წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გომართელი ივანე გედევანის ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 1876 წელს, სოფელ გორისა, შორაპნის მაზრა. მამაჩემი გედევანი იმერეთის კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა.

ჩემი ისტორიკოსები – დედაჩემი და მამიდაჩემი – ჩემი დაბადების დღის შესახებ ერთიმეორეს არ უთანხმებენ. უფრო კი შვიდ მაისს უნდა დავბადებულიყავი.

ჯერ ვსწავლობდი თფილისის სააზნაურო სასწავლებელში, შემდეგ თფილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ გავათავე მოსკოვის უნივერსიტეტი 1899 წელს. მას აქეთ ვარ ექიმი.

ვცხოვრობ თფილისში ანასტასიას ქუჩაზე № 21. 1907 მდინ კი ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც ძველმა მთავრობამ აღარ დამაყენა.

ჩემი რწმენით 1897 წლიდან სოციალ-დემოკრატი ვარ. 1905 წლიდანვე ამხანაგებს ვარკვევდი ეროვნულ საკითხში, მაგრამ დღეს ცხოვრებამ ისევ შეგვარიგა, რადგანაც საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკაა.

ჩემი რწმენისათვის ციხეში ბევრჯერ ჩამაჯინა ცხონებულმა ძველმა მთავრობამ: 1907 წელს, 1908-ს; 1910-1911 მთელი წელიწადი ვიჯექი მეტეხის ციხეში.

ერთი ნაკლი მაქვს: წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავათმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის.

ივ. გომართელი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი