kharakter ქვაზე განსხვავებული ფორმების კვეთის  ინსტრუმენტს ნიშნავდა. შესაბამისად, ხასიათი/ხარაქტერი არის ის,  რითაც გამოირჩევა, ხასიათდება პიროვნება ან პიროვნებები.

ხასიათი/ხარაქტერი მხოლოდ ერთი თვისება ან შტრიხი არ არის. ის გარკვეული „მენტალური და ზნეობრივი თვისებების ერთობლიობაა“. (O.E.D., p. 163). ამ განსაზღვრებისთვის „ზნეობრივი თვისებების“ დამატება, შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ქარაქტერი  „კარგი“ თვისებების კონოტაციას მოიცავს. ამდენად, character-ის თვისებები ღირსების სინონიმი თუ არა, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული თვისებებია. შესაბამისად, კარგი პიროვნება და ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტის გათვალისწინებით  – კარგი მოქალაქე, ამ ღირსებების მატარებელია.

თომას ლიკონასთვის ღირსება  ის „მყარი შინაგანი ბუნებაა, რომელიც ზნეობრივად ართმევს თავს კონკრეტულ სიტუაციებს“. (p. 51);  „კარგი ქარაქტერი – კარგისკენ სწრაფვას, კარგის შეცნობას და კარგის კეთებას ნიშნავს.(Idem).  ვინ განსაზღვრავს რა არის კარგი? ჩანერგილი თვისებები, ღირსებები ან მიდრეკილებები ძირითადად  „ქცევის წესების შესასრულებლად“ გამოიყენება. ეს ის წესებია, რომლებიც საზოგადოებრივ ხელშეკრულებებს და საზოგადოებრივ წესრიგს განამტკიცებს. (Peters, p. 40). ამ შეხედულების გათვალისწინებით, „კარგს“ სწორედ საზოგადოებრივი შეთანხმება განსაზღვრავს. 

ეს საკითხი,  შესაძლოა, პრობლემატური იყოს. რა ხდება მაშინ, როდესაც კარგი პიროვნების ღირსებები კარგი მოქალაქის ღირსებებს ეჯახება? აუცილებელი არაა, ის რაც ერთ კონტექსტში  კარგად ითვლება, მეორეშიც კარგად  ჩაითვალოს; მაშინაც კი, როდესაც მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. როგორ უნდა მოიქცეს ლოგინად ჩავარდნილი ფერმერის ერთადერთი შვილი, სახლში დარჩეს და ავადმყოფ მშობელს მოუაროს თუ, როგორც კარგი მოქალაქე, შეუერთდეს წინააღმდეგობას ოკუპანტ ჯართან ბრძოლაში.

როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც სამოქალაქო განათლების მოთხოვნები ეჭვქვეშ აყენებს იმ ფასეულობებსა და რწმენებს, რომლებიც კარგი პიროვნების ფასეულობებად აღიქმება. განათლების საოლქო საბჭო საქმეში ”მოზერი ჰოუკინსის წინააღმდეგ“  სწორედ ასეთ შემთხვევას განიხილავს.  უნდა ჰქონდეთ თუ არა უფლება მოზერებს  და სხვა კონსერვატორ ფუნდამენტალისტ ქრისტიან მშობლებს, უარი თქვან იმ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც მათი შვილების რწმენას ეწინააღმდეგება ან არყევს. ერთი მხრივ, უარის უფლების შემთხვევაში, ამ ბავშვების გარეშე კლასი სხვადასხვა თემებზე დისკუსიის შესაძლებლობას მოაკლდება, რაც განათლების და დემოკრატიის მახასიათებელი ნიშანია. მეორე მხრივ, ბავშვებისთვის უარის თქმის უფლების წართმევით, მათ  მათთვის მნიშვნელოვანს, რწმენის უფლებას ვართმევთ.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

კარგი დემოკრატი

სამოქალაქო განათლება ყველა ტიპის რეჟიმში შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის დემოკრატიულ რეჟიმებშია. არისტოტელე „პოლიტიკაში“ სვამს კითხვას – „რომელია ის გარემოება, სადაც კარგი მოქალაქის სრულყოფილება და კარგი ადამიანის სრულყოფილება ერთმანეთს ემთხვევა“ (1277a13–15). პასუხი არისტოტელესთვის პოლიტეა, ანუ შერეული კონსტიტუცია, რომლის თანახმად ადამიანებმა  მართვაც  უნდა იცოდნენ და  დაქვემდებარებაც. ასეთ რეჟიმებში კარგი ადამიანისა და კარგი მოქალაქის სრულყოფილება და ღირსება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. დემოკრატიული საზოგადოებები დაინტერესებულნი არიან, მოქალაქეები შეამზადონ იმისათვის, რომ მათ როგორც მართვა, ისე მორჩილება შეეძლოთ.

თანამედროვე დემოკრატიები ძველი პოლისებისაგან რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური ასპექტით განსხვავდებიან. ესენია საზოგადოებები, სადაც ადამიანების უმეტესობას შესაძლოა გარკვეული გავლენა  ჰქონდეს   ხელისუფლებასა და პოლიტიკაზე. ესენია კომპლექსური, ტექნოლოგიურად გამართული, მაღალ დონეზე სპეციალიზირებული საზოგადოებები, სადაც პროფესიონალებს (იურისტების, სამოქალაქო მსახურებისა და პოლიტიკოსების ჩათვლით) გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ერისკაცებს. ესენია ლიბერალური კონსტიტუციური რეჟიმები, სადაც სხვადასხვა დონეზე დაცულია პიროვნების თავისუფლება და ხელისუფლება ნებაყოფლობით იზოლირებულია საზოგადოებრივი წნეხისაგან. მაგალითისთვის, სასამართლოები და ცენტრალური ბანკები დაცულნი არიან სახალხო საარჩევნო ხმებისაგან. შეერთებული შტატების ინდუსტრიალურ მასობრივ საზოგადოებად ჩამოყალიბების შემდეგ გავლენიანი მიმომხილველი უოლტერ  ლიპმანი ირწმუნებოდა, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების დაჩრდილვა მოხდა და ყველაზე დიდი, რაც მათ შეეძლოთ, პროფესიონალთა  ძალაუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობების გამართვა იყო. (The Phantom Public, 1925). ჯონ დიუი და ჩიკაგოელი სამოქალაქო ლიდერი ჯაინ ადამსი (სხვადასხვა გზით) ამტკიცებდნენ, რომ ჩვეულებრივ ხალხს უნდა დაებრუნებინა და შეეძლო დაებრუნებინა საკუთარი ხმის უფლება, თუმცა მათ უძნელდებოდათ ახსნა, თუ რა გზით შეიძლებოდა ამის განხორციელება.  

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

უილიამ გალსტონი: სამოქალაქო განათლება  წარმომადგენლობით დემოკრატიაში

ემი გუთმანის მოსაზრება ერთგვარად სცდება მრავალფეროვნების სიმდიდრედ დანახვის იდეას.  მისი აზრით, ბავშვები არა მხოლოდ შემწყნარებლები  უნდა იყვნენ  განსხვავებული ცხოვრების წესის მიმართ, მეტიც, ისინი პატივს უნდა სცემდნენ მას.  განსაკუთრებული სიფრთხილით გუთმანი „პიროვნებებს შორის ურთიერთპატივისცემას“ ეკიდება.  აქ შესაძლოა ის იგულისხმებოდეს, რომ ნეო ნაცისტები, რომელთა ცხოვრების წესი მიუღებელია და დასაგმობი, როგორც ადამიანები, მაინც პატივისცემას იმსახურებენ. შესაძლოა, გუთმანი ძალზე ფრთხილ ნიუანსზე მიუთითებდა. მაგრამ გალსტონი მიიჩნევს, რომ  გუთმანი მხარს უჭერს ბავშვების ცხოვრების წესთან დაპირისპირებას, რადგან მათგან  ნეო ნაცისტების ცხოვრების წესისადმი პატივისცემას ითხოვს.

წარმომადგენლობით დემოკრატიაში, ამბობს გალსტონი, მოქალაქეებს  „იმ უნარების განვითარება სჭირდებათ, რომლებიც მათ ნიჭს, ხასიათს და მათი, როგორც საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობას შეაფასებს“.  (1989, p. 93). ეს არის ის, რასაც ითხოვს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოქალაქეებისაგან – ხაზს უსვამს გალსტონი. ის არ იზიარებს გუთმანის შეხედულებებს და ასკვნის, რომ გუთმანისეული ამერიკის შეერთებული შტატების დახასიათება, რბილად რომ ვთქვათ, ნაწილობრივად შეესაბამება სიმართლეს. (Ibid, p. 94). როგორც გალსტონი ამბობს, – ჩვენ არ ვითხოვთ მოქალაქეებს შორის დისკუსიას, რადგან „ბევრი მიზნის გათვალისწინებით, წარმომადგენლობითი ინსტიტუციები პირდაპირ თვითმმართვლობას ანაცვლებენ“.  (Idem). შესაბამისად, სამოქალაქო განათლება დისკუსიისთვის აუცილებელი უნარებისა და თვისებების სწავლის ნაცვლად, უნდა ასწავლიდეს იმ „თვისებებსა და კომპეტენციებს, რომლებიც წარმომადგენლების გონივრულად არჩევის, მათთან ჯეროვანი ურთიერთობის წარმართვისა და  მათი საქმიანობის ჯანსაღი შაფასებისათვისაა საჭირო.“ Idem

გალსტონის ხედვიდან გამომდინარე სამოქალაქო განათლების შედარებითი შეზღუდულობის გამო, მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ და არც ისწავლიან საკუთარი ცხოვრების წესის შეფასებას. ადამიანებს უნდა მიეცეთ  შესაძლებლობა,  ცხოვრება წარმართონ ისე, როგორც ამას თავად ჩათვლიან  საჭიროდ  და არ ჰქონდეთ შიში, რომ ვინმე მათ სხვა ფასეულობების გაზიარებას აიძულებს  ან საკუთარი  ფასეულობების საპირისპირო ქმედებას მოსთხოვს.  ამასთან, ადამიანებს უნდა  შეეძლოთ კრიტიკულად მიუდგნენ საკუთარი ცხოვრების წესს, რომელიც მათ მემკვიდრეობით ერგოთ. როგორც გალსტონი აღნიშნავს, „რადიკალური განსხვავებულობების მიმართ სამოქალაქო შემწყნარებლობის გამოვლენა, სავსებით  შეესატყვისება ადმიანის ცხოვრების წესის სისწორისადმი ურყევ რწმენას“. (Ibid, p. 99).

მაგალითად, ზოგიერთი მშობელი არ იზიარებს აზრს, რომ შვილებმა საკუთარი ცხოვრების გზა დამოუკიდებლად უნდა  აირჩიონ. მათ სწამთ, რომ ცხოვრების ის წესი, რომელსაც მათ შვილები უნდა მისდევდნენ, არამარტო  საუკეთესო, არამედ უალტერნატივოა. სხვადასხვა არჩევანის შეთავაზება ბავშვებს მხოლოდ დააბნევს  და საქმეს გაართულებს. თუკი ჭეშმარიტი ცხოვრების გზა უკვე  ნაცნობია,  რა უფრო მართებული იქნება, შვილებს ათასგვარი ცხოვრების წესი მოახვიო თავს, სანამ,  სავარაუდოდ, სწორ გზას იპოვიან,  თუ ცხოვრებისეულ  ასპარეზში მათ მაქსიმალურად  სწრაფ და ჩქარ სოციალიზაციას შეუწყო ხელი?

მაინც, რა შეიძლება ითქვას იმ ვალდებულებებზე, რომლებიც  მშობლებს, როგორც უკვე არსებულ მოქალაქეებს და ბავშვებს, როგორც მომავალ მოქალაქეებს აკისრიათ?  როგორ შეძლებენ ბავშვები ერთობლივად საზოგადოების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას, თუ მათ განათლება არ მიუღიათ; როგორ შეძლებენ არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით მსჯელობას და კამათს?  ამ კითხვაზე მშობლები პასუხობენ, რომ არ არიან დაინტერესებულნი, შვილები საზოგადოებრივ ან რაიმე სხვა სახის საერო მონაწილეობაზე  იყვნენ ფოკუსირებულნი.  ის, რაც მათ  ლიბერალურ დემოკრატიაში განსაკუთრებით ხიბლავთ,  საზოგადოებრივსა და კერძოს შორის ნათელი და მყარი გამყოფის არსებობაა. ამ შემთხვევაში ისინი ყურადღებას მხოლოდ კერძოზე ამახვილებენ. მოქალაქეობა კანონის დაცვას გვთავაზობს და არ ითხოვს მონაწილეობას. ბუნებრივია,  ლიბერალური დემოკრატია მონაწილეობას არავის დააძალებს.

როგორც გალსტონის, ისე გუთმანის  სურვილია ბავშვები „დემოკრატ პიროვნებებად“ აღიზარდონ. ორივე მათგანი  ამ საკითხთან დაკავშირებით  კრიტიკული აზროვნების  მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გალსტონის თანახმად, ბავშვებმა უნდა განავითარონ „როგორც საკუთარი მიდრეკილებების და ბუნების, ისე საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის შეფასების უნარიც.“ გუთმანი აქცენტს აკეთებს განათლებაზე, რომელიც კარგ ცხოვრებებს შორის არჩევანისა და კარგ საზოგადოებებს შორის არჩევანის გაკეთებისთვის საჭირო უნარებს ასწავლის. რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა  იყოს კრიტიკული აზროვნება დემოკრატიული ადამიანის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა  ჩვეულებრივ უნარებზე, მათ შორის კრიტიკული  აზროვნების უნარზე  მეტს ითხოვს.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

შარლ ლუი დე მონტესკიე

1483775_10202353988548677_278175584_nშარლ ლუი დე მონტესკიე ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და კრიტიკოსი, რომლის იდეებიც კონსერვატივიზმისა და პროგრესივიზმის საუცხოო სინთეზია, ერთი მხრივ იცავდა არისტოკრატიული ფენის ინტერესებს, რომელსაც მისი აზრით შესწევდა უნარი დაეცვა სახელმწიფო აბსოლუტური მონარქიისა და მასობრივი ანარქიისგან.  მონტესკიე იცავდა ღირსებასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ მონარქიას. გამოდიოდა რესპუბლიკური მმართველობის მხარდამჭერად, თუმცა თვლიდა, რომ ამ ტიპის მმართველობა მხოლოდ მცირე მასშტაბებზეა გათვლილი და დიდი სახელმწიფოს შემთხვევაში რესპუბლიკური მმართველობა სახეს იცვლის. დიდი სახელმწიფო შემდგარია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ცენტრალურ მთავრობაშია კონცენტრირებული.

შარლ ლუი დე მონტესკიე 1989 წლის 19 იანვარს, ბრედაში, ბორდოსთან ახლოს,  წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. განათლება საორატორო კოლეჯში მიიღო, შემდეგ ბორდოს უნივერსტიტეტში იურისტის ხარისხი მიენიჭა და სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გადავიდა. მამის გარდაცვალებასა და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით, მონტესკიე ბორდოში დაბრუნდა და ჟან ლარტიგზე იქორწინა. მათ ვაჟი და ორი გოგონა შეეძინათ. ბიძისგან მემკვიდრეობით მონტესკიეს ბრედას ბარონის ტიტული და ბორდოს პარლამენტში თანამდებობა ერგო. ეს ორგანო იმ დროისთვის იურიდულ და ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა. მომდევნო 11 წლის განმავლობაში მონტესკიე ხელმძღვანელობდა პარლამენტის კრიმინალისტურ განყოფილებას, სადაც ისმენდა საკანონმდელო საქმეებს, აკონტროლებდა პატიმართა მდგომარეობას და დასჯას. ამავე პერიოდში ის მოღვაწეობდა ბორდოს აკადემიაში, სადაც სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული.

1721 წელს, მონტესკიემ სპარსული წერილები გამოსცა. წიგნმა მას დიდი სახელი მოუტანა. 1725 წელს მონტესკიემ პარლამენტი დატოვა. 1728 წელს ის ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ამ წლებში  ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში და ორი წელი დაჰყო ინგლისში, რომლის პოლიტიკურმა სისტემამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 1731 წელს მონტესკიე, ბორდოში დაბრუნდა და თავისი ცნობილი შედევრის კანონთა გონის წერა დაიწყო. წიგნმა დიდი კამათი გამოიწვია და ამავე დრო  წარმატებული გახდა. მოგვიანებით, მონტესკიემ კანონთა გონის დაცვაც გამოსცა, სადაც სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას პასუხობდა. თუმცა მიუხედავად ამისა, კათოლიკურმა ეკლესიამ კანონთა გონი 1751 წელს აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა. შარლ ლუი დე მონტესკიე პარიზში 1755 წელს გარდაიცვალა.

