ძველ დროში, როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ელადის ქალაქ ათენში ცხოვრობდა ერთი მოქანდაკე და არქიტექტორი – დედალოსი. მასზე ამბობდნენ, მარმარილოსგან ისეთ ქანდაკებებს ქმნის, ცოცხალი ადამიანები გეგონებაო. დედალოსმა ასწავლა ბერძნებს ტაძრების აგება და კედლის სისწორის დაცვაც ძაფზე დაკიდული ქვის მეშვეობით.
დედალოსს ერთი შეგირდი ჰყავდა, მისი დისშვილი – ტალოსი. ტალოსი ბიძის მსგავსად გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. თევზის ფარფლებმა მას ხერხის შექმნა შთააგონა, წრის დასახატად ფარგალი გამოიგონა; ფარგლის მეშვეობით ხის ნაჭერზე წრე დახაზა; შემდეგ გამოთალა, გამოთლილ ხის ნაჭერს ტრიალი აიძულა და ახალი გამოგონებაც, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი დაზგაც მზად იყო.
დედალოსი მოსწავლის წარმატებებმა შურით აღავსო და მისი მოკვლა განიზრახა. მასწავლებელმა ტალოსი ათენის აკროპოლისის მაღალ კლდეზე აიყვანა, მასთან ერთად კლდის კიდესთან დადგა და მოსწავლეს ხელი ჰკრა. დედალოსის დანაშაული გამჟღავნდა. აეროფაგმა მას სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. სიკვდილისთვის თავი რომ დაეღწია, დედალოსმა ათენი დატოვა და კუნძულ კრეტაზე გაიქცა.
იმ დროს კრეტას მეფე მინოსი მართავდა. მეფემ სიხარულით მიიღო დევნილი არქიტექტორი და მინოტავრისთვის უზარმაზარი შენობის, ლაბირინთის აგება დაავალა. მინოტავრი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ხარი იყო, სწორედ მისთვის უნდა შეექმნა დედალოსს სასახლე. სასახლის უამრავ ოთახსა და მიწისქვეშა გასასვლებებში მოხვედრილი ადამიანი უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვიდა.
მრავალი წელი გაატარა დედალოსმა კუნძულ კრეტაზე. სამშობლოში დაბრუნების ფიქრი მას მოსვენებას არ აძლევდა. კრეტის მეფეს არ სურდა სახელოვანი არქიტექტორის სამშობლოში გაშვება. დედალოსი მიხვდა რომ. უკვე მეფე მინოსის სტუმარი კი არა ტყვე იყო. დედალოსმა კუნძულის დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა, ხშირად მიდიოდა ზღვის სანაპიროზე, ჩამოჯდებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაეღწია თავი მეფე მინოსის ტყვეობიდან. გამოსავალი დიდხანს არ ჩანდა. ერთხელ დედალოსმა მზერა ზეცას მიაპყრო და გაიფიქრა, „ტყვეობას თავს ვერც ზღვით და ვერც ხმელეთით ვერ დავაღწევ, ხსნის ერთადერთი გზა ცა არის, ადამიანსაც ხომ შეუძლია ჩიტივით ფრენა“.
დედალოსმა გადავწყვიტა თავისი ფიქრი რეალობად ექცია. ფრინველების სხვადასხვა ზომის ფრთები შეაგროვა ბულბულები ერთმანეთს სელის ძაფით გადააბა, ბოლოები კი სიმყარისთვის ცვილით გაამაგრა. სამუშაო დასრულდა. ფრთები მზად იყო. დედალოსმა ფრთები მხრებზე მიიმაგრა და ცაში აიჭრა.
გაკვირვებული შესცქეროდა დედალოსის ვაჟი იკაროსი მამის ფრენას უზარმაზარი ფრინველივით რომ აიჭრა ცაში და კამარა შეკრა. მასაც მოუნდა ცაში ნავარდი, მამას სთხოვა, მისთვისაც დაემზადებინა ფრთები და თან წაეყვანა. დედალოსი დათანხმდა.
კრეტიდან გაფრენის დღეც დადგა. დედალოსმა შვილი თავისთან იხმო და ფრენის წინ ასე დაარიგა: „ფრთხილად იფრინე იკაროს, ნუ დაეშვები ზღვის ზედაპირთან ახლოს, რადგან წყალმა შესაძლოა ფრთები დაგისველოს და ნურც ძალზე მაღლა აიჭრები ცაში,. მზე ცვილს დაადნობს და ბუმბული დაგცვივდება. მე გამომყევი და ნუ ჩამომრჩები“. დედალოსმა და იკაროსმა ფრთები ზურგზე მიიმაგრეს და ცაში აიჭრნენ. ვინც ხმელეთიდან მათ ჩიტივით ფრენას შეჰყურებდა ფიქრობდა რომ ორი ღმერთი მისრიალებდა ცის ლაჟვარდზე. იკაროსი ფრენით გაერთო, გათამამდა, სულ უფრო ძლიერად იქნევდა ფრთებს. დაივიწყა მამის დარიგება და ზეცაში სულ უფრო მაღლა და მაღლა აიჭრა. მცხუნვარე მზემ ცვილი გაადნო. იკაროსს ფრთები დასცვივდა და უზარმაზარი სიმაღლიდან ზღვაში ჩავარდა.
დიდხანს დაეძებდა დედალოსი შვილს, მაგრამ ზღვის ტალღებზე მხოლოდ ბულბული ლივლივებდა. დედალოსი უახლოეს კუნძულზე დაეშვა ფრთები დატეხა და საკუთარი ქმნილება, რომელმაც თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ შვილი დააკარგვინა სამუდამოდ დასწყევლა. სულ მალე ზღვამ ნაპირზე იკაროსის სხეული გამორიყა. მამამ შვილი კუნძულზე დაკრძალა და იმ დღიდან კუნძულს სადაც იკაროსი განისვენებს იკარია ეწოდა.