ალექსანდრ სოლჟენიცინი (1918 – 2008)

soljhenicini„ჩვენ ისე უიმედოდ ვკარგავთ ხოლმე ადამიანის სახეს, რომ ერთი დღის განცხრომისთვისაც კი ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს, შეგვიძლია სულიც კი გავყიდოთ, სინდისი საერთოდ დავივიწყოთ – ოღონდ კი ჩვენს არსებობას რამე მატერიალური არ მოვაკლოთ, ვიცხოვროთ სიცრუესა და სიყალბეში. ბევრ რამეს და ბევრ ვინმეს დაამარცხებს სიცრუე – მაგრამ იგი ვერას გახდება დიდი ხელოვანის წინააღმდეგ.

ნამდვილი მწერალი ყოველთვის ამარცხებდა და მომავალშიც დაამარცხებს სიყალბესა და ფარისევლობას!

და როგორც კი განიფანტება ყველანაირი სიყალბე, თვალნათლივ გადაიშლება სიშიშვლე ძალმომრეობის, – და ძალმომრეობაც სიცრუესთან ერთად განადგურდება.

ამიტომ ჩვენ, მეგობრებო, უნდა ჩავებათ ბრძოლაში – სიცრუის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მართალი სიტყვაც კი მთელ მსოფლიოს გადაწონის“.

ალექსანდრ სოლჟენიცინი

რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრ სოლჟენიცინი 1918 წლის 11 დეკემბერს, ქალაქ კისლოვოდსკში დაიბადა.  მამა,  ისააკ სოლჟენიცინი, ვაჟიშვილის დაბადებამდე,  პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ ნადირობის დროს  დაიღუპა. დედა, ტაისია შჩერბაკი, ყუბანელების მდიდარი ოჯახიდან იყო.

პირველი წლები სოლჟენიცინმა კისლოვოდსკში გაატარა. 1924 წლიდან დედასთან ერთად როსტოვში გადასახლდა. 1941 წელს როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დამთავრა. უფრო ადრე, 1939 წელს, სოლჟენიცინმა მოსკოვის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ  მის დამთავრებაში ხელი დიდი სამამულო ომის  დაწყებამ შეუშალა.

1942 წელს იგი ფრონტზე გაგზავნეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. მან საბრძოლო გზა რუსეთიდან აღმოსავლეთ პრუსიამდე გაიარა და მრავალი მედლით დაჯილდოვდა.

1945 წელს სამხედრო ცენზურამ ალექსანდრ სოლჟენიცინის მეგობარ ნიკოლაი ვიტკევიჩთან მიმოწერას მიაქცია ყურადღება. წერილები სტალინისა და მისი რეჟიმის მძაფრ კრიტიკას შეიცავდა. წერილებში  საბჭოთა ლიტერატურის სიცრუესა და მის ობსკურანტიზმზე იყო საუბარი. რეჟიმმაც არ დააყოვნა: სოლჟენიცინი გაასამართლეს და საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში 8 წლის ტყვეობა და შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. სასჯელს ჯერ მოსკოვთან ახლოს, შემდეგ – „შარაშკაში“ სოფელ მორფინოში იხდიდა.

8 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი ყაზახეთში, კოკ-ტერეკში გადაასახლეს, სადაც სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. 1956 წლის 3 თებერვალს, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ ალექსანდრე სოლჟენიცინი გადასახლებიდან გაათავისუფლა. მწერალი რიაზანის ოლქში დასახლდა, სადაც მასწავლებლად განაგრძო მუშაობა.

ბანაკში, ტყვეობის დროს, სოლჟენიცინს ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს. ტაშკენტის ონკოლოგიურ ცენტრში მან მკურნალობის კურსი ორჯერ გაიარა და ექიმების გასაკვირად სრულიად განიკურნა. მწერალი გამოჯანმრთელებაში უფლის ნებას ხედავდა; რათა  საშუალება მისცემოდა ეუწყა მსოფლიოსათვის საბჭოთა რეჟიმის  ციხეებისა და პატიმრების აუტანელი პირობების შესახებ.

1959 წელს სოლჟენიცინის ცნობილი მოთხრობა „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ დაიწერა. მოთხრობაში პატიმრის, ივან დენისოვიჩის ცხორების ერთი დღე არის ასახული. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად მთავარი გმირი არ კარგავს ადამიანურ სახეს, ღირსებას, მეტიც, იგი მზადაა დაეხმაროს სხვა პატიმრებს, გაუნაწილოს თავისი მწირი ულუფა. დღის ბოლოს კი, კიდევ ერთი დღისათვის ღმერთს მადლობას უხდის.