მონტესკიეს კანონთა გონის მიზანი ადამიანური კანონებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსის გაგებაა. მონტესკიე თვლის, რომ სხვადასხვა კანონისა და საზოგადოებრივი სისტემების ახსნის მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ადაპტირებულ უნდა იქნას სხვადასხვა ფაქტორებთან და მათი ახსნა ამ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად  შეუძლებელია. კანონები უნდა ითვალისწინებდეს იმ ადამიანებს, ვისთვისაც არის შექმნილი, მათ  შორის შესაბამისობაში იყოს ყოველი მთავრობის ბუნებასა და პრინციპებებთან, მორგებული უნდა იყოს ქვეყნის კლიმატზე, ნიადაგზე, მდგომარეობასა და დონეზე; კავშირში უნდა იყოს თავისუფლების ხარისხთან, აღმსარებლობასთან, ტრადიციებსა და ქცევებთან. როდესაც საზოგადოებრივ და საკანონმდებლო სისტემებს ამ ფაქტორების გათვალისწინებით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბევრი აქამდე გაუგებარი კანონი სავსებით გამართლებული და მიზანშეწონილია.

მონტესკიე არ არის უტოპისტი, არც ბუნებით, არც მრწამსით. მას სწამს, რომ სტაბილური, არა დესპოტური მთავრობის პირობებში ცხოვრება, მთავრობის რომლის კანომდებლობაც მოქალაქეებს მეტნაკლებ თავისუფლებას ანიჭებს ან ზოგჯერ ზღუდავს, გამართლებულია. თუკი ხელისუფლების სისტემას გავეცნობით და გავიგებთ იმ გზებს, რომელთა დახმარებით ხდება მისი გარემო ფაქტორებთან შესაბამისობაში მოყვანა და ადაპტირება, მივხვდებით, რომ ბევრი ირაციონალური აზრი აზრიანი გახდება და რეფორმების ჩატარება პირიქით უარყოფით შედეგს გამოიღებს. კანონთა გაცნობა დაგვეხმარება იმ კანონების გამოვლენაში, რომლებიც არსებით რეფორმებს საჭიროებენ. მონტესკიეს აზრით, ბევრი ქვეყნის კანონი უფრო ლიბერალური და ჰუმანური უნდა გახდეს. მაგალილთად, უნდა გაუქმდეს რელიგიური დევნა და მონობა და მოხდეს კომერციის წახალისება. ასეთი ტიპის რეფორმები გააძლიერებს მონარქიულ მთავრობებს, რადგან მეტ თავისუფლებას და ღირსებას მიანიჭებს მოქალაქეებს. მონტესკიე სამი ტიპის ხელისუფლებას გამოყოფს; რესპუბლიკური, რომელსაც არისტოკრატიული ან დემოკარტიული სახე აქვს, მონარქისტული და დესპოტური. არისტოტელესგან გასხვავებით, მონტესკიე არ განასხვავებს მმართველობის ფორმებს მმართველთა კეთილგანწყობისა და სულგრძელობის საფუძველზე. მაგალითად, მონარქიასა და დესპოტიზმს შორის განსხვავება დამოკიდებულია არა მონარქის ნებაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად ჩამოყალიბებული და სწორი კანონებით მართავს ის ქვეყანას. ყველა მთავრობას აქვს თავისი პრინციპები და ამ პრინციპების რღვევამ შესაძლოა სრული რღვევა გამოიწვიოს.

დემოკრატიაში ხალხი მართავს. მათ აქვთ არჩევანის უფლება. ხალხი ირჩევს მმართველებს, ხელმძღვანელებს,  არჩევანის უფლება ფუნდამენდური უფლებაა. უნდა არსებობდეს კანონი მართვა, რათა ადამიანებმა არ მოახდინონ საკუთარი კერძო ინტერესების საყოველთაო ინეტერესების კონტექსტით გამოყენება. კანონის დახმარებით უნდა მოხდეს მოქალაქეთა შორის საკუთრების სწორი გადანაწილება. დემოკრატია ფერხდება მაშინ, როდესაც ჩნდება უთანასწორობა და უკიდურესი თანასწორობა. პირველი, თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანები არ აიგივებენ საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებთან და ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას; მეორე, როდესაც  ადამიანებს არ აკმაყოფილებს  მხოლოდ თანაბარი მოქალაქეობა და ყველა ასპექტში თანაბრობა სურთ. მოქმედ დემოკრატიაში ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ემორჩილება და პატივს სცემს მას. თუ არჩეულები  ამომრჩევლებს იმედს გაუცრუებენ, ხალხს აქვს უფლება, გადაირჩიონ ისინი. როდესაც ჩნდება უკიდურესი თანასწორობის მოთხოვნა ადამიანები კარგავენ პატივისცემის გრძნობას ხელისუფლების მიმართ და აღარც ემორჩილებიან მას. მათ სურთ თავად მართონ ყველაფერი. იყვნენ ხელისუფალნი, მოსამართლენი და ა.შ.  შედეგად, მთავრობა წყვეტს ფუნქციონირებას, კეთილი ნების უკანასკნელი ნიშნები ქრება და ჩნდება დესპოტიზმი. არისტოკრატიაში ხალხის ერთი ნაწილი მართავს დანარჩენს. არისტოკრატიული მმართველობის პრინციპი ზომიერებაა. ყველა კანონი მიმართული უნდა იყოს ზომიერების დაცვისა და შენარჩუნებისაკენ. კანონმა არ უნდა მისცეს წარჩინებულ ფენას სხვისი ჩაგვრის უფლება.  მაქსიმალურად უნდა შეამციროს განსხვავება წარჩინებულთა და დანარჩენ ფენას შორის. კანონმა უნდა განამტკიცოს თავად თანასწორობა წარჩინებული ფენის შიგნით. თუ ეს არ მიიღწევა, წარჩინებულთა ფენა კარგავს ზომიერების გრძნობას და ხელისუფლებაც ირღევა.

