ისააკ ბაბელი (1894 – 1940)

isak babeli– ჩემი აზრით მწერალს სამუშაო მაგიდაზე უნდა ეწყოს დაახლოებით 20-30 შედევრი ნაწარმოები.
– მაინც რომლები? წამოიყვირეს ახალგაზრდა მწერლებმა.
– ოო! აი ამისათვის კი, ათასობით შედევრი უნდა წაიკითხოთ …

ისააკ ბაბელი 

ისააკ ემანუილის ძე ბაბელი ოდესაში, 1894 წლის 1 ივლისს ვაჭარ-ებრაელთა ოჯახში დაიბადა. ავტობიოგრაფიაში (1924) ბაბელი წერდა:  „მამაჩემის დაჟინებით 16 წლამდე ვსწავლობდი ებრაულ ენას, ბიბლიას, თალმუდს. სახლში ბავშვობის პერიოდი არც ისე იოლი მქონდა. წარმოიდგინეთ მაძალებდნენ დილიდან საღამომდე მემეცადინა მრავალ სხვადასხვა მეცნიერებებში. სკოლაში თუ მოვახერხებდი ცოტა ამოსუნთქვას“. ოდესის კომერციულ სასწავლებელში, სადაც მომავალი მწერალი სწავლობდა. პროგრამა ძალიან დატვირთული იყო. ისწავლებოდა ქიმია, პოლიტეკონომია, სამართლმცოდნეობა, ბუღალტერია, საქონელმცოდნეობა, სამი უცხო ენა და სხვა. „დასვენებაზე“ საუბრისას ბაბელი თავისუფლების გრძნობას გულისხმობდა. მწერლის მოგონებებით, შესვენებებზე ან გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები მიდიოდნენ პორტში, ბერძნულ ყავახანაში, ან მოლდოვანკაზე, რათა მეგობრების სპეციალურ ღვინის სარდაფებში უბრალო, ბესარაბული ღვინო დაელიათ. ეს და სხვა მრავალი შთაბეჭდილებები შემდგომში საფუძვლად დაედო მწერლის პროზას, განსაკუთრებით კი ბაბელის „ოდესურ მოთხრობებს“.

ისააკ ბაბელმა წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ფლობერის და მოპასანის ზეგავლენით ფრანგულ ენაზე წერდა. ფრანგული ენის სტიქიამ მწერალს ლიტერატურული ენისა და სტილის შეგრძნება გაუმძაფრა. უკვე თავის პირველ მოთხრობებში ბაბელი მიისწრაფვის სტილისტური სინატიფისა და მაღალი ხარისხის მხატვრული გამოხატულებისაკენ. „მე ვიღებ ხოლმე მასალად, რაღაც უბრალოს, მაგალითად ანეკდოტს, ან რაიმე კურიოზულ ამბავს და ვაკეთებ ისეთ ისტორიას, რომ თვითონვე მიჭირს მოვწყდე ჩემსავე ნაწერს“… – იხსენებდა მწერალი.

ადრევე გამოიხატა მწერლის პროზის დამახასიათებელი თვისება, როგორც ენობრივი, ასევე საყოფაცხოვრებო გამოხატულების ნაირგვაროვანი ფენების შერწყმა და შეერთება. ადრეული შემოქმედებისთვის საყურადღებოა მოთხრობა „ჭუჭრუტანაში“, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ერთ-ერთი ბინის მფლობელი ქალისაგან 5 მანეთად ყიდულობს უფლებას, მეზობელ ბინაში, ჭუჭრუტანიდან თვალი ადევნოს მეძავების „მოღვაწეობას“.

კიევის კომერციული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1915 წელს ბაბელი პეტერბურგში ჩადის. მას შემდეგ, რაც კიევში და ოდესაში გამოქვეყნებული მოთხრობები შეუმჩნეველი დარჩა, ახალგაზრდა მწერალი დარწმუნდა, რომ მხოლოდ დედაქალაქს შეუძლია მოუტანოს აღიარება. თუმცა პეტერბურგელი რედაქტორები ურჩევდნენ ბაბელს უარი ეთქვა მწერლობაზე და ვაჭრობა დაეწყო. ასე გრძელდებოდა ერთი წელიწადი, სანამ მწერალი მაქსიმ გორკისთან არ მივიდა რედაქციაში. გორკის რედაქციაში დაიბეჭდა ბაბელის მოთხრობები: „ელია ისააკოვიჩი და მარგარიტა პროკოფევნა“,  „დედა, რიმა და ალა“. მოთხრობებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველებში, და სასამართლო ორგანოებში. აპირებდნენ ბაბელის პასუხისგებაში მიცემას პორნოგრაფიისთვის. სასამართლო გარჩევებისგან, რომელიც 1917 წლის მარტში იყო დანიშნული, მწერალი თებერვლის რევოლუციამ იხსნა.

ბაბელი საგანგებო კომისიაში, გაზეთ „წითელი კავალერისტის“ კორესპონდენტად მსახურობდა. იბრძოდა რუმინეთისა და ჩრდილოეთ პოლონეთის ფრონტზე. მოღვაწეობდა პეტროგრადის და თბილისის სხვადასხვა გაზეთებში რეპორტიორად.

მხატვრულ შემოქმედებას მწერალი 1923 წელს დაუბრუნდა: ჟურნალ „ლეფ-ში“, სადაც დაიბეჭდა მოთხრობები: „მარილი“, „წერილი“, „დოლგუშოვის სიკვდილი“, „მეფე“ და სხვები. ლიტერატურის კრიტიკოსი ალექსანდრ ვორონსკი წერდა: ბაბელი მკითხველს არა მარტო თავის არაჩვეულებრივი და მდიდარი ცხოვრებისეული მასალით იპყრობს, არამედ კულტურით, ჭკუით და მთხრობელის მტკიცე ტალანტით“.

მალე მწერლის მხატვრული პროზა გაფორმდა მოთხრობათა სამ ციკლში: „ცხენოსანთა არმია“, „ებრაული მოთხრობები“ და „ოდესური მოთხრობები“.

მოთხრობათა ციკლს „ცხენოსნების არმია“, საფუძვლად დაედო დღიურის ჩანაწერები. ბაბელის მიერ ბუდიონის არმიის შესახებ გადმოცემული ამბები განსხვავდებოდა ლამაზი ლეგენდისაგან, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა თხზავდა. გაუმართლებული სისასტიკე, ცხოველური ინსტიქტები ჩრდილავდნენ იმ იმედს, რომელსაც მწერალი რევოლუციაში ხედავდა. წითელმა მეთაურებმა მწერალს წითელ არმიაზე ჩირქის მოცხება არ აპატიეს. დაიწყო მწერალზე შეურიგებელი დევნა, რომელსაც სიმეონ ბუდიონი ხელმძღვანელობდა. მაქსიმ გორკი ბაბელს იცავდა. გორკი წერდა, რომ ბაბელმა უკეთესად და უფრო რეალისტურად გადმოგვცა ბუდიონის არმიის მოღვაწეობა, ვიდრე გოგოლმა ზაპოროჟელების.

მცდელობა, რევოლუციაში რომანტიულობა, ადამიანური ვნებები ამოეცნო, მწერლისთვის უშედეგოდ დასრულდა. ბაბელს სულიერი მარტოობა და სიცარიელე დაეუფლა. „რატომ დამეუფლა ასეთი სულიერი კაეშანი? იმიტომ, რომ… არ ვიცი, ალბათ დიდ, სამუდამო პანაშვიდზე ვიმყოფებით“ – წერდა მწერალი თავის დღიურში. თითქოს თავისებური შველა მწერალმა „ოდესურ მოთხრობებზე“ მუშაობისას იპოვნა. ამ მოთხრობების უცნაური და ფანტასტიკური, ჰიპერბოლური სამყარო, ბაბელისეული ოდესა დასახლებული პერსონაჟებით, რომლებშიც მწერლის სიტყვებით არის: „სიფიცხე, მგზნებარება, სიმსუბუქე და ხან მომაჯადოვებული სევდა, ხან ცხოვრების მგზნებარე აღქმა. ასევე რეალური, ოდესური გმირების ისტორიები, განსაკუთრებით დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლების ისტორიები, როგორებიც იყვნენ: მიშკა აიაპონჩიკი, სონია ოქროს ხელება და სხვები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ოდესელი დამნაშავის ბენია კრიკის ისტორიები. მართალია ბენია კრიკი დამნაშავეა, მაგრამ არის რაინდი და სუსტთა, მაშვრალთა დამცველი და აპოლოგეტი. „ოდესელი რობინ ჰუდი“ ასე უწოდებდა მას მწერალი. მწერლის მოთხრობების სტილისტიკა ლაკონურობით გამოირჩევა, მაგრამ ამავე დროს სავსეა მეტაფორებითა და ხატოვნებით. ბაბელი ამბობდა: „მე მზად ვარ დავწერო მოთხრობა თეთრეულის რეცხვაზე და ეს მოთხრობა, იულიუს კეისრის პროზაზე არანაკლებ საინტერესო იქნება“.

საბჭოთა რეჟიმისგან თავის დაცვის მიზნით, 1937 წელს ბაბელმა დაწერა სტატია – სიცრუე: „ღალატი და სმერდიაკოვშინა“. სადაც ის პოზიტიურ კონტექსტში ეხმაურება „ხალხის მტრებზე“ განხორციელებულ პროცესს. ამის შემდეგ ის წერდა წერილებში: „ძალიან ცუდად ვარ; ცუდად ვარ, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. როგორ შევხედოთ ვალებში ხალხს“.

„ოდესური მოთხრობების“ ტრაგედიამ განსახიერება ჰპოვა ნოველაში – „ფროიმ გრაჩი“. მთავარი პერსონაჟი ცდილობს დადოს „ღირსების ხელშეკრულება“ საბჭოთა მთავრობასთან და იღუპება ჩეკისტების ხელით. მოთხრობაში აშკარად ჩანს ნეგატიური დამოკიდებულება ბოლშევიკებისადმი. სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი მოთხრობებში მიუბრუნდა შემოქმედებით თემებს. ბაბელი შემოქმედებით ცხოვრებას აღიქვამდა, როგორც საუკეთესო პროცესს, რაც კი შეიძლება ადამიანმა აკეთოს. სწორედ ამ თემას ეკუთვნის მისი ერთ-ერთი ბოლო მოთხრობა – იგავი შემოქმედების ჯადოსნურ ძალაზე: „დი გრასსო“.

1939 წლის მაისის ბოლოს, პერედელკინოში, აგარაკზე ისააკ ბაბელი დააპატიმრეს. მწერალი ბრალდებული იყო ანტი საბჭოთა ქმედებაში და ტერორისტული აქტების მოწყობის მომზადებაში. წამების ქვეშ ბაბელმა მრავალი ცრუ ჩვენება მისცა, მაგრამ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის ბოლოს ხდომაზე მწერალმა ყველა წინა ჩვენება უარყო. 1940 წლის 27 იანვარს ისააკ ბაბელი დახვრიტეს. სხეული კი დონის მონასტრის კრემატორიუმში დაწვეს.

მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა 80-მდე მოთხრობას, ორ პიესას: „დაისი“ და „მარია“, ხუთ კინოსცენარს და რამდენიმე სტატიას ითვლის.

რევოლუციების ხანა

1770 – 1789 წლებში ამერიკის ინგლისური კოლონიები და ევროპის ათასწლოვანი მონარქიები მთელი რიგი ამბოხებების ასპარეზად იქცა; ისინი წინ უსწრებდნენ „ფრანგულ რევოლუციას“. 1770 წლის 5 მარტს ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ უსამართლო გადასახადების გასაპროტესტებლად გამოსული ბოსტონელების დახოცვა გახდა ამერიკის დამოუკიდებლობის ომის დასაწყისი. 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიის კონგრესზე შეიკრიბნენ ცამეტი კოლონიის წარმომადგენლები და გამოაცხადეს „ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა“. 1778 წელს ლუი XVI-ს საფრანგეთი გადამწყვეტ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა მათ. ომი დამთავრდა 1781 წლის ოქტომბერში, როდესაც ინგლისის ჯარები დაამარცხეს გენერალ უოშინგტონის „ამბოხებულებმა“ და საფრანგეთის ჯარებმა როშამბოს სარდლობით. 1783 წ. ვერსალის ხელშეკრულებით ინგლისმა ცნო თავისი 13 კოლონიის დამოუკიდებლობა. ყველა შტატში „პატრიოტებმა“ შექმნეს კონსტიტუცია, რომელსაც წინ ჰქონდა წამძღვარებული „ადამიანის უფლებების დეკლარაცია“, რაც უზრუნველყოფდა „სიცოცხლეს, თავისუფლებას, ბედნიერების ძიებას“. მოქალაქეები გამოცხადდნენ კანონის წინაშე თავისუფლებად და თანასწორებად. ძალაუფლება ასამბლეებისა და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ხელში იყო და აღარ – მეფისა ან იმპერატორისა, ევროპის მსგავსად.

ევროპაში

ბებერ ევროპაში განათლებული ხალხი აღფრთოვანებული იყო ამერიკის ამბებით, რომელსაც გაზეთებიდან და ამერიკიდან დაბრუნებული მოხალისეების, ხშირად არისტოკრატების მონათხრობიდან იცნობდნენ. „პატრიოტი“ იქცა მოდურ სიტყვად, ხოლო შეერთებული შტატები – სამაგალითო ქვეყანად. პირველი რევოლუციური გამოსვლები მოხდა შვეიცარიაში, სადაც ქვეყანას მართავდა არისტოკრატიის კორპუსი, „პატრიარქატი“. „წარმომადგენლებმა“ (ბურჟუებმა) და „ადგილობრივებმა“ (XVI-XVII სს.-ში საფრანგეთიდან ემიგრირებული პროტესტანტების შთამომავლებმა), რომელთაც არავითარი პოლიტიკური უფლება არ გააჩნდათ, 1782 წლის აპრილში მოახერხეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მაგრამ პიემონტელებისა და ფრანგების ჯარების დახმარებით პატრიარქატი სწრაფად აღდგა. მრავალმა დემოკრატმა თავი შეაფარა ლუი XVI-ის საფრანგეთს! იმავე წელს არეულობა დაიწყო ირლანდიაში, ინგლისის სამფლობელოში, სადაც 80 000 ირლანდიელმა „მოხალისემ“ ბოიკოტი გამოუცხადა ინგლისურ საქონელს. ერთი წლის შემდეგ, ინგლისელი პროტესტანტების მიერ შევიწროებულმა კათოლიკეებმა შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია: „გაერთიანებული ირლანდიელები“, რომელმაც ხმის უფლება მოითხოვა. არც თავად ინგლისი იყო მშვიდად. „ასოციაციები“ მოითხოვდნენ საყოველთაო ხმის მიცემის სისტემას, ხმის მიცემის კონფიდენციალურობას. იმავდროულად სახალხო „გორდონ რაიოტსის“[1] გამოსვლებმა რვა დღის განმავლობაში ლონდონი ცეცხლის ალში გახვია და სისხლის მდინარეები დააყენა. 1783 წლიდან რევოლუციამ ხელახლა იფეთქა გაერთიანებულ პროვინციებში, სადაც ბურჟუაზიამ და ჰოლანდიელმა არისტოკრატიამ ჩამოაყალიბა „პატრიოტული პარტია“, რომლის მიზანიც იყო სუვერენის, გენერალ-გუბერნატორის  (Stathouder) ვილჰელმ V-ის უფლებების შეკვეცა. „პატრიოტები“ შავ კოკარდებს ცხვირწინ უფრიალებდნენ შტატჰაუდერის მომხრეებს. 1785 წელს სამი დღის განმავლობაში სახალხო აჯანყება ემუქრებოდა ვილჰელმ V-ს.

„პატრიოტების“ მარცხი

1787 წლის სექტემბერში „პატრიოტთა მილიცია“ საბოლოოდ დაამარცხა სიძის დასახმარებლად მოსული პრუსიის მეფის, ფრიდრიხ-ვილჰელმ II-ის არმიამ. მარცხმა ვერ შეაშინა მეზობელი ბელგიის – ავსტრიის გვირვინის ქვეშევრდომის -პატრიოტები. ტრადიციების პატივისმცემელმა ბელგიელებმა ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-ის მიერ ჩატარებულ ლიბერალურ რეფორმებში საფრთხე დაინახეს. ქვეყანა აჯანყებებმა შეარყია. აჯანყებულებს სათავეში ედგნენ ვან დერ ნოოტი (რომელიც ძველი რეჟიმის ტრადიციული ღირებულებების მომხრე იყო) და ვონკი, „პატრიოტების“ მეთაური. მათ ბრაბანსონული შავ-წითელი კოკარდა აირჩიეს.  აჯანყება მოედო ლიეჟის მხარეს და ბრაბანსონს, მაგრამ 1790 წლიდან ავსტრიის ჯარებმა ქვეყანაზე კონტროლი აღადგინეს. პატრიოტებმა თავი რევოლუციურ საფრანგეთს შეაფარეს, სადაც როგორც გმირებს, ისე ხვდებოდნენ.

„მოქალაქენო, შეიარაღდით!“

რევოლუციის წინ საფრანგეთი საღვთო კანონის მონარქია იყო. მართავდა მეფე, აბსოლუტური მონარქი, მინისტრებისა და სათათბიროს დახმარებით, რომელსაც თავად ნიშნავდა.

1787 წელს ლუი XVI იყო 33 წლის, დაქორწინებული მარი-ანტუანეტზე, ავსტრიის იმპერატრიცა მარია-ტერეზას ასულზე. სამეფო ხაზინა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი უდიდესი ხარჯი (2 მლდ ლივრი) გაღებულია ინგლისის წინააღმდეგ აჯანყებულ ამერიკელთა დასახმარებლად. დანახარჯის დასაფარად სამეფო მუდმივად იღებდა სესხებს ბანკირებისგან და გადასახადებს, რომელთაც მხოლოდ მესამე წოდება იხდიდა. ამ პერმანენტული დეფიციტის დასაფარად ფინანსთა მინისტრებმა წამოაყენეს წინადადება ფისკალური თანასწორობის დაწესების შესახებ, მაშასადამე, თავადაზნაურთა და სასულიერო წოდებას უნდა დაწესებოდა გადასახადები. თავისი წინამორბედების მსგავსად მინისტრი ლომენი დე ბრიენიც წინააღმდეგობას წააწყდა პარიზის პარლამენტის მხრიდან, რომლის მტკიცებითაც მხოლოდ სამი წოდების − სასულიერო, თავადაზნაურთა და მესამე წოდების − გენერალურ შტატებს შეეძლოთ ახალი გადასახადების დაწესება. თავიანთი თანამდებობის ყიდვით გაკეთილშობილებულ ამ პარლამენტარებს სურდათ სამეფო ხელისუფლების გაკონტროლება. ლუი XVI-მ ისინი პროვინციაში გადაასახლა. პროტესტის ნიშნად მათ რენში, პარიზში, ბორდოში, გრენობლში სახალხო აჯანყებები გამოიწვიეს. მეფე დანებდა და მოიწვია გენერალური შტატები 1789 წლის 1-ელ მაისს. ამ პოლიტიკურ მღელვარებას დაერთო საშინელი ეკონომიკური კრიზისი. 1787 წლის წყალდიდობების შემდეგ მოსავალი გაანადგურა 1788 წლის სეტყვიანმა ქარიშხლებმა. პურის ფასმა კატასტროფულად აიწია, გლეხობა კი შემოსავლის გარეშე დარჩა. ტექსტილის მწარმოებლებმა, რომელთაც უკვე უწევდათ ინგლისურ საქონელთან კონკურენცია, მუშები დაითხოვეს. რომლებიც იძულებული გახდნენ სოფელ-სოფელ ემათხოვრათ. 1789 წლის გაზაფხულზე იმედის ნაპერწკალი გაჩნდა ხალხში. სამეფოს ყველა ქალაქსა და სოფელში სამივე წოდება შეიკრიბა 1 139 დეპუტატის ასარჩევად და 60 000 თხოვნის რვეულის შესადგენად. გლეხები −მოსახლეობის უმრავლესობა − ითხოვდნენ სენიორის უფლებების, თავიანთი მოსავლისა და პირუტყვის მეათედის, მარილზე გადასახადის გაუქმებას.

1789 წლის 5 მაისს ვერსალში გაიხსნა გენერალური შტატების სხდომა. მესამე ხელისუფლებას იმდენივე დეპუტატი ჰყავდა, რამდენიც არისტოკრატიასა და სასულიერო წოდებას ერთად. თუმცა თუკი ხმის მიცემა წოდების მიხედვით განხორციელდებოდა და არა სულადობის, მესამე წოდება უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. ამის თავიდან ასაცილებლად 17 ივნისს მესამე წოდების დეპუტატებმა თავი ეროვნულ ასამბლეად გამოაცხადეს. მათ 20 ივნისს პომის სათამაშო დარბაზში ფიცი დადეს, არ დაშლილიყვნენ კონსტიტუციის შედგენამდე. შვიდი დღის შემდეგ ლუი XVI-მ უბრძანა სასულიერო პირებსა და თავადაზნაურობას, შეერთებოდნენ ნაციონალურ ასამბლეას, რომელმაც მიიღო სახელწოდება „დამფუძნებელი“.

ძველი რეჟიმის დასასრული

პარიზი უკიდურეს გასაჭირში იყო, ხალხი ააღელვა  დედაქალაქში პატრულირებისთვის შემოყვანილი 20 000 ჯარისკაცის დანახვამ. 12 ივლისს მეფემ დაითხოვა მეტისმეტად რეფორმატორი მინისტრი ნეკერი. არისტოკრატთა შეთქმულების შიშით „პატრიოტებმა“ გაძარცვეს იარაღის საწყობი, ხოლო 14 ივლისს ბასტილია და ჯარის საწყობი. ამ ამბოხის შემდეგ პატრიოტმა ბურჟუებმა ყოველ ქალაქში შექმნეს პირველი ეროვნული გვარდია.

ყვებოდნენ, რომ პროვინციაში არისტოკრატები აფინანსებდნენ ყაჩაღთა ბანდებს სამკალების გასაძარცვად. 20 ივლისიდან 6 აგვისტომდე გლეხებმა იარაღს დასტაცეს ხელი.დაიწყო „დიდი შიში“.

სოფლელები ციხე-კოშკების წინააღმდეგ აღდგნენ, წვავდნენ სასენიორო ღალა-ბეგარის საბუთებს. ვერსალში არისტოკრატი დეპუტატების ძალისხმევით 4 აგვისტოს ღამეს გამოიცა დეკრეტი, რომელიც აუქმებდა პროვილეგიებს. ძველი რეჟიმი დაემხო. გლეხები განთავისუფლდნენ მიწასთან დაკავშირებული გადასახადებისაგან. გამარჯვება იზეიმა კერძო ბურჟუაზიულმა საკუთრებამ. ამ დღიდან მოყოლებული, კეთილშობილთა დიდი გვარების წარმომადგენლები ემიგრაციაში მიდიოდნენ და ცდილობდნენ უცხოელი მონარქების ჩარევას საფრანგეთის საქმეებში. 1789 წლის შემოდგომაზე მეფეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამტკიცებული პრივილეგიების მოსპობა და „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“.

15 და 6 ოქტომბერს პატრიოტული პრესის მიერ ატეხილი განგაშის გამო 5000-მდე ქალი გაემართა ვერსალისკენ, რომ „კურტიზანთა[2] მავნე გავლენისგან“ გამოეხსნათ მეფე.  სამეფო ოჯახი და ფუძემდებლური ასამბლეა უნდა დაბრუნებულიყვნენ რევოლუციის ცენტრად ქცეულ პარიზში. 1789-1791 წლებში საფრანგეთი კონსტიტუციური მონარქია გახდა. შეძლებულ მოქალაქეთაგან არჩეულმა ასამბლეამ შეზღუდა მეფის ძალაუფლება, ვეტო დაედო და 2-დან 6 წლამდე გადაიდო კანონის მიღება.

ხაზინის შესავსებად ფუძემდებლურმა ასამბლეამ მოახდინა სასულიერო წოდების ქონების – „ეროვნული სიმდიდრის“ –  კონფისკაცია და გასაყიდად გაიტანა. ამით უნდა უზრუნველეყოთ ახალი ქაღალდის ფულის – ასიგნატის – ღირებულება. 1790 წლის 14 ივლისს ლუი XVI-ის თანდასწრებით მარსის მინდორზე მოეწყო გრანდიოზული ცერემონია: „ფრანგთა ერთობა“ – სჯეროდათ, რომ რევოლუცია დასრულდა, თუმცა ეს მხოლოდ ილუზია იყო. სასულიერო პირთა მიერ ხმის მიცემამ სამოქალაქო კონსტიტუციისათვის, რომელიც კიურეებისა და ეპისკოპოსების ხელდასხმას სახელმწიფოს უქვემდებარებდა, ვერაფერი მოაგვარა. 1791 წელს პაპმა ის გაკიცხა. სასულიერო წოდება დაიყო დაუმორჩილებელ და კონსტიტუციონალისტ მღვდლებად. კიდევ უფრო დამძიმდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები, რევოლუციონერებიც გაიხლიჩნენ. მაშინ გამოჩნდა კლუბები, სადაც ბურჟუები და სან-კიულოტები (კონვენტში მონაწილე რევოლუციონერები) იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ. რობესპიერი და ბრისო დადიოდნენ იაკობინელთა კლუბში პარიზში, რომელიც დაკავშირებული იყო 3 000 ფილიალთან პროვინციაში. ხოლო პოპულარულ კორდელიერების[3] კლუბში ტაშს უკრავდნენ დანტონსა და მარატს. 1701 წლის 20 ივნისს მეფის ჩაშლილმა გაქცევამ პატრიოტები უფრო დააპირისპირა. 17 ივლისს მარსის მინდორზე ლაფაიეტის ბრძანებით ესროლეს დემოკრატ კორდელიერებს, რომელთაც ხელი მოაწერეს პეტიციას მეფობის გასაუქმებლად. ოქტომბერში არჩეულ იქნა ახალი ასამბლეა: „საკანონმდებლო“.

ომი და ტერორი

დანტონი ეშაფოტზემინისტრებსა და ჟირონდის დეპუტატებს მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ომი გააერთიანებდა საფრანგეთს. თავის მხრივ, მარი-ანტუანეტს და ლუი XVI-ს სურდათ ამ ომში დამარცხება, რომ დაბრუნებოდნენ აბსოლუტურ მონარქიას. 1792 წლის 20 აპრილს ასამბლეამ ომი გამოუცხადა ავსტრიის იმპერატორს, მარი-ანტუანეტის ძმიშვილს. 11 ივლისს გამოცხადდა, რომ სამშობლო საფრთხეშია. აგვისტოს დასაწყისში სან-კიულოტებისგან შემდგარმა პარიზის 48 სექციამ მოითხოვა მეფის გადადგომა, რადგან ეჭვი ჰქონდათ მის კავშირზე მტრის არმიასთან. 10 აგვისტოს ტიუილრის სასახლე დანტონისა და რობესპიერის მიერ ორგანიზებულმა ამბოხმა მოიცვა. ეროვნულმა საკანონმდებლო ასამბლეამ დეკრეტი გამოსცა მეფის დაპატიმრებისა და საყოველთაო ხმის მიცემით არჩეული ახალი ასამბლეის − „კონვენტის“− მოწვევის შესახებ. საზღვრების სიახლოვეს მარცხს მარცხი მოსდევდა. პარიზში სან-კიულოტებმა 1 300 კონტრრევოლუციაში ეჭვმიტანილი პატიმარი გაჟლიტეს. 21 სექტემბერს კონვენტმა რესპუბლიკა გამოაცხადა. მაგრამ კონფლიქტი ჩამოვარდა ეკონომიკური თავისუფლების მომხრე ჟირონდისტებსა და საკვებზე გადასახადის დაწესების მომხრე მონტანიეებს შორის. 1793 წლის დასაწყისში მეფის დასჯამ საფრანგეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრია ომში. ევროპის მონარქებმა საფრთხე იგრძნეს რესპუბლიკელების არმიის გამარჯვებების გამო. ევროპის დიდი სახელმწიფოების კოალიციას სათავეში ინგლისი ჩაუდგა. მიუხედავად 300 000 ადამიანის მონაწილეობისა, ფრანგულმა არმიამ მრავალი მარცხი განიცადა. მარტში ვანდეის გლეხები აღდგნენ სამხედრო სამსახურში გაწვევის წინააღმდეგ. ისინი 10 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს „ცისფრების“ ანუ რესპუბლიკელების წინააღმდეგ. რევოლუციის დღეებში 31 მაისიდან 2 ივნისამდე მონტანიე დეპუტატებმა დააპატიმრეს ჟირონდისტები, რომლებმაც ვერ შეძლეს კონტრრევოლუციური საფრთხეების შეჩერება. მალე 60 დეპარტამენტმა თავი ჟირონდისტების მომხრედ და კონვენტის წინააღმდეგ აჯანყებულად გამოაცხადა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად სახალხო ხსნის კომიტეტმა, რომელიც 1793 წლის აპრილში შეიქმნა, დაამყარა ნამდვილი დიქტატურა. გამოიცა დეკრეტი სახელმწიფო ტერორის დაწესების შესახებ. უსაფრთხოების გენერალურმა კომიტეტმა და თითოეული კომუნის რევოლუციურმა კომიტეტმა დაიწყეს ეჭვმიტანილების სიების შედგენა და მათი დაპატიმრება. სექტემბერში ჟაკ რუს „ცოფიანების“ ზეწოლით სან-კიულოტების რევოლუციურმა არმიამ ხელში აიღო დიდი ქალაქების მომარაგების ზედამხედველობა. რევოლუციურმა ტრიბუნალმა  ფურკიე-ტენვილის თავმჯდომარეობით დიდი პროცესი მოაწყო დედოფლისა და ჟირონდისტების წინააღმდეგ… სახალხო ხსნის კომიტეტის განკარგულებები სრული სიმკაცრით სრულდებოდა: ლიონში ფუშემ სიკვდილით დაასჯევინა 2 000 ჟირონდისტი და როიალისტი! ეკონომიკურ ტერორთან ერთად გახშირდა ქონების კონფისკაცია და ფასებისა და ხელფასების რეგლამენტაცია, მაგრამ ამ ღონისძიებებმა გამოიწვია ცხოვრების გაძვირება. 1794 წლის გაზაფხულზე აჯანყების შიშით რობესპიერმა დააჭერინა უკიდურესი მემარცხენე „ებერტისტები“, რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ მან სიკვდილით დაასჯევინა დანტონი და კამიი დემულენი, რომლებიც ტერორის დასრულებას მოითხოვდნენ. საზღვრებზე რესპუბლიკურმა არმიამ მრავალი გამარჯვება მოიპოვა: ჰონდსჰოოტში, უატინიში, ფლერუსში. თუმცა 1794 წლის 10 ივნისს სახალხო ხსნის კომიტეტმა ხმა მისცა II წლის 22 პრერიალის[4] უმსგავს კანონს, რომელიც აუქმებდა პროცესებზე დაცვის ადვოკატს. გილიოტინაზე „თავები ისე ცვიოდა, როგორც საანგარიშო ქვები“ : 1 376 მსხვერპლი იყო თვე-ნახევარში ანუ იმდენივე, რამდენიც 1793 წლის მარტიდან 1794 წლის აპრილამდე.  II წლის 9 თერმიდორს[5] ყველა ჯურის კონვენტისტებმა რობესპიერი და მისი მეგობრები დამნაშავედ ცნეს. მეორე დღეს 23 რობესპიერისტი დასაჯეს გილიოტინაზე. ტერორმა 40 000 ადამიანი იმსხვერპლა 2 წლის განმავლობაში; დახურეს მეტისმეტად  რობესპიერისტული იაკობინელთა კლუბი.

სან-კიულოტი

2სან-კიულოტებიც იქნენ დასჯილი ახალგაზრდა და მდიდარი ბურჟუების − მუსკადენების[6] მიერ. დასავლეთში განახლდა შუანების პარტიზანული ომი (გერილა). 1795 წლის ოქტომბერში კონვენტი დაიშალა და ადგილი დაუთმო დირექტორიას. III წლის ახალმა კონსტიტუციამ კანონშემოქმედი ორივე ასამბლეის არჩევის  უფლება მისცა 20 000 მესაკუთრეს. აღმასრულებელი ხელისუფლება გადაეცა ხუთ დირექტორს. ყოველი არჩევნების შემდეგ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, ხან როიალისტების მხრიდან, ხან კი – იაკობინელებისა.

„რევოლუცია დამთავრდა!“

V წლის 13 ვანდემიერს[7] გენერალმა ბონაპარტმა ჩაახშო როიალისტების ამბოხი. სიტუაცია კატასტროფული იყო. ასიგნამ [ასინიამ] დაკარგა ღირებულების 95%! ფასების ამ თავბრუდამხვევმა ზრდამ 1795 წლის ზამთრის  პერიოდიდან საშინელი გაჭირვება გამოიწვია. ყაჩაღობა მძვინვარებდა, ომი გრძელდებოდა, რადგან ბელგიისა და რაინის მარცხენა ნაპირის ანექსიამ შეუძლებელი გახადა ზავი ინგლისსა და ავსტრიასთან. ხაზინის დეფიციტმა რესპუბლიკა დამოკიდებული გახადა ბანკირებსა და ამბიციურ გენერლებზე.

იტალიაში ბონაპარტმა დაამარცხა ავსტრიელები.

1797 წლის 18 ოქტომბრის კამპო-ფორმიოს ზავით საფრანგეთის მფლობელობაში გადავიდა ბელგია, მილანი, ვენეცია და იონიის კუნძულები. ანექსირებულ იქნა მულუზი, ნიცა, ჟენევა, სავოია, პიემონტი. გაჩნდა „მოძმე რესპუბლიკები“ ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და იტალიაში. 1798 წელს ინგლისი სათავეში ჩაუდგა ახალ კოალიციას დირექტორიის წინააღმდეგ. 1799 წლის დასაწყისში რესპუბლიკურმა არმიამ მრავალი მარცხი განიცადა. ბონაპარტმა კი ადმირალ ნელსონის მიერ მისი ფლოტის განადგურების შემდეგ ეგვიპტის დაპყრობა აიკვიატა.

საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა მშვიდობასა და წესრიგს ითხოვდა. ამასობაში დაბრუნდა ბონაპარტი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სიეიესის, დიუკოს, მინისტრების – ტალეირანისა და ფუშეს, თავისი ძმის ლუსიენის – ხუთასი დეპუტატის საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის, მხარდაჭერით მან სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო: VIII წლის 19 ბრუმერს[8] დაითხოვა ხუთასის ასამბლეა. ბონაპარტი, სიეიესი და დიუკო დანიშნულ იქნენ კონსულებად და ხელში აიღეს მთელი ძალაუფლება. მაშინ ბონაპარტმა გამოაცხადა: „ მოქალაქენო, რევოლუცია დამთავრდა!“

სხვაგან, ევროპასა და ამერიკაში

ფრანგულ რევოლუციას საზღვარგარეთ ეხმიანებოდნენ გარკვეული სოციალური ჯგუფი ან რომელიმე რეგიონი. ოფიციალური ხელისუფლება არასოდეს ყოფილა რეალური საფრთხის ქვეშ, რადგან რევოლუციონერები იზოლირებულები იყვნენ (ჟენევის გარდა).

ინგლისი

1792: ლონდონში შეიქმნა „რევოლუციური კლუბები“, რომლებიც საყოველთაო არჩევნებს ითხოვდნენ.
1795: სახალხო აჯანყებები ლონდონსა და ბირმინჰემში პურის სიძვირის გამო.
1797: ლა მანშისა და ჩრდილოეთის ზღვის ფლოტები აჯანყდა და თავი გამოაცხადა „მცურავ რესპუბლიკად“.

ირლანდია

1793: ვულფი თოუნის წინამძღოლობით კათოლიკე „ერთიანი ირლანდიელები“ ითხოვენ პროტესტანტებთან სრულ თანასწორობას.
1798: გლეხობის გამოსვლები ინგლისელების წინააღმდეგ. რეპრესიებმა 30 000-მდე ადამიანი შეიწირა.

შვეიცარია

1790: ვალეს გლეხობა ითხოვდა ფეოდალური წყობის გაუქმებას; ხუთი მათგანი სიკვდილით დაისაჯა.
1792: ჟენევაში ძალაუფლება ხელში აიღეს დემოკრატებმა. შეიქმნა რევოლუციური ტრიბუნალი: სიკვდილით დაისაჯა 11 არისტოკრატი.

გერმანია

შეიქმნა ბავარიის „განათლებულთა საზოგადოება“. ფილოსოფოსები კანტი და ფიხტე გულშემატკივრობდნენ საფრანგეთის რევოლუციას. მოხდა ინტელექტუალთა დევნა.

ავსტრია

1790: გლეხებისა და ბურჟუაზიის პეტიცია შედგა „ოთხი წოდების“ შესაკრებად.
1704: აღმოჩნდა ფრიდრიხ II-ის საწინააღმდეგო ფარული კლუბების შეთქმულება. ორი მონაწილე სიკვდილით დაისაჯა.

უნგრეთი

1794: „იაკობინელთა“ და „რეფორმატორთა“ ფარული კლუბები, რომლებშიც შედიოდნენ მცირე არისტოკრატები და ბურჟუაზია, ითხოვდნენ სასულიერო წოდებისა და მაღალი არისტოკრატიისათვის პრივილეგიების გაუქმებას. მათი რჩეულები დააპატიმრეს,  18 მათგანი კი სიკვდილით დასაჯეს.

შვედეთი

1792 წლის 16 მარტს: არისტოკრატებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მეფე გუსტავ III, რომელმაც უფლებრივად გაათანაბრა გლეხები და გაათავისუფლა ისინი ფეოდალური ბეგარისაგან.

პოლონეთი

1791 წლის 3 მაისს: მეფე სტანისლას პონიატკოვსკიმ „პატრიოტების“ მხარდაჭერით შეადგინა კონსტიტუცია, რომელმაც მონარქია გახადა მემკვიდრეობითი. მან დიეტა ნამდვილ პარლამენტად გადააქცია.
1794: კოსციუშკო და იაკობინელები გამოვიდნენ გლეხების ემანსიპაციის წინადადებით. ისინი წარუმატებლად აჯანყდნენ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

ესპანეთი

1789 წლიდან დაიხურა საზღვრები. ესპანელი ხალხი მტრულად იყო განწყობილი რევოლუციის მიმართ.

იტალია

ჩრდილოეთსა და ნეაპოლში არისტოკრატია და ბურჟუაზია რევოლუციურ კლუბებში გაერთიანდნენ.
პიემონტის გლეხობა მანიფესტაციებზე გაჰყვიროდა: „გაუმარჯოს პარიზს! გაუმარჯოს საფრანგეთს!“. 1796 წელს აღმოჩენილ იქნა სტუდენტთა შეთქმულება და ორი მათგანი სიკვდილით დაისაჯა. 1794 წელს ნეაპოლში იაკობინელთა კლუბები დაშალეს.

შეერთებული შტატები

1793: გამრავლდა „დემოკრატთა“ კლუბები.
1795: ვაშინგტონი გამოვიდა იაკობინელთა და ტერორის წინააღმდეგ.
1797: იაკობინელობაში ეჭვმიტანილი ფრანგები გაძევებულ იქნენ.

სამხრეთი ამერიკა

1792 წლის 21 აპრილს: ხოაკინ ხოზედა სილვა ხავიერი ჩამოახრჩეს პორტუგალიის ქვეშ მყოფი ბრაზილიის დამოუკიდებლობისათვის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის.
1794: ბოგოტაში (კოლუმბია) დააპატიმრეს ნარინო  „ადამიანის უფლებების დეკლარაციის“ თარგმნის გამო.
1795: კიტოში (ეკვადორი) დაპატიმრებულ იქნა სანტა კრუზ ესპეხო, რადგან მოინდომა ესპანელების გაძევება ამერიკიდან. 1792 წელს ვენესუელელი მირანდა მსახურობდა ფრანგულ არმიაში. ვენესუელაში შეთქმულების ჩაშლას მოჰყვა ორმოცდაათი ადამიანის სიკვდილით დასჯა. ზოგიერთმა შეფიცულმა გაქცევა მოახერხა; სიმონ ბოლივარი მათ ევროპაში შეუერთდა.

„ღმერთი და ჩემი მეფე…“

1791 წლის შემდეგ პატრიოტები მრავალჯერ დაუპირისპირდნენ ვანდეის გლეხობას, რომელიც მათ ბრალს დებდა სასულიერო წოდების ქონების კონფისკაციაში, ეკლესიების დახურვასა და უვნებელი პროცესიების ხმლით გარეკვაში. 1793 წლის თებერვალში კონვენტმა 300 000-ანი არმია გამოიყვანა, რომ ევროპის მონარქიებს წინ აღდგომოდა. ვანდეელი ახალგაზრდები აჯანყდნენ „არა გაწვევას!“ ძახილით. 800 მრევლში ჩამოჰკრეს განგაშის ზარი. დაიწყეს სამხედრო სამსახურისაგან თავისუფალი და ხშირად სასულიერო წოდების ქონებას დაუფლებული ბურჟუების (მოქალაქეების) სახლების ძარცვა. აჯანყებულები კეთილშობილებს სთხოვდნენ, რომ მათთვის ეხელმძღვანელათ. უარის თქმა ღალატად მიიჩნეოდა. მალე ბონშანი, შარეტი, ლაროშჟაკლენი სათავეში ჩაუდგნენ გლეხების არმიას, რომელსაც ეწოდებოდა „კათოლიკური სამეფო არმია“ ან კიდევ, „თეთრები“ და 30 000-დან 70 000-მდე ადამიანისგან შედგებოდა საჭიროებისდა მიხედვით. 1793 წლის გაზაფხულიდან ზამთრამდე ვანდეელები წარმატებულ პარტიზანულ ომს ეწეოდნენ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში რესპუბლიკის ჯარისკაცების ანუ „ცისფრების“ წინააღმდეგ, რომლდებიც უმოწყალოდ ხოცავდნენ მოსახლეობას და აპარტახებდნენ სოფლებს. ვანდეის ზოგიერთმა მეთაურმა გულმოწყალება გამოიჩინა და ათასობით ტყვე შეიწყალა. 1793 წლის დეკემბერში ვანდეელები დამარცხდნენ, მაგრამ ნორმანდიასა და ბრეტანში შუანებმა შეუტიეს პატრიოტებსა და „კონსტიტუციონალისტ“ მღვდლებს. შუანების სახელის გასატეხად რესპუბლიკელებმა 1795 წელს შექმნეს „ცრუ შუანების კომპანიები“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკით. 1794 წლის იანვარ-მაისში 12 „ჯოჯოხეთის პოლკად“ დაყოფილი გენერალ ტიუროს 90 000 მეომარმა ვანდეა სისხლსა და ცეცხლში ჩაახრჩო. ისინი ხოცავდნენ განურჩევლად ყველას, როიალისტს თუ პატრიოტს. ლეჟეში ორსულებიც კი ამოხოცეს.

1796-1799 წწ. კონტრრევოლუციური მოძრაობა თითქმის მთელ ევროპაში იყო გაჩაღებული. შვეიცარიაში რამდენიმე კანტონის აჯანყება მთელი წელიწადი გაგრძელდა. გლეხთა აჯანყება  მოხდაბელგიასა და ლუქსემბურგში. იტალიაში 1799 წლის მარტიდან აგვისტომდე აჯანყებული იყო კალაბრია. „წმინდა რწმენის ჯარებს“ კარდინალი რუფო ხელმძღვანელობდა. მათ მოახერხეს ფრანგების გაძევება ნეაპოლიდან. ეს იყო ერთადერთი კონტრრევოლუციური მოძრაობა, რომელიც გამარჯვებით დასრულდა.

შუანების „გერილია“ ანუ პარტიზანული ომი რევოლუციის დასრულებიდან კიდევ ოცდაათ წელიწადს გრძელდებოდა. მათ მკერდზე ეკეთათ წმინდა გული და კრიალოსანი, მგზნებარე რწმენის ნიშნად. ქუდზე ემაგრათ  თეთრი კოკარდი, სამეფო დროშის ფერი. 1793 წლიდან ვანდეის არმიამ, რომელსაც ფული შემოაკლდა, დაბეჭდა ასიგნატები ლუი XVII-ის გამოსახულებით. ზავის ხელმოწერისთანავე ეს ფული გადაცვლადი უნდა გამხდარიყო.

შუანები საიდუმლო კომუნიკაციისთვის იყენებდნენ პირობით ნიშნებს. მაგალითად: 1. წისქვილი ჯვრის ფორმით ნიშნავდა „შეკრებას“; 2. წისქვილი „ძაღლის მარჯვენა ფეხი“ : „წინ!“ 3. წისქვილი „უბანში“, ტილოგადაფარებული ფრთებით: „სიმშვიდეა“; 4. წისქვილი „ძაღლის მარცხენა ფეხი“ : „უკან დაიხიეთ! მხოლოდ ორი წისქვილი მტრის შეცდომაში შესაყვან ინფორმაციას მიანიშნებდა.

ქალები რევოლუციის ორომტრიალში

რევოლუციურ მოძრაობაში ქალები თავიდანვე აქტიურად ჩაებნენ. 1789 წლის გაზაფხულზე ბევრი ქალი კენჭს იყრიდა ასამბლეებში, რომელთაც დეპუტატების ასარჩევად ხმა უნდა მიეცათ, თუმცა ქალებს ხმის უფლება არ ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი წერდა საჩივრთხოვნის წიგნებს, სადაც აპროტესტებდნენ მხოლოდ „მუშაობის, მორჩილების და დუმილის“ შესაძლებლობას.

1790  წელს ქალები გაერთიანდნენ  ბატალიონებად და ხმლით ხელში მსვლელობა მოაწყეს სამშობლოს საკურთხეველთან ფიცის დასადებად. ერთი წლის შემდეგ ოლემპ გუჟმა თავის „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“ ჩაწერა: „ქალს აქვს უფლება ავიდეს ეშაფოტზე, ასევე უნდა ჰქონდეს მას უფლება, ავიდეს ტრიბუნაზე“. ზოგიერთმა რადიკალმა მანდილოსანმა („რევოლუციონერი რესპუბლიკელი ქალების საზოგადოება“) მოითხოვა სრული პოლიტიკური და უფლებრივი თანასწორობა. რამდენიმე ხნის შემდეგ „ქალთა კლუბებმა“ თავს იდვეს ავადმყოფებისა და გაჭირვებულების მოვლა-დახმარება. 1792 წლიდან მოქალაქე ტერუანია დე მერიკურმა მოითხოვა „ამაზონთა პოლკის“ შექმნა. საკანონმდებლო ასამბლეამ ის უარით გაისტუმრა, მაგრამ ოცდაათიოდე ქალი მაინც შევიდა რევოლუციურ არმიაში. კონტრრევოლუციის მომხრე ქალები კი მალავდნენ ახალწვეულებს, უვლიდნენ დაჭრილებს, ამზადებდნენ თოფის მასრებს და  ჯაშუშობდნენ რესპუბლიკელებს. ხშირად ისინი, კაცურად გადაცმულები, მეფის მომხრეთა ჯარშიც იბრძოდნენ. ომის უმწვავეს მომენტებში ყველა წოდების ქალი იყო ჩაბმული. ვინ დაჭრილთა გადასახვევებს ამზადებდა, ვინ ჯარისკაცებისთვის ტანსაცმელ-ფეხსაცმელს აგროვებდა ან კემსავდა. ასეთი ამაგი ქალებს მცირედ დაუფასდათ: რევოლუციის დასასრულს ისინი ჩართეს სამემკვიდრეო სიებში, მისცეს გაყრისა და განათლების უფლება. მხოლოდ და მხოლოდ.

ტერორი

1793 წლის 4-5 სექტემბერს სან-კიულოტებმა ეკონომიკური კრიზისისა და კონტრრევოლუციის დასაძლევად ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს. ამის პასუხად კონვენტმა გამოსცა დეკრეტი ტერორის შესახებ და შეზღუდვა დააწესა ხელფასებსა და ფასებზე. კანონი ეჭვმიტანილების შესახებ უფლებას იძლეოდა როგორც იმიგრანტებისა და მოღალატეების, ასევე ზომიერი თუ გულგრილი ადამიანების დაპატიმრებას. ამგვარად დაპატიმრებულ იქნა 800 000-მდე ადამიანი. მთელი ძალაუფლება თავმოყრილი იქნა სახალხო ხსნის კომიტეტისა (რომელსაც მართავდნენ რობესპიერი და სენ-ჟუსტი) და საზოგადო უსაფრთხოების კომიტეტის (რომელიც აკონტროლებდა პოლიტიკურ პოლიციას) ხელში. ზედამხედველობის კომიტეტები მთელ საფრანგეთში ასმენდნენ, ჩხრეკდნენ, აპატიმრებდნენ. 1794 წელს 1200 ციხეში 240 000 ტუსაღი იყო. რევოლუციური ტრიბუნალის მოქმედების დასაჩქარებლად მოსამართლეთა რაოდენობა 5-დან 16-მდე გაიზარდა. უკიდურესმა მემარცხენე ჟურნალისტმა ებერმა მოითხოვა სიკვდილით დასჯის გაზრდა, განსაკუთრებით დამტაცებლებისა და „ეგოისტებისა“, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ფასების ხელოვნურად გაზრდაში. ამ ზომებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ქალაქებში პურის შოვნა ჭირდა, ხორცის ფასი კი მიუწვდომელი იყო. დილის სამი საათიდან დგებოდა რიგები მაღაზიების წინ. სასაზღვრო ან აჯანყებულ დეპარტამენტებში კანონი ძალიან მკაცრად ტარდებოდა. მივლინებით გაგზავნილები, როგორც მაგალითად, კარიე − ნანტში ან ფუშე − ლიონში, უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ. ლიონში 2 000 მსხვერპლი აიყვანეს გილიოტინაზე ან დახვრიტეს ფსევდო სასამართლო პროცესის შედეგად. ნანტში 6 000 პატიმარი ნავებზე მიჯაჭვული, დაახრჩვეს ლუარაში… 1794 წლის 10 ივნისის დეკრეტით ეს იყო   „დიდი ტერორი“. 6მხოლოდ პარიზში მხოლოდ ექვსი კვირის განმავლობაში გილიოტინით[9] დაისაჯა 1376 ადამიანი. ტერორის დიქტატურა რობესპიერის დამხობასთან ერთად დასრულდა, 1794 წლის 27 ივლისს (II წლის 9 თერმიდორს).

რევოლუციური ზეიმები

რევოლუციის პერიოდში ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა ცერემონიების შექმნის პირობა ხდებოდა. ზეიმები მოსახლეობას საშუალებას აძლევდა გამოეხატა თავისი სიმპათია ახალი იდეებისადმი. 1792 წლამდე ყველა ზეიმი მესით სრულებოდა. ხშირად წირვის დასრულებისას მერი საკურთხეველთან მიდიოდა და ფიცს დებდა თავისუფლებასა და თანასწორობაზე.

ზეიმების შექმნის აპოგეა ტერორის პერიოდს ემთხვევა. რობესპიერის მომხრეთა აზრით, სამოქალაქო ზეიმებს უნდა ჩაენაცვლებინათ აკრძალული ქრისტიანული დღესასწაულები. ყველაზე გრანდიოზული იყო უმაღლესი არსების ზეიმი. რომელზეც ასი ათასობით პარიზელი იყრიდა თავს.

კონვენტმა დაშლამდე შვიდი ეროვნული ზეიმი დააწესა, რომელშიც აღრეული იყო მორალი და პატრიოტიზმი: ახალგაზრდობის ზეიმი 30 მარტს, სიბერის ზეიმი − 27 აგვისტოს, „რესპუბლიკის შექმნის“ ზეიმი − 22 სექტემბერს და სხვა. უკანასკნელი აღინიშნებოდა დაპყრობილ ტერიტორიებზეც: მილანში, რომში, ეგვიპტეში. 27 ივლისს, თავისუფლების ზეიმზე, რომელიც ტერორის ბოლო ხანს დამკვიდრდა, მეცნიერები, მასწავლებლები და მოსწავლეები მიდიოდნენ მარსის მინდორზე, რომელიც მორთული იყო ბონაპარტის არმიის მიერ იტალიიდან წამოღებული სურათებითა და ქანდაკებებით.

ოჯახი და განათლება

კონვენტის მმართველობის პერიოდში იაკობინელებმა ჩაიფიქრეს სკოლის „გარევოლუციურება“. განათლების მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური  პრინციპებით გამსჭვალული კარგი მოქალაქეების ჩამოყალიბება. დაბალხელფასიანი დაწყებითი სკოლის მასწავლებლები განთავსდნენ ოდესღაც მღვდლის დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის სკოლებში. მაგრამ საგნის მასწავლებლები და საკლასო ოთახები არასაკმარისი იყო. ამას გარდა, ოჯახები შვილებს არ გზავნიდნენ სკოლაში, რადგან „ფრანგთა ერთობის“ გამო მოსწავლეებს აიძულებდნენ ფრანგულის გამოყენებას, თუმცა შინ ისინი მხოლოდ ადგილობრივ ენაზე საუბრობდნენ. ზოგ მასწავლებელს ზედმეტი მოსდიოდა და ბავშვებს კითხვას ასწავლიდა „კაცისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციით“. აქტიური სწავლების მეთოდი იყო რესპუბლიკელი მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ქუჩაში გასეირნება ხელით მომუშავეთა ხელობების საკუთარი თვალით სანახავად.

კონვენტი შეეცადა ბოლო მოეღო ბავშვების მიტოვებისათვის და საამისოდ დააწესეს მატერიალური დახმარება გოგონა-დედებისათვის. ნაპოვნ ბავშვებს ამიერიდან უწოდებდნენ ობლებს და მათ იფარებდნენ საერო საავამყოფოებში, მათი აღზრდა მუნიციპალიტეტების მოვალეობა იყო. თუ მიტოვებული ჩვილი გადარჩებოდა (10-დან 9 იღუპებოდა), მას საავადმყოფოდან სოფელში გზავნიდნენ ძიძასთან. ხშირად ეს მგზავრობა ჩვილისთვის ფატალურად სრულდებოდა. მძიმე იყო ჰიგიენური პირობებიც, ტილები და რწყილები მხოლოდ ღარიბების ხვედრი როდი იყო.

ქორწინება რევოლუციამდე რელიგიური საიდუმლო იყო, რევოლუციის შემდეგ კი იგი სამოქალაქო ხელშეკრულებად იქცა. ცერემონია მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ოფიცრების თანდასწრებით, მღვდლის დალოცვით ან ამის გარეშე, 1793-1794 წწ. (რევოლუციის II წელს) ქორწინება განსაკუთრებით გახშირდა. ზოგადად ქორწინდებოდნენ პარასკევს ან კვირას, ხშირად ნეფე-პატარძალი ფიცს დებდა თავისუფლებასა და თანასწორობაზე; ეგონათ, რომ რევოლუცია ცხოვრებას გააუმჯობესებდა, თანაც ცდილობდნენ თავი დაეხსნათ სამხედრო მიზნებისთვის ქონების დათმობისაგან, რაც მხოლოდ მარტოხელებს ევალებოდათ. მომრავლდა ანგარებიანი ქორწინებები. „საერთო სახლებიდან“ გამოსულ ახალდაქორწინებულებს ასეთი გამამხნევებელი წარწერებით ხვდებოდნენ: „მოქალაქე ქალებო, მიეცით სამშობლოს შვილები, ბედნიერება გარანტირებულია!“ ამ კავშირებიდან მილიონზე მეტი ჩვილი დაიბადა. რაც შეეხება განქორწინებას − რომელიც ამოქმედდა 1792 წლის შემოდგომიდან − იგი მხოლოდ ქალაქის მოსახლეობაში ხორციელდებოდა, რადგან სოფლის მოსახლეობა მტკიცედ მისდევდა ეკლესიის სწავლებას.

დექრისტიანიზაცია

მღვდლებს დაევალათ სასულიეროთა სამოქალაქო კონსტიტუციაზე ერთგულების ფიცის დადება. მხოლოდ „დამფიცებლებს“ ან „კონსტიტუციონალებს“ ჰქონდათ მესის ჩატარების უფლება. ხოლო „დაუმორჩილებლები“ საეჭვოდ მიიჩნეოდნენ. საზღვრებთან მიმდინარე ომმა უფრო დააჩქარა ანტირელიგიური ზომების გატარება. 1792 წელს აიკრძალა საეკლესიო შესამოსლის ტარება, დაუფიცებელი მღვდლები გადაასახლეს; ზარბაზნებისა და თოფების დეფიციტის შესავსებად ადნობდნენ საეკლესიო ზარებს; ამან სახალხო უკმაყოფილება გამოიწვია.

კათოლიკური სარწმუნოების განადგურების მიზნით 1793 წლის ოქტომბერში კონვენტისტებმა შემოიღეს ახალი კალენდარი, სადაც კვირადღეები შეცვლილი იყო „დეკადის“[10]-ებით. ყველა თვე 30დღიანი იყო და სახელი ჰქონდა შეცვლილი. წმინდანთა სახელები გადაიქცა მცენარეთა ან ფესვების სახელწოდებებად. ახალი ერა იწყებოდა 1792 წლის 22 სექტემბერს. 1793 წლის 22 სექტემბერი შესაბამისად იყო II წლის 1-ლი ვანდემიერი. „ცრურწმენების მოსაკლავად“ ზოგიერთი აპირებდა იესოს სასწაულების აღდგენა-გამეორებას, რითაც მათი სიყალბე უნდა დაედგინათ. 1793 წელს პარიზის გარეუბნებში სან-კიულოტებმა დაიწყეს ეკლესიების დახურვა. სახალხოდ წვავდნენ საღვთო მნიშვნელობის მქონე სურათებს, აწყობდნენ მასკარადებს: საეკლესიო შესამოსლით შემოსილი მოქალაქეები ვითომ მესას ატარებდნენ. მღვდლები ტოვებდნენ თავიანთ სამსახურს ან იმალებოდნენ. სან-კიულოტების რევოლუციური არმია სოფლიდან სოფელში გადადიოდა და აძრობდა გზაჯვარედინებზე აღმართულ ჯვრებს, ამსხვრევდა ვიტრაჟებს და აზიანებდა ბარელიეფებს.

მარატის სიკვდილირელიგიური მსახურება უნდა ჩანაცვლებულიყო ქალღმერთ გონიერებისა და რევოლუციის წამებულების მარატისა და ლე პელეტიეს კულტით. 1793 წ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დაერქვა „გონიერების ტაძარი“ და ოპერიდან მოწვეული მოცეკვავე იქ თავისუფლებას განასახიერებდა. წირვა აიკრძალა პარიზის ყველა ტაძარში. სან-კიულოტი ჯარისკაცები არბევდნენ მეფეთა აკლდამებს. ერთ-ერთი მათგანი დაეძგერა ანრი IV-ის შესანიშნავად შემონახულ ცხედარს, ხმლით ულვაში წააჭრა და დაიყვირა: „ტირანს ულვაშები დავაჭერიო!“ ეწყობოდა სხვადასხვა ცერემონია: პარადები, თავისუფლების ხის დარგვა, სიტყვით გამოსვლები, ძმური ბანკეტები და ცეკვები. ამ ახალმა კულტებმა სწრაფად დაღალა პატრიოტები.

კიდევ რა შეცვალა რევოლუციამ

მონარქიის დაცემის შემდეგ სან-კიულოტები − მცირეშემოსავლიანი წვრილი ხელოსნები − ბევრ რამეს მოელოდნენ რევოლუციისგან. ისინი ითხოვდნენ ქონებრივ თანასწორობას და სურდათ საზოგადოების ღრმა ცვლილება განათლებისა და პროპაგანდის გზით. აკრძალეს როიალისტური გაზეთები და ახალი გაზეთებისა და ალმანახების გავრცელებით აპირებდნენ ახალი ადამიანის შექმნას. ამ ალმანახებში, რომლებიც სოფლად დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ტრადიციული რუბრიკების გვერდით მოთავსებული იყო მოქალაქის უფლება-მოვალეობების განმარტებები.[11]

ძალიან მოდაში იყო პატრიოტული სიმღერები. რევოლუციის მხოლოდ II წელს შეიქმნა 1300 სიმღერა თავისუფლებასა და თანასწორობაზე, აზოტის მარილების დამზადებასა და რესპუბლიკურ განქორწინებაზე. რესპუბლიკის თეატრში იმავე წელს დაიდგა „მეფეთა განკითხვის დღე“: დაუსახლებელ ვულკანურ კუნძულზე მონარქის მიერ გადასახლებული მოხუცებული ერთ დღეს დაინახავს, როგორ გადმოჰყავთ ევროპელ სან-კიულოტებს კუნძულზე 15 შებორკილი მეფე და რომის პაპი; „გამათანასწორებელმა ვულკანმა“ უნდა შთანთქას „გვირგვინოსანი ტირანები“; ესპანეთის მეფე წამოიძახებს: „თუ გადავურჩი, სან-კიულოტი გავხდები!“ პაპი კი იტყვის: „მე ცოლს შევირთავ!“ − ეს წარმოდგენა 100 000-ზე მეტმა მაყურებელმა ნახა. სან-კიულოტები სახელებს უცვლიდნენ კომუნებს, რომელიც წმინდანის ან მეფე-დედოფლის სახელს შეიცავდა. „მესიე“(ბატონო), „მადამ“-ის (ქალბატონო) ნაცვლად ხმარობდნენ „სიტუაიენ“-ს (მოქალაქე). „არისტოკრატიის სინონიმი“ − „თქვენობით“ საუბარი შეცვალა „შენობით“-მა. იაკობინელებმა პროვინციაში აკრძალეს ადგილობრივი ენის ან დიალექტის გამოყენება − ის კონტრრევოლუციის ასოცოაციას იწვევდა − ფრანგულის, „თავისუფლების ენის“ სასარგებლოდ. 1793 წლის აგვისტოში ძველი რეჟიმის რთული საზომი სისტემა შეიცვალა მეტრითა და გრამით.

რომანული სტილის ავეჯზე გაჩნდა ეროვნული სამი ფერი. შპალერზე, კედლის საათებზე, ქაშანურ-ფაიფურზე გამოხატული იყო ფრიგიული ქუდი[12] ან რევოლუციის წამებულთა გამოსახულებები. თამაშებიც კი „გაარევოლუციურეს“. ჭადრაკში აღარ ამბობდნენ „შამათი“, არამედ − „მათი ტირანს“. ბანქოს მეფეები, დედოფლები, ვალეტები გარდაიქმნენ ფოლოსოფოსებად, სათნოებებად, სან-კიულოტებად.

საფრანგეთიდან ევროპაში მოხდა რევოლუციის ექსპორტი, რომლის დევიზი იყო: „ომი ციხე-კოშკებს, მშვიდობა ქოხებს!“ რევოლუციურმა ასამბლეებმა ის გამოიყენეს დაპყრობილი ქვეყნების ანექსიის მიზნით. 1795 წ. გენერალმა პიშეგრიუმ დაიპყრო ჰოლანდია და ჰააგელი იაკობინელების მოთხოვნით იქ გამოცხადდა ბატავის რესპუბლიკა, რამდენიმე თვის შემდეგ საფრანგეთმა მოახდინა „ავსტრიის ნიდერლანედების“ (ბელგია) ანექსია.

დირექტორიის ხანაში კონტროლის მიზნით ბონაპარტმა ავსტრიის მიერ დაპყრობილ მიწებს თავს მოახვია მოძმე რესპუბლიკების შექმნა, მილანში შეიქმნა ალპებსგადმოღმა რესპუბლიკა, გენუაში − ლიგურიის რესპუბლიკა და ნეაპოლში − პართენოპეული რესოუბლიკა. ფრანგულ არმიაზე დაყრდნობით შვეიცარიელმა დემოკრატებმა 1798 წ. დააარსეს ჰელვეციის რესპუბლიკა.

„მოძმე რესპუბლიკებში“ ძველი ხელისუფლება იაკობინელებმა შეცვალეს, გაუქმდა პრივილეგიები, სენიორალური უფლებები, მოხდა სასულიერო წოდების ქონების კონფისკაცია. ადგილობრივ მოსახლეობას მძიმედ დააწვა ფრანგული არმიის შენახვა, ქალაქების იძულებითი კონტრიბუცია, რაც ხშირად იწვევდა აჯანყებებს. ამას გარდა, ფრანგმა გენერლებმა პირველებმა დაიწყეს იტალიიდან ხელოვნების ნიმუშების გატანა, მიქელ ანჯელოსა და ლეონარდო და ვინჩის ტილოებით დაწყებული და ეტრუსკული ვაზებითა და ძველი ხელნაწერებით დამთავრებული. თავად ბონაპარტის პირადმა ქონებამ ამ დროს შეადგინა რამდენიმე მილიონი.

XVIII ს-ის დასასრული, ასევე, იყო სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქაც. ადამიანთა საზოგადოება შევიდა ინდუსტრიული რევოლუციების ხანაში. 1777 წ. გენერალმა და ქიმიკოსმა ლავუაზიემ საფუძველი დაუდო თანამედროვე ქიმიას ჰაერში ჟანგბადისა და აზოტის აღმოჩენით. ნიკოლა ლებლანმა ზღვის მარილი სოდად გარდაქმნა და ამით ბიძგი მისცა მინის, საპნის, ქლორის წარმოებისა და სამრეცხაოების განვითარებას. ამავე პერიოდში გერმანელმა კლაპორთმა აღმოაჩინა ურანი, ფრანგმა ვოკლენმა − გასანათებელი გაზი, ინგლისელმა უილკინსონმა ააგო პირველი დიდი ლითონის ხიდი და ლითონის გემის კორპუსი, ამერიკელმა რობერტ ფულტონმა პარიზში გამოფინა თავისი წყალქვეშა ნავი ნაუტილუსი, ძმებმა მონგოლფიერებმა შექმნეს საჰაერო ბურთი; გამოიცადა პირველი პარაშუტი; კლოდ შაპმა გაგზავნა პირველი ტელეგრამა. 1791 წ კანონით, გამომგონებლებს ფუძემდებლური ასამბლეა იცავდა. პირველი დიპლომი აიღო ნიკოლა კონტემ შავი და ფერადი ფანქრების გამოგონებისათვის. დაიწყო საგნების მასობრივი გამოშვება.

ფრანგული რევოლუციის მსოფლიო მნიშვნელობა

1800 წელს ევროპას აბსოლუტური მონარქიები მართავდნენ. ლათინური ამერიკა ჯერ კიდევ პორტუგალიისა (ბრაზილია) და ესპანეთის (ყველა დანარჩენი ტერიტორია) მონარქიების კოლონიური სამფლობელო იყო. თუმცა საფრანგეთის რევოლუციის იდეები იქ მალევე გავრცელდა და მთელი XIX ს-ის განმავლობაში იწვევდა გამოსვლებსა და რევოლუციებს. სხვაგან − მაჰმადიანურ სამყაროსა და ცარისტულ რუსეთში ან იმპერიულ ჩინეთში − მხოლოდ XX ს-ის დასაწყისში დაიწყო დემოკრატიული რეფორმები.

ლათინური ამერიკა იყო პირველი, რაც შეარყია „თავისუფლებისა“ და „ხალხთა დამოუკიდებლობის“ იდეებმა. მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ სან მარტინმა 1817 წელს ჩილე გაანთავისუფლა ესპანელთა უღლისაგან. ორი წლის შემდეგ „განმათავისუფლებლად“ წოდებულმა ბოლივარმა გამოაცხადა ვენესუელისა და ახალი გრენადის − მომავალი კოლუმბიის ნაწილის − დამოუკიდებლობა. 1826 წელს, იმპერატორ ავგუსტინე I-ის დამხობის შემდეგ, დაიბადა პერუსა და ბოლივიის რესპუბლიკები. ესპანეთის მეტროპოლიამ განგაში პირველად 1820 წლის 1-ელ იანვარს ატეხა, როდესაც ბატალიონის მეთაურმა რიეგომ „1500 კაცით შემოირბინა ქვეყნის სამხრეთი და ყვირილით მოითხოვდა 1812 წლის კონსტიტუციას (ნაპოლეონის მიერ თავსმოხვეული ესპანეთის ოკუპაციისას). მეფე ფერდინანდ VII-ს ისევე, როგორც ოცდაათი წლით ადრე ლუი XVI-ს, მოუწია კონსტიტუციის ერთგულებაზე დაფიცება. იმავე პერიოდში პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში აჯანყება  იწყება შეძახილებით: „გაუმარჯოს კონსტიტუციას!“ მეფე იოანე VI-მ იგი დაამტკიცა 1822 წლის ოქტომბერში. 1829 წელს საფრანგეთის რევოლუციის გულანთებულმა დამცველმა ბერძენმა პატრიოტებმა თურქთა ბატონობისგან გაათავისუფლეს თავიანთი ქვეყანა.

1830-1831 წწ. რევოლუციის ცეცხლმა ხელახლა მოიცვა ევროპა. ბრიუსელში ბელგიელი ხალხი აჯანყდა ფრანგული არიის სიმღერით. ვარშაველი პოლონელები, თავიანთი ენისა და კათოლიკური რწმენის ერთგულნი, აჯანყდნენ რუსეთის წინააღმდეგ. იტალიაში ავსტრიელთა ჯარმა ჩაახშო განთავისუფლების მცდელობა. 1848 წელს რევოლუციის ახალმა ტალღამ შეარყია ევროპა. დემოკრატებს ყველა ქვეყანაში სურდათ მონარქიის გაუქმება და საყოველთაო ხმის მიცემით არჩეული მთავრობების დადგენა. უნგრეთში, იტალიასა და გერმანიაში ეს მცდელობები მარცხით დასრულდა, გაიმარჯვა მონარქიულმა რეაქციამ. მაგრამ ეს მოძრაობა შეუქცევადი იყო. XIX ს-ის დასასრულს „თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის, „ხალხთა უფლებების თავისთავად მიმზიდველმა“ იდეებმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო. ესპანეთის სამეფოში საგასატას ლიბერალურმა სამინისტრომ 1890 წელს დააწესა საყოველთაო ხმის მიცემა. 1893 წელს ხელისუფლებაში მყოფმა ბელგიის კათოლიკურმა პარტიამ  ხალხს დაუდგინა დამფუძნებელი ასამბლეის კრება და საყოველთაო ხმის მიცემა.

თურქეთი პირველი მაჰმადიანური ქვეყანა იყო, რომელსაც 1789 წლის იდეები შეეხო. 1839-დან 1861-მდე მიმდინარეობდა რეფორმების (თანზიმათი) პერიოდი, რომელიც კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობას აწესებდა. 1923 წელს რესპუბლიკის გამოცხადებამდე მუსტაფა ქემალმა გააუქმა სასულიერო წოდებები და 1934 წელს ქალებს მიანიჭა ხმის უფლება (საფრანგეთზე 11 წლით ადრე); ეს იყო უზარმაზარი ნახტომი.

1911 წლის შემოდგომაზე ბებერი ჩინეთი აჯანყდა მანჩჟუს დინასტიის წინააღმდეგ. 1789 წლის ივლისის საფრანგეთის მსგავსად, რევოლუციონერმა სუნ იატ სენმა შეკრიბა პროვინციების დეპუტატების ეროვნული ასამბლეა.

დაბოლოს, ფრანგული რევოლუციის ყველაზე ძალადობრივი ასპექტებით შთაგონებული და ლენინის ხელმძღვანელობით ბოლშევიკების (კომუნისტების) მიერ ორგანიზებული რუსეთის 1917 წლის რევოლუცია. დემოკრატიის მათეული კონცეფციის გასატარებლად მათ დიქტატურა და ტერორი გამოიყენეს. იაკობინელები და სან-კიულოტები იქცნენ მათ „დიად წიანაპრებად“. სხვათა შორის, ბოლშევიკები საკუთარ თავს სიამოვნებით ეძახდნენ „იაკობინელებს“. მათ მარატის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს საბჭოთა კრეისერს, ხოლო  1918 წელს ძეგლი დაუდგეს რობესპიერს.

________________________

[1] ლორდ ჯორჯ გორდონის მიერ მოწყობილი ანტიპაპისტური მღელვარებები.
[2] დაახლოებულ პირთა.
[3] ძველი რეჟიმის დროს ეწოდებოდათ ფრანცისკელი ორდენის წარმომადგენლებს.
[4] რესპუბლიკის კალენდრის მეცხრე თვე, 20-21 მაისიდან 19-20 ივნისამდე და შეესაბამებოდა თიბვის პერიოდს.
[5] 1794 წლის 27 ივლისი.
[6] 9 თერმიდორის შემდეგ იაკობინელთა აქტიური მოწინააღმდეგე, ექსცენტრულად ჩაცმული ახალგაზრდა კოხტაპრუწა.
[7] 1795 წლის 5 ოქტომბერი
[8] 1799 წლის 10 ნოემბერი.
[9] იტალიაში, შოტლანდიასა და გერმანიაში გილიოტინას იყენებდნენ XVI ს.-იდან. საფრანგეთში 1792 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ქირურგმა ლუიმ და ექიმმა გიიოტინმა გააუმჯობესეს იგი და შესაძლებელი გახდა თავის სწრაფად წაცლა – ირიბი ცული შეკრული ბრალდებულის კისერს ეცემოდა მთელი სიმძიმით – გილიოტინამ შეცვალა დასჯის სხვა იარაღები.
[10] ყოველ მეათე დღეს ერთი დასვენების დღე.
[11] 1789-1800 წწ. სულ 1350 დასახელების გაზეთი გამოიცა, მათ შორის, მარატის L’Ami du Peuple (ხალხის მეგობარი) და ებერის Le Père Duchesne (მამა დიუშენი). გამოდიოდა როიალისტური გაზეთებიც, მათში ყველაზე დიდი ტირაჟი ჰქონდა (მეფის მეგობარი).
[12] ანტიკურობაში მონების განთავისუფლების სიმბოლო.

სიზიფეს მითი

sizipeქართა მბრძანებლის ეოლოსის ვაჟი სიზიფე ქალაქ კორინთოს დამაარსებელი და მმართველი იყო. ქალაქი ისთმიის ყურეში მდებარეობდა და შუა საბერძნეთისა და პელოპონესის კუნძულს აერთიანებდა. ლეგენდის თანახმად, კორინთო სიზიფეს კოლხეთის მეფის აიეტის ასულმა, მედეამ გადასცა. ჰომეროსი წერდა, რომ სიზიფე განსაკუთრებული სიბრძნით იყო დაჯილდოვებული და გონიერებასა და მიხვედრილობაში ვერავინ შეედრებოდა. ძლევამოსილმა მმართველმა ქალაქს დიდი სიმდიდრე შესძინა, მნიშვნელოვან სავაჭრო-სანაოსნო პოლისად აქცია, ოლიმპიური თამაშების წინამორბედი, ისთმიური თამაშები დაარსა და ტურიზმი ააყვავა. კორინთოს მცხოვრებლები მეფეს დიდად ემადლიერებოდნენ და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.

სხვა წყაროების მიხედვით კორინთოს მეფე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით მეზობელი ქალაქის, ატიკის მოსახლეობას სასტიკად არბევდა და აწიოკებდა. ყაჩაღივით თავს ესხმოდა გზებზე მგზავრებს, ძარცვავდა და უზარმაზარი ქვის ლოდებით კლავდა. ევრიპიდე და სოფოკლე წერენ, რომ ბრძენ მეფეს მზაკვრობასა და ცბიერებაში ბადალი არ ჰყავდა. ღმერთების მოტყუებასაც კი ახერხებდა და ჭკუით ჯობნიდა.

ერთხელ გზად მიმავალი სიზიფე ზევსის მიერ მდინარის ღმერთის, ასოპეს ქალიშვილის მოტაცების მოწმე გახდა. გადაწყვიტა ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა. ასოპესთან მივიდა და კორინთოსთვის წყლის მიცემის სანაცვლოდ ქალიშვილის გამტაცებლის ვინაობისა და ადგილმდებაროების განდობას დაპირდა. მადლიერმა მდინარის ღმერთმა ქალაქი წყალუხვი მდინარეებით აავსო. როდესაც ზევსმა საიდუმლოს გათქმის შესახებ შეიტყო, სასტიკად განრისხდა და კორინთოს მეფეს ჰადესიდან სიკვდილის ღმერთი თანატოსი მიუგზავნა. სიზიფე ღმერთზე გონიერი აღმოჩნდა. თანატოსი დაათრო და გაბრუებულს საკუთარი ხელით დამზადებული ბორკილების მოსინჯვა შესთავაზა. ბორკილებდადებული სიკვდილის ღმერთი გვიან მიხვდა, რომ დატყვევებული იყო. ქალაქში სიკვდილი დამარცხდა. არავინ და არაფერი კვდებოდა. ადამიანები უდარდებლად ცხოვრობდნენ და არაფერზე ზრუნავდნენ. ღმერთების დადგენილი წესრიგი დაირღვა და სიცოცხლემ აზრი დაკარგა. ამის გამო განსაკუთრებით, ომის ღმერთი, არესი აღშფოთდა. არესმა თავნება მეფის დატყვევება საკუთარ თავზე აიღო, თანატოსი ტყვეობიდან იხსნა და მისი დახმარებით სიზიფე ჰადესში გაამგზავრა.

სიზიფემ ამჯერადაც ჭკუა იხმარა,  მოასწრო და ცოლს ჩასჩურჩულა, ჩემი სხეული არ დაკრძალოთ, მალე დავბრუნდებიო. ასეც მოხდა. ჰადესში ღმერთებს თავი შეაცოდა, ჰადესის მეუღლეს, პერსეფონეს გული მოულბო: ცოლმა ჩემი სხეული მიწას არ მიაბარა, ვიტანჯები, ცოტა ხნით მიწაზე დამაბრუნეთ, ცოლს დავსჯი, სხეულს მიწას მივაბარებინებ და ჰადესში დამშვიდებული დავბრუნდებიო. პერსეფონე მოტყუვდა და საქმის მოსაგვარებლად კორინთოს გარდაცვლილ მეფეს რამდენიმე დღე მისცა.

სახლში დაბრუნებულ სიზიფეს ჰადესში გამგზავრებაზე აღარც უფიქრია. ღმერთები დაივიწყა, ოჯახს შეუერთდა და უდარდელად განაგრძო ცხოვრება. ღმერთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. განრისხებულმა თანატოსმა კორინთოში ჰერმესი წარგზავნა და სიზიფეს სული სამუდამოდ დააბრუნებინა ჰადესში.

მოტყუებისა და ღალატის გამო ღმერთებმა სიზიფეს სიკვდილის შემდეგ სასტიკი სასჯელი დაუწესეს. ჩრდილების სამეფოში მთაზე უზარმაზარი ლოდის ატანა დაავალეს. მთის მწვერვალს მიახლოებული ლოდი ისევ მთის ძირისკენ გორდება და სიზიფეს მძიმე ტვირთი მთის ფერდობზე ხელახლა ააქვს.

ამაო, უნაყოფო შრომას არასდროს ექნება დასასრული. ვებერთალა ლოდი სიზიფემ მთის მწვერვალზე სამუდამოდ უნდა ზიდოს.

დედალოსი და იკაროსი

dedalosi da okarosiძველ დროში, როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ელადის ქალაქ ათენში ცხოვრობდა ერთი მოქანდაკე და არქიტექტორი – დედალოსი. მასზე ამბობდნენ, მარმარილოსგან ისეთ ქანდაკებებს ქმნის, ცოცხალი ადამიანები გეგონებაო. დედალოსმა ასწავლა ბერძნებს ტაძრების აგება და კედლის სისწორის დაცვაც ძაფზე დაკიდული ქვის მეშვეობით.

დედალოსს ერთი შეგირდი ჰყავდა, მისი დისშვილი – ტალოსი. ტალოსი ბიძის მსგავსად გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. თევზის ფარფლებმა მას ხერხის შექმნა შთააგონა, წრის დასახატად ფარგალი გამოიგონა; ფარგლის მეშვეობით ხის ნაჭერზე წრე დახაზა; შემდეგ გამოთალა, გამოთლილ ხის ნაჭერს ტრიალი აიძულა და ახალი გამოგონებაც, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი დაზგაც მზად იყო.

დედალოსი მოსწავლის წარმატებებმა შურით აღავსო და მისი მოკვლა განიზრახა. მასწავლებელმა ტალოსი ათენის აკროპოლისის მაღალ კლდეზე აიყვანა, მასთან ერთად კლდის კიდესთან დადგა და მოსწავლეს ხელი ჰკრა. დედალოსის დანაშაული გამჟღავნდა. აეროფაგმა მას სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. სიკვდილისთვის თავი რომ დაეღწია, დედალოსმა ათენი დატოვა და კუნძულ კრეტაზე გაიქცა.

იმ დროს კრეტას მეფე მინოსი მართავდა. მეფემ სიხარულით მიიღო დევნილი არქიტექტორი და მინოტავრისთვის უზარმაზარი შენობის, ლაბირინთის აგება დაავალა. მინოტავრი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ხარი იყო, სწორედ მისთვის უნდა შეექმნა დედალოსს სასახლე. სასახლის უამრავ ოთახსა და მიწისქვეშა გასასვლებებში მოხვედრილი ადამიანი უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვიდა.

მრავალი წელი გაატარა დედალოსმა კუნძულ კრეტაზე. სამშობლოში დაბრუნების ფიქრი მას მოსვენებას არ აძლევდა. კრეტის მეფეს არ სურდა სახელოვანი არქიტექტორის სამშობლოში გაშვება. დედალოსი მიხვდა რომ. უკვე მეფე მინოსის სტუმარი კი არა ტყვე იყო. დედალოსმა კუნძულის დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა, ხშირად მიდიოდა ზღვის სანაპიროზე, ჩამოჯდებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაეღწია თავი მეფე მინოსის ტყვეობიდან. გამოსავალი დიდხანს არ ჩანდა. ერთხელ დედალოსმა მზერა ზეცას მიაპყრო და გაიფიქრა, „ტყვეობას თავს ვერც ზღვით და ვერც ხმელეთით ვერ დავაღწევ, ხსნის ერთადერთი გზა ცა არის, ადამიანსაც ხომ შეუძლია ჩიტივით ფრენა“.

დედალოსმა გადავწყვიტა თავისი ფიქრი რეალობად ექცია. ფრინველების სხვადასხვა ზომის ფრთები შეაგროვა ბულბულები ერთმანეთს სელის ძაფით გადააბა, ბოლოები კი სიმყარისთვის ცვილით გაამაგრა. სამუშაო დასრულდა. ფრთები მზად იყო. დედალოსმა ფრთები მხრებზე მიიმაგრა და ცაში აიჭრა.

გაკვირვებული შესცქეროდა დედალოსის ვაჟი იკაროსი მამის ფრენას უზარმაზარი ფრინველივით რომ აიჭრა ცაში და კამარა შეკრა. მასაც მოუნდა ცაში ნავარდი, მამას სთხოვა, მისთვისაც დაემზადებინა ფრთები და თან წაეყვანა. დედალოსი დათანხმდა.

კრეტიდან გაფრენის დღეც დადგა. დედალოსმა შვილი თავისთან იხმო და ფრენის წინ ასე დაარიგა: „ფრთხილად იფრინე იკაროს, ნუ დაეშვები ზღვის ზედაპირთან ახლოს, რადგან წყალმა შესაძლოა ფრთები დაგისველოს და ნურც ძალზე მაღლა აიჭრები ცაში,. მზე ცვილს დაადნობს და ბუმბული დაგცვივდება. მე გამომყევი და ნუ ჩამომრჩები“. დედალოსმა და იკაროსმა ფრთები ზურგზე მიიმაგრეს და ცაში აიჭრნენ. ვინც ხმელეთიდან მათ ჩიტივით ფრენას შეჰყურებდა ფიქრობდა რომ ორი ღმერთი მისრიალებდა ცის ლაჟვარდზე. იკაროსი ფრენით გაერთო, გათამამდა, სულ უფრო ძლიერად იქნევდა ფრთებს. დაივიწყა მამის დარიგება და ზეცაში სულ უფრო მაღლა და მაღლა აიჭრა. მცხუნვარე მზემ ცვილი გაადნო. იკაროსს ფრთები დასცვივდა და უზარმაზარი სიმაღლიდან ზღვაში ჩავარდა.

დიდხანს დაეძებდა დედალოსი შვილს, მაგრამ ზღვის ტალღებზე მხოლოდ ბულბული ლივლივებდა. დედალოსი უახლოეს კუნძულზე დაეშვა ფრთები დატეხა და საკუთარი ქმნილება, რომელმაც თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ შვილი დააკარგვინა სამუდამოდ დასწყევლა. სულ მალე ზღვამ ნაპირზე იკაროსის სხეული გამორიყა. მამამ შვილი კუნძულზე დაკრძალა და იმ დღიდან კუნძულს სადაც იკაროსი განისვენებს იკარია ეწოდა.

სერვიუს ტულიუსის რეფორმები

200px-Servius_Tullius_by_Frans_Huysუნდა ითქვას, რომ არცერთ რომაელ მოღვაწეს არ დაუმსახურებია ისეთი ურთიერთგანსხვავებული შეფასებები, არ ყოფილა ისეთი პოპულარული და იდუმალი, როგორც რომის რიგით მე-6 მეფე – სერვიუს ტულიუსი. მისი მეფობის თარიღად მიჩნეულია ჩვ.წ.აღ.-მდე 578-534წწ. გადმოცემით ცნობილია, რომ ის მონა-ქალის ოკრიზიას ვაჟი იყო, რომელიც ქალაქ კორნიკულაში ცხოვრობდა. აქედან ხსნიდნენ მის სახელის წარმოშობასაც (Servus – ლათინურად მონას ნიშნავს) და ლათინურ წარმომავლობას. სერვიუს ტულიუსი შთამომავლების მიერ აღიქმება, როგორც სახლახო მეფე, პლებეები თვლიდნენ, რომ ის პირველი იყო, ვინც მათ გამოექომაგა. ლეგენდების მიხედვით პატრიციებმა სერვიუს ტულიუსი შეთქმულებაში მოკლეს.

ტარკვინიუსის დაღუპვის შემდეგ სერვიუს ტულიუსი  მეფედ აკურთხეს. წარმატებით ებრძოდა ეთრუსკებს. მისი მეფობის დროს ავენტინზე, სადაც პლებეები ცხოვრობდნენ, აშენდა დიანას ტაძარი, რომელიც ლათინური ქალღმერთი იყო. ამის გამო ლათინური წარმოშობის ადამიანებმა რომი ლათინური ქალაქების მთავარ ქალაქად აღიარეს. სერვიუსმა რომს ახალი კედლები შემოარტყა, რომელშიც მოექცა სიმაგრეები, ახალი გორაკები და ქალაქის ახალი რაიონები, რომლებიც შენარჩუნდა ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნემდე. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ რომის ჯარების  და საზოგადოებრივი მოწყობის რეფორმა ითვლება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ცენტურიული რეფორმა.

წყაროები გვამცნობენ, რომ ეთრუსკიელებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ სერვიუს ტულიუსმა ჯარში დიდი გარდაქმნები გაატარა. უპირველეს ყოვლისა მან დააწესა ცენზი, რომელიც  ციცერონის თქმით „სახელმწიფოსთვის, რომლსაც ბედი დიდებას უმზადებს სასარგებლო დადგენილებაა“  (Cic. Resp. II. 31. 38). მან ჩაატარა მოსახლების აღწერა და დაყო ხუთ ცენზურ თანრიგად (კლასად), იმის მიხედვით თუ რა ქონებას ფლობდნენ და იარაღის ტარების უნარით.

პირველ თანრიგს განეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც შეფასებული იყო 100 ათას ასსად (ძველი რომაული მონეტა). მეორე კლასს მიეკუთვნებოდნენ ადამიანები, რომელთა ქონებაც შეადგენდა 75 ათას ასს-ს (ძველი რომაული მონეტა). 3 – 50 ათასს, 4-ს – 25 ათასს, ხოლო მე-5 კლასს მიეკუთვნებოდნენ მოქალაქეები რომელთა ქონება 11 ან 12,5 ათას ასსს. მოქალაქეები რომლებიც ამ თანხასაც ვერ მოაგროვებდნენ იწოდებოდნენ პროლეტარიებად და capite censi. როგორც სახელწოდებები გვიჩვენებენ პირველნი ცენზის სახით საკუთარ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ (proles), ხოლო მეორენი აღირიცხებოდნენ სულადობით (caput).

dostojnoumeretxeto-8თითოეულ ქონებრივ თანრიგს გამოჰყავდა საომრად ფეხოსანი ცენტურიების გარკვეული რიცხვი…  რა თქმა უნდა ყველაზე მეტი ცენტურიები უმაღლეს კლასს ჰყავდა. გარდა რიგითი ცენტურიებისა 1 და 2 კლასს გამოჰყავდა ხელოსანთა 2 ცენტურია, აგრეთვე 4 და 5  მესაყვირეთა ორი ცენტურია. ქვეითი ცენტურიების გარდა ყალიბდებოდა 18 ცხენოსანთა ცენტურია, რომელიც მხედართა განსაკუთრებულად პრივილეგირებული კორპუსი იყო (equites), ასე რომ სერვიუსის რეფორმის შედეგად. ძველად არსებულ 6  გაორმაგებულ ცენტურიას დაემატა 12 ახალი ცენტურა, სადაც წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამგვარად სერვიუს ტულიუსის რეფორმის შედეგად შეიქმნა 193 ცენტურია, აქედან ერთი განსაკუთრებული ცენტურია, რომელიც ყოველდღიური სამუშაოებიდან გათავისუფლებული პლებეებით იყო დაკომპლექტებული.

გარდა ამისა სერვიუსისეულ ცენტურიებში მოხდა ასაკობრივი დაყოფა: 18-დან 46 წლამდე შედიოდნენ ახალგაზრდათა ცენტურიებში, ხოლო 46 წლიდან ზევით უკვე სენიორების ცენტურიებში აერთიანებდნენ. გარდა ამისა სხვადასხვა თანრიგის წარმომადგენელს სხვადასხვა იარაღის ტარების უფლება ეძლეოდა. რაც უფრო დაბალი თანრიგის წარმომადგენელი იყო, მით უფრო მსუბუქად იყო შეიარაღებული.

dostojnoumeretxeto-9სერვიუს ტულიუსმა რომის ტერიტორია დაყო ახალი წესით. რომი უკვე აღარ იყოფოდა სამ საგვარეულო ტრიბად, რომლებშიც შედიოდა კურიები და მათი სასოფლო სამფლობელოები – პაგები, ახლა რომი იყოფოდა ტერიტორიული ტრიბების მიხედვით, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ამა თუ იმ რეგიონის მაცხოვრებელნი.

მოქალაქეთა და და ჯარის დაყოფის ახალმა წესმა, შექმნა მოთხოვნილება შექმნილიყო სახალხო კრების ახალი ტიპი – ცენტურიების მიხედვით. ვინაიდან  მაღალი თანრიგის ცენტურიები კრებაზე წარმოდგენლი იყო უფრო დიდი რიცხვით,   ამიტომ  ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის გადაჭრისას უმაღლესი თანრიგის ცენტურიებსა და მხედრებს უპირატესობა ენიჭებოდა. ამ გზით სერვიუს ტულიუსმა „ხალხი გააცურა“; ფორმალურად მიანიჭა გარკვეული უფლებები, ხოლო რეალურად ჩამოაშორა საზოგადოებრივ საქმიანობას. (Liv. 1.43. 10; Dionys. IV. 20-21; VIII. 82; X. 17; Cic. Resp. II. 22.39-40).

რეფორმებმა, რომელსაც მიაწერენ ცერვიუს ტულიუსს, სახელმწიფოს შექმნის პროცესის დასრულებისათვის საფუძველი შექმნეს, მაგრამ არ დაუსრულებიათ. ეს პროცესები ვითარდებოდა სახელმწიფო ორგანოების ტრანსფორმაციის გზით, რომლებიც მემკვიდრულად მიღებული იყო  ნათესაური ფორმაციისაგან, აგრეთვე ახალი ფორმირებების შექმნის გზით. ამ რეფორმებში უკვე ჩანდა თავისუფალთა კონსოლიდაცია გაბატონებულ კლასში, რაც ითხოვდა პატრიციებსა და პლებეებს შორის კლასობრივი განსვავების საბოლოოდ მოსპობას. სერვიუს ტულიუსის რეფორმებმა პლებეებს მხოლოდ სახალხო კრებებში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს, მაგრამ არ მოსპეს პოლიტიკური და სოციალური სხვაობები.  მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში რომის ისტორიისათვის დამახასიათებელი იყო პლებეების ბრძოლა პატრიციებთან გათანასწორებაში.