ამიერიკავკასიის რესპუბლიკა

VeshapeliGrigoli

გრიგოლ ვეშაპელი

გაუთავებელ ომით გაბრაზებულ ჯარის აჯანყებამ დაანგრია რუსეთის იმპერია. რუსეთი იმდენ სახელმწიფოდვე დაიყო, რამდენი სახელწოდებაც ჰქონდათ რუსთა ძველ მეფეებს… შავ-ზღვიანი უკრაინისა და ჩრდილო-კავკასიან ყაზახ-მთიელთა კავშირის „რესპუბლიკებმა“ მოსჭრეს ჩვენი ქვეყანა პეტროგრადსა და მოსკოვს. თვით ყაზახთ მხარე პურის ბეღელია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ მილიონიან რუსის ჯარისათვის, კავკასიის ფრონტზე რომ სდგას. პურის საყიდლად ფულია საჭირო, თუნდაც ქაღალდის… თბილისის ბანკებში ფული გამოლევაზეა, ახალს კი ბოლშევიკების სამინისტრო არ მოგვცემს, თვითონაც რომ არ აკლდეს… ამიტომ აუცილებელი გახდა კავკასიონის ქედის აქეთ ისეთი მთავრობის შედგენა, რომელსაც ხალხისა და ჯარის გამოკვებისათვის და გარეშე და შინაური საფრთხეს თავიდან ასაცილებლად სათანადო სამხედრო, საფინანსო და პოლიტიკური ძალა ექნებოდა.

და აი, ასეთი მთავრობა უკვე დაარსეს იმ სათათბირო „პარლამენტიდან“, რომელიც შესდგა თბილისში რუს-ქართველ-სომეხთა და თათართა სოციალისტურ პარტიებისაგან… ამ პარლამენტმა უკვე აირჩია სამინისტრო „კომისარიატი“…

ამგვარად, დღეს საქართველო ამიერკავკასიის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. საით წაგვიყვანს ცხოვრება, წინ – საქართველოს რესპუბლიკისკენ, თუ უკან – რუსეთის პროვინციულ მართველობამდე – ეს უფრო საგარეო ძალთა განწყობილებაზეა დამოკიდებული, ვიდრე შინაურ ეროვნულ ძალთა განვითარებაზე, რომლის პირველი თავმდებია 19 გიორგობისთვისათვის მოწვეული ეროვნული ყრილობა. თავადაზნაურობის ქონების მემკვიდრეობასთან ერთად ამ კრებას ჰხვდება წილად საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური შენობის საძირკველის ჩაყრა. თვით სოციალ-დემოკრატების გაზეთი „ერთობა“ გვამცნობს, რომ ეროვნულ კრების საქმეა „ისეთი პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს თვითმართველობის განხორციელებას შესაძლებლად გახდისო“…

ამგვარად 19 გიორგობისთვის კრება დამფუძნებელი კრების მაგივრობას გასწევს საქართველოსათვის.

ამიერ კავკასიის რეპუბლიკის მეთაურ მთავრობას დიდი საკითხები აქვს გასარკვევი, როგორც საგარეო, დიპლომატიური, ისე საშინაო, სოციალურ-პოლიტიკური.

შავი ზღვის ფლოტი შავი ზღვის პირის და კავკასიის პოლიტიკურ გაერთიანებას ჰფიქრობს, უკრაინის ცენტრალ რადის კომისარი ისეთი საერთშორისო კავშირის შედგენას ჰფიქროს ტფილისში, რომელიც კიევის განკარგულებათ აღმასრულებელი იქნება… ყაზახ-მთიელთ კავშირი სოხუმს იერთებს… ადერბეიჯანი ბათომისკენ იწევს… საქართველოს ისეთი რკალი ერტყმება გარშემო, რომ ზღვისკენ გასავალ კარების საკითხი იბადება… საშინაო ცხოვრება ირევა…. სოციალისტები, მარტო ბოლშევიკები კი არა, სხვებიც დიდ სოციალურ რეფორმების გახორციელებას აპირებენ, განსაკუთრებით მიწის საკითხის გადასაჭრელად… საქართველოს ასეთ დროს არ შეუძლია თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის საჭე ამიერკავკასიის კომისარიატს და კომიტეტს მიანდოს… იმ კომისარიატს, რომელშიც მარტო სოციალისტური პარტიებია წარმოადგენილი….