მონარქიაში არსებობს ერთი ადამიანის მმართველობა. რასაც ის ზუსტი და ჩამოყალიბებული კანონმდებლობით ახორციელებს.  კანონი უზრუნველყოფს აუცილებელ არხებს, რომლებშიც გაედინება ძალაუფლება.  ეს აუცილებელი არხები არის ისეთი ინსტიტუციებია, როგორიცაა წარჩინებულთა ფენა და დამოუკიდებელი მოსამართლეები. მონარქიული მართვის პრინციპი არის ღირსება და პატივისცემა. მთავარი ამოცანაა მოხდეს იმ სუბორდინირებული ინსტიტუციების დაცვა, რომლებიც მონარქიას დესპოტიზმისაგან განარჩევენ. ამისათვის, კანონმა უნდა უზრუნველყოს ფართო მასშტაბის საკუთრების დაუნაწევრებლობა, წარჩინებული ფენის უფლებებისა და პრივილეგიების დაცვა და ხელი შუეწყოს კანონის მართვას.

მონარქია იშლება იქ, სადაც მონარქი ან არღვევს დაქვემდებარებულ ინსტიტუციებს, ან შეეცდება საბაზისო კანონების უგულებელყოფით, თვითნებურად მართვას. მონარქიაში პიროვნული ამბიცია და ღირსების გრძნობა ერთად მუშაობს; ეს არის მონარქის სიძლიერე და სტაბილურობის საფუძველი. როდესაც ადამიანს ამოძრავებს ბუნებრივი კეთილი ნება, სურვილი ემსახუროს საკუთარ მეფეს, ის  თავისი ქვეყნისთვისაც სასიკეთოს აკეთებს.

დესპოტურ სახელმწიფოში  ერთი ადამიანი თავისი კაპრიზებისა და ნება-სურვილის თანახმად, ყოველგვრი კანონის დაცვის გარეშე მართავს ქვეყანას. დესპოტიზმის პრინციპი – შიშია. განათლება არ არის აუციელებლი და თუ ის საერთოდ არსებობს, მან უნდა დაასუსტოს გონი და გატეხოს პიროვნება. ღირსების შეგრძნებით სავსე ადამიანები პრობლემებს ქმნიან.  ამდენად, შიშმა უნდა დათრგუნოს მათი ამბიცია. ცხოველების მსგავსად ისინი ინსტიქტებით, მორჩილებით და შიშით შემოიფარგლებიან. საკუთრება არ არის დაცული, კომერცია არ ვითარდება და სახელმწიფო ღარიბია.

მონტესკიე ლიბერალ ფილოსოფოსთა შორის მოიაზრება. მისი აზრით, ლიბერალიზმი არ ნიშნავს ყველაფრის კეთების თავისუფლებას. თუ ერთი ადამიანის თავისუფლება ზიანს აყენებს სხვის თავისფლებას, სხვასაც თავის მხრივ შესაძლოა ასეთი თავისუფლება გაუჩნდეს და შესაბამისად ვერავინ იქნება დარწმუნებული საკუთარ დაუცველობაში. ლიბერალიზმი გვაძლევს მაქსიმალურად თავისუფალი ქმედების საშუალებას, სხვისი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. ძალაუფლების კონტროლი  სხვადასხვა ორგანოების გადანაწილებით ხორციელდება: აღმასრულებელი, საკანომმდებლო და სამოსამართლო ხელისუფლება. თუ ერთი ადამიანის ხელში მრავალი ძალაუფლება იყრის თავს, ჩნდება ტირანიის საფრთხე. კანონი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი. მისი დახმარებით ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი უდანაშუალობის დამტკიცება. კანონი არ უნდა აცხადებდეს კრიმინალად იმ ტიპის ქმედებებს, რომელთა დანაშაულად დამტიცება რთულდება.

რელიგია კანონთა გონში ძალზე მცირე როლს თამაშობს. მონტესკიე რელიგიას განიხილავს იმდენად, რამდენადაც სასიკეთოდ მოქმედებს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე. სხვადასხვა რელიგიებს ის სხვადასხვა ტიპის მმართველობასა და გარემოს უსადაგებს. პროტესტანტიზმი უფრო რესპუბლიკელებს შეესაბამება. კათოლიციზმი – მონარქიას, ისლამი – დესპოტიზმს. რელიგიას შესწევს უნარი შეამციროს კანონებისა და ინსტიტუციების ცუდი ზეგავლენა. თუმცა, არ იქნება სწორი სამოქალაქო კანონების რელიგიური პრინციპებზე აგება. რელიგია ადამიანის სრულყოფას ცდილობს. სამოქალაქო კანონები საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული. ამდენად ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება. სამოქალაქო კანონები არ არის ქცევათა რელიგიური ნორმების განტკიცების ხელშემწყობი საშუალება. ღმერთს თავისი კანონები აქვს და ის ადამიანების ჩარევის გარეშე ამტკიცებს მათ. როდესაც ადამიანი მათ დამცველად მოქმედებას იწყებს ის რელიგიას ფანატიზმისა და დევნის ინსტრუმენტად აქცევს. არც საბოლოო ჯამში არც ღმერთის და არც ქვეყნის სამსახური არ არის. თუ ქვეყნის შიგნით რამდენიმე რელიგიას ჰყავს თავისი მიმდევარი, როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან მათ მიმართ უნდა იყოს ტოლერანტული განწყობა. ერთი რელიგიის მიმდევრების მიერ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების მათ რელიგიაზე მოქცევის იძულება დაუშვებელია.

