დენი დიდრო

1483449_10202394526642104_1744206331_nდენი დიდრო – ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ხელოვნების კრიტიკოსი და მწერალი 1713 წლის 5 ოქტომბერს საფრანგეთში, ანგრში დაიბადა. განათლება იეზუიტურ კოლეჯში მიიღო. შემდგომ პარიზის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამართლით დაინტერესდა, მაგრამ მალე გადაწყვეტილება შეცვალა და წერა დაიწყო. ამ დროს ის ძირითადად მთარგმნელობითი საქმიანობით დაკავდა და არაერთი ინგლისურენოვანი ნაწარმოები თარგმნა ფრანგულ ენაზე.

1745 და 1747 წლებში დიდრომ გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ესსები დმსახურებასა და ღირსებაზე, ფილოსფიური აზრები და სხვ. ნაშრომები ერთდროულად ქრისტიანულ და ათეისტურ ხასიათს ატარებდა. დიდრო მორალური პრინციპებისა და რელიგიის ორგანული კავშირების შესახებ არსებული თეზისების მწვავე კრიტიკით გამოვიდა. უარყო კავშირი რელიგიასა და ზნეობას შორის. ზნეობრივ პრინციპებს ის ადამიანის ბუნებაში ეძებს და ასკეტიზმის წინააღმდეგ გამოდის. ამ პეიროდის ნაშორმებში დიდრო დეისტურ მსოფლმხედველობას ემხრობა. შესამჩნევია ბენედიქტე სპინოზასთვის დამახასიათებელი პანთეისტური მიდგომები. დროთა განმავლობაში დიდრო მატერიალიზმისა და ათეიზმისკენ იხრება. მონტენისა და ბეილის მსგავსად, სკეპტიცისტური იდეების თანახმად, ზებუნებრივის კრიტიკას იწყებს და ამტკიცებს, რომ, ის, რაც არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ, ვერც ვერასდროს იქნება დამტკიცებული. პარიზის პარლამენტის დაგენილებით დიდროს ნაშრომები განადგურდა.

1749 წელს გამოცემული წერილები უსინათლოებზე, სადაც ჰობსის მატერიალისტური იდეები იყო გაზიარებული და ქრისტიანული მორალისა და რელიგური შეხედულებების უარყოფა და ათეისტური მსოფლმხედველობის დამკვიდრება მოხდა, დიდროს სამთვიანი პატიმრობის მიზეზი გახდა.

დიდროს უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა ფრანგულენოვანი მეცნიერებისა და ხელოვნების ენციკლოპედიის შექმნა. თავდაპირველად ენციკლოპედია ინგლისურენოვანი ენციკლოპედიის თარგმანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით მისი დამოუკიდებლად გამოცემა გადაწყდა.  1746 წელს, ანდრე ფრანსუა ლე ბრეტონმა და მისმა პარტნიორებმა ათტომიანი ენციკლოპედიის გამოცემის  უფლება მოიპოვეს. მთავარ შემდგენელად დენი დიდრო დასახელდა. ენციკლოპედიის მათემატიკურ ნაწილზე ჟან დალამბერი მუშაობდა. მის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ დიდი ფრგანგი განმანათლებლები: მოტესკიე, რუსო, ვოლტერი, ჰოლბახი. ათტომეულზე მუშაობა, რედაქტირება, მისი ხელახალი გამოცემა 25 წელი გაგრძელდა. დიდროს მიზანი მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ცოდნის მოგროვება და მისი თანამედროვეობისათვის გადაცემა, ადამიანის განათლების ხელშეწყობა იყო, რაც თავის მხრივ ფრანგული განმანათლებლობის მიზანსაც წარმოადგენდა. ენციკლოპედიის პირველი ტომი 1751 წელს გამოიცა. მეორე ტომის გამოცემის შემდეგ იეზუიტებმა და ანტაგონისტურად განწყობილმა მხარეებმა ენციკლოპედიის გამოცემა შეაჩერეს. დიდრო და ლე ბრეტონი მაინც განაგრძობდნენ ენციკლოპედიაზე მუშაობას. 1765 წელს გამოცემის გაგრძელებაზე ოფიციალური დასტური მიიღეს. 1775 წელს ათტომეულზე მუშაობა დასრულდა. ენციკლოპედია არამარტო საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში გაცრელდა და პოპულარული გახდა. 1789 წლისთვის მისი 25 000 ასლი იყო გავრცელებული.

კარიერის მანძილზე დენი დიდროს მსფოლმხედველობა კათოლიციზმიდან დეიზმზე ინაცვლებდა. დეიზმიდან – ათეიზმსა და ფილოსოფიურ მატერიალიზმზე. დიდროს აზრით ქრისტიანობა მორალურ ზიანს აყენებს თავის მიმდევრებს და წარმოადგენს საფრთხეს მათთვის, ვინც მას ჯერ არ იცნობს. დიდროს სწამდა, რომ კაცობრიობის მორალური გაუმჯობესება პირდაპირ აისახება ცივილიზაციის პროგრესში. იკვლევდა კავშირს ბიოლოგიასა და ადამიანის ბუნებას, კულტურასა და მორალს შორის. ეყრდნობოდა განმანათლებლობის მეცნიერულ მატერიალიზმს. თარგმნა ჯონ ლოკის რამდენიმე ნაშრომი და იზიარებდა მის მოსაზრებებს. განმანათლებლობა გასაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანს, როგორც ინდივიდს, უნიკალურ და ერთადერთ ქმნილებას. დიდრო აკრიტიკებდა ეკლესიას იმის გამო, რომ ის ყველასთვის აწესებდა თავის სტანდარტებს. მას სწამდა, რომ განათლებამ ახალგაზრდაში ცნობისმოყვარეობა და ინტერესი უნდა გააღვიძოს და არ იყოს მხოლოდ სტატიური, უმოქმედო ცოდნა.

დიდროს დრამატული ნაწარმოებები კლასიკური ფრანგული დრამის ნიმუშებია. („რამოს ძმისწული“, „მონაზონი“, „ჟაკ ფატალისტი“) მისი ბევრი ნაწარმოები აკრძალული იყო და მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გამოიცა.

დენი დიდრო პარიზში, 1784 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

ვოლტერი

volteri1ვოლტერი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსია განმანათლებლებს შორის. მისი ლანდი გასდევს მთელ მე-18 საუკუნეს. ფილოსოფოსი, დრამატურგი, პოეტი, ისტორიკოსი, შეუდარებელი პოლემისტი, ადამიანი, რომელიც განასახიერებს იმ ეპოქის „ფრანგულ სულს“. მისი მწერლური ნიჭი მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს: კომედია, ტრაგედია, პამფლეტი, ჟურნალისტიკა, ფილოსოფიური ზღაპრები, ისტორიული ნაშრომები, მჭევრმეტყველება, ლიტერატურული კრიტიკა. ვოლტერი იბრძოდა ადამიანთა უფლებების დაცვისთვის და რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ.

ვოლტერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა მარი არუე, დაიბადა 1694 წლის 21 ნოემბერს. მამა მეფის მრჩეველი და ნოტარიუსი იყო, დედა შვიდი წლისას გარდაეცვალა. ვოლტერი სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში ლუი-ლე-გრანში და ბრწყინვალე მოსწავლე იყო რიტორიკასა და ფილოსოფიაში; შემდეგ სწავლა განაგრძო იურიდიულ ფაკულტეტზე, პარიზში.

1717 წელს, ვოლტერს ბრალად დასდეს მეფე ფილიპ მესამის რეგენტის საწინააღმდეგო პამფლეტის დაწერა და დააპატიმრეს. ბასტილიაში, მან თავისი პირველი პიესა „ოიდიპოსი“ დაწერა. ამ პერიოდში აიღო ფსევდონიმი – ვოლტერი, რომელიც თავისი სახელის ანაგრამაა.

1726 წელს, ვოლტერი კვლავ გაგზავნეს ბასტილიაში შევალიე დე როანთან ჩხუბის გამო. ის იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ნებაყოფლობით გადასახლდებოდა ინგლისში. ვოლტერმა დატოვა საფრანგეთი. ინგლისში, მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა ისააკ ნიუტონის თეორიამ და ჯონ ლოკის ფილოსოფიამ. ის იმედოვნებდა საფრანგეთის საზოგადოების გარდაქმნას სოციალურ და სასამართლო დონეზე.

1729 წელს, ვოლტერი დაბრუნდა პარიზში, მაგრამ 1734 წელს იძულებული გახდა, კვლავ დაეტოვებინა დედაქალაქი „ფილოსოფიური წერილების“ გამოქვეყნების გამო ცენზურის ნებართვის გარეშე. „ფილოსოფიური წერილები“ კოცონზე დაწვეს, ავტორმა კი თავი ლოთარინგიას შეაფარა. ფილოსოფოსი დაინტერესებული იყო მეცნიერებითაც, იკვლევდა ცივილიზაციის კონცეფციას და შექმნა „ტრაქტატი მეტაფიზიკის შესახებ“, რომელიც მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. 1738 წელს გამოქვეყნდა მისი „ნიუტონის ელემენტების ფილოსოფია“, ხოლო 1739 წელს – „ლუი XIV-ის ეპოქა“.

