ამიერიკავკასიის რესპუბლიკა

VeshapeliGrigoli

გრიგოლ ვეშაპელი

გაუთავებელ ომით გაბრაზებულ ჯარის აჯანყებამ დაანგრია რუსეთის იმპერია. რუსეთი იმდენ სახელმწიფოდვე დაიყო, რამდენი სახელწოდებაც ჰქონდათ რუსთა ძველ მეფეებს… შავ-ზღვიანი უკრაინისა და ჩრდილო-კავკასიან ყაზახ-მთიელთა კავშირის „რესპუბლიკებმა“ მოსჭრეს ჩვენი ქვეყანა პეტროგრადსა და მოსკოვს. თვით ყაზახთ მხარე პურის ბეღელია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ მილიონიან რუსის ჯარისათვის, კავკასიის ფრონტზე რომ სდგას. პურის საყიდლად ფულია საჭირო, თუნდაც ქაღალდის… თბილისის ბანკებში ფული გამოლევაზეა, ახალს კი ბოლშევიკების სამინისტრო არ მოგვცემს, თვითონაც რომ არ აკლდეს… ამიტომ აუცილებელი გახდა კავკასიონის ქედის აქეთ ისეთი მთავრობის შედგენა, რომელსაც ხალხისა და ჯარის გამოკვებისათვის და გარეშე და შინაური საფრთხეს თავიდან ასაცილებლად სათანადო სამხედრო, საფინანსო და პოლიტიკური ძალა ექნებოდა.

და აი, ასეთი მთავრობა უკვე დაარსეს იმ სათათბირო „პარლამენტიდან“, რომელიც შესდგა თბილისში რუს-ქართველ-სომეხთა და თათართა სოციალისტურ პარტიებისაგან… ამ პარლამენტმა უკვე აირჩია სამინისტრო „კომისარიატი“…

ამგვარად, დღეს საქართველო ამიერკავკასიის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. საით წაგვიყვანს ცხოვრება, წინ – საქართველოს რესპუბლიკისკენ, თუ უკან – რუსეთის პროვინციულ მართველობამდე – ეს უფრო საგარეო ძალთა განწყობილებაზეა დამოკიდებული, ვიდრე შინაურ ეროვნულ ძალთა განვითარებაზე, რომლის პირველი თავმდებია 19 გიორგობისთვისათვის მოწვეული ეროვნული ყრილობა. თავადაზნაურობის ქონების მემკვიდრეობასთან ერთად ამ კრებას ჰხვდება წილად საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური შენობის საძირკველის ჩაყრა. თვით სოციალ-დემოკრატების გაზეთი „ერთობა“ გვამცნობს, რომ ეროვნულ კრების საქმეა „ისეთი პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს თვითმართველობის განხორციელებას შესაძლებლად გახდისო“…

ამგვარად 19 გიორგობისთვის კრება დამფუძნებელი კრების მაგივრობას გასწევს საქართველოსათვის.

ამიერ კავკასიის რეპუბლიკის მეთაურ მთავრობას დიდი საკითხები აქვს გასარკვევი, როგორც საგარეო, დიპლომატიური, ისე საშინაო, სოციალურ-პოლიტიკური.

შავი ზღვის ფლოტი შავი ზღვის პირის და კავკასიის პოლიტიკურ გაერთიანებას ჰფიქრობს, უკრაინის ცენტრალ რადის კომისარი ისეთი საერთშორისო კავშირის შედგენას ჰფიქროს ტფილისში, რომელიც კიევის განკარგულებათ აღმასრულებელი იქნება… ყაზახ-მთიელთ კავშირი სოხუმს იერთებს… ადერბეიჯანი ბათომისკენ იწევს… საქართველოს ისეთი რკალი ერტყმება გარშემო, რომ ზღვისკენ გასავალ კარების საკითხი იბადება… საშინაო ცხოვრება ირევა…. სოციალისტები, მარტო ბოლშევიკები კი არა, სხვებიც დიდ სოციალურ რეფორმების გახორციელებას აპირებენ, განსაკუთრებით მიწის საკითხის გადასაჭრელად… საქართველოს ასეთ დროს არ შეუძლია თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის საჭე ამიერკავკასიის კომისარიატს და კომიტეტს მიანდოს… იმ კომისარიატს, რომელშიც მარტო სოციალისტური პარტიებია წარმოადგენილი….

თუ ავტონომიური კომისარიატები აუცილებელი გახდა ამიერ-კავკასიისათვის, აუცილებელია საქართველოს კომისარიატიც…

გ. ვეშაპელი

გაზ. “საქართველო“ 1917 წ. გიორგობისთვის 16