იურგენ ჰაბერმასი

1420365_10202307775953391_517627615_aიურგენ ჰაბერმასი – გერმანელი სოციოლოგი, პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში 1929 წლის 18 ივნისს დაიბადა. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი ჰაბერმასი  თეოდორ ადორნოს, ჰერბერ მარკუზესა და მაქს ჰორკმეიერის სწავლებათა მიმდევარი და გამგრძელებელია. მისი კომპლექსური სოციალური თეორია და ფილოსოფია შემდეგ ინეტელექტუალურ ტრადიდიცებს ეყრდნობა: იმანუილ კანტის, ფრიდრიხ შელინგის, ჰეგელის, ვილჰელმ დითის, ედმუნდ ჰუსერლის და ჰანს გეორგ გადამეროს გერმანული ფილოსოფია. მარქსისა და ფრანკფურტის სკოლის კრიტიკული  ნეომარქსისტების თეორიები, – თეოდორ ადორნო, მაქს ჰორკჰეიმერი და ჰერბერტ მარკუზე. მაქს ვებერის, ემილ დურკჰეიმის და ჯორკ ჰერბერტ მიდის სოციოლოგიური თეორიები. ლუდვიგ ვიტგენშტეინისა და სხვების ლინგვისტური ფილოსოფია. ამერიკული პრაგმატიზმის ტრადიციები – ჩარლზ სანდერ პირის და ჯონ დიუი. ტალკოტ პარსონსისა და ნიკლას ლუმანის სოციალური სისტემების თეორია, ნეო კანტიანური ფილოსოფია. ჰაბერმასმა შექმნა დისკურსისა და კომუნიკაციური მოქმედებების ახლებური თეორიები, რამაც დასაბამი მისცა კანონისა და დემოკრატიის ახალ პერსპექტივებს. ინტელექტუალურ გარღვევას წარმოადგენს საზოგადოებრივი სფეროს სტრუქტურული ტრანსფორმაცია (1962). სადაც სხვადასხვა სწავლებებიდან მიღებული ემპირიული და თეორიული კველევების შეჯერება ახლებურ დემოკრატიის თეორიას აყალიბებს. კომუნიკაციური მოქმედების თეორიაში (1981) ჰაბერმასი გვთავაზობს კრიტიკული სოციალური თეორიის ახალ საფუძველს და თავისუფალ და თანაბარი უფლებების მქონე მოქალაქეებში დისკურსის შესაძლებლობას განიხილავს. დემოკრატიის კონცეფციები მან სხვა სტატიებშიც განავითარა, სადაც შეეხო გლობალიზაციას, მულტიკულტურულ საზოგადოებებსა და ნაციონალიზმს. მოგვიანებით ის ეთიკითა და ფილოსოფიით დაკავდა.

განსაკუთრებული  ყურადღების ღირსია მისი ესეები, სადაც  თანამედროვე საზოგადოების მრავალმხრივი ხედვები და მასში თავისუფლების შესაძლებლობაა წარმოდგენილი. ჰაბერმასის ნამუშევრებმა დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა სწავლებებზე, კულტურისა და მორალის თოერიაზე. რელიგიურ და პოლიტიკურ  მეცნიერებებზე, თეოლოგიასა და სოციოლოგიაზე, დემოკრატიის თეორიაზე. თავის ჰაბილიტაციის თეზისში, ჰაბერმასი გამოვიდა თანამედროვე საზოგადოების კრიტიკით, საზოგადოების, რომელმაც ლიბერალური თუ ბურჟუაზიული სფეროსა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებს უღალატა და განუდგა მათ.  ავტორის აზრით, საზოგადოების ლიბერალურმა სფერომ, ძირითადმა სამართალმა და სამართლებრივმა სახელმწიფომ  დაკარგა თავისი სოციალური საფუძველი.

1981 წელს ჰაბერმასმა წარმოადგინა კომუნიკაციური ქმედების თეორია, სადაც ერთმანეთისგან გამიჯნა სამყაროს ყოფისა და სისტემის სოციალური თეორიული სხვაობები. დახასიათებები მან კომუნიკაციური და სრტატეგიული ქმედების სოციალური აქტივობის დიფერენციაციის საფუძველზე შექმნა.  ჰაბერმასისეული პრობლემების დიაგნოზი, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებას ეხება მსოფლიო ყოფიერების კოლონიზაციის თეზისში გამოიხატება. საფრთხე მოდის ყოფიერებაში ყოველდღიურად შემოჭრილი გარე მექანიზმებიდან.

საზოგადოებრივი სფერო სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია, სადაც ადამიანებს, ერთობლივად თავისუფალ და თანასწორ გარემოში საკითხების დისკუსიის, აზრთა, ინტერესების, სამომავლო გეგმების გაზიარებისა და დისკუსიის საშუალება ეძლევათ  ეს დისკუსია და დისკურსი ფასეულობების, ნორმების, კანონების და პოლიტიკების შესახებ პოლიტიკური სახის საზოგადოებრივი აზრის განზოგადებას ახდენს. ასეთი ტიპის დისკუსიები შესაძლოა წარმოიშვას სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ერთეულებში. არსებობს უფრო ფართო საზოგადოებრივი სფერო რომელიც სხვადასხვა მინი საზოგადოებების სახით: ასოციაცები, მოძრაობები, რელიგიური ორგანიზაციები, კლუბები, ადგილობრივი ორგანიზაციები და არაოფიციალური სოციალური ქსელები მედიატორის როლს ასრულებს და  საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს.

სამოქალაქო საზოგადოების ბირთვი თავის თავში მოიცავს იმ ასოციაციათა ქსელს, რომელიც ორგანიზებული საზოგადოებრივი სფეროების წიაღში წარმოშობილი ზოგადი კითხვების დისკურსის გადაწყვეტას უწყობს ხელს. ასეთ დებატებში სამოქალაქო საზოგადოება არის ის ლოკუსი, რომელიც ზღუდავს სახელმწიფო ძალაუფლებას. ჰაბერმასის თანახმად, პიროვნების დემოკრატიული ტრანსფორმაციები სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულ საზოგადოებრივ მოძრაობებში იჩენს თავს.

მსოფლიო ყოფა კოლონოზირებულია სახელმწიფოსა და ეკონომიკის ფუნქციონალური იმპერატივებით. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა სისტემა, რომელიც ჩვენი ტექნიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი, ყოფიერების პრაქტიკულ  სივრცეში და ინდივიდებისა და ჯგუფების ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრება.

სამყაროს ყოფა გულისხმობს, რომ ადამიანი დიალექტიკურად მიჯაჭვულია კულტურულ-სოციალურ კონტექსტზე. ჰაბერმასი ახდენს სამყაროს ყოფის კომპონენტების დიფერენციაციას; თავისთავადი რწმენებისა და იდეების ერთობა – კულტურა. ნორმები, ინსტიტუციები, ნდობა, რაც იცავს ჯგუფის ერთობასა და სოლიდარობას – საზოგადოება. ადამინების მიერ ათვისებული კომპეტენციები და უნარები –  პიროვნება, ინდივიდუალურობა. სიცოცხლისუნარიანი სამყაროს ყოფა წარმოებს იდეების კულტურული ტრანსმისიის, სოციალური ინტეგრაციის ფორმებისა და მისი წევრების სოციალიციზაციის გზით. მისი ნებისმიერი ტრანსფორმაცია იწვევს კულტურის, სოციალურ და პიროვნულ ცვლილებებს.

ჰაბრემასის დემოკრატიის დისკურსიულ თეორიაში მსჯელობა, დისკურსი თეორიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის გულისხმობს როგორც დისკუსიის გადაწყვეტას და კოლექტიური ქმედებების შესაძლებლობას, ისე დემოკრატიული ინსტიტუციების  ხარისხსა და მათ სიმტკიცეს. რატომ უნდა დავემორჩილო? – ასეთია ჰაბერმასისეული პასუხი. რაც არა პოლიციის ან სახელმწიფო სტრატეგიის ინტერესებს, არამედ დისკურსიულ პროცესში წარმოშობილი მტკიცებულელების მართებულობას უკავშირდება. ჰაბერმასის კაპიტალიზმის კრიტიკა ძირითადად იმას უკავშირდება, რომ საზოგადოებრივი სფერო შევიწროვებულია პოლიტიკოსების, რეკლამის გამავრცელებლების, მედიის გამო. სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის საფუძველი არის ის, რომ მთავრობა სრულად არ არის ხალხის წარმომადგენელი. არსებობს დემოკრატიის დეფიციტი – ვარდნა რეალურ დემოკრატიულ ქმედებებსა და იდეებს შორის. სამოქალაქო საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ძალაუფლების მქონენი არ ახდენენ ძალადობას და რომ თავისი ქმედებებით სისტემას უფრო დემოკრატიულს ხდიან. ერთიან თანამედროვე საზოგადოებაში დემოკრატიის ხარისხი ძირითადად საზოგადოებრივი სფეროს არსებობაზე, ხალხის პოლიტიკასა და სხვადასხვა ასოციაციებსა თუ ორგანიზაციებში ინეტელექტუალურ ჩართვაზეა დამოკიდებული, რაც ხელს უწყობს დისკურსის გზით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ცოცხალი, ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატის არსებითი ელემენტია. ჰაბერმასი აგრძელებს საზოგადოებრივი პოლიტიკური სფეროს გამოცოცხლების შესაძლებლობების შესწავლას. ის გვთავაზობს ავტონომიური თვითორგანიზებული სამოქალაქო სფეროს ჩამოყალიბებას, რომელიც არასახელისუფლებო ფენებიდან მოდის და თვითორგანზებულია. იღბეს კვლევითი სახის მონაწილეობას სისტემის დანერგვაში  და მოქმედებს შეთანხმებით. ჰაბერმასისეული პოლემიკა გულისხმობს პრაქტიკული უთანხმოებების გადაწყვეტას და გარკვეული წესების ნაკრებს იძლევა. ამ წესებში შედის თანაბარი უფლებები ყველასთვის, არგუმენტის მხარდასაჭერი შესაბამისი დასაბუთებების ქონა; სხვადასხვა ხალხის პერპსპექტივების შესწავლა. ჰაბრემასისეული პოლემიკის თანახმად, ყველა წინადადება და შემოთავაზება კრიტიკულად უნდა გაანალიზდეს. ინფორმაციის გაზიარება ხდება ინკლუზიურად და საზოგადოებრივად. პროცესი ყველას ჩართულობას გულისხმობს. ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა დებატებში. დებატები თავისუფალი უნდა იყოს გარე ჩარევისგან. ყვლას აქვს წვლილის შეტანის, აზრის გამოთქმის, გაზიარების, კრიტიკის და საბოლოო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა. ვალიდურია მხოლოდ ის ნორმები, რომლებიც ყველა ჩართული მხარის მიერ არის აღიარებული.  კონსენსუსი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაწილე მასში თავისუფლად და ძალდაუტანებლად მონაწილეობს.