1745 წლის აპრილში, ვოლტერი დანიშნეს საფრანგეთის ისტორიოგრაფად, 1746 წელს კი აირჩიეს საფრანგეთის აკადემიაში. 1759 წელს, მან დაასრულა თავისი ერთ-ერთი შედევრი „კანდიდი ანუ ოპტიმისტი“.

1778 წელს, ვოლტერი პარიზში დაბრუნდა. ბრძოლამ თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ, მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ვოლტერის ნაწარმოებები აკრიტიკებენ ომს, რელიგიურ შეუწყნარებლობას, პოლიტიკურ და სოციალურ უსამართლობას, რაც გამეფებული იყო მე-18 საუკუნეში.

ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წლის 30 მაისს. 1791 წლის 11 ივლისს, მისი ნეშტი გადაასვენეს პანთეონში. ვოლტერის სხვა მნიშვნელოვან ნაშრომებს შორისაა: „ზადიგი ანუ ბედისწერა“, „ფილოსოფიური ლექსიკონი“, „ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ“, „მიამიტი“, „ირენი“, „მიკრომეგასი“, „ჰენრიადა“, „ბრუტუსი“, „ზაირი“, „მაჰმუდი“, „მეროპე“, „ჩინელი ობოლი“, „ღმერთი და ხალხი“.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://www.linternaute.com/biographie/voltaire-1/biographie/

http://www.larousse.fr/encyclopedie/personnage/François_Marie_Arouet_dit_Voltaire/149270

ადამ სმიტი

smitiადამ სმიტი იყო შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი. მისი წიგნი „ერების სიმდიდრე“, რომელშიც ის დაწვრილებით აღწერს პოლიტიკური ეკონომიკის პირველ სისტემას, მიიჩნევა „კაპიტალიზმის ბიბლიად“.

ადამ სმიტი დაიბადა 1723 წელს, შოტლანდიის პატარა სოფელ კერკოლდიში. 14 წლის ასაკში სწავლა დაიწყო გლაზგოს უნივერსიტეტში, ხოლო 1740 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

1748 წლიდან, ადამ სმიტი საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგის უნივერსიტეტში, 1752 წელს კი გახდა მორალის ფილოსოფიის კათედრის გამგე გლაზგოს უნივერსიტეტში.

1759 წელს, ადამ სმიტმა გამოაქვეყნა „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“. 1764 წელს ის ბაკლიუს ჰერცოგის მასწავლებლად მიიწვიეს. შემდეგი ორი წლის განმავლობაში, ადამ სმიტი თავის მოსწავლესთან ერთად მოგზაურობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ამ მოგზაურობისას, მან გაიცნო თავისი თანამედროვე სახელგანთქმული მოაზროვნეები: ვოლტერი, ჟან-ჟაკ რუსო, და რობერ ჟაკ ტიურგო, ფრანსუა კენე, ბენჯამინ ფრანკლინი.

ადამ სმიტმა ჰერცოგის სამსახურისთვის მიიღო სამუდამო პენსია. ის გაემგზავრა მშობლიურ სოფელ კერკოლდიში, რათა დაეწერა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, რომელსაც შემოკლებულად უწოდებენ „ერების სიმდიდრეს“. წიგნი გამოქვეყნდა 1776 წელს და მიიჩნევა, რომ არის პოლიტიკური ეკონომიკისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი. „ერების სიმდიდრე“, კლასიკური ეკონომიკის ფუნდამენტური ნაშრომი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან წიგნს, რაც კი ოდესმე დაწერილა.

ადამ სმიტი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ყველაზე მეტად პროდუქტიული და სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ის მხარს უჭერდა ისეთ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ეფუძნება „უხილავი ხელით“ მართულ პიროვნების ეგოიზმს, რადგან მას მოაქვს უდიდესი სარგებელი ყველასთვის. სმიტის ეკონომიკური ნაშრომები არის ყველაზე მეტად სისტემური და სრულყოფილი, ამიტომ მისი იდეები კლასიკური ეკონომიკის საფუძვლად იქცა.

1787 წელს, ადამ სმიტი გლაზგოს უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 1790 წლის 17 ივლისს, ის ედინბურგში გარდაიცვალა.

ადამ სმიტი არასოდეს დაქორწინებულა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://www.econlib.org/library/Enc/bios/Smith.html

http://www.biography.com/people/adam-smith-9486480