თუ ავტონომიური კომისარიატები აუცილებელი გახდა ამიერ-კავკასიისათვის, აუცილებელია საქართველოს კომისარიატიც…

გ. ვეშაპელი

გაზ. “საქართველო“ 1917 წ. გიორგობისთვის 16

დავით ნიჟარაძის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

daviT niJaradze

დავით ნიჟარაძე

მამულიშვილნო!

მეტად და მეტად ბედნიერი ვარ, რომ მეც წილად მხვდა მივესალმო ამ ტრიბუნიდან ამ სანატრელ პირველ საქართველოს ეროვნულ კრებას. სრულებით  მეტად მიმაჩია კვლავ განვიმეორო და გაგახსენოთ ისტორიული ღვაწლი ქართველ თავად-აზნაურობისა თავის სამშობლოს და ქართველ ერის წინაშე, რადგან ყოველივე ამას შეეხო და განმარტა კონსტანტინე აფხაზმა. კარგი იყო იგი თუ ავი ერთგვარად უწევდა სამსახურს როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობა ისე დასავლეთ საქართველოსა რამდენიმე საუკუნოების განმავლობაში და თვით რუსეთთან შეერთების შემდეგაც, რამდენადაც ეს მათ შეეძლოთ იმ ფარგლებში მომწყვდეულსთ, რომლებშიაც იგი ორმოცდა-ათ წლებიდან რუსის მთვრობამ ჩააყენა კანონების მეცხრე ტომის ზეგავლენის ქვეშ.

დასავლეთ საქართველოს აზნაურობამც რვა ამა გიორგობისთვეს ისეთივე დადგენილება გამოიტანა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობამ. მან თავის მემკვიდრედ აღიარა სრულიად ქართველი ერი. თუმცა დასავლეთ საქართველოს აზნაურობას, ისეთი სიმდიდრე არა ჰქონია, როგორიც ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობას, მაგრამ მან თავისი მწვლილი ერთათ ამ უკანასკნელთან გადასცა ერს.

დადგენილება აზნაურობის კრებისა ამის შესახებ მე უკვე ვახელი თბილისის აზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს და ვსთხოვე ერთად აღმოსავლეთ აზნაურობის კრებას დადგენილებასთან ერთად გარდასცეს იგი კუთვნილებისამებრ. დასავლეთ საქართველოს აზნაურობისაგან ერზედ გარდაცემულ მამულებს შეიცავენ: ქართული გიმნაზია თავის შენობებით, სენაკის სკოლა თავის შენობებით, აზნაურობის ბანკი, რომელიც ერთსა და იმავე დროს არის დაარსებული, როგორც თფილისის აზნაურობის ბანკი და ერთი და იგივე წესდება აქვთ.

შემდეგ ერთსულოვნებისა და სოლიდარობისა, ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელნიც ამ სანატრელს ეროვნულ კრებაზე გამოირკვა ცოტა გამონაკლისით, მე სულით და გულით აღფრთოვანებული ვბრუნდები დასავლეთ საქართველოში და ვახარებ მას, რომ საქართველო აღსდგა! ქართველი ერი ხელი ხელ ჩაკიდებული ერთ-სულოვნად და ერთგულოვნად განურჩევლად პოლიტიკურ მიმართულებისა, დადგა საქართველოს თვისუფლების დროშის ქვეშ და იგი ამ დროშის ქვეშ დაუყოვნებლივ განახორციელებს დიდი ხნის თავის იდეალებს, თავის დიდებულ ისტორიას სავსებით აღდგენისას, მაშ გაუმარჯოს ქართველ ერს (ტაში).

წყარო: გაზ. „საქართველო“ 1917 წ. გიორგობისთვე.

კონსტანტინე აფხაზის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

kote afxazi

კონსტანტინე აფხაზი

მე წამოვსდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად აზნაურების დავალებით, რათა გაუწყოთ თავად აზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობისთვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავად-აზნაურების ქონების ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი.

ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობითი დატოვებული, არამედ იყო, თავად-აზნაურობის მიერ შეძენილი ამ ორმოცდა ათი წლის განმავლობაში. თავად-აზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ. ამის გარდა სამოქალაქო ასპარეზზედაც მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ. (ტაში).

თავად-აზნაურობა შეურიგებელი მტერი იყო რუსეთის ძალმომრეობისა. მთიულეთის, კახეთის და იმერეთის ამბოხებაში თავად-აზნაურობამ მიიღო მეთაურობა და ხელმძღვანელობა. მაგრამ ამ ამბოხებებმა ჩვენი უნუგეშო მდგომარეობა ვერ შეცვალა. საქართველო ვერ იხსნა რუსეთის კლანჭებისაგან. ალბად რუსეთი ძლით უნდა გაბატონებულიყო ჩენში. რუსეთმა საქართველოს ტერიტორია ერთნაირ საშუალებად გაიხადა თავისი დაპყრობითი პოლიტიკისათვის. ქართველი ერი ერთად-ერთი ერი იყო, რომელსაც შეეძლო წარსული მოეგონებია და რუსეთის დაპყრობითი გეგმები დაეშალა. ამ გარემოებამ რუსის წრეში შიში დაჰბადა, რაც ქართველთა შევიწროებაში გამოიხატა. ყველა ამათ მოჰყვა რუსეთის ადმინისტრაციის გაძლიერება ჩვენში, რასაც დაერთო უცხოელთა კოლონიზაცია და უცხო კაპიტალის შემოჭრა ჩვენში. ამან კი ქართველი ერის დაჩოქება და დაუძლურება გამოიწვია. ქართველობა თანდათან იდევნებოდა, ქართული სული თანდათან ჰქრებოდა. ქართველმა თავად აზნაურობამ ხელი მიჰყო კოლექტიურ ქონების შეძენას, და მოკლე ხანში პატრონი გახდა იმ ქონებისა, რომელიც მან დღეს ქართველ ერს უანდერძა.

წყარო: გაზ. „საქართველო“ 1917 წ, გიორგობისთვე.

გუჯარი სრულიად საქართველოჲს კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II-სა საქართველოჲს ეროვნულ ყრილობის მიმართ

kirion II

კირიონ II

„მშვიდობა თქვენდა და კურთხევა, რჩეულნო ივერიისანო! ძალამიხდილი, ჭადარამოსილი მამათმთავარი ებრაელთ იაკობ ქვეყანასა უცხოსი ეგვიპტისასა მოუწოდებდა ძეთა თვისათა ათორმეტთა და ეტყოდა: „შემოკრბით ჩემდა, რათ მიგითხრა რაჲ შეგემთხვევის თქვენ უკანასკნელსა დღესა, შემოიკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაელისა, მამისა თქვენისა“ (შესაქ. 49,1-2). ასულნო და ძენო აწ წარტყვენვილისა და ძალამიხდილისა მცხოვანისა საქართველჲსანო! შემოიკერბით ჩემდა, მამათმთავარისა თქვენისა, და ყური მიაპყარით სიტყვათა ჩემთა.

ოდეს ერი ქართველთაჲ გარემოიცვა შურმან, მტრობამან და ურთიერთას გაუგებრობამან, ოდეს იგი დაადგა გზასა დანაწილებისა და დაწვლილებისასა, – შესუსტდა შემოქმედობითი ნიჭი მისი, შეირყა სიმხნე სულისა მისისა, დაკნინდა შინაგანი ცხოვრება მისი, დაეცა სახელმწიფოებრივი ძალა ანმან, მუხლი მოიდრიკა წინაშე უცხოთესლისა, რომელმან, თქმულისაებრ წერილისა, „ძენი თქვენნი წარიყვანა და ცხენთა ზედა აღახნა ასულნი თქვენნი აღიხვნა და მზარეულ ქმნა; აგარაკანი თქვენნი და ვენახნი, ზეთის ხილნი თქვენნი და კეთილნი მოგიღოთ; თესლი თქვენნი და ღვინო განგიათეულნა და გყო თვენ მისდა მონად“. (მეფ. 1, VII, 11-17). „რაოდენგზის ინება“ დედამან-მშობელმან „შეკრება თქვენი, ვითარსახეთ შეიკრიბნის მფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, გარნა არა ინებეთ ესე“ (მათ. 23,27) და არცა „უფალმან“ თქვენმან ნებავცა ამისი. და დღეს, ოდეს ვხედავ კრებულსა რჩეულთასა დიდსაწადელსა, წინასწარმეტყველებრ ვღაღდებ: „აჰა, ესერა რაჲმე კეთილ ანუ რაჲმე შვენიერ, არამედ დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად” (ფსალ. 132,1). ხელთა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელი ამპყრობელ მისი. ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოისა, სანაპიროთა თვისთაგან გადმოხეთქილი, და წარღვნასა უქადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა. და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღის ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არს იმისა, ვითარმედ “აღდგებიან მკვდარნი” (ის.26,19), საქართველო განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!

აჩრდილნი დიდებულთა ჩვენთა წინაპართანი, ვედრებანი ახლად აღდგენილ ივერიის ეკლესიისანი და კურთხევა ჩემის უღირსობისაჲ გფარავდეს და წარგიძღოდეს თქვენ გზასა მას მოღვაწებისა თქვენისასა”.

მდაბალი კირიონმეორე, მთვარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი.

ქ. თბილისი

19 ნოემბერი 1917 წ.

წყარო: გაზ. „საქართველო“ 1917 წლის გიორგობისთვე

ვასილ წერეთელი საქართველოს ეროვნული ყრილობის შესახებ

vasil wereteli19 ნოემბერი 1917 წლ. ამიერიდან ქართველი ერის სადღესასწაულო დღედ იქნება.

ერთი საუკუნის განმავლობაში ქართველი ერი, როგორც პოლიტიკური ორგანიზმი, აღარ იყო: მას აღარა ჰყავდა საკუთარი მთავრობა, იგი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა და, მაშასადამე, მონობის ჯაჭვით იყო შებორკილი, მონობის მძიმე უღელს ქვეშ ჰგმინავდა.

მაგრამ რუსეთის დიდმა რევოლუციამ ერთა თვისუფლების ზარი ჩამოჰკრა და საზარელი ბნელეთი ბრწყინვალე განთიადით შესცვალა.

იწყება ახალი ისტორიული ხანა, როდესაც არ იქნებიან არცა მპყრობელნი და არცა პყრობილნი, არცა ბატონნი და არცა მონანი.

ეს – ისტორიული კანონია, ე.ი. კაცობრიობის განათლებისა და კულტურის უზენაესი განვითარების შედეგია.

ერთი მხრით ტეხნიკის უმწვერვალესი განვითარება და მეორე მხრით ხალხის შეგნება შეუძლებელ ჰყოფენ რომელისამე ერის სხვა ერებზე ბატონობას.

ინგრევა პრინციპი დაპყრობისა, იმპერიალიზმისა, და მის ნანგრევებზე ახალი სოციალურ-ეროვნული შენობანი შენდებიან.

მაგრამ ცხადია, რომ თვითეულმა ერმა საკუთრი თავისუფლება თვითონვე უნდა შექმნას, თვისი შენობა საკუთარი ხელითვე უნდა ააგოს.

და 19 ნოემბერს 1917 წ. ქართველმა ერმა თავისი ეროვნული ყრილობის ხელით თავის პოლიტიკურ თავისუფლებას საფუძველი ჩაუყარა, რომელზედაც უეჭველია, სულ მალე შვენიერს პოლიტიკურ შენობას ააშენებს.

ქართველ ერს ეყოლება მოთავე რომელმაც მისი პოლიტიკური და ეკონომიური ცხოვრება უნდა მოაწყოს და მეზობელსა და შორეულ ერებსა და სახელმწიფოებს ქართველ ერის სახელით უნდა ელეპარაკოს.

აქ ქართველ ერს ეყოლება მისი პოლიტიკური ნების გამომთქმელი და წარმომადგენელი ორგანო – ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული ეროვნული საბჭო.

საქართველოს შვილნო! იცოდეთ, რომ საქართველოს ეროვნული საბჭო – საქართველოს უზენაესი პოლიტიკური თავია, რომლის ნებაც უნდა აასრულოს საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა მამულიშვილმა განურჩევლად ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა.