იურგენ ჰაბერმასი კრიტიკული თეორიისა და პრაგმატიზმის ტრადიციების სფეროში მუშაობს. განსაკუთრებით ცნობილია მისი ნამუშევრები კომუნიკაციური მოქმედების თეორიასა და საზოგადოებრივ სფეროში. მის ნამუშევრებში ყურდაღება გამახვილებულია სოციალური თეორიის საფუძვლებსა და ეპისტემოლოგიაში. განვითარებული კაპიტალისტური საზოგადოებებისა და დემოკრატიის ანალიზზე. ჰაბერმასის თეორიული სისტემა მისდევს მიზეზის, არგუმენტის შესაძლებლობის გამოვლენას, ემანსიპაციას, რაციონალურ-კრიტიკულ კომუნიკაციის შესაძლებლობას, რომელიც დაფარულია თანამედროვე ინსიტიტუციებში, ადამიანის უნარებს, შეძლოს რაციონალური ინტერესების გამოვლენა და მის კვალდაკვალ სიარული.

სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.

ელეონორა რუზველტი და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

ruzveltiელეონორა რუზველტს ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი  ტრუმანმა  მსოფლიოს პირველი ლედი უწოდა. ის იყო გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, დიპლომატი, რომელსაც არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს ბედი აღელვებდა.

1948 წლის 10 დეკემბერს პარიზში, გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მოხდა ის, რაც არასდროს მომხდარა გაეროს სხდომებზე. დელეგაცია წამოდგა და აპლოდისმენტებით შეეგება ასაკოვან, მოკრძალებულ ქალბატონს, რომელსაც სახეზე თბილი ღიმილი ჰქონდა. ეს ქალბატონი ელეონორ რუზველტი იყო.

1947 წელს როდესაც გაეროს ადმიანის უფლებათა კომიტეტი დაარსდა, ელეონორა რუზველტი, რომელიც  პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის მიერ ერთი წლის წინ დელეგატად იყო არჩეული, კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შემუშავების პროცესში, ქალბატონი რუზველტი რუსეთის დელეგაციას დაუპირიპირდა. მათ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ. ისინი ითხოვნდნენ პირობას, რომ ყოველი მუხლის ქვემოთ ხაზგასმული ყოფილიყო, რომ მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იყო განესაზღვრა კონკრეტული უფლების აღიარება. რუსები მოითხოვდნენ ეკონომიკური და სოციალური უფლებების – დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის უფლებების ჩართვას – და აცხადებდნენ, რომ თავინათი მნიშვნელბით ისინი პოლიტიკურ უფლებებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. გარკვეული დისკუსიის შემდეგ რუზველტმა სახელმწიფო დეპარტამენტი დაარწმუნა, ჩაერთოთ ეკონომიკური უფლებები დეკლარაციაში. რუსები მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დეკლარციის შინაარსის გამო და მწავავე განცხადებებს აკეთებდნენ  შეერთებულ შტატებში არსებული რასობრივი დისკრიმინაციისა და უმუშევრობის შესახებ.

როდესაც რუსი დელეგატი აშშ-ში შავკანიანთა მდგომარეობას შეეხო, რუზველტმა მას შესთავაზა, გამოეგზავნათ საკუთარი ჯგუფი აშშ-ში ამ პრობლემებზე დასაკვირვებლად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამერიკის დელეგაციასაც თავის მხრივ ექნებოდა უფლება მსგავსი მისიით ჩასულიყო საბჭოთა კავშირში.

დეკლარაციაზე დღეში 16 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ. დელეგატები ოცნებობდნენ. პანამას დელეგატი რუზველტს ახსენებდა, რომ თავად დელეგატებსაც გააჩნდათ თავიანთი უფლებები.

1948 წლის ზაფხულითვის დეკლარაციამ საბოლოო სახე მიიღო. ის მარტივი, გასაგები ენით იყო შედგენილი და ეფუძნებოდა მაგნა კარტას, ამერიკული უფლებათა ბილის, საფრანგეთის უფლებათა დეკლარაციის პრინციპებს. ის შედგებოდა პრეამბულისა და 30 მუხლისგან, სადაც გაწერილი იყო 40 მდე ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება.

პირველი მუხლი ყველა ადამიანის თანასწორობასა და თავისუფლებას ეხებოდა.

მეორე ანტიდისკრიმინაციის პრინციპს. მესამედან 21 მუხლამდე –  განხილული იყო სიცოცხლის, სამოქალაქო, პოლიტიკური, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები. წამებისგან თავისუფლება, დაუსაბუთებელი თავისუფლების აღვეთისგან თავისუფლება, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება.

22 და 27 მხულები ეკონომიკურ, სოციალურ და კულურულ უფლებებს ეხებოდა.

როდესაც გენერალური ასამბლეა 1948 წელს პარიზში შეიკრიბა, საბჭოთა კავშირს ბლოკირებული ჰქონდა ბერლინი. რუზველტმა ფრანგულად წარმოთმულ სიტყვაში განაცხადა, რომ რუსების მიერ ადამიანის უფლებების არ აღიარება მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. როდესაც დეკლარცია საბოლოოდ იქნა მიღებული, ლიბანის ელჩმა ჩარლზ მალიკმა განაცხადა : ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხარხებდით ყველაფერ ამის დასრულებას, რომ არა ელეონორა რუზველტი. მიუხედავად იმისა, რომ რუზველტი ამაყობდა დეკლარაციის მიღებაში შეტანილი წვლილით, ის მუდამ რეალისტად რჩებოდა. მან იცოდა, რომ მხოლოდ დეკლარაციის სიტყვები არ იყო საკმარისი. როგორც მოგვიანებით განაცხადა, მთავარი იყო ყველას საკუთარ ქვეყანაში ეცხოვრა და ეღვაწა ყოველი ადამიანის თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის“.