დავით ნიჟარაძის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

daviT niJaradze

დავით ნიჟარაძე

მამულიშვილნო!

მეტად და მეტად ბედნიერი ვარ, რომ მეც წილად მხვდა მივესალმო ამ ტრიბუნიდან ამ სანატრელ პირველ საქართველოს ეროვნულ კრებას. სრულებით  მეტად მიმაჩია კვლავ განვიმეორო და გაგახსენოთ ისტორიული ღვაწლი ქართველ თავად-აზნაურობისა თავის სამშობლოს და ქართველ ერის წინაშე, რადგან ყოველივე ამას შეეხო და განმარტა კონსტანტინე აფხაზმა. კარგი იყო იგი თუ ავი ერთგვარად უწევდა სამსახურს როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობა ისე დასავლეთ საქართველოსა რამდენიმე საუკუნოების განმავლობაში და თვით რუსეთთან შეერთების შემდეგაც, რამდენადაც ეს მათ შეეძლოთ იმ ფარგლებში მომწყვდეულსთ, რომლებშიაც იგი ორმოცდა-ათ წლებიდან რუსის მთვრობამ ჩააყენა კანონების მეცხრე ტომის ზეგავლენის ქვეშ.

დასავლეთ საქართველოს აზნაურობამც რვა ამა გიორგობისთვეს ისეთივე დადგენილება გამოიტანა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობამ. მან თავის მემკვიდრედ აღიარა სრულიად ქართველი ერი. თუმცა დასავლეთ საქართველოს აზნაურობას, ისეთი სიმდიდრე არა ჰქონია, როგორიც ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობას, მაგრამ მან თავისი მწვლილი ერთათ ამ უკანასკნელთან გადასცა ერს.

დადგენილება აზნაურობის კრებისა ამის შესახებ მე უკვე ვახელი თბილისის აზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს და ვსთხოვე ერთად აღმოსავლეთ აზნაურობის კრებას დადგენილებასთან ერთად გარდასცეს იგი კუთვნილებისამებრ. დასავლეთ საქართველოს აზნაურობისაგან ერზედ გარდაცემულ მამულებს შეიცავენ: ქართული გიმნაზია თავის შენობებით, სენაკის სკოლა თავის შენობებით, აზნაურობის ბანკი, რომელიც ერთსა და იმავე დროს არის დაარსებული, როგორც თფილისის აზნაურობის ბანკი და ერთი და იგივე წესდება აქვთ.

შემდეგ ერთსულოვნებისა და სოლიდარობისა, ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელნიც ამ სანატრელს ეროვნულ კრებაზე გამოირკვა ცოტა გამონაკლისით, მე სულით და გულით აღფრთოვანებული ვბრუნდები დასავლეთ საქართველოში და ვახარებ მას, რომ საქართველო აღსდგა! ქართველი ერი ხელი ხელ ჩაკიდებული ერთ-სულოვნად და ერთგულოვნად განურჩევლად პოლიტიკურ მიმართულებისა, დადგა საქართველოს თვისუფლების დროშის ქვეშ და იგი ამ დროშის ქვეშ დაუყოვნებლივ განახორციელებს დიდი ხნის თავის იდეალებს, თავის დიდებულ ისტორიას სავსებით აღდგენისას, მაშ გაუმარჯოს ქართველ ერს (ტაში).

წყარო: გაზ. „საქართველო“ 1917 წ. გიორგობისთვე.

კონსტანტინე აფხაზის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

kote afxazi

კონსტანტინე აფხაზი

მე წამოვსდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად აზნაურების დავალებით, რათა გაუწყოთ თავად აზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობისთვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავად-აზნაურების ქონების ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი.

ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობითი დატოვებული, არამედ იყო, თავად-აზნაურობის მიერ შეძენილი ამ ორმოცდა ათი წლის განმავლობაში. თავად-აზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ. ამის გარდა სამოქალაქო ასპარეზზედაც მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ. (ტაში).

თავად-აზნაურობა შეურიგებელი მტერი იყო რუსეთის ძალმომრეობისა. მთიულეთის, კახეთის და იმერეთის ამბოხებაში თავად-აზნაურობამ მიიღო მეთაურობა და ხელმძღვანელობა. მაგრამ ამ ამბოხებებმა ჩვენი უნუგეშო მდგომარეობა ვერ შეცვალა. საქართველო ვერ იხსნა რუსეთის კლანჭებისაგან. ალბად რუსეთი ძლით უნდა გაბატონებულიყო ჩენში. რუსეთმა საქართველოს ტერიტორია ერთნაირ საშუალებად გაიხადა თავისი დაპყრობითი პოლიტიკისათვის. ქართველი ერი ერთად-ერთი ერი იყო, რომელსაც შეეძლო წარსული მოეგონებია და რუსეთის დაპყრობითი გეგმები დაეშალა. ამ გარემოებამ რუსის წრეში შიში დაჰბადა, რაც ქართველთა შევიწროებაში გამოიხატა. ყველა ამათ მოჰყვა რუსეთის ადმინისტრაციის გაძლიერება ჩვენში, რასაც დაერთო უცხოელთა კოლონიზაცია და უცხო კაპიტალის შემოჭრა ჩვენში. ამან კი ქართველი ერის დაჩოქება და დაუძლურება გამოიწვია. ქართველობა თანდათან იდევნებოდა, ქართული სული თანდათან ჰქრებოდა. ქართველმა თავად აზნაურობამ ხელი მიჰყო კოლექტიურ ქონების შეძენას, და მოკლე ხანში პატრონი გახდა იმ ქონებისა, რომელიც მან დღეს ქართველ ერს უანდერძა.

წყარო: გაზ. „საქართველო“ 1917 წ, გიორგობისთვე.