რამოდენიმე თვის შემდეგ ჟურნალ „ნოვი მირ“-ის პირველ ნომერში მისი მომდევნო მოთხრობა „მატრონას ეზო“ დაიბეჭდა. მთავარი პერსონაჟი, ამჯერად ქალი, ძალიან წააგავს ივანე შუხოვს. გაჭირვების მიუხედავად არც მატრონა კარგავს სიყვარულისა და სიკეთის გრძნობას. უპირისპირდება ანგარებას და მერკანტილიზმს, რის გამოც თანასოფლელები მას შეშლილად თვლიან.

გადასახლების პერიოდში სოლჟენიცინმა რომანის – „წრე პირველი“ წერა დაიწყო. მწერალმა ნაწარმოები 1968 წელს დაასრულა. რომანში მოქმედება მორფინოს „შარაშკაში“ ვითარდება. აქ, ბანაკებისგან განსხვავებით უკეთესი კვებაა: პატიმრები – მეცნიერები სტალინისა და მისი ხელქვეითებისთვის ზეთანამედროვე მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ. რომანის ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს.

1963-1966 წლებში სოლჟენიცინი წერს მოთხრობას „კიბოიანთა კორპუსი“. ალეგორიულ ნაწარმოებში ნათლად ჩანს, რომ კიბოთი არა მარტო ადამიანები, არამედ მთელი სისტემა ავადდება.

1960-იანი წლების  ბოლოს, როდესაც რეპრესიების თემებს ტაბუ დაედო, მწერლის ყველა ნაწარმოების ბეჭდვა შეწყდა. ბიბლიოთეკებიდან დაუყოვნებლივ ამოიღეს სოლჟენიცინის წიგნები.

1968 წელს სოლჟენიცინმა დაასრულა მუშაობა წიგნზე „არქიპელაგი გულაგი“, რომელშიც მკითხველს ბანაკებსა და ციხეებში გატარებულ რეპრესიებზე მოუთხრო. სწორედ ამის შემდეგ გამძაფრდა ზეწოლა მწერალზე და მისი ნაწარმოებები აიკრძალა. 1969 წელს ალექსანდრ სოლჟენიცინი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.

1970 წელს შვედეთის აკადემიამ სოლჟენიცინი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვა. კომიტეტის განცხადებდა: „პრემია გადაეცემა ალექსანდრე სოლჟენიცინს ზნეობრივი ძალისთვის, რითაც აგრძელებს რუსული ლიტერატურის დიად ტრადიციებს“.

1974 წლის 12 თებერვალს სოლჟენიცინი დააპატიმრეს და 24 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირიდან დასავლეთ გერმანიაში გაასახლეს. ორი წლის შემდეგ მწერალი მეუღლესთან – ნატალია დმიტრიევასთან და ოჯახთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოკლე ხანში კი საცხოვრებლად ამერიკის შტატ ვერმონტში გადავიდა.

ემიგრაციაში სოლჟენიცინმა დაიწყო მუშაობა ეპოპეაზე „წითელი ბორბალი“. რომანი რუსეთის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის თემაზეა აგებული. გამოყენებულია გამოგონილი და ისტორიული პერსონაჟები. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი კი რუსეთის იმპერიის გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მეფის მთავრობის პრემიერ-მინისტრის, პეტრე სტოლიპინის რეფორმატორულ მოღვაწეობას ეთმობა.

საბჭოთა კავშირის მთავრობის სათავეში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, სოლჟენიცინის შემოქმედების მიმართ შეხედულებები შეიცვალა და ეტაპობრივად მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო.

1990 წელს სოლჟენიცინს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა აღუდგინეს და ამავე წლის დეკემბერში  სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.

1994 წელს, მწერალი ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. 1997 წელს სოლჟენიცინი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1998 წელს მწერალი ლომონოსოვის ოქროს ორდენით, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვეს.

ალექსანდრე სოლჟენიცინი 2008 წლის 3 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ალექსანდრე სოლჟენიცინი ქალაქ მოსკოვის წმინდა დიმიტრი დონელის სახელობის მონასტერში არის დაკრძალული.

მასალა მოამზადა გიორგი ბოჯგუამ