საქართველოს შვილნო! მომილოცავს საქართველოს პოლიტიკურად მკვდრეთით აღდგენა!

ვასილ წერეთელი

 

წყარო: გაზ. საქართველო 1927 წლის გიორგობისთვის 21 გვ.2

აკაკი ჩხენკელის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის 19 ნოემბერს.

akaki chxenkeli

აკაკი ჩხენკელი

მოქალაქენო! მე ბედად მხვდა პირველს საქართველოს, ეროვნულს ყრილობას მოვახსენო საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს საახელით მხურვალე სიტყვა მილოცვისა და სიხარულისა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ან რატომ არ უნდა გვიხაროდეს, როცა ვხედავთ ამ საქართველოს სხვა და სხვა კუთხიდან თავმოყრილ პოლიტიკურ ორგანიზაციათ და საზოგადო დაწესებულებათა წარმომადგენლებს. მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, ეს პირველი ეროვნული ყრილობაა ჩვენის ხალხისა. დღევანდელი დღე – 19 ნოემბერი – არის დატა, რომელიც არ ამოიფხვრება ჩვენი ხსოვნიდან. მართალია, დღევანდელს ყრილობას ვერ დავუძახებთ საქართველოს ნამდვილ სახეს, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ ყრილობაზე წარმოგზავნილი არიან ყველა საკულტო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა დელეგატები, რომ აქ არიან ჩვეენი დაბა-ქალაქების ნორჩ დემოკრატიის და მის აღმასრულებელ კომიტეტთა წარმომადგენლები, რომ აქვე მონაწილეობენ საპროფესიო კავშირების და მუშათა და ჯარისკაცთა სარევოლუციო ორგანიზაციების რწმუნებულები, თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ასეთი შემადგენლობის ყრილობა უეჭველად გამოსთქვამს ქართველი ერის ნამდვილს გულის თქმას და ზრახვას.

აქვე არიან სტუმრები და ნება მომეცით, თქვენი სახელით მივესალმო მათ, ჩვენ სტუმრებს, პირველ ყოვლისა, ამიერ კავკასიის კომისარიატს, რომელიც სრული შემადგენლობით აქ იმყოფება (ისმის ტაში).

მივესალმები აგრეთვე ამიერკავკასიის რევოლუციონურ ცენტრის დელეგატებს (ტაში). აქვე არიან უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი: ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის, სპარსეთის და იტალიისა. ნება მომეცით თქვენი სახელით მათ მივესალმო (დიდი ტაში). აქვეა კავკასიის ფრონტის სარდალი პრჟევალსკი (ტაში, პაუზა). მე ვიტყოდი თქვენს მაგიერ: გაუმარჯოს რუსეთის დიდ რევოლუციას! (ხმები: გაუმარჯოს! ტაში). გაუმარჯოს აგრეთვე ყველა ერთა და სახელმწიფოთა სამართლიანს დემოკრატიულ ზავს! (ხმები: გაუმარჯოს! ტაში).  აქვე არიან, მოქალაქენო, ჩვენ ძვირფას  მეზობელ ერების წარმომადგენლები! სპარსეთის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, აფხაზეთის, ებრაელების, სომხების, თათრების, ლიტვის (ტაში). გაუმარჯოს ერთა სოლიდარობას! (მხურვალე ტაში).

მოქალაქენო! დღეს ჩვენ ფრიად საბედისწერო და საპასუხისმგებლო მომენტს გავნიცდით. მთელი რუსეთი ომის ქარცეცხლითაა მოცული. მრავალი საკითხი უძევს მას წინ გადასაწყვეტად. დღიურ წესრიგშია დასმული რუსეთის სხვა და სხვა ერთა ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ჩვენ ფეხზე წამოდგომით პატივს ვცემთ ამ უთვალავ მსხვერპლს, ამ ომმა რომ შეიწირა, პატივს ვცემთ იმ გმირებს, რომელთა სისხლით და სიკვდილით მოვიპოვეთ დღევანდელი ბედნიერება და თავისუფლება, მუხლს ვიდრეკთ ჩვენ გმირ ძმათა უთვალავ საფლავების წინაშე. ისინი იბრძოდნენ მთლიანობისთვის. გაუმარჯოს რუსეთის დემოკრატიის ერთ მთლიანს ფრონტს! (ტაში)

მოქალაქენო, ჩვენ ამიერ-კავკასიის ერებს. შეგვიძლიან თავი მოვიწონოთ იმ როლით, რომელიც მივიღეთ და დღესაც ვიღებთ რუსეთის რევოლუციაში. და დღეს, როცა რუსეთს არა ჰყავს ერთი ცენტრალური მთავრობა, ჩვენ მაინც ვიტყვით იმას, რაც გვითქვამს: გაუმარჯოს რუსეთის მთლიან დემოკრატიულ რესპუბლიკას!

ის ძლიერი ტალღაა, რომელიც 25 ოქტომბერს გადმოსროლილია ცენტრიდან და პერიფერიებს დაღუპვას გვიქადის, გვიკარნახებს დაღუპვის ასაცდენათ სწორედ ამ პერიფერიების გამაგრებას. ჩრდილო-კავკასიაში უკვე გაჩნდნენ ეროვნულ-პოლიტიკური ერთეულები, რომელნიც ლამობენ თავის საკუთრი ძალ-ღონით საკუთრ საქმეების გაძღოლას. მაშ, აუცილებელია ჩვენთვის ეს გზა და კავშირი ერებს შორის, საჭიროა ერთი პირით შევიკრათ, ერთად ვიაროთ საფრთხის თავიდან ასაცდენად. ამიერ კავკასიის კომისარიატი ვერ შეძლებს თვის დანიშნულების შესრულებას, თუ იგი არ დაემყარა ამიერ-კავკასიის ერთა ძალას, ერთა სოლიდარობას.

მე დიდი სიამოვნებით წავიკითხე მოწოდება – დეკლარაცია კომისარიატისა ამიერკავკასიის ერებისადმი. ის ადგილი დეკლარაციისა, რომელიც ეხება ეროვნულ საკითხს, მეტად დამაკმაყოფილებელია. ყველა ერი ამის ძლით წარუდგენს თავის მოსაზრებებს იმისას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს და მოეწყოს მათი ბედი და იღბალი.

თუ, ვინცობაა, დამფუძნებელი კრება არ შესდგა, ჩვენ ვირჩევთ დეპუტატებს, რომელნიც ჩვენ ბედს ისე გადასწყვეტენ, როგორც ჩვენ მოვისურვებთ და დავავალებთ. ყოველ ერს უნდა ჰქონდეს რევოლუციურ-დემოკრატიული პრინციპი, ხოლო ასეთი პრინციპი ერთა თვითგამორკვევა, რომელიც უნდა განახორციელოს ყველა ერმა სხვა ერთა დახმარებით.

თქვენ კარგად იცით, მოქალაქენო, თუ რას ჰგულისხმობს ეს პრინციპი და როგორ უნდა გადაწყდეს ჩვენში ეს საკითხი. ეს არის ეროვნულ-პოლიტიკური თვითმართველობა საკუთარის კანონმდებლობით და (ძლიერი ტაში) და მმართველობით, ამ საგანზე შემდეგ ყრილობას წარმოედგინება ცალკე მოხსენება ამხ. ნ. ჟორდანიას მხრივ.

მეორე საკითხი, ამ ყრილობაზე გამოსარკვევ-გადასაწყვეტი, შემდეგია: მისაღები გვაქვს ქართველ თავად-აზნაურობისაგან მამული, რაც საისტორიო მოვლენაა მთელ რუსეთში (ტაში მარჯვენა ფრთაში). რუსეთის თავად-აზნაურთა შორის ქართველმა თავადაზნაურობამ პირველი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, თუ ღრმათ დავაკვირდებით ამ მოვლენას, დავინახავთ, რომ ეს მიეწერება ქართველი ერის სიძლიერეს, მის დემოკრატიის მნიშვნელობას და გავლენას. ქართველი ერი და დემოკრატია არის ერთი ძლიერი ფაქტორი, რომლის წინაშე თავად-აზნაურობას ქუდი უნდა მოეხარა (ტაში). დღეს-დღეობით, უკუღმართ პირობების წყალობით, ქართველ ერს, როგორც ასეთს, არა აქვს საკუთრება. საკუთრება აქვს მარტო წოდებას, შემდეგსი მას ქონება უეჭველად ექნება და ის მამული, დღეს რომ გადმოდის ქართველ თავად-აზნაურთაგან, იქნება პირველი ფონდი ქართულ ეროვნულ ქონებისა.

გამოქვეყნებულ დეკლარაციის ძალით ჩვენ ველით, რომ დაუყოვნებლივ შემოღებულ იქნას ერობა, მოხდეს სასამართლოს სრული რეორგანიზაცია მისი ნაციონალიზაციის სახით, შემოიღება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ველით აგრეთვე სკოლის ნაციონალიზაციას.

მაგრამ რომ ყველა ამ ხსენებულ საკითხებს რიგიანათ გაუძღვეს ქართველი ერი, საჭიროა, ეროვნულმა ყრილობამ აირჩიოს ორგანო, რომელიც დაიჭერს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ადგილს და ერთის მხრივ გაუძღვება, უპატრონებს მიღებულ ქონებას, ხოლო მეორეს მხრივ, ფხიზლათ მოეპყრობა ყველა იმას, რასაც წარმოშობს დრო და გარემოება.

ეს ყროლობა ერთი არ იქნება, ამ ყრილობას უნდა მოჰყვეს საქართველოს დამფუძნებელი კრება (ტაში).

საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს სახელით გაგზავნილი იყო ქ. პეტროგრადს მომხდარ დემოკრატიულ თათბირზე საგანგებო წარმომადგენელი, რომელიც თათბირს მიესალმა და რომელმაც გამოუცხადა მას ქართველი ერის გულისხმიერება.

საბჭოს შექმნაში, ჩვენს ეროვნულ თვითგამორკვევის დაჩქარებაში დიდი როლი უძევს ქართველ ჯარის სარდალს სტეფანე ახმეტელაშვილს! (ტაში) ამ ჯარის საქმეა დაცვა, რევოლუციის დროს მოპოვებულ თავისუფლებათა დაცვა ერთა შორის სოლიდარობისას და სხვა.

ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მიმოსვლა სხვა მეზობელ ერებთან. ჩვენ გავგზავნეთ წარმომადგენელი საბჭოსი აფხაზთა სიეზდზე (ყრილობაზე) დასასწრებლად და მისასალმებლად, აგრეთვე სამაჰმადიანო საქართველოში. აფხაზეთის  შესახებ ჩვენ ვიყავით და ვართ ერის თვითგამორკვევის პრინციპის მოზიარენი და ეროვნულ საკითხს ისე გადასწყვეტთ, როგორც ამას მოითხოვს მისი არსებითი ინტერესები. ასეთივე სიტყვები ეთქვა ჩვენს მოძმე მაჰმადიან ქართველებს. ჭირი და ვარამი მათ რომ გადაიტანეს, აუტანელია და ნება მომეცით, თქვენს მაგიერ და თქვენის სახელით მივესალმოთ: ვაშა აფხაზეთს; ვაშა აჭარას!

მოქალაქენო! ჩვენ უნდა შევუდგეთ ჩვენს წმინდა საქმეს. საჭიროა ამისთვის ვიქონიოთ მხედველობაში ჩვენი წარსული და აწინდელი საარსებო ინტერესები. იყო თქმული ხშირად, რომ ქართველი ერის ბედი რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს ნამდვილია, მაგრამ ქართველი ერის ბედ-იღბალის გამომჭედი არის მისი დემოკრატია (ტაში). ქართველი ერის სიწმინდის დაცვისთვის ბრძოლას, აქამდე სოციალურ ნიადაგზე რომ ვაწარმოებდით, დაუმატოთ ეროვნულ ნიადაგზე ბრძოლა. აქ განსვენებულმა ბებელმა სთქვა: ვინ არის ერი? ვინ არის ნაცია? ჩვენა ვართ ნაცია, დემოკრატიაო და ჩვენც შეგვიძლიან ვსთქვათ თამამად, რომ დემოკრატია არის სასიქადულო მემკვიდრე ერისა.

საქართველოს ეროვნულ ყრილობას ვაცხადებ გახსნილად.

წყარო: გაზ „ერთობა“,1917 წლის 23 ნოემბერი, №60, გვ.1.