დროებითი მთავრობის მოწოდება

პეტროგრადი. 27 მარტი. მოქალაქენო! დროებითმა მთვრობამ გაითვალისწინა რა საგარეო მდგომარეობა და თავისი მოვალეობა სამშობლოს წინაშე, გადასწყვიტა გულახდილათ უთხრას ხალხს ყოველივე სიმართლე. ყველასათვის ცხადია, რომ ძველმა მთავრობამ სახელმწიფოს თავდაცვის საქმე თავისი გამყიდველი მოქმედებით, სულ ერთიანათ არივ-დარია. ფინანსურსა და სასურსათო საკითხების სფეროში ანარქია შეიტანა და ჯარის სურსათით უზრუნველყოფა ოდნავათ ვერ შესძლო. დროებითი მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა გაასწოროს მან ყველა დახავსებული რეჟიმის მიერ შექმნილი ცოდვები და აწეწილი საქმე მოაგვაროს. მაგრამ დრო არ იცდის და ყველაფრის გაკეთება დროზეა საჭირო. ორი წელიწად ნახევარია სწორედ, რაც ჩვენი ძმების უმანკო სისხლი ბრძოლის ველზე ინთხევა, მაგრამ სამშობლო მაინც საშიშროებას განიცდის გარეშე მტრისგან, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დიდძალი ნაწილი დაიკავა და რომელიც დღეს ახლათ მოპოვებულ თავისუფლებას საფრთხეს უმზადებს. ჩვენი მებრძოლთა გმირების პირდაპირი მოვალეობაა მოპოვებული თავისუფლება დაიცვონ გარეშე მტრისაგან, რომელიც ჩვენ ადგილებში შემოიჭრა; ჩვენი მებრძოლი ჯარის ვალია დაგასჭრას ყველა ის საკითხები, მოკავშირე ერებთან ერთად, რომელნიც მჭიდროთ არიან დაკავშირებული დღევანდელ უმაგალითო ომის გათავებასთან. დროებითი მთავრობა მოვალეთ სთვლის თავის თავს განაცხადოს საჯაროთ, რომ მისი მიზანი არაა სხვისი ნაციონალური უფლებების ფეხქვეშ გათელვით და დაპყრობითი პოლიტიკის წარმოებით მოიპოვოს ბატონობა; პირიქით, რუსეთის მიზანია საპატიო ზავი ყველა ხალხების თვითგამორკვევის უფლებების ნიადაგზე აგებული. რუსეთი არ მიილტვის სხვისი შევიწროება-დამონებისაკენ, მაგრამ არც იმას დაუშვებს, რომ დღევანდელი ომიდან გამოვიდეს ღირსება-დაკარგული და დამცირებული. სწორეთ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებანი და დებულებანი დაედება საფუძვლათ ჩვენს საგარეო მოქმედებას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილსა და მასთან მის თავდაცვის უფლებას. სახელმწიფოს დახმარება ეჭირვება და სწორეთ ყოველივე ძალა და ღონე ქვეყნის სახსნელათ უნდა იყოს მიმართული. ხალხის ერთსულოვნური აღფრთოვანება და არა სულიერი დაქანცვა, აი რით უნდა გვიპასუხოს რუსეთის ხალხმა, რომელიც სწორეთ დღვანდელ საბედისწერო მომენტში ვალდებულია თავისი ძალღონე, მოპოვებული თვისუფლება ხალხის გასამაგრებლათ და მის საკეთილდღეოთ მოიხმაროს. დროებითი მთავრობაც თვისი მხრით ფიცსა სდებს, რომ ერთგულად ემსახურება ხალხსა და დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ხალხის დახმარებით შესძლებს ის თავისი მოვალეობის პირნათლათ შესრულებას.

წყარო: გაზეთი „ერთობა“ 1917 წელი. მარტი.

ამიერ-კავკასიის კომისარიატის მოწოდება კავკასიის ფრონტის ჯარებისადმი

ამხანაგებო! პეტროგრადში მომხდარმა ამბოხებამ გაიმარჯვა დროებით მთავრობაზე და და სახლხო კომისრების მთავრობა შექმნა. ფაქტიურად რუსეთის სახელმწიფო უმთავრობოდ დარჩა. სახალხო კომისრების საბჭო განსაკუთრებით ბოლშევიკების წარმომადგენელთაგან შესდგება. მეთურად ლენინი და ტროცკი უდგანან. რუსეთი მათ მთავრობას არ სცნობს. არც თუ უცხო სახელმწიფოებმა იცნეს მათი მთავრობა.

ცენტრალ მთვრობის უქონლობამ ცნობების შეწყვეტამ მძიმე გავლენა დააჩნია განსაკუთრებით ამიერკავკასიის მხარეს. სხნასა და შველას ითხოვენ კავკასიის მცხოვრებნი და ლაშქარი. მათ სურთ თავიდან აიცილონ ფინანსური განადგურება, ცარცვა და გლეჯა და ანარქია. აი ამ სურვილმა უკარნახა დემოკრატიისა და ამიერ კავკასიის ერთა სხვა და სხვა ორგანოებს მთავრობის თავიანთი ხელში აღება. ამ მიზნით შესდგა ამიერკავკასიის კომისარიატი. რომელშიაც შედიან ამიერ კავკასიის ერთა და რევოლუციურ პარტიების წარმომადგენლები.

იგი პასუხისმგებელია ცენტრალ რევოლუციურ ორგანოების წინაშე. ეს მთავრობა, კომისარიატი, შედგენილია დროებით, დამფუძნებელ კრების მოწვევამდე ანდა ვიდრე რუსეთის რესპუბლიკაში ისეთი ცენტრალ მთავრობა დაარსდება, რომელსაც ყველანი მიიღებენ.

ამხანაგებო! ამიერ კავკასიის კომისარიატი მუდამ კავშირს იქონიებს საერთოდ რუსეთთან და ისე იმოქმედებს, იგი გამოხატავს ხალხისა და მასის ნდობას. კომისარიატს სწამს, რომ რევოლუციური ჯარები ყურს არ მიაპყრობენ რევოლუციისა და ხალხის უფლებათა შეგნებულ თუ შეუგნებელ მტრების მიერ გავრცელებულ პროვოკაციას და მხარს დაუჭერენ კომისარიატს. ამით ისინი დაეხმარებიან წესიერების დაცვაში და ამიერ კავკასიას ფინანსურ განადგურებიდან იხსნიან.

გახსომდეთ ამხანაგებო, რომ თქვენს შეგნებაზეა დამყარებული ბედი ჩვენის დიდი რევოლუციისა და მთელ სამშობლოსი.

ამიერ კავკასიის კომისარიატი.

წყარო: გაზ. „საქართველო“ 1917 წ. გიორგობისთვის 23