მშვიდობით კალიფორნია! მშვიდობით, ანგელოზების ქალაქო, თუმცა ანგელოზები არ შემიმჩნევია.
მშვიდობით, დიდი ხნის მეგობრებო და ახალო ნაცნობებო.
მშვიდობით, წითურა გოგონავ, რომელმაც ამიკრძალე შენი სახელის გამხელა.
მშვიდობით… ოოოო, კინაღამ წამომცდა – მშვიდობით ლიტერატურა!
არა, არა – ლიტერატურა გრძელდება, და ღმერთმა უწყის, საითკენ გაგიტყუებს
ნაწყვეტი სერგეი დოვლატოვის მოთხრობიდან – „ლიტერატურა გრძელდება“
ცნობილი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, რუსეთის ემიგრაციის მესამე ტალღის წარმომადგენელი. თანამედროვე რუსი მწერლებიდან ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი მწერალი სერგეი დოვლატოვი 1941 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ უფაში დაიბადა. მწერალი აღიზარდა თეატრალური რეჟისორის ოჯახში. მამა – დონატ მეჩიკი, ეროვნებით ებრაელი იყო; დედა – ნორა დოვლატოვა ეროვნებით სომეხი.
1959 წელს დოვლატოვმა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ორი წლის სწავლის შემდეგ უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ამ პერიოდში იგი ევგევნი რაინთან და იოსებ ბროდსკისთან დამეგობრდა.
მალე მწერალი ჯარში გაიწვიეს, სადაცკომი ასსრ-ის ბანაკებში მცველად მსახურობდა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დოვლატოვი სხვადასხვა მრავალტირაჟიან გაზეთებსა თუ ჟურნალებში კორესპონდენტად მუშაობდა. წერდა რეცენზიებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისათვის. მწერლის შემოქმედება და პროზა საბჭოთა კავშირში საერთოდ არ იბეჭდებოდა. 1978 წელს დოვლატოვმა ემიგრირება გადაწყვიტა: ჯერ ვენაში გაემგზავრა, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდა. სხვებთან ერთად ამერიკაში მან რუსულენოვანი გაზეთი „ახალი ამერიკელი“ დაარსა. 1980-82 წლებში კი გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. ამერიკაში დოვლატოვის პროზამ ფართო აღიარება მოიპოვა, ნაწარმოებები ქვეყნდებოდა ამერიკის პრესტიჟულ გაზეთებსა თუ ჟურნალებში. მწერლის ძირითადი ნაწარმოებებია: „ზონა“, „უხილავი წიგნი“, „კომპრომისი“, „ნაკრძალი“, „ჩვენები“, „მარტოხელათა მარში“, „ხელობა“, და სხვა .
დოვლატოვის ყველა ნაწარმოებს მწერლის ბიოგრაფიაში მომხდარი სხვადასხვა ფაქტები და მოვლენები უდევს საფუძვლად. ასე მაგალიათად: „ზონა“ – ბანაკის მცველის ჩანაწერები, რომლადაც მწერალი ჯარში მსახურობდა. „კომპრომისი“ – ესტონეთში ცხოვრების პერიოდის ისტორია და ჟურნალისტად მუშაობისას მიღებული შთაბეჭდილებები. „ნაკრძალი“ – ირონიულად და საკრასტულად განზრახული თხრობა პერიოდისა, როდესაც მწერალმა გიდად მუშაობის გამოცდილება შეიძინა. „ჩვენები“ – მწერლის ოჯახური ეპოსი. „ხელობა“ – „ლიტერატურული ლუზერის“ შენიშვნები. მიუხედავად ბიოგრაფიული ნაწარმოებისა, მწერლის წიგნები კლასიკური გაგებით დოკუმენტარულად არ მიიჩნევა. ნაწარმოებებში შექმნილ ჟანრს მწერალი „ფსევდო დოკუმენტალურს“ უწოდებდა. დოვლატოვის მიზანი არა დოკუმენტალურობა, არამედ „რეალობის შეგრძნება“, შემოქმედებითად გამოხატულ „დოკუმენტში“ აღწერილი სიტუაციების ცნობადობა იყო. ნოველებში დოვლატოვი ზუსტად გადმოსცემს 60-იანი წლების თაობის ცხოვრების სტილსა და მსოფლ-შეგრძნებას, ლენინგრადისა და მოსკოვის ბოჰემურ ატმოსფეროს, საბჭოთა რეალობის აბსურდს, რუსი ემიგრანტების არც თუ ისე იოლ ცხოვრებას ამერიკაში.
საკუთარ პოზიციას ლიტერატურაში დოვლატოვი განსაზღვრავდა, როგორც მთხრობელის პოზიციას. გაურბოდა მწერლის წოდებას: „მთხრობელი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, პროზაიკოსი – თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ხალხი. მწერალი კი, თუ რისთვის უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები“. როგორც მთხრობელი დოვლატოვი წყვეტს კავშირს ყოველდღიურ ტრადიციებთან. თავს არიდებს მოლარულ-ეთიკური ამოცანების ამოხსნას. ავტორისათვის თხრობის პროცესია მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარეობს დოვლატოვის დეკლარირებული უპირატესობა ამერიკული ლიტერატურისა რუსულისადმი, ფოლკნერის და ჰემინგუეის უპირატესობა – დოსტოევსკისა და ტოლსტოისადმი.
დოვლატოვი ნაწარმოებებში შემთხვევითობას, უაზრობას, შეუსაბამობას აღწერდა. აბსურდისადმი არასიმპატიით განწყობილი მწერალი ეხებოდა აბსურდულ სიტუაციებსაც. მიუხედავად უაზრო აბსურდული რეალობისა, დოვლატოვის პერსონაჟები არ კარგავენ ბუნებრიობის, ჰარმონიულობის გრძნობას. მწერალი გზას იკვლევს გართულებული უკიდურესობიდან, წინააღმდეგობიდან – ცალსახა უბრალოებამდე. „ჩემი შეგნებული ცხოვრება იყო გზა ბანალურობის მწვერვალისაკენ. დიდი მსხვერპლის ფასად მივხვდი, რასაც ბავშვობიდანვე შთამაგობებდნენ. ათასჯერ მაინც გამიგია: ოჯახისთვის მთავარია – სულიერი ინტერესების ერთობლიობა. ათასჯერ ვპასუხობდი: გზა სათნოებისკენ სიმახინჯის ხიდზეა გადებული. ოცი წელიწადი დამჭირდა, რათა შემეცნო ბანალურობა, რათა გადამედგა პირველი ნაბიჯი პარადოქსისადნ – ტრუიზმამდე.
დოვლატოვი – მწერალი – მინიმალისტი. მოთხრობის, ჩანახატის, ანეგდოტის, აფორიზმის ვირტუოზი. დოვლატოვის სტილისთვის დამახასიათებელია: ლაკონიზმი, მხატვრული დეტადებისადმი ყურადღება, ცოცხალი სასაუბრო ინტონაცია. გმირების ხასიათები წარმოჩინდება ვირტუოზულად აგებულ დიალოგებში, რომლებიც მწერლის პროზაში გაცილებით მეტია, ვიდრე დრამატული კოლიზიები.
დოვლატოვი ყოველთვის გაურბოდა გამოეტანა ვერდიქტი თავისი პერსონაჟების მორალისათვის. მწერლის მხატვრულ სამყაროში ზედამხედველი და პატიმარი, ბოროტი და კეთილი თავიანთ უფლებებში გათანაბრებულნი არიან. მწერლის მხატვრულ სისტემაში ბოროტება განპირობებულია ცხოვრების სხვადასხვა ტრაგიკული გარემოებებით.
დოვლატოვის წერით მანერაში აბსურდული და სასაცილო, ტრაგიკული და კომიკური, ირონია და იუმორი მჭიდროდ არის გადახლართული. დოვლატოვის ჩანაფიქრია მხატვრულად გვიამბოს, რა უნცაურად ცხოვრობს ხალხი – ხან წუხილით იცინიან, ხან კი სიცილით წუხან.
სერგეი დოვლატოვი, რა თქმა უნდა ლიტერატურული მასშტაბებით, გენიალურობით ვერ შეედრება ისეთ ბუმბერაზებს, როგორებიც იყვნენ: დოსტოევსკი, ტოლსტოი, მერეჟკოვსკი, ჩეხოვი, მაგრამ ცალსახაა, რომ დოვლატოვს ჰქონდა საკუთარი, ინდივიდუალური სტილი, წერის მანერა და მოთხრობებისა და ნოველების ვირტუოზულად მოწოდების ნიჭი.
ემიგრაციაში ყოფნის 20 წლის მანძილზე თორმეტი წიგნი გამოსცა მწერალმა. მოთხრობების და ნოველების გარდა, გამოიცა აგრეთვე მწერლის მოგონებები, სახალისო ისტორიები.
მწერალი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მწერალს დარჩა ქალიშვილი – მარია (1970წ.) ორი შვილი ეკატერინე და ნიკოლაი კი მეორე ქორწინებიდან. ქალიშვილი ალექსანდრა მწერალს შეეძინა არაოფიციალური ქორწინებიდან 1975 წელს.
სერგეი დოვლატოვი, 49 წლის ასაკში, 1990 წლის 24 აგვისტოს გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-ორკში. მაუნთ-ჰებრონის სასაფლაოზე.