ჩვენი აღდგომა

ioseb imedashvili

იოსებ იმედაშვილი

იოსებ იმედაშვილი

ბევრი ყოყმანისა და წაჯექ-უკუჯექობის შემდეგ ამიერკავკასიის სეიმმა დაადგინა გამოაცხადოს ამიერ-კავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკა მოკავშირე სამეფოთგან.

ამიერ-კავკასიის რესპუბლიკაში მოკავშირეებად შევიდნენ საქართველო, ადერბეიჯანი, სომხეთი და მთიულეთი.

რუსეთის ჯარის გახრწნამ, ანარქიამ ბოლშევიკების მიერ ჩვენი ქვეყნის გაყიდვამ ამიერ-კავკასიის ერთა ხელმძღვანელნი ამ დასკვნამდე მიიყვანა.

მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია, საჭიროა მეორე ნაბიჯიც: საქართველოს ეროვნული მთავრობის შედგენა ჩვენი დამფუძნებელი კრების მოწვევა და ქვეყნის ყოფა-ცხოვრების წესიერ კალაპოტში ჩაყენება.

რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა კი ომი უნდა მოისპოს და ზავი შეიკრას.

ამიერ-კავკასიას საზოგადოდ და კერძოთ საქართველოს გადამთიელთათვის სისხლის საღვრელად აღარ სცალიან.

დაე, ყოველმა ჩვენთაგანმა კარგად შეიგნოს და გაითვალისწინოს, რომ საკუთარი თავის ხსნა მხოლოდ საკუთარ ძალთა აღორძინებაზეა დამოკიდებული. ის ვინც ნიადაგ სხვას შეჰყურებს – მუდამ ფეხქვეშ გაიქელების…

კმარა რაც თავში გვიფაჩუნებდნენ, ფეხქვეშ გათელავდენ და საკუთარ მიზნის გასამარჯვებლათ უცხო ქვეყნებში უცხოთა წინააღმდეგ გვაბრძოლებდენ…

ჩვენი სამშობლო, ჩვენი კერა, ჩვენი ხალხი თვითვე საჭიროებს ყოველი ქართველის ძალღონეს…

და როცა ჩვენ საკუთარ ძლღონით საკუთრ – საქართველოს მართველობას და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შევქმნით მაშინ უფრო თავაღებით გულ ხალვათად შევალთ ამიერ კავკასიის დემოკრატიულ რესპუბლიკის  კავშირში.

და ჩვენი აღდგომაც მაშინ გათენდება.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ამიერ კავკასიის დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

წყარო: ჟურ. “თეატრი და ცხოვრება”. – 1918. – №7. – გვ